გლდანში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
სამართალდამცველებმა გლდანში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის ვ.ი.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა.
შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერებას შეეცადნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...i-daakaves.html