
მეტეხთან ჰქონიათ დიდი სუფრა გაშლილი მთავრობის ხალხისთვის, თან თოკები ჰქონდათ გაჭიმული და ხალხი პირდაფჩენილი შესცქეროდაო. ზუსტად იმ დროს აღმოვჩნდით იქ, როცა შევარდნაძე მობრძანდა თავისი ამალით, თან ხალხს ესალმებოდაო, დეიდაჩემი ყვებოდა. ხელი ჩამომართვა და მეკითხება, როგორ მოგწონთ, ქალბატონოო. არც ვაციე, არც ვაცხელე, პირდაპირ მივახალე, ჩვენ რა უნდა მოგვეწონოს, თქვენ მიბრძანდებით და ისიამოვნებთ, ხალხმა კი შორიდან უნდა ყლაპოს ნერწყვიო. ტყვიანაკრავივით ცივად გაბრუნდა, ხმაც არ ამოუღიაო. არ ელოდა, ალბათ იმ დროში ასეთ შეპასუხებას ედიკა.