ატყდა ერთი ვაი-უშველებელი,შერბენა-გამორბენა,ბაგაბუგი.
უბანმა გაიღვიძა,გაიღვიძა ქალაქმაც. აკიაფდა ჭრაქები. ყველამ "ნემენცის ქუჩას" მიაშურა. იფეთქა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა ვინ-ვის ,რატომ ან რისთვის ურტყამდა. დედის,მამის,პატარის,დიდის,ქალის,კაცის გარჩევა მოიშალა.
მოცელეს ღობეები,გათელეს ბაღები,ბოსტნები,ბორცვ-გორები. თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა,ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი,აღდგა იმერეთი. გაიღო კარი ლხინისა!...
ვიღაცამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოაძრო და უმიზნოდ ცაში ისროლა. მეორემ,ასევე უმიზნოდ,ქოსა ძაღლს სტაცა ხელი და და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში ბურთა ლეღვების წვიმა წამოვიდა.
სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწნავებით აღრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს,მაზლის ცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩხუბში ჩაება. მაღლაკიდან ფხაკაძეები დაეშვნენ და ბეჭებიანი თოხები ისე დაატრიალეს, კოხინჯრობას რომ იციან. "გულვარდში" "ბუზუკამ" დასცხო,იაშა ფლეიშმანი პანღურით ხელმძძღვანელობდა ორკესტრს.
ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიწყვიტა და შიბაქით ამოუგდო თვალი ხრესილის ომოს ვეტერანს პაშა აბაშიძეს. laugh.gif გიმნაზისტი ახვლედიანი სამ მანეთს ითხოვდა ლათინური ენის მასწავლებლის ჭიდან ამოყვანაში. ლათინისტი ორს იძლეოდა.
-მაშინ, ეგდე მანდ!-გიმნაზისტი ჭას მოსცილდა,ისინკა გაგულაშვილს ყელში წაუჭირა და რჯული შეურყია. შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა და გოგისვანიძეს თავი დაუშინა გატაცებით.რაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს ანგრევდნენ. ბურჯანაძე შუბლაძეს დაბალ-მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა. მეწურბელე გაჩეჩილაძის ბალახვნიდან შემოჭრამ უფრო ააჩქარა საქმე.
-გაჩერდი, შე სირისტიანო!-უყვირა ხუტამ ექიმს და ცხენი შეჰქუსლა.
-ღრანჭის მასაჟი მაგას!-ყვიროდა ნოშრევანი და ადგილს იცვლიდა.
კვასტანცია თითისტარით ედესიას დასდევდა. ფესტვენიძის ქვეშ მიწა იბზარებოდა. გვერდებშემტვრეული მეწურბელე გაჩეჩილაძე ნათესავებმა გოდრით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და აღსადგენად ექიმ მინოვიჩთან გააქანეს.
-მე ვიცი შენი წამალი!-უკივლა ციხის უფროსს კუთხეში მომწყვდეულმა ექიმმა და სანიტარს უბრძანა-ანტიძაღლინ!
კარგად განსწავლულმა სანიტარმა კეტი მიაწოდა ექიმს და ამ უკანასკნელმა მკლავის სიმსხო antidzaglinus თავში დაუშინა ხუტას.
გაჩეჩილაზე გოდრიდან ამოხტა და თავი ბურღივით შეუშვა ჩხუბში.
შაშიკო პალიკოს უფერადებდა სახეს.
ფრთებდაპუტული არწივები ინდაურებივით დარბოდნენ ქუჩებში.
-ორი მანეთი და ორი შაური!-ისმოდა ჭურიდან მასწავლებლის ხმა.
-სამი მანეთი!-მტკიცედ ადგა თავისას გიმნაზისტი ახვლედიანი,რომელსაც მამაგეიშვილი თავით ნაკურთხ მარილს ანაყინებდა.
ბარე სამოცი კაცი ცხვირგატეხილი დარბოდა,მარგალიტას სახლიდან ტაშტებით აქცევდნენ სისხლს.
მარგალიტა უკვე აღარ გავდა კამფეტზე დახატულს,აღარც ქალს ჰგავდა,სახეზე ფერუმარილი აზელოდა,თმა გასჩეჩოდა.საბრალო,ლოყებს იკაწრავდა და ქმართან ერთად კედლებს ასკდებოდა.
-გაჩერდი, შე კურდღლისტყაოსანო!-ისე უყვირა ხუტამ ექიმს, რომ ლომს გაუსკდებოდა გული,თანაც რამდენჯერმე ჰაერში დაცალა იარაღი.
-არ დამინდობს,-მიხვდა მარგალიტა,ტრიფონი წინ გაიგდო და ბუხრისაკენ გააქანა.
-რას შობი, ქალო?!
-მიდი,შეძვერი!
-ვერ შევეტევი!
_შენ კი არა,ორი შენხელა შეტეულა!-უყვირა მარგალიტამ.
-კი მარა,ის შავი ვინ იყო?-იკითხა ხუტამ და ბუხარში ტუცა თავი.
-გამოუშვი შმაგები!-ბოლო წამს იყვირა ხუტას ქვეშ მოყოლილმა ფსიქიატრმა.
-ორსულები გაიყვანეთ!-მიხვდა ვიღაც ღვთისნიერი.
სულ რამდენიმე წუთში ნეო-ნერვო-კლინკის მხრიდან შმაგების ტოტალური რაზმი შემოიჭრა ჟივილ-კივილით. მაშინ ქიმია არ იყო,ვაშლში ჭია ბუდობდა,რძე ქვაბდან გადმოდიოდა,გიჟი გიჟობდა,შმაგი შმაგობდა. ბრძოლაში შმაგები ჩაებნენ. ერთმა,ყველაზე ჩქარა მდუღარემ ,ხუტას ცხენს კბილებით ააგლიჯა ნალები. laugh.gif
ციხის დასი შედრკა,ჯერ უკან დაიხია,შემდეგ უსურცხვილოდ მოუსვა და გაიბნა.
-ორი მანეთი და ოთხი აბაზი..-სუსტად მოისმა ჭურიდან მასწავლებლის ხმა და დაცარიელებულ "ნემეცის ქუჩაზე" სიჩუმე და სიმყუდროვე ჩამოდგა. დაწყნარდა მთვარეც,სახე დაეწმინდა,გამოჩნდა ხვამლი,წავიდა ეშმაკი,დაიძინა იმერეთმა. მაისის ნიავმა ვარდის სურნელი გადაავლო ქვეყანას.
საკვამურიდან ტრიფონის თავი გამოჩნდა. ობერმა არემარე შეათვალიერა, ვარსკვლავიან ცას ახედა და მთვარეს ალერსით უთხრა:
-აჯთსანდალი მოხრაკული საჭმელია,რომელიც კეთდება ოქროს ვაშლისაგან...ჩამო ჩემსას,გაგასინჯო.
ნაზმა ნიავმა ლეღვის ხიდან ქოსა ძაღლი ჩამოაგდო. საბრალოს დაცემისას კუდი გადაუტყდა,ერთიც არ დაუკვნესია,ისე გასცილდა "ნემეცის ქუჩას".
კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოსაგონრად ჰქონდათ იმ ღამის ბრძოლა. დღესაც ამბობენ მოხუცებულები:"როდის დევიბადე? ტრიფონი რომ,თურმე შავ კაცს ეძებდა და აჯაფსანდალს მთვარეს აჭმევდა,იმ წელს დავბადებულვარ,თურმე"...
This post has been edited by Lаki on 5 Oct 2016, 20:38
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3