გასულ თვეში ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შავიზღვისპირეთიდან რუსთავისკენ მომავალს, დაბა სურამში მომიხდა ძროხასთან შეჯახება. მანქანაში ჩემთან ერთად ისხდნენ მეუღლე და ოთხი ბავშვი.
მიმართულების შეცვლა და დამუხრუჭება მოვასწარი, შეჯახება არც ისე ძლიერი ყოფილა, უსაფრთხოების ბალიშები არც კი გახსნილა, მაგრამ არც სუსტი - ნივთები, რომლებიც მანქანაში ეწყო, დაბლა დაცვივდა, მაგნიტოფონის პულტი კი, საერთოდაც, ფანჯრიდან გადმოვარდა.
რაც შეეხება ძროხას, მსუბუქი დაზიანებებითა და კოჭლობით მიიმალა და შემთხვევის ადგილზე დამიტოვა დაჭეჭყილი ,,კაპოტი", მოღუნული სარკე, ჩამოვარდნილი ,,შიტოკი" და საკუთარი ბალანი (წაბლისფერი).
დავრეკე 112-ში, საპატრულო პოლიციაც და კრიმინალურიც ოპერატიულად გამოცხადდნენ, დაგმეს და გაემიჯნენ ძროხის საქციელს, მაგრამ დიდი წუხილით განმიცხადეს, რომ ძროხის პატრონის დადგენა შეუძლებელი იყო. ეს მოსაზრება გაამყარეს იმით, რომ ვიღაც გამვლელი გააჩერეს და კითხეს, დაინახე, ძმაო, ავარიაო? არა, მაგრამ ხმა გავიგეო - იმან. ძროხა ვისი იყოო და არ ვიციო. აი, ხომ ხედავ, არავინ არ იცისო, მომიტრიალდნენ და ეგ იყო.
დანარჩენი, ბიუროკრატია ამუშავდა, გაზომეს რაღაცეები, ოქმები შეავსეს, 50 წუთი დამაკარგვინეს და დამემშვიდობნენ.
ხოდა ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ პოლიცია არ მუშაობს და რამე. ეს რომ ასეა, ამის მაგალითები წარსულში პირადადაც მქონია და თქვენც კარგად ხედავთ, რომ საპატრულო პოლიცია ძირითადად საცხობებთან ბირჟაობით, ლობიანის ჭამით და საკუთარი სმარტფონის შესწავლითაა დაკავებული.
ამ ისტორიაში ეს არაა მთავარი.
მთავარი ისაა, რომ ოთხივე ბავშვი სამგზავრო სავარძელში იჯდა და თუკი ვინმეს ამ ტექსტის კითხვისას გეღიმებიდათ, გირჩევთ, ცოტა მეტად დავფიქრდეთ ხოლმე, როცა პატარები მგზავრობენ მანქანით.
და არა მარტო კანონის შიშით.
კანონი არცთუ ჭკვიანურია და რასაც გვავალდებულებს, იმის აღსრულებაც ნაკლებად ხდება.
ყველას ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
* * *
ეს იქითობისას გადაღებული ფოტოა, შეჯახების მომენტში ოთხივეს ეძინათ.