მთავარსარდალი
მემბერის უნახავს რო გაგხდის

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 893
წევრი No.: 221780
რეგისტრ.: 20-July 16
|
#49120204 · 25 Oct 2016, 22:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chombe გაჯეტებს უმეტესობა მახათის შემცვლელად ხმარობს. ასეთი გასართობი ბევრად ჯობია:
ძველ საქართველოში კრივი ისეთივე სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ჭიდაობა. თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მისი მდიდარი ტრადიციები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა და სამწუხაროდ ჩვენს დრომდე ცოცხალი სახით არ მოუღწევია. ქართული კრივის თაობაზე მსჯელობა მხოლოდ მწირ ლიტერატურულ ცნობებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ერთადერთი ბეჭდვითი მასალა კრივის შესახებ დავით იოსების ძე ბებუთოვის მემუარებია, რომელიც 1867 წელს გამოქვეყნდა ალმანახ "Военный Сборник"-ის 6 და 7 ნომრებში. დავით ბებუთოვს აღწერილი აქვს ე. წ. სალდასტის კრივი, რომელშიაც თვითონ მიუღია მონაწილეობა. სწორედ მის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, ოღონდ სხვადსხვა ვარიაციით, აღწერენ ქართულ კრივს დუბროვინი, პოტო და ვეიდენბაუმი. ქართულ პერიოდულ გამოცემებში ცნობები კრივის თაობაზე XIX საუკუნის შუა ხანიდან ჩნდება. კრივს, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენას, ყურადღებას უთმობენ გაზეთები "ივერია", "Тифлисский Листок", "Кавквзский Календарь”, "Кавказ", ჟურნალი "ცისკარი" და სხვ. ცნობები კრივის შესახებ შემოუნახავთ ალექსანდრე ორბელიანს, ვასილ ხახანაშვილს და ნიკო ავალიშვილს. ქალაქური კრივის დიდი მეხოტბე გახლდათ პოეტი და პუბლიცისტი იოსებ გრიშაშვილი, რომლის წერილები "საიათნოვა" და "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" ქართული კრივის შესწავლის საქმეში ჩვენი მთავარი გზამკვლევი გახდა. კრივი ორგანული და უცვლელი ნაწილი გახლდათ ბერიკაობა-ყეენობის უძველესი დღესასწაულისა. 1893 წელს ჟურნალ "კვალში" გ. წერეთელი ყეენობის შესახებ წერდა: "ამ თავის საყვარელი ჩვეულებით ყოველი ქართველი წელიწადში ერთხელ მსახიობობით გამოიხატავს თვალწინ წარსულ ისტორიულს სურათს. რაში მდგომარეობდა ეს სურათი? იმაში, რომ საქართველოს ერი, ვერც ერთ უცხო რჯულის ხალხს ხანგრძლივად ვერ დაუპყრია. ხშირად შემოსულან ძველ დროში სხვადასხვა ქვეყნის ყეენები, მაგრამ იმათი ბატონობა დღეგრძელი არ ყოფილა. ბოლოს მაინც, ადრე თუ გვიან, საქართველოს ერი ამდგარა, "განუხეთქია აპეურნი მათნი და განუგდია უღელი მათი" (კვალი", 1893 წ., ¹6). როგორც იოსებ გრიშაშვილი ამბობს: "ყეენობა თავისი პირვანდელი სახით ომის მისტიფიკაციას წარმოადგენდა. ...იგი ალეგორიული გამოხატულება იყო იმ საიდუმლო გულის ზრახვებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ განსაკუთრებით საქართველოს იმდროინდელ მოწინავე საზოგადოებაში". ომისათვის მოსახლეობის მუდმივი მზადყოფნა შეუძლებელი იქნებოდა რეგულარული ვარჯიშისა და წვრთნის გარეშე. სწორედ ამ მიზნით წელიწადში რამდენიმეჯერ იმართებოდა ე. წ. "სალდასტის" კრივი, რომელიც ერთგვარ სამხედრო მანევრებს წარმოადგენდა. საომარ მოქმედებებში ჩართული იყო პრაქტიკულად ქალაქის მთელი ბრძოლისუნარიანი მოსახლეობა. გაზეთი ივერია 1885 წელს კრივის შესახებ წერდა: "კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ეს საკვირველიც არ არის. ქართველ ქალს ერთი ათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჟი, რომელიც კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. მოკრივენიც, რასაკვირველია, რამოდენადაც სახელის შოვნას სცდილობდნენ, იმდენადვე სწადდათ და სცდილობდნენ თავის გამოჩენას თავიანთ "ორთავ თვალის სინათლის" სასიამოვნოთ და სასიქადულოთ. კრივს ჰქონდა თავისი ჭეშმარიტად კარგი მხარე: ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწვრთნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას, რომელიც მას ბუნებით დაჰყოლია, ვარჯიშობდა სიმარდეში, სისწრაფეში - ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის" ("ივერია", 1885 წ. ¹1). ჭიდაობა და კრივი საქართველოში რელიგიურ დღეობებთან იყო დაკავშირებული და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული რიტუალის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. სწორედ ამის გამო სამხედრო საქმიანობასა და ფიზიკურ წვრთნას ქართველი კაცი დღესასწაულად მიიჩნევდა. მებრძოლები საასპარეზოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ და ამ დღისათვის საუკეთესო ტანსაცმელით იმოსებოდნენ. არა თუ უბრალო პაექრობისას, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაშიც კი ქართველი განსაკუთრებულ სამოსში - ე. წ. "იალმაგში" გამოწყობილი იბრძოდა. სულხან-საბას მიხედვით იალმაგი "არს სამოსელი საომარი ჯაჭვთა გარეგან საცმელი". ითვლებოდა, რომ ნამდვილი ვაჟკაცი ბრძოლაშიც ისევე უნდა შესულიყო, როგორც ლხინში. ჩვენებურების ეს თვისება შეუმჩნევია კავკასიაში რუსეთის ემისარს, გენერალ ნიკოლაი დუბროვინს, რომელიც წერდა: "По воскресеньямъ грузины играли въ криви. …Въ праздникъ грузинъ одевается щеголевато; любитъ, въ компанiи и съ туземною музыкою, пройтись по базару, посмотреть или самому участвовать въ кулачномъ бою. Кулачные бои бываютъ целыми партiями на две стороны. … Слово криви означаетъ на туземномъ языке драку и сраженiе. Игравшiе разделялись на две стороны. Летом это былъ просто кулачный бой (муштис-криви), происходившiй непременно въ улицахъ, а зимою вместо кулаковъ употреблялись пращи и деревянныя сабли. Зимнее сраженiе всегда происходило за городомъ и называлось сардастисъ-криви или квис-криви. Криви имело свой уставъ, освященный народнымъ обычаем. Отбытое оружие, кушакъ, шапка, бурка считались законною добычею . Криви происходило всегда при огромномъ стечении народа и привлекало множевство молодежи. Въ глазах грузинской женшины, юноша, прославившийся на криви, прiобреталъ особенную прелесть; оттого все юноши спешили на криви, и она была всегда многочисленна по числу участниковъ игры. При двухстороннемъ бое, драку начинаютъ мальчики, потом взрослые, но не так опытные, а за тем уже идутъ самые отчаянные бойцы. Сбивши противника победитель топчетъ его ногами до техъ поръ, пока его не выручитъ противная партiя. Сторона, показавшая тылъ, преследуется на значительное расстоянiе, и бой прекращается только передъ вечеромъ. Любители кулачного боя дарятъ деньги лучшимъ бойцамъ”. კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს, რადგან, მიცვალებულთა სულის მოხსენების გამო, ამ დროს ყველა დუქანი დაკეტილი იყო. ყველაზე დიდი კრივი - ეგრეთწოდებული "ავლაბრის კრივი" - იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად. კრივისათვის მზადება წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა. " ...მთელი ტფილისის ქალაქი: ავალაბარი, ნარიყალა, და ჩუღურეთი ყეენობის სათამაშოდ ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებს და მჭედლებს ბევრი სამუშაო ჰქონდათ აღებული. ისინი ამზადებდნენ ხის ხმლებს და ხანჯლებს, საცერე რგოლებს და შურდულებს" კრივის დაწყებას მრავალრიცხოვან დამსწრეთა შეძახილი და ყიჟინა ამცნობდა. ბრძოლა პატარა ბიჭების შეჯიბრებითBიწყებოდა. შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს; ჭაბუკებს 25-30 წლის ვაჟკაცები მოსდევდნენ; ხოლო, როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: "ქომაგი! ქომაგი!" და ეშხში შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ (ანდაზაცაა: "კაი მოკრივე გვიან გადმოვაო"). მოკრივენი უქუდოდ, მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებაკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო, თუმცა ცნობილია, რომ ზოგჯერ ბრძოლაში ერთდროულად ექვსი ათასი კაცი იღებდა მონაწილეობას. კრივში მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები; ზოგჯერ მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ. ხელოსანთა "ამქარი ქართველი მეფეების დროს წარმოადგენდა ქალაქის ადგილობრივ გარნიზონს, რომელიც თბილისს იცავდა მტრების თავდასხმისაგან. ჯერ კიდევ 1803 წელს, განჯის ციხის აღების დროს, ქართულ ჯართან ერთად ამქრობაც იღებდა მონაწილეობას; 1826 წელს ამქრები სდარაჯობდნენ ნავთლუღის ჰოსპიტალს, არა მწყობრ ჯარისკაცებთან ერთად; ხოლო 1854 წ. ოსმალეთთან ომის დროს გენ. რეადის მიერ, სხავა მოქალაქეებთან ერთად, თბილისის ამქრებიც იყვნენ გაწვეულნი და ეს ხალხი მთლად შეიარაღებული ერთსულოვნად გამოცხადდა" (К. Г. Иерусалимский, Ювелир индейского царя. Ованес Ага, или любовь отца к сыну и на оборот, Тифлис, 1866 г.). კრივში მონაწილე მთელი მოსახლეობა წინდაწინ იყო დაყოფილი ათეულებად, ასეულებად და ათასეულებად. თითოეულ დანაყოფს თავისი წინამძღოლი ჰყავდა. წინა დღით მეთაურები თადარიგს იჭერდნენ და თავის მებრძოლებს შემოვლითი გზებით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ჩასასაფრებლად აგზავნიდნენ. მებრძოლთა შეიარაღებას შეადგენდა მოკლე შურდული, ხის ხმალი, ნაბდის ფარი და თითბრის ან თუჯის საცერე რგოლი, რომელიც უშუალოდ ხელჩართული ბრძოლის დროს იხმარებოდა და მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო. ქალაქის ორი მოკრივე ნაწილის საზღვრად ძველად სიონის ტაძარი ითვლებოდა. "მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე. იყო შემთხვევა როცა მოკრივეთა "თაბუნს" მტკვარი ჰყოფდა." მებრძოლთა ერთ მხარეს წარმოადგენდნენ გარეთუბნელები: ანჩისხატელები, ხარფუხელები, მთაწმინდელები და ვერელები; მეორე მხრივ: კუკიელები, ჩუღურეთელები, ავლაბრელები, შავსოფლელები, ძაღლისუბნელები და სხვ... ორ ბანაკად გაყოფილ მოკრივეთა თითოეულ გუნდს ჩვეულებრივ წარჩინებული პირები მფარველობდნენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჯარი კახეთის თავადებს - ჯორჯაძეებს, ვაჩნაძეებსა და ჭავჭავაძეებს ებარათ, მარჯვენა სანაპიროს გუნდი კი ორბელიანებისა და ბარათაშვილების საქომაგო იყო. "სარდლები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ. ზოგჯერ "კარგად დამრტყმელ" მოკრივეებს ფულითაც ასჩუქრებდნენ". უშუალოდ ხელჩართულ ბრძოლაში თავადები არასოდეს ერეოდნენ, მაგრამ გაცხარებული შეტაკებისას, სხვა დამსწრეებთან ერთად, მათაც დაუნდობლად მოხვდებოდათ ხოლმე "ანჩხატური" მძიმე მუშტი თუ მტრის ნასროლი ქვა. ალექსანდრე ორბელიანი წერს თავის მოგონებებში: "ერთი შურდულის ქვა მეც მომხვდა, უკან, თავის კეფაში და კარგა გამიტეხა; ჩემმა ლალამ შინ რომ მომიყვანა, დედაჩემი არ გამიჯავრდა, ამისთვის, რომ ამგვარ საშიშს საქმეებსა არ გვარიდებდნენ, - კარგი ვაჟკაცი გამოვაო. ეს მთელი ქართველების ჩვეულება ასე იყო, რომ თავის შვილებს ყოველს საშიშს განსაცდელში ზდიდნენ, უშიშარი ვაჟკაცი გამოვაო...". არის თქმულება, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა, რადგან "კრივი იყო ზნეობითი სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა" ("ცისკარი", 1869 წ., ¹3, გვ. 81). სალდასტის კრივის დაუნდობელ, მაგრამ რაინდულ ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის დავით ბებუთოვის უკვე ნახსენები აღწერილობა XIX საუკუნის თბილისში გამართული ერთი ბრძოლისა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ: "ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ, - წერს დავით ბებუთოვი, - ქვემო უბნის ბავშვებმა. მე გადავხტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა. ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარეზედ საფრად ნაბადი მქონდა. ახლო რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვევდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისაგან. უეცრათ მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავუწყეთ ერთმანეთს ხმლებით ცემა. ჩემი მოქიშპე დავჭერი, მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი... დიდებს შორის ქვის სროლა და ხელჩართული გრძელდებოდა... მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არც ერთ მხარეს არ ეტყობოდა. ჩვენებმა შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსავლელად, თითქმის ექვს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასულიყო ორშაბათს და ასე თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ამასთანავე მთაზე, ოქროყანიდან დაწყებული, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა... ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს... ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ ამხანაგები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ერთ საათს და ქვემოუბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იფარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა... უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეომრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს. ომი ცეცხლივით აენთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით, ქვებს აღარ ხმარობდნენ. კრივის წესით, ხმალდახმალ შეტაკებაში, ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემოუბნელები შესუსტდნენ და უკუიქცნენ. ქვემოუბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისკენ". ასეთი თავდაუზოგავი ბრძოლა უმთავრესად მონაწილეთა ფიზიკური დასახიჩრებით მთავრდებოდა ხოლმე. მეორე დღეს მრავლად ჩანდნენ თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირდამტვრეულები, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოროტ გრძნობებს გულში არავინ იდებდა და ასე "დამშვენებულები", ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად ატარებდნენ დროს. რასაკვირველია რუსეთის თვითმპყრობელობა უყურადღებოდ ვერ დატოვებდა სახელმწიფო გადატრიალების მზადების ასეთ აშკარა გამოვლინებას. ადგილობრივ მოხელეებს იმპერიული წყობისათვის განსაკუთრებით სახიფათოდ მოსახლეობის დარაზმულობა და მათი მუდმივი სამხედრო მზადყოფნა მიაჩნდათ. "...მთავრობას აჯანყების გათამაშება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აჯანყება ტაკიმასხარული ყეენის წინააღმდეგ იყო მიმართული, არ მოსწონდა, და ამიტომ ომის მისტიფიკაცია აკრძალა. ამის შემდეგ ყეეენობას უბრალო პროცესებისა და ცეკვა-თამაშის ხასიათი მიეცა". სალდასტის კრივი აიკრძალა, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო, "ბარბაროსული" ჩვეულება. მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით კრივი, განსაკუთრებული გულმოდგინებით, რელიგიური დღესასწაულების დროს იდევნებოდა... "ივერია სწერდა: "კვირაცხოველმა ჩვეულებრივ ჩაიარა, ხალხი მეტად ბევრი დაესწრო, მხოლოდ კრივი აკლდა, რომელიც ყოველ კვირაცხოვლობას ყოფილა ხოლმე. თუმცა ბევრი მოგროვდნენ განთქმული მოკრივენი, მაგრამ ყაზახები დადიოდნენ და მათრახებითა ჰფანტავდნენ კრივისათვის შეჯგუფებულ ხალხს" (ივერია, 1886 წ., ¹46). სალდასტის კრივი ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვისა და მერე ბარიატინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. ნებადართული დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივის გამართვა, ოღონდ ქალაქგარეთ და ისიც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ამ მიზნისათვის მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი იქნა მაშინ ქალაქის გარეუბნებში მდებარე ადგილები "ზარაფხანისა" და "ბაყალხანის" ახლოს - მეტეხის ციხის ქვემო ნაწილში და ჩუღურეთში, ე. წ. "ჭირიანთ ხევთან". მიუხედავად ასეთი შეზღუდვისა, კრივი დიდი ხნის განმავლობაში მაინც ინარჩუნებდა მოქალაქის ფიზიკური და სულიერი აღზრდის ძირითადი საშუალების როლს, თუმცა ნელნელა მან დაკარგა საწესო-სარიტუალო მნიშვნელობა და მხოლოდ უბრალო გასართობისა და ფიზიკური ვარჯიშის სახითღა შემოგვრჩა. მუშტი-კრივი, როგორც ფიზიკური ვარჯიში, ძველი ყარაჩოღელის ერთფეროვანი ცხოვრების გასახალისებლად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. ქალაქური კრივისათვის დამახასიათებელი განუმეორებელი კოლორიტი და მოასპარეზეთა ზნე-ჩვეულებები ზედმიწევნითი სიზუსტით აქვს აღწერილი ძველი თბილისის მეხოტბეს იოსებ გრიშაშვილს: " …მრავალ ჯანსაღ გასართობათა საშუალებით, - წერს იგი, - მაგალითად, კრივით, ართურმით, მიჭკამალაყით, შურდულით, განჯაფით, ბურთაობით, წრე-ლახტით და სხვა ამგვარ ფიზიკურ ვარჯიშობით ძველი თბილელის სხეული იწრთობოდა, იქნებოდა და ფოლადდებოდა. მაგრამ ამათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მუშტი-კრივი იყო. ჩვენი მუშტი-კრივი ოდნავ წააგავს ინგლისელთა ბოქსს. თბილისელებიც ორივე ხელით იბრძოდნენ: დოგადოგა მიდიოდნენ ერთმანეთზე - ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთის ხელით მუშტს, ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთ მოქნეულ მუშტით წაბარაბაცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო, სწორად; მერე დაიჭერდა ორივე ხელით, - შეაჯანჭყარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა. რასაკვირველია კრივსაც ჰქონდა თავისი წესები. ზოგჯერ, თუ მოპირდაპირე შეატყობდა თავის თავს, რომ მარცხდებოდა, მაშინ ის, გაბრაზებული, არასასიამოვნო საშუალებას მიმართავდა: ქვეშიდან თავს აჰკრავდა - დაარეტიანებდა, რომ ამასობაში დაეჯაბნა და გაემარჯვა. ანდა გაიკეთებდნენ "საცერულს" (ცერზე ჩამოსაცმელ თითბრის ან თუჯის რგოლს) და ეს თოქმა ბეჭედი პიდაპირ ძვლებს ეტანებოდა ხოლმე დასამსხვრევ-დასალეწად. მაგრამ ყველა ეს საშუალება, როგორც არაკანონიერი, დაგმობილი იყო ჰაკარაკიან კრივში და ასეთი მოკრივე სასტიკადაც ისჯებოდა, ამხანაგთა შორის, როგორც ჯაბანი და ნამარდი. ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა - მორჩა ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან, როგორც ამბობენ, "ხელი ჰქონდა მოწერილი", რომ იგი აღარ იკრივებდა... მაგრამ, როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, "ხელისმოწერა" - ხელისმოწერად რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს. ზოგიერთი ძველი ყარაჩოღელი, თავის სიყოჩაღის გამოსაჩენად, მუშტით არც კი კადრულობდა კრივს, - ჰკრივობდა ჩოხის კალთით! ერთი მოკრივე თუ მუშტით იბრძოდა, მეორე ხელში აჰკრებდა ჩოხის ცალ კალთას და ისე იგერიებდა მოპირდაპირეს. ეს კია, რომ ასეთი კრივი უფრო დროს გასატარებელი იყო: საიშკილბაზო და სამაზალო. არსებობდა აგრეთვე კრივი ცალის ხელით! მხოლოდ ამას უფრო შეჯიბრების ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, თუ ორ თბილელთა შორის მოხდებოდა რაიმე უსიამოვნება, როგორც ამ შემთხვევაში ევროპიელთათვის არსებობდა "დუელი", ისე ჩვენებურ ყარაჩოღელისათვისაც იყო ამგვარი საშუალება შეურაცჰყოფის ასანაზღაურებლად, - რომელსაც "ხრიდოლი" ეწოდებოდა (კრივი ცალი ხელით). ამ წაკიდება-ჩხუბის დროს, ხელთათმანის გადაგდების ნაცვლად - ყარაჩოღელი თვითონ გახტებოდა განზედ და მიუბრუნდებოდა თავის რაყიფს: "მე ერთი ხელით, შენ კი ორი ხელითო!" და მართლაც, ერთ ხელს (უფრო მარჯვენას) ჩაიყოფდა ქამარში და მეორე ხელს კი (ცაციას) კუმშავდა საბრძოლველად". "ხრიდოლი" კრივი თავისი არსით წარმოადგენდა "მუშტი-კრივის" ერთგვარ ალტერნატივას. მუშტი-კრივში ყოველგვარი ცრუმოძრაობა და მოქნეული მუშტისათვის თავის არიდება საძრახის საქმედ ითვლებოდა. გამარჯვება მოკრივის ფიზიკურ ძალასა და გამძლეობაზე იყო დამოკიდებული. ცალი ხელით კრივის დროს კი, მით უმეტეს თუ მოწინააღმდეგე ორივე ხელით იბრძვის, ფიზიკურ ძალაზე აქცენტის გაკეთება სრულიად უიმედო საქმეა. ამიტომ "ხრიდოლში" წარმატების მიღწევა მებრძოლისაგან დიდ მოქნილობასა და სისხარტეს მოითხოვდა. თუ მუშტი-კრივში მოწინააღმდეგეები ერთმანეთზე ჯიქურ მიიწევდნენ და "ცხვრის თავის" ოდენა მუშტებით ერთმანეთს რიგრიგობით უმასპინძლდებოდნენ, ხრიდოლში გამომწვევი მოხერხებისა და საბრძოლო ოსტატობის ხარჯზე იცავდა საკუთარ ღირსებას. საინტერესოა თავად სიტყვა - "ხრიდოლი' ეტიმოლოგია. ტერმინი "ხრიდოლი" ლიტერატურულ წყაროებში არ ფიქსირდება, სამაგიეროდ სიტყვა "ხრიდული" - როგორც მოხერხებულის სინომიმი - ნახსენებია XVIII საუკუნის ქართველი პოეტის, ბესიკის პოემაში "რძალ დედამთილიანი". აი ეს სტროფიც: "მისგან ნაბნედი ბებერი ეგრე გაუშვა კიდული, თვით გარდიხვეწა სწრაფითა, საქმე ქმნა დია ფლიდული, მიიმღერს ბებრის სიკვდილსა ვით ბეზირგანი ხრიდული, მი და მო თვალსა აშეთებს კეტის ხელმონაკიდული". პოემის სიუჟეტის მიხედვით დედამთილის შეურაცხყოფისათვის ქმრის მიერ ნაგვემი ქალი მეუღლეს მოტყუებით თავს შეაცოდებს და, თითქოს მომაკვდავი, სახლიდან მღვდლის მოსაყვანად გაუშვებს. მარტოდ დარჩენილი საძულველ დედამთილს შეკრავს და კეტის ცემით ამოხდის სულს. ჩადენილი დანაშაულის გამჟღავნების შიშს საკუთარი მოხერხებულობით აღტაცება ფარავს. სანუკვარი მიზნის ასრულებით კმაყოფილი და გახარებული ქალი ღიღინით მიემართება მშობლიური სახლისკენ. აი ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალს ადარებს პოეტი "ბეზირგანს ხრიდულს". ბეზირგანი, სპარსულ ენაზე, დიდვაჭარს ნიშნავს. "ხრიდული" კი ერთ ერთ სქოლიოში განმარტებულია, როგორც - გონიერი. "ბეზირგანი ხრიდული" - მოხერხებულ, გაქნილ დიდვაჭარს უნდა ნიშნავდეს, რომელიც თავისი გონიერებისა და ეშმაკობის წყალობით საქმეს სარფიანად უძღვება. პოემის პერსონაჟი ქალიც სწორედ რომ დიდვაჭარივით ეშმაკურად და მოხერხებულად მოქმედებს. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ "ხრიდული" - მოხერხებულის, გაქნილის, გონივრულად მოქმედის სინონიმი უნდა იყოს. ეს ტერმინი ზედმიწევნით გამოხატავს ცალხელა კრივის ხასიათს, რადგან ერთი ხელით კრივი მართლაც დიდ მოხერხებულობასა და მოქნილობას მოითხოვს და ფაქტიურად გამორიცხავს სწორხაზოვან, ძალისმიერ მოქმედებებს. თვითონ "ხრიდული" სიტყვა "ხრიკისაგან" უნდა იყოს ნაწარმოები. სულხა-საბა ხრიკს როგორც - "მორკინალთ ხელოვნებას" განმარტავს. ამ რიგისა ჩანს ტერმინი "ხარდიორდაც", რომელიც სულხან-საბას მიხედვით "მოგვერდით ფუნდრუკს", ანუ შერკინებისას მოგვერდის გამოყენებას აღნიშნავს. მოგვერდი კი, როგორც ცნობილია, საჭიდაო ილეთია, ანუ ჭიდაობის დროს გამოსაყენებელი ხერხია. ხრიკი - ხრიდი - ხარდიორდა და ხრიდული ერთი წარმოშობისა სჩანან. თუ "ხრიდი" - ხერხის, ფანდის აღმნიშვნელი სიტყვაა, მაშინ ცალი ხელით კრივის თავდაპირველი სახელი, არა "ხრიდოლი", არამედ უთუოდ "ხრიდული", იქნებოდა და მხოლოდ შემდეგ, დროთა განმავლობაში, უ ბგერის ო ბგერით ჩანაცვლების წყალობით მოხდებოდა მისი ტრანსფორმირება "ხრიდოლად". გამოდის, რომ "ხრიდოლი", ანუ "ხრიდული", - არის კრივის სახეობა, რომლის დროსაც მებრძოლები ცალი ხელითა და ტექნიკური ილეთების, ფანდების ანუ ხერხის გამოყენებით იბრძვიან. ქართული კრივის ტექნიკური არსენალი მეტად მრავალფეროვანია. დარტყმები სრულდება ოთხივე კიდურითა და თავით, თუმცა ქალაქელი უპირატესობას მაინც მუშტით ბრძოლას ანიჭებს. "კრივი ჩვენებური, თბილისური ჩვეულებაა. - ამბობს იოსებ გრიშაშვილი - საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს, მაგალითად, რუსს სილა უფრო ემარჯვება. ყარაჩოღელსაც უყვარს სილა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, ამქრის დღესასწაულზე. ისე კი ყარაჩოღელი ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ ბრმა სილას ხმარობს (სილა ხელის ზურგის გარტყმით), კრივის დროს კი ნამდვილი "მუშტის ქუხილი" გაჩაღდებოდა ხოლმე. ლექსიც არის: "რას გაჩუმდით, ჩამოუშვით ყიყვები, გაიცინეთ, ნუ ხართ-მეთქი ბრიყვები, რას მიქვიან ტირილი და წუხილი, გავაჩაღოთ, ძმებო, მუშტის ქუხილი". დარტყმებთან ერთად, ახლო ბრძოლის დროს, მოკრივეები ჭიდაობასაც მიჰყოფდნენ ხოლმე ხელს. ხალხის საყვარელი მოკრივე-ფალავნები თანაბრად ფლობდნენ როგორც ჭიდაობის ფანდებსა და ილეთებს, ასევე მუშტითა და სხვადასხვა იარაღით ბრძოლის საიდუმლოებას. თბილისისა და სხვა დიდი ქალაქის მცხოვრებნი ყოველ კვირა დღეს, წირვის შემდგომ გამართულ მუშტი-კრივსა და საჭიდაო წრეში სცდიდნენ ერთმანეთის სიმარჯვესა და სიჩაუქეს და ხვეწდნენ საბრძოლო ოსტატობას. საუკუნეთა განმავლობაში ხალხური სიტყვიერების წიაღში ჩამოყალიბდა ხელითა თუ ფეხით დარტყმების მკვიდრი ქართული დასახელებები, რაც უძველესი დროიდან საქართველოში კრივის დიდ პოპულარობაზე მეტყველებს. დარტყმებისა და შეტევების დასახელებებს, რომლებიც აღდგენილი გვაქვს სულხან-საბას ლექსიკონისა და ეთნოგრაფიული კვლევის შედეგების მიხედვით, გთავაზობთ ქვემოთ: "მუჭი ეწოდების რა ხელთა თითნი შეიკუმშო მაგრიად და უკეთუ კაცსა სცე ცერის კერძო მუჭითა, ეწოდების მუშტი და არღარა მუჭი; უკეთუ ნეკის მხარე დაჰკრა, ეწოდების მჯიღი; უკეთუ ცერი თითებთა ქვეშე დაიპყრა და ეგრე მომუჭულნი შემოჰკრნე, ეწოდების ბლიკვი; უკეთუ თითებითა გოჯის კერძო წაჰკრა ეწოდების ქიშტი, რომელ არს ქურჯვა; უკეთუ იდაყვითა უკუღმა უკუჰკრა, მუჯლუგანი ეწოდების. ხურთი არს მჯიღი შეკონვილი, რომელ არს ქურჯვა; ხურთით ცემა არს მჯიღი მიმოქცევითა თითთათა ძლიერად ტკივნებად შემძლებელი, რომელსა მსოფლიონი ბლიკვსა უწოდენ. ხელით დარტყმებს განეკუთვნება ასევე სილა, ბრმა სილა, ქიმუნჯი, მაჯაგანი, კიწანის, ნეფისა და ბაჯის კვრა,. ხელით მსუბუქად ცემას წკეპა ეწოდება (წკეპა ხელით ცემა; მცირედ ცემა). ფეხის დარტყმებია - წიხლი, ანუ ფერხის კრვა; წიხლი არს ცალის ფერხის კრვა, გინა დაცემა (ზევიდან ქვევით); ტლინკი - ორთავე ფერხთა ერთბამად უკან განქნევა წყენისათვის. პაღური - უკან მუხლის ამოკვრა. ასევე ფეხით დარტყმებია ბასმა, ხომურა, ახმი, პიწკი, ჭიტლაყი, ტაბუხის კვრა და ა.შ. ქართული კრივის ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათს თავური დარტყმა წარმოადგენდა. ამის დასტურად ერთი ისტორია უნდა გავიხსენოთ, რომელიც ნ. ბერძენიშვილს აქვს გამოქვეყნებული თავის მოგონებებში. XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში (დღევანდელი Tbilisi Marriott-ი) განლაგებული იყო საქართველოს მოკავშირე ბრიტანეთის საზღვაო ძალების შოტლანდიელთა პოლკი. ერთ დღეს უსაქმობით შეწუხებულმა შოტლანდიელებმა, ალკოჰოლის საგრძნობი დოზის მიღების შემდეგ, ასეთი გასართობი მოიგონეს. სასტუმროს წინ, რუსთაველის გამზირზე დადგნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამვლელ გამომვლელის თითო დარტყმით "დანოკაუტებაში". რაც მთავარია ისინი არც მანდილოსნებს ერიდებოდნენ და მამაკაცთა დარად მუშტით უმასპინძლდებოდნენ. გარკვეული ხნის ვარჯიშობის შემდეგ შეწუხებული მოქალაქეების ჩივილმა თბილისელი "დამრტყმელების" ყურამდეც მიაღწია და შელახული ღირსების დამცველთა ჯგუფიც დაირაზმა. ხუთი ფალავანი, ვერელი "კურკას" მეთაურობით რუსთაველისკენ გაემართა, თანაც ერთმანეთი გააფრთხილეს, რომ მუშტი არ ეხმარათ, რაც არ უნდა იყოს "ჩვენი ქვეყნის სტუმრები და მოკავშირეები არიანო". ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ექვსმა ვერელმა "ყოჩმა" ოცდახუთი შოტლანდიელი მეზღვაური მხოლოდ თავური დარტყმების გამოყენებით ისე სცემა, რომ ორი მათგანი გარდაიცვალა, დანარჩენები კი უკლებლივ ლაზარეთში მოხვდნენ. საჩივარში, რომელიც შემდგომ გალახულმა შოტლანდიელებმა მთავარ პოლიცმაისტერს მიართვეს, ასეთი ფრაზა იყო: "მათ ჩვენს წინააღმდეგ არაჯენტლმენური ილეთები იხმარეს, თავები და იდაყვები გამოიყენესო". ქალაქური კრივის ტრადიცია ფრაგმენტული გადმონაშთის სახით XX საუკუნის 60-70-იან წლებამდე შემორჩა და მას წინასწარ დათქმული გუნდური შეტაკებების ფორმა ჰქონდა. ამ სტრიქონების ავტორს რამდენიმეჯერ თავად მიუღია მონაწილეობა ქ. თელავში 1970-71 წ გამართულ გუნდურ ჩხუბში, რომელიც, წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, იმართებოდა "ნადიკვარის" ტერიტორიაზე (ქ. თელავის პარკი). ერთმანეთს უპირისპირდებოდა "ზემო" და ქვემო" უბანი, ანუ ღვთაების ტაძრის გარშემო არსებული დასახლება და რომელიმე საცხოვრებელი კვარტალი. ასეთი დაპირისპირების მიზეზი არასოდეს გამხდარა რაიმე კერძო შემთხვევა. ბრძოლას ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ შეჯიბრის სახე ჰქონდა და ძლიერი უბნის გამოსავლენად ეწყობოდა. როგორც ჩანს ძველი წესების გავლენით ჩხუბს ყოველთვის გვაწყებინებდნენ ჩვენ, 8-10 წლის ბიჭებს და მხოლოდ შემდეგ ჩაებმებოდნენ ხოლმე ბრძოლაში მოზრდილები. თუმცა არ მახსოვს შემთხვევა, რომ ბრძოლაში მონაწილეობა 18 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებს მიეღოთ. ცხადია, რომ ძველი დროის ქალაქურ კრივობათა ტრადიციების სრულ დაცვაზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია. მადლობა იმაზეც გვეთქმის, რომ ჩვენამდე კრივის საშეჯიბრო ნაწილს მაინც მოუღწევია მეტ-ნაკლები სისრულით. როგორც ვნახეთ საქართველოში გავრცელებული მუშტით ბრძოლა ანუ კრივი მრავალგვარი იყო: მუშტის-კრივი, "ხრიდოლი" (კრივი ცალი ხელით), კრივი ჩოხის კალთააკეცილი, სალდასტის კრივი. თუმცა ამავე დროს კრივი შურდულით ქვის ტყორცნას, უფრო ზუსტად შურდულით ბრძოლასა და ხის ხმლით ბრძოლასაც ერქვა. ჩანს, რომ ქართულ ენაში "კრივი" საერთოდ დაპირისპი
|