რეალობა, რომელიც ახლა დადგა აშშ-ში, ანუ ძლიერი ადამიანი ძლიერი სახელმწიფოს სათავეში, არის ის, რაც ყველაზე უფრო არასასურველი უნდა იყოს პუტინისთვის
15:41 13-11-2016
რეალობა, რომელიც ახლა დადგა აშშ-ში, ანუ ძლიერი ადამიანი ძლიერი სახელმწიფოს სათავეში, არის ის, რაც ყველაზე უფრო არასასურველი უნდა იყოს პუტინისთვის აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის მიზეზებზე და იმაზე, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ევროპას, ნატოს, მოსკოვსა და საქართველოს, ”ინტერპრესნიუსი” დიპლომატს, პროფესორს, ნიკა ვაშაკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ნიკა, არ გამართლდა ანალიტიკოსებისა და ექსპერტების პროგნოზი და აშშ-ს 45 პრეზიდნტი დონალდ ტრამპი გახდა. მან რესპუბლიკურ პარტიაში პრაიმერიზებში დაამარცხა პარტიის ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერები ტედ კრუზი და მარკო რუბიო, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებში მძიმეწონიან და გამსვლელ კანდიდატად მიჩნეული ჰილარი კლინტონი. ახლა როცა მისი პერსონა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, საინტერესოა, როგორია ტრამპის გამარჯვების სავარაუდო მიზეზების თქვენეული ვერსია, გისმენთ...
- დიახ, ექსპერტებიც, ანალიტიკოსებიც და გამოკითხვებიც ცდებოდენ. თუმცა, მართალი გამოდგა ერთი საინტერესო პიროვნება, ცნობილი ექსპერტი, ალან ლიჩტმენი, რომელმაც 1984 წლიდან დაწყებული, აშშ-ს ყველა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გამოიცნო. ის ამ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა და ამჯერადაც მოარტყა მიზანში.
დავიწყოთ იქიდან თუ რატომ გამოდგა პროგნოზები და გამოკითხვები მცდარი:
1. ტრამპის მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას, იმის გამო, რომ ამ კანდიდატს ოდიოზური იმიჯი ჰქონდა, ეუხერხულებოდა თავისი არჩევანის ხმამაღლა გაცხადება და ამას არ ამჟღავნებდა. საარჩენო ყუთებთან კი მათ ტრამპს მისცეს ხმა;
2. ამერიკული მედიასაშუალებებისა და ანალიტიკური ინსტიტუტების უმრავლესობა, რომლებიც არჩევნების სავარაუდო შედეგს იკვლევდენ, ძირითადად, დემოკრატიული პარტიის და ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები იყვნენ და, შესაბამისად, ტენდენციურობას ვერ გაექცეოდენ;
3. კვლევების უდიდესი ნაწილი ტარდებოდა ინტერნეტში და შესაბამისი სოციალური ქსელების მეშვეობით. ტრამპის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არის მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავისუფალ დროს არა კომპიუტერთან, არამედ პაბებში ატარებს ჭიქა ვისკით ან ლუდის ბოთლით ხელში, უყურებენ იქ ტელევიზორს და აგინებენ პოლიტიკოსებს. ანუ, ეს არის ჩვეულებრივი, დაბალკვალიფიციური მშრომელი ხალხი, რომლებიც სოციალურ ქსელებში საერთოდ არ ფიგურირებენ და, შესაბამისად, მათი აზრი და განწყობა მკვლევარებისთვის შეუმჩნეველი დარჩა.
აშშ-ში არჩევნების შედეგი დღეს ერთხმად ფასდება როგორც ამერიკელი ხალხის აჯანყება მმართველი პოლიელიტის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს შეფასება სწორია
ახლა უშუალოდ ტრამპის გამარჯვების მიზეზებზე:
1. ამ არჩევნების შედეგი დღეს ერთხმად ფასდება როგორც ამერიკელი ხალხის აჯანყება მმართველი პოლიელიტის წინააღმდეგ და, ვფიქრობ, ეს შეფასება სწორია. 70-ანი წლების დასაწყისიდან, თუ ინფლაციის ფაქტორს გავითვალისწინებთ, აშშ-ს მოსახლეობის 90%-ზე მეტის შემოსავლები და, შესაბამისად, კეთილდღეობა, პრაქტიკულად არ გაზრდილა. ეს მაშინ, როცა ქვეყნის შემოსავლები და, ზოგადად, სიმდიდრე საგრძნობლად გაიზარდა. საქმე ისაა, რომ ამ სიმდიდრემ უმდიდრესი უმცირესობის ხელში მოიყარა თავი. ამ მდგომარეობას აშშ-ს მოსახლეობა სწორედ ზემოთნახსენებ პოლიტელიტას, მის პოლიტიკას და მის ინტერესებს უკავშირებს. შესაბამისად, როგორც კი ხალხმა იგრძნო, რომ გაჩნდა ამ ელიტისთვის „ყურის აწევის“ და მისი მოშორების შანსი, მან უმალვე ისარგებლა ამით;
როგორც კი ხალხმა იგრძნო, რომ გაჩნდა ელიტისთვის „ყურის აწევის“ და მისი მოშორების შანსი, მან უმალვე ისარგებლა ამით
2. გულახდილად რომ ვთქვათ, ჰილარი ქლინთონი ელექტორალური თვალსაზრისით მომგებიანი ფიგურა არ გახლდათ. მისი და მისი კლანის სახელი მრავალი ამერიკელის თვალში არასასიამოვნო, მათ შორის, კორუფციულ ასოციაციებს იწვევს და ბევრმა ამომრჩეველმა მას მხოლოდ იმიტომ მისცა ხმა, რომ ტრამპი უფრო უარესად მიაჩნდათ;
3. ქლინთონისთვის ძალზე ცუდი როლი ითამაშა ე.წ. „დინასტიურმა“ ფაქტორმა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ს, მცირე ინტერვალით, მამა-შვილი ბუში ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის რანგში, ახლა ცოლ-ქმრის პერსპექტივა გამოიკვეთა. ეს მეტისმეტი გამოდგა ამომრჩევლისთვის, რადგან ის თვლის, რომ ამ ქვეყანაში რეალური დემოკრატია კლანურმა მმართველობამ ჩაანაცვლა;
4. სერიოზული როლი ითამაშა დღეს დასავლეთში გამეფებული ლიბერალიზმის ერთგვარმა კრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა ე.წ. პოლიტკორექტულობის ფაქტორმა, რომელიც ბევრისთვის შემაწუხებელი გახდა. თავისუფლებებისა და უმცირესობების უფლებების თემამ არნახული აღზევება განიცადა და გარკვეული აგრესიულობაც კი შეიძინა. „პოლიტკორექტულობის“ დაწესებული და ზოგჯერ ბოლომდე გაურკვეველი სტანდარტებიდან უნებლიე გადახვევა ადამიანს ძალიან ძვირად უჯდება, კარიერის ნგრევისა და საზოგადოებრივი ოსტრაკიზმის ჩათვლით, ხშირად კი სისხლის სამართლის დევნის სახით. ანუ, ლიბერალიზმმა ერთგვარი პოლიციური ლიბერალიზმის ფორმა მიიღო, რაც არსობრივად მის საწინააღმდეგო მდგომარეობაში გადასვლასაც კი ნიშნავს.
ლიბერალიზმმა ერთგვარი პოლიციური ლიბერალიზმის ფორმა მიიღო, რაც არსობრივად მის საწინააღმდეგო მდგომარეობაში გადასვლასაც კი ნიშნავს
ზოგადად დემოკრატიული პარტია სწორედ ამ მემარცხენე ლიბერალიზმის ფილოსოფიის მატარებელია და ქლინთონის წინასაარჩევნო მესიჯების დიდი ნაწილიც ამ ფილოსოფიით იყო განმსჭვალული. ტრამპი კი, როგორც მოგეხსენებათ, საწინააღმდეგო იმპულსებს ასხივებს. გადამეტებული ლიბერალიზმით გაღიზიანებულმა ბევრმა ამერიკელმა ამის გამოც მისცა ხმა ტრამპს;
5. აშშ-ს მოსახლეობაში დიდი ხანია მომწიფდა სერიოზული ცვლილებებისა და განახლების მოთხოვნა. ქლინთონის პროგრამა კარგად გათვლილი, მწყობრად გაწერილი და დასაბუთებული გახლდათ, მაგრამ მას აკლდა ამ თვალსაზრისით მთავარი - დიდი ანგარიშით, ის ამერიკელებს ახალს არაფერს სთავაზობდა. ტრამპის წინასაარჩევნო მესიჯები დიდი დახვეწილობითა და სკურპულოზური გათვლებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სავსე იყო რადიკალური, თამამი და, შეიძლება ითქვას, თავხედური სიახლეებითაც. როგორც სჩანს, დღევანდელი აშშ-ს საზოგადოების დიდი ნაწილის სიახლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ მათ არსებული რეალობის დუნე განვითარებას სარისკო ნაბიჯები ურჩევნიათ;
როგორც სჩანს, დღევანდელი აშშ-ს საზოგადოების დიდი ნაწილის სიახლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ მათ არსებული რეალობის დუნე განვითარებას სარისკო ნაბიჯები ურჩევნიათ
6. და ბოლოს. ტრამპმა ძალზედ ეფექტურად ითამაშა ამერიკელებისთვის სენსიტიურ თემებზე და პოპულისტურ მოტივებზე რა დროსაც მან იგნორირება გაუკეთა პოლიტკორექტულობას და მთავარ მიზანში მოაქცია უბრალო ამერიკელების გულები, რომლებსაც ის ქლინტონზე და მის გარემოცვაზე გაცილებით უკეთ იცნობს, რადგან მათ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება პოლიტელიტის ხელოვნურ აკვარიუმში გაატარეს. ისეთი რადიკალური და მარტივი მესიჯები, როგორებიცაა ამერიკა უპირველეს ყოვლისა, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება, არალეგალური მიგრანტების გაძევება, პროტექციონიზმი ამერიკული ბიზნესების მიმართ, საწარმოების აშშ-ში დაბრუნება, სამუშაო ადგილების და შემოსავლების მკვეთრი ზრდა, მუსლიმებისთვის ქვეყნის ჩაკეტვა, მოკავშირეების დაფინანსებაზე უარის თქმა და ა.შ., ცხადია, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება როგორც პოლიტკორექტულობის, ასევე, შესრულებადობის თვალსაზრისით, მაგრამ საოცრად ეფექტური გამოდგა უბრალო ამერიკელების გულების მოსაგებად.
ტრამპის რადიკალური და მარტივი მესიჯები ძალიან საეჭვოდ გამოიყურება როგორც პოლიტკორექტულობის, ასევე, შესრულებადობის თვალსაზრისით, მაგრამ საოცრად ეფექტური გამოდგა უბრალო ამერიკელების გულების მოსაგებად
- ამ თემაზე საუბრისას დამკვირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს ტრამპის ფენომენზე. მათი მტკიცებით, მისი ფენომელარულობა იმაშია, რომ ტრამპმა აშშ-ს მეინსტრიმისაგან განსხვავებით იგრძნო რომ ხალხს ჰქონდა ცვლილებების სურვილი. ვინაიდან ტრამპმა გაიგონა საზოგადოების იმ ნაწილის ხმა, რომელსაც აშშ-ს მმართველი კლასი ვერ იტანს, ალბათ ამიტომაცაა, რომ ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა ტყუილად არ აფასებს ტრამპის არჩევას არსებული პოლიტიკური სისტემის გამოწვევად. რადგან ასეა, მართებული იქნება კითხვა ასე დაისვას - თქვენი აზრით, აღმოჩნდება ტრამპი ერთი ვადით პრეზიდენტი, თუ რადგან მას ხალხისგან მიღებული აქვს მანდატი იგი შეეცდება არსებული პოლიტიკური სისტემის დამარცხებას და საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ახალი, ანაც არსებულისგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემის შეთავაზებას?
- ამას ვერავინ გეტყვით. ერთი რამ ცხადია: გამოიკვეთა, რომ ტრამპი თავის გარშემო, მართალია, მკვეთრად გამოხატული კონსერვატული ბუნების, მაგრამ უაღრესად გამოცდილ და პროფესიონალ გუნდს იკრებს. ამიტომ მას აქვს შანსები იყოს წარმატებული. ბუნებრივია, ამისათვის აუცილებელია, რომ მან გადახედოს თავის რადიკალიზმს და ცოტა შეარბილოს ის, თუმცა ეს ტენდენციაც უკვე სახეზეა. მისი მთავარი ამოცანაა ახლა, რომ თავისი პოპულისტური პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა გარდაქმნას რაციონალურ და სერიოზულ სამოქმედო გეგმად და გააკეთოს ეს ისე, რომ ამომრჩეველმა თავი მოტყუებულად არ იგრძნოს. ეს საკმაოდ ძნელი ამოცანაა და ტრამპის შემდგომი პოლიტიკური ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაართმევს ის მას თავს.
ტრამპის მთავარი ამოცანაა თავისი პოპულისტური პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა გარდაქმნას რაციონალურ და სერიოზულ სამოქმედო გეგმად და გააკეთოს ეს ისე, რომ ამომრჩეველმა თავი მოტყუებულად არ იგრძნოს. ეს საკმაოდ ძნელი ამოცანაა და ტრამპის შემდგომი პოლიტიკური ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაართმევს ის მას თავს
- დრომ აჩვენა, რომ ტრამპი იმის გარდა რომ ამბიციური პიროვნებაა, იშვიათად ახასიათებს უკან დახევა ანაც, დათმობა. ახლა როცა საკმაოდ დიდი დროა იქამდე ვიდრე ის თეთრ სახლში შევა, მანამდე ყველაზე აქტუალური თემაა თუ ვინ აღმოჩნდებიან მის გუნდში. ვის დანიშნავს ტრამპი აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე. თქვენი დაკვირვებითა და ინფორმაციით, სავარაუდოდ, როგორი იქნება აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის გუნდი?
- რადგან ოფიციალურად ჯერ წარდგენილი არავინაა და საუბრებია მხოლოდ სავარაუდო კანდიდატებზე, პიროვნებებს არ დავასახელებ, მაგრამ ვიმეორებ - გუნდი იქნება ძველი და გამოცდილი მემარჯვენე პოლიტიკოსებისაგან შემდგარი
- ტრამპის მმართველობის პირობებში სავარაუდოდ, როგორი იქნება ვაშინგტონის ევროპული და ჩრდილოატლანტიკური პოლიტიკა?
- საიდუმლო არაა, რომ დღეს ნატო სერიოზულ კრიზისშია შესული. ტრამპის რიტორიკიდან გამომდინარეობს ის, რომ იგი აიძულებს ნატოს ან მართლა ხელახლა გახდეს ეფექტური და ქმედიდთუნარიანი ორგანიზაცია, ან დაფიქრდეს თავისი არსებობის მიზანშეწონილობაზე. მიდგომის მთავარი ღერძი ნატოს ევროპელი წევრების საქმისადმი დამოკიდებულებაზე გადის. რადგან ნატო ძირითადად სწორედ ევროპის უსაფრთხოებას ემსახურება, ტრამპი სამართლიანად მოითხოვს ევროპელებისაგან უფრო მეტი რესურსი და ძალისხმევა გაიღონ ამ ორგანიზაციის ეფექტურობისთვის და არ იყვნენ მისჩერებული ამერიკელებს.
ვფიქრო, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ ევროპას მართლაც მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს და შეეცდება აიძულოს იგი, უფრო პასუხისმგებლობიანი და ქმედითი გახდეს. ამის დრო ნამდვილად მომწიფდა. ტრამპი პირდაპირ აცხადებს: რუსეთი მთავარ პრობლემას სწორედ ევროპას უქმნის, ევროპელები კი რუსეთთან დაპირისპირების პრეროგატივას აშშ-ს უთმობენ, ხოლო თვითონ, ამ დაპირისპირების ზურგსუკან, მშვენივრად ახერხებენ რუსეთთან გარიგებებს და საქმეების დალაგებას. ტრამპის თქმით, ეს ასე აღარ გაგრძელდება. გულახდილად რომ ვთქვათ, ძნელია, ტრამპის ამ პოზიციას უსამართლო უწოდო.
აქ მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გზით წავა, საბოლოო ჯამში, ევროპა აშშ-ის ამ ახალი პოლიტიკის პირობებში: მოიკრებს ძალებს და ძნელ, გამბედავ, მაგრამ სწორ პოლიტიკას გაატარებს, თუ გაუღრმავდება დემორალიზება და წავა რუსეთთან დამღუპველი დათმობების გზით. მთელი ინტრიგა აქ იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც ჩანს, ტრამპი ამ პოლიტიკის გაჟღერებისას სულაც არ ბლეფობს. ის რეალურად მზად არის ორივე ვარიანტისთვის.
ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ ევროპას მართლაც მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს და შეეცდება აიძულოს იგი უფრო პასუხისმგებლობიანი და ქმედითი გახდეს. ამის დრო ნამდვილად მომწიფდა
- საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დამკვირვებელთა უმრავლესობა ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე სრულიად მართებულად ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საგარეო ხედვები საკმაოდ იზლაციონისტურია. გარდა ამისა, რუსეთისა და პუტინის შესახებ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში ისეთი იყო, რომ მოსკოვის პოლიტიკური კლასი მას გულრწფელად და დაუფარავად გულშემატკივრობდა. ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა. თქვენი შეფასებით, რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ კრემლის რუპორად ცნობილმა ვ. ჟირინოვსკიმ ტრამპის გაპრეზიდენტების აღსანიშნად სახელმწიფო სათათბიროს შენობაში წვეულებაც კი მოაწყო, რომელზეც ტრამპის სადიდებელი სადღერგრძელოებიც შეისვა? თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე რიაბოვმა უკვე განაცახა რომ ”ტრამპის არჩევის გამო ჩვენ არანაირი ეიფორია არ გვაქვსო”...
- საკითხავია, რამდენად შეესაბამებოდა ზედაპირზე არსებული ეს პოზიცია რუსეთის ნამდვილი ხელმძღვანელობის რეალურ პოზიციასა და განზრხვას. რიგი ავტორიტეტული მიმოხილველები როგორც აშშ-ში, ასევე რუსეთში საკმაოდ ლოგიკურად ასკვნიან, რომ ის შეტევები, რომლებსაც პუტინის რუსეთი ახორციელებდა ქლინთონზე და მის შტაბზე, და ის სიმპათიები, რომლებსაც რუსი პოლიტიკოსები ტრამპის მიმართ გამოხატავდენ, ელექტორალური თვალსაზრისით, პრაქტიკულად ქლინთონის სასარგებლოდ მუშაობდა და აქედან გამომდინარეობს ის, რომ პუტინს სულაც არ უნდოდა, ეხილა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად. თუ კარგად დავფიქრდებით, ეს მოსაზრება არ არის მოკლებული დამაჯერებლობას.
პუტინი მიეჩვია რაფინირებულ და ზომიერ პოლიტიკოსებთან ურთიერთობას. ის თავისი თავხედური პოლიტიკური სტილით მათთან თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. ასე რომ, ის რეალობა, რომელიც ახლა დადგა აშშ-ში, ანუ ძლიერი ადამიანი ძლიერი სახელმწიფოს სათავეში, არის სწორედ ის, რაც ყველაზე უფრო არასასურველი უნდა იყოს პუტინისთვის. დიახ, ტრამპი გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები რუსეთის ლიდერისთვის კომფორტული და სასიამოვნო შეიძლება, სულაც არ იყოს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ფაქტია, რომ ტრამპი რუსეთზე აშშ-ს მეინსტრიმისგან აშკარად განსხვავებულ განცხადებეს აკეთებდა, რომელთა გამოც მოსკოვში მისგან ყირიმის აღიარებასაც ელოდებიან. ახლა როცა არჩევნები დასრულდა, ბევრი მიიჩნევს, რომ მისი განცხადებები დეკლარაციულ ხასიათის იყო და ამის მაგალითად ტრამპის განცხადება - ”აშშ გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს იქ, სადაც ჩვენსას არ ეწინააღმდეგება” მოჰყავთ. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი 50 წელია აშშ ატარებს პოლიტიკას, რომლის იდეა ასეთია - ”აშშ-ს აქვს ინტერესები ყველგან და ყველაფერი სხვა ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებს”. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპი რეიგან-2 აღმოჩნდეს და კრემლში პუტინისა და თეთრ სახლში ტრამპ-რეიგან-2-ის პირობებში მსოფლიო დიდი კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდეს? სხვათა შორის, ამგვარ რამეს საკმაოდ ცნობილი რუსი ანალიტიკოსებიც არ გამორიცხავენ...
- ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო მაქსიმალურად წარმოეჩინა თავი ჰილარი ქლინტონის ანტიპოდად. შესაბამისად, რუსეთის პუტინის მიმართ მისი მეგობრული ჟესტებიც, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამითაა გამოწვეული. ამავე დროს, რუსეთთან მომავლში გარდაუვალი კონფრონტაციის წინ დონალდ ტრამპი საკუთარ თავს ძალზედ მომგებიან პოზიციაში აყენებს: ის რუსულ თემას პოზიტიური მესიჯებით და მორიგების განწყობით ხსნის ხელახლა და, შესაბამისად, მომავალში ექნება კარგი საშუალება გართულება და გაუარესება რუსეთს და პუტინს გადააბრალოს.
თუ ტრამპის განზრახვა უარის თქმა საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტზე რეალობად იქცა და, ალბათ იქცევა, რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მისი ნავთობი პრაქტიკულად დაკარგავს საბაზრო განზომილებას და მხოლოდ გეოლოგიურ რეალობად დარჩება
რაც შეეხება საკითხთა იმ კომპლექსს, რაც პირობითად „რეიგანი-2“-ის კონტექსტში მოიაზრებ. აქ უმთავრესია ტრამპის ორი უმნიშვნელოვანესი მესიჯი: 1. ყოვეგვარი შეზღუდვების მოხსნა ამერიკელი ნავთობმომპოვებლებისათვის და 2. უარის თქმა საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტზე. თუ ეს რეალობად იქცა და, ალბათ იქცევა, რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მისი ნავთობი პრაქტიკულად დაკარგავს საბაზრო განზომილებას და მხოლოდ გეოლოგიურ რეალობად დარჩება.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ? ამას წინათ თქვენ ბრაძანეთ, რომ ტრამპის მმართველობის პირობებში კავკასიის რეგიონის მიმართ აშშ-ს ინტერესი მეტი იქნება, ვიდრე ეს ობამას დროს იყო. თქვენი კოლეგა ნოდარ ხარჩილაძე სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებში აშშ-ს გაატიურებას ვარაუდობს. თქვენი აზრით, რა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ტრამპის მმართველობისას აშშ-ს ინტერესი საქართველოს მიმართ მეტი იქნება და ვაშინგტონი სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებს კავკასიაში გააქტიურებს?
- ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ხანებში ამ მიმართულებით დიდ გამოცოცხლებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ აშშ-ს ინტერესი შემდგომში გაიზრდება რუსეთთან კონფრონტაციის გაღრმავების პირდაპირპროპორციულად და ეს ინტერესი იჩენს თავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მრავალი სხვა, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.
პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ აშშ-ს ინტერესი შემდგომში გაიზრდება რუსეთთან კონფრონტაციის გაღრმავების პირდაპირპროპორციულად და ეს ინტერესი იჩენს თავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მრავალი სხვა, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით
- ქართველ ექსპრეტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველოს უქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა აშშ-სა და რუსეთის დიალოგის დღის წესრიგის საკითხი გახდეს. ანუ, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგის გარეშე საქართველოს გამთლიანება ”მწარე ილუზიაა”. იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგა, ჩვენს კონფლიქტებთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება გაჩნდეს?
- რუსეთთან „კონსტრუქციული“ დიალოგი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ის ჩოქმბჯენში იმყოფება. თანდათან ახლოვდება ის დრო, როცა დასავლეთ-რუსეთის ამგვარი დიალოგი შედგება. ეს არ არის ისეთი ტიპის კონსტრუქციული დიალოგი, როგორსაც ეს ვითომ ექსპერტები გულისხმობენ. მე მათ ვურჩევდი განთავისუფლდენ ინფანტილიზმისგან და მოეშვან იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა მუდამ მორიგი ჯადოსნური სიტუაციის მოლოდინში იმყოფებიან, როდესაც „დიდი ბიჭების“ დახმარებით საქართველოს ყველა პრობლემა გადაწყდება. არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აუცილებლად მომწიფდება და ამ მომენტს ქვეყანა მზადყოფნაში თუ არ დავახვედრეთ, მორიგ ისტორიულ შანსს გავუშვებთ ხელიდან.
არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აუცილებლად მომწიფდება და ამ მომენტს ქვეყანა მზადყოფნაში თუ არ დავახვედრეთ, მორიგ ისტორიულ შანსს გავუშვებთ ხელიდან
თუ რა არის ეს მზადყოფნა - ვრცელი საუბრის თემაა და აქ ამ საკითხის ყველა ასპექტს ვერ შევეხებით. შევჩერდები მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე. რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ წარმატებული ადამიანებისაგან? დონალდ ტრამპის მიერ არჩევნებში მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ის ყველაფერს თავის სახელებს არქმევს.
ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და მსოფლიოს გასაგონად სეპარატისტებს „ძმებს“ კი არ უნდა ვუძახოდეთ მაშინ, როცა ისინი განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრასა და ხოცვას, არამედ უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქმე გვაქვს აგრესიული ოკუპანტის მიერ წაქეზებულ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე დაფუძნებულ კაცთმოძულე რეჟიმებთან, რომელთა ლიკვიდაცია და მათ ქვეშ მყოფი ზომბირებული მოსახლეობის ნორმალურ გარემოში დაბრუნება პროგრესული და დემოკრატიული თანამეგობრობის ვალს წარმოადგენს.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...tinisthvis.html