M A N E R A
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7835
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09
|
#49250070 · 12 Nov 2016, 06:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყოს ამ თემაშიც...
თემურ ბასილია: ქართული საბანკო სისტემა მხოლოდ გარეგნულად არის მყარი და სტაბილური
„ქართული საბანკო სისტემა არ არის მყარი და სრულყოფილი. და თუ, საქართველოში ბანკები არ გაკოტრებულა, ეს იმიტომ, რომ ამის საფასურს იხდის საქართველოს მოსახლეობა", - აცხადებს ამერიკაში მცხოვრები ეკონომისტი თემურ ბასილია და ეროვნულ ბანკს საბანკო სექტორის გაჯანსაღების პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
რამდენად მდგრადია ქართული საბანკო სისტემა? რა იწვევს ლარის გაუფასურებას - მაკროეკონომიკური პარამეტრები თუ მიმოქცევაში ლარის მასის ზრდა? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „კომერსანტი" ეკონომისტ თემურ ბასილიას ესაუბრა.
- ფინანსური ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშე დღეს საბანკო სექტორია. როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ საბანკო სისტემას? არის თუ არა რეალურად მდგრადი ეს სექტორი?
- საქართველოს საფინანსო სისტემაში დომინანტური ადგილი უკავია ბანკებს. საბანკო სექტორი საკმაოდ კონცენტრირებულია, ორ უდიდეს ბანკზე (საქართველოს ბანკი და TBC) მოდის საბანკო აქტივების 58%. ამასთან, საქართველოს საბანკო სისტემა სინამდვილეში სულაც არ არის ქართული, ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელთა საკუთრებაშია. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის საერთო საწესდებო კაპიტალის 95% უცხოელებისაა. საბანკო სექტორის საწესდებო კაპიტალის მხოლოდ 5%-ია ქართული და მხოლოდ ერთი ბანკია ქართული, ეს არის ბანკი ქართუ.
აღსანიშნავია, რომ ბანკების აქტივების უდიდესი ნაწილი მოდის სესხებზე. ამავე დროს, აქტივების მხოლოდ 22% არის მაღალი ლიკვიდობის მქონე (ნაღდი ფული და საკორესპოდენტო ანგარიშებზე არსებული თანხები), რაც ფარავს ყველა დეპოზიტების მხოლოდ 40%-ს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ არის უზრუნველყოფილი დეპოზიტების 60%? ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ბანკების ლიკვიდობას.
სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს საბანკო სისტემა თითქოსდა სტაბილურად გამოიყურება, თუმცა ამ მონაცემებითაც კი, არსებობს რისკები, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ საბანკო სექტორის სიმტკიცეს. ამ პრობლემებზე არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
-კონკრეტულად რა პრობლემებია?
- დოლარიზაციით გამოწვეული კრედიტების რისკები, ანუ დოლარში გაცემული სესხები, რომელთა დაბრუნება ძნელდება ლარის კურსის დევალვაციის გამო; ლიკვიდობის რისკი, ანუ, როდესაც საბანკო სექტორს არ გააჩნია ფული, რათა დაფაროს თავისი ვალდებულებები, მათ შორის, მეანაბრეების წინაშეც; საბანკო სექტორის კონცენტრაცია ორ დომინანტ ბანკში; უცხოური დეპოზიტების - არარეზიდენტების მიერ განთავსებული თანხების მაღალი წილი დეპოზიტების საერთო მოცულობაში.
დოლარიზაციის მაღალი დონე ზრდის გაცემული კრედიტების დაბრუნებასთან და საბანკო სექტორის ლიკვიდობასთან დაკავშირებულ რისკებს. დოლარიზაციასთნ დაკავშირებულია ორი მთავარი პრობლემა: პირველი, მსესხებელთა უდიდეს ნაწილს, ვისაც ეს სესხები აღებული აქვთ დოლარში, შემოსავალი აქვთ ლარებში. როდესაც ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით მცირდება, ბუნებრივია, ამ ადამიანებს უფრო მეტი ლარის დახარჯვა უწევთ უკვე აღებული ვალის დასაფარად. მეორე, თუ გავითვალისწინებთ უცხოური რეზერვების დონეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობა ლიკვიდობის დახმარება გაუწიოს კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით. არაერთხელ მოგვისმენია, რომ ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვები ისტორიულ მაღალ დონეზეა, თუმცა, რეალურად, ეს მაინც არ არის საკმარისი საბანკო სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად.
ასე რომ, მიუხედავად სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მცდელობისა დაგვარწმუნონ, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ყველაფერი კარგადაა, რეალურად ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
-რაც შეეხება „თიბისი" და „რესპუბლიკა" ბანკების გაერთიანებას, ამას როგორ შეაფასებდით? როგორ გადანაწილდება საბანკო სტრუქტურა ამ ბაზარზე და რას უნდა ველოდოთ? კონკურენციის მხრივ მონოპოლიას ხომ არ მივიღებთ?
- როგორც უკვე აღვნიშნე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს საბანკო სექტორის კონცენტრაციას ორ დომინანტ ბანკში. იმის ნაცვლად, რომ ეროვნულ ბანკს მიეღო ზომები მესამე, მეოთხე და ა.შ. ახალი მსხვილი მონაწილის ჩამოყალიბების წასახალისებლად, რაც ხელს შეუწყობდა კონკურენციას და საბანკო სექტორის განვითარებას, ხდება სრულიად საწინააღმდეგო რამ. ამ ორი დომინანტი ბანკის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, ანუ, პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრება.
-მართალია წლების განმავლობაში სესხებზე საბანკო საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, თუმცა ის მაინც მაღალი რჩება. ბანკები მაღალ პროცენტებს რისკებს უკავშირებენ. თქვენ რას ფიქრობთ, რეალურად არსებობს რისკი და საერთოდ, მაღალია თუ არა საქართველოში პროცენტები?
- საერთოდ, საპროცენტო განაკვეთების დონე რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: 1. ქვეყანაში არსებული რისკები, 2. ბანკებში არსებული რისკები, 3. ბანკების განკარგულებაში არსებული საკრედიტო რესურსების მოცულობა, 4. კონკრეტული ბიზნესის, ვისაც სესხის აღება უნდა, რისკები.
ამასთან, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში არის კარგი და უსაფრთხო ბიზნეს-გარემო, რომ ბიზნესის წარმოება არის ძალიან ადვილი. როგორც ჩანს, საქართველოს საბანკო სექტორი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და პირიქით, მიაჩნია, რომ საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ძალიან ბევრი რისკია და ამიტომაც, მათ რომ საკუთარი თავი დაიცვან და მიიღონ მაქსიმალური მოგება, დაწესებული აქვთ მაღალი საპროცენტო განაკვეთები.
ორივე ლოგიკას აქვს თავისი საფუძველი, თუმცა არსებობს სხვა პრობლემებიც. ქართულმა ბანკებმა მათ განკარგულებაში არსებული ფინანსური რესურსები (მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები; მოზიდული სახსრები, მათ შორის უცხოური ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული სესხები და ა.შ.) დააბანდეს სხვადასხვა ბიზნესებში, არასაბანკო სფეროში, მათ შორის, ნაკლებად მომგებიან ან მაღალ რისკიან ბიზნესებშიც, შეიძინეს ნაკლებად ლიკვიდური ან სულაც არალიკვიდური აქტივები, რის გამოც მათ შეექმნათ ლიკვიდობის პრობლემა. ანუ, რეალურად ბანკებს სესხის გაცემის რესურსი შემცირებული აქვთ, რის გამოც ბანკები აწესებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
- არაპროფილური აქტივების ფლობა ბანკებს აკრძალული აქვთ, თუმცა თქვენი თქმით, გამოდის, რომ სესხებზე მაღალი პროცენტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. რეალურად გამართლებულია, თუ არა არაპროფილურ ბიზნესში ბანკის შესვლა და როგორია საერთაშორისო გამოცდილება?
- საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ბანკებს მხოლოდ საბანკო საქმიანობის უფლება აქვთ - ანუ, შეუძლიათ მოქალაქეებისგან მიიღონ დეპოზიტები და გასცენ სესხები. სხვა კომერციული საქმიანობის უფლება ბანკებს არ გააჩნიათ. ასე იყო საქართველოშიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე. შეიძლება ითქვას, ამ ომმა ბანკებს „სულზე მოუსწრო", რომლებიც არასწორი მენეჯმენტის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. კერძოდ, სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 4 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარებიდან საბანკო სექტორმა 1 მილიარ დოლარამდე დახმარება მიიღო .
გარდა ამისა, მათ მიეცათ ნებისმიერი სახის ბიზნესის კეთების უფლება. ამან გამოიწვია საბანკო სექტორის ხელოვნურად გაბერვა, საბანკო რესურსების არარაციონალურად გამოყენება და ხშირ შემთხვევებში სარისკო ბიზნესებში ჩადება, კონკურენციის შეზღუდვა, მონოპოლიების ხელშეწყობა და ა.შ. ჩემი აზრით, აუცილებელია ბანკებს კანონმდებლობით და თანაც, რეალურად ჩამოერთვათ არასაბანკო საქმინობის უფლება; ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, კონკურენციის გაზრდას, საკრედიტო რესურების გაიფებას. გარდა ამისა, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჯანსაღი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების გზაზე.
- ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ლარი. რა აუფასურებს რეალურად დღეს ლარს, მაკროეკონომიკური პარამეტრები თუ რეფინანსირების გაზრდილი სესხები?
- ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ვალუტის გაცვლით კურსზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს; კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული, ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ქცევები და სავალუტო სპეკულაციები. როგორც ვხედავთ, ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკაა.
ბოლო პერიოდის ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეულია ორი მიზეზით: 1. დოლარიზაციის მაღალი დონე და ლარზე მოთხოვნის შემცირება, და 2. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის ზედმეტი, დაუსაბუთებელი მასის გაშვება. ბოლო ოთხ თვეში ეროვნულმა ბანკმა მილიარდ ლარზე მეტი ზედმეტი ფულის მასა გაუშვა მიმოქცევაში ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. ივნისში ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა 250 მილიონ ლარამდე შემცირდა; სწორედ, იმ პერიოდში დასტაბილურდა კიდეც ლარი. თუმცა ივნისის შემდეგ ეროვნული ბანკი ისევ დაუბრუნდა ე.წ. რეფინანსირების სესხების მანკიერ პრაქტიკას და დღეისთვის მისმა მოცულობამ 1,3 მილიარდა. როგორც ვხედავთ, ოთხ თვეში მიმოქცევაში ზედმეტად გაშვებულია მილიარდ ლარზე მეტი, რამაც გამოიწვია ლარის გაცვლითი კურსის დაცემა.
- და რატომ გასცემს ეროვნული ბანკი ე.წ. რეფინანსირების სესხებს კომერციულ ბანკებზე თუ იცის, რომ ეს გარკვეულწილად ნეგატიურად მოქმედებს ლარზე ?
- იმიტომ რომ, კომერციულ ბანკებს არა აქვთ საკმარისი ფულადი რესურსი, რომ დაფარონ თავიანთი ვალდებულებები. რატომ არა აქვთ კომერციულ ბანკებს საკმარისი ფულადი რესურსი? იმიტომ რომ, მათ განკარგულებაში არსებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებულია არასაბანკო საქმიანობაში. ეროვნული ბანკი კი, იმის ნაცვლად რომ წარმართავდეს პროცესს, აძლევდეს ინსტრუქციებს, მითითებებს კომერციულ ბანკებს, რათა მათ გამოასწორონ მდგომარეობა, პრაქტიკულად გადაიქცა ორი დომინანტი ბანკის მომსახურე სააგენტოდ.
ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, არ გახლავთ რეფინანსირების ერთკვირიანი სესხები, რაც მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რეალურად, ეს გახლავთ საგანგებო სესხები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეფერხებები კომერციული ბანკების საქმიანობაში, რამაც საბოლოოდ შესაძლოა, საბანკო სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. ანუ, ეროვნული ბანკი ეხმარება კომერციულ ბანკებს, მაგრამ ეს დახმარება ნიშნავს მიმოქცევაში ფულის დამატებითი მასის გაშვებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე.
მოკლედ, ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეროვნული ბანკის ამ პოლიტიკის შედეგად, ყველა ამ შეცდომისა თუ შეგნებული ქმედებისთვის საფასურის გადახდა უწევს საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ, დამატებით პრობლემა იმაშია, ამ საფასურის გადახდით, საბანკო სისტემა კი არ ჯანსაღდება, არამედ, ხდება მათი პრობლემების გადავადება, რაც ადრე თუ გვიან კიდევ უფრო მწვავე ფორმით დადგება.
-მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მოქმედებს ლარზე, მაგალითად, თუნდაც შემცირებული ექსპორტი და ა.შ.?
- ბოლო პერიოდის მაკროეკონომიკური გარემო ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება: ეკონომიკა იზრდება და ინფლაციაც დაბალ დონეზეა შენარჩუნებული. გარდა ამისა, ბოლო თვეების მიმდინარე ანგარიშების ტენდენციაც დადებითია, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები საქართველოში. ამიტომ, ლარის ამჟამინდელი დევალვაციას არა აქვს რაიმე კავშირი მაკროეკონომიკურ გარემოსთან.
ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ოპტიმიზმის საფუძველი არა მაქვს. კერძოდ, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნულ ბანკს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია დოლარიზაციის დონის შესამცირებლად. ასევე, იმის ნაცვლად რომ ეროვნული ბანკი ამცირებდეს მიმოქცევაში ლარის რაოდენობას, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, იგი პირიქით, ზრდის ლარის მასას, ძირითადად ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით; ანუ, ეროვნული ბანკი თავად უკეთებს პროვოცირებას ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.
- იცით, რომ სებ-მა ლარის სტაბილიზაციისთვის ბოლო პერიოდში 140 მილიონის ინტერვენცია განახორციელა, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?
- ზოგადად, ინტერვენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გააჩნდეს ეროვნულ ბანკს. თუმცა, ის რაც ბოლო პერიოდში ხდება, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს: ერთის მხრივ, ეროვნული ბანკი ზედმეტად უშვებს მიმოქცევაში მილიარდ ლარზე მეტს, რითაც პროვოცირებას უკეთებს ლარის გაუფასურებას და შემდეგ, ლარი რომ მეტისმეტად არ გაუფასურდეს, ხარჯავს სავალუტო რეზერვებს მის მიერვე მიმოქცევაში ზედმეტად გაშვებული ლარის მასის ნაწილის ამოსაღებად., მკითხველმა თავად შეაფასოს რა შეიძლება ეწოდოს ეროვნული ბანკის ასეთ ქმედებას.
- დაბოლოს, აზერბაიჯანში, რუსეთში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ბანკი გაკოტრდა, პრობლემები აქვს „დოიჩე ბანკსაც". ხომ რ არის საშიშროება, რომ იგივე მოხდეს საქართველოშიც?
- რეალურად რომ შევაფასოთ, ქართული საბანკო სისტემაც არ არის მყარი და სრულყოფილი. და თუ, საქართველოში ბანკები არ გაკოტრებულა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის საფასურს იხდის საქართველოს მოსახლეობა. ისიც ფაქტია, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ეროვნულმა ბანკმა აიღოს ხელში ინიციატივა, შეიმუშაოს საბანკო სექტორის გაჯანსაღების პროგრამა, რაც მიმართული იქნება ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე და დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება.
ავტორ(ებ)ი : ელზა წიკლაური
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|