დანაშაული საღამოს საათებში, ფაქტობრივად, ოჯახის ყველა წევრისა და გარდაცვლილის 12 და 8 წლის შვილების თვალწინ მოხდა. დანაშაულის დეტალებზე სოფელ წინანდლის მკვიდრი მოგვითხრობს. (რესპონდენტის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვწერთ):- ელენე ჩვენს თვალწინ გაიზარდა, ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო, მთელ სოფელს უყვარდა. მისი მშობლების ოჯახიც თბილი, გონიერი და სოფლის გვერდით მდგომი ხალხია. პატარა გათხოვდა, მისი ყოფილი ქმარი, ავთო ბეჟუაშვილი მასზე 3 წლით უფროსი იყო, თანაც სპორტს მისდევდა, რის გამოც ტოლებში პოპულარობით სარგებლობდა. პოპულარულები კი, მოგეხსენებათ, პატარა გოგონებსაც მოსწონთ... სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ დიდად ბედნიერი არ ჩანდა; ამის მიუხედავად ქმარს არ დაშორებია, არც მშობლები აძლევდნენ ამგვარ რჩევას. უბრალოდ, გოგონას დაეხმარნენ, რომ განათლება მიეღო და სამსახური დაეწყო; ერთ-ერთ ქარხანაში ლაბორანტად მუშაობდა.
- შესაძლოა, ესეც გახდა მისი მეუღლის ეჭვიანობის საბაბი, როგორც ირკვევა, მას თავად არ ჰქონდა მუდმივი სამსახური და შეშის გაყიდვით არჩენდა ოჯახს.- ვინ დაუშალა, რომ სამსახური ჰქონოდა?! ის დედისერთა იყო და მშობლები მასაც გვერდით ედგნენ. თვითონ არჩია სიცოცხლე გაემწარებინა გოგოსთვის, რომელიც ამას არ იმსახურებდა. არანაირი მიზეზი ეჭვიანობისთვის არ ჰქონდა, აქ ყველამ იცის, რომ ელენე ძალიან კარგი ცოლი და დედა იყო.
როგორც ჩანს, გაუსაძლისი რომ გახდა ქმრის ოჯახში ცხოვრება, ელენე მშობლების სახლში დაბრუნდა და მას მერე მოკვლით ემუქრებოდა თურმე. დაახლოებით ერთი თვის წინ, თოფითაც მიუვარდა. თუმცა, მაშინ არ უსვრია, გოგო გადარჩა, ახლა კი...
- ე.ი. მკვლელობაში ბრალდებულმა მეუღლის მოკვლა ადრეც სცადა, შესაბამისი ორგანოებისთვის ეს ცნობილი არ იყო?- როგორ არა. დააკავეს და ციხეშიც იჯდა, მაგრამ ოჯახმა გირაო გადაუხადა და გამოვიდა. გამოვიდა იმიტომ, რომ შვილებისთვის დედა მოეკლა. იმ საღამოს ელენეს პაპა იყო ცუდად და ოჯახში სასწრაფო დახმარების მანქანა ჰყავდათ გამოძახებული. სასწარაფო დახმარების ექიმები სულ რამდენიმე წუთის წასულები იყვნენ. როგორც ახლობლები ყვებიან, ელენე ფანჯარასთან წამლის ასაღებად მივიდა თურმე, ამ დროს ეზოში იყო ჩასაფრებული და დაინახა თუ არა ესროლა. მთელი ოჯახი შინ იყო, მისი შვილებიც... ბავშვები სროლის ხმაზე ოთახში შევიდნენ და დაჭრილ დედას წაადგნენ.
- თავის მოკვლა მაშინვე სცადა?- არა. იქვე მეზობლად კლასელთან მივიდა, უთხრა, ელენე მოვკალიო და მაშინვე დაიხალა თავში ტყვია. ბიჭის ოჯახიც პატიოსანი ხალხია, ისინიც გაუბედურდნენ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/32734-...s-detalebi.html