გიორგი კალანდია
(დ. 31 მარტი, თბილისი) — ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, გადაცემა “ჩვენებურების”, "ქართულის", "წერილები იმედზე", ავტორი. “დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის” თავმჯდომარე. მისი ავტორობით გამოიცა 10–მდე წიგნი. 2010-2011 წლებში ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტის სატელევიზო ცენტრში. 2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1992 წელს დაასრულა თბილისის 187-ე საშუალო სკოლა, 1996 წელს თსუ ისტორიის ფაკულტეტი,2007-ევროკავშირის პოლიტიკური სკოლა (სტრასბურგი), 2011 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის დუბლინის ECM კოლეჯი (ინგლისური ენა).
2004 –2011 წლებში გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით თურქეთში ეწყობა რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების („ჩვენებურები“) ტრადიციების, ფოლკლორისა და ენის თავისებურებების შესწავლას. ექსპედიციების დროს ფირზე დაფიქსირდა ათეულობით ქართული სოფელი, ფოლკლორის ნიმუში და ისტორიული ძეგლი.[1]
2004 წელს ტელეკომპანია „მზის“ ბაზაზე მომზადდა ლაზეთის შესახებ პირველი დოკუმენტური ფილმი „მზერა ლაზეთიდან“.[2]
2004 წელსვე გ.კალანდიას ექსპედიცია ფირზე აფიქსირებს ქართულ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
2006 წელს გ.კალანდიას ხელმძღვანელობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოწყობილი ექსპედიციის დროს ფირზე დაფიქსირდა ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა ყოფა–ცხოვრება და ტრადიცია. ასევე ქალაქ ისპაჰანში არსებული ქართული ისტორიული წარწერები და სხვა.
2006 წელს გ.კალანდიას სამეცნიერო ექსპედიციამ მოამზადა პირველი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ციკლი (4 ფილმი) სომხეთში არსებული ქართული კვალის შესახებ. ფილმში შევიდა ახტალისა და ქობაირის ქართული მონასტრების კადრები, მატენადარანში დაცული ქართული ხელნაწერები და სხვა.[3]
2006–2007 წლებში გ. კალანდია მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციაში რომლის მიზანიც ინდოეთში, ქალაქ გოაში არსებული სამონასტრო კომპლექსის და იქ გადმოცემის მიხედვით დაცული ქეთევან წამებული წმინდა ნაწილების გადაღება იყო.[4]
2007 წლის სამეცნიერო ექსპედიციის დროს გიორგი კალანდიამ პარეხთას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩინა აქამდე უცნობი ნუსხური წარწერა, რომელშიც ბაგრატ კურაპალატი მოიხსენიება.[5]
იმავე წელს გ.კალანდიამ ფირზე დააფიქსირა ქალაქ ლისაბონში და გრასას მონასტერში არსებული ქეთევან წამებულის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულის ამსახველი უნიკალური პანო.
2007 წელს სამეცნიერო ექსპედიცია გ.კალანდიას ხელმძღვანელობით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც ფირზე დაფიქსირდა ის ისტორიული ადგილები თუ ძეგლები, რომლებიც ქართველ მამლუქთა მოღვაწეობას უკავშირდებოდა.[6]
2007 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ ასევე პირველად მოამზადა დოკუმენტური ფილმები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებული ქართული კვალის შესახებ. ფილმში ასახულია სამეგრელოს უფლისწულის ნიკოლოზ დადიანის, თავადი წერეთლის, გრიგოლ ბაკურიანის ძის როლი ბულგარეთის ისტორიაში. ასევე დაფიქსირებულია სოფიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი „პეტრიწონის ტიპიკონი“[7].
2008 წელს გიორგი კალანდიამ მოამზადა პირველი ბიოგრაფიული ფილმი ლაზი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის კაზიმ ქოიუნჯუს შესახებ.[8]
2009 წელს გიორგი კალანდია (ქ.ასათიანთან ერთად) ექპედიციას აწყობს ქალაქ ანისში ტიგრან ჰონენცის ტაძრის შესასწავლად და 17 უცნობ ქართულ წარწერას აქვეყნებს.[9]
2010–2011 წლებში მისი მონაწილეობით მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები იერუსალიმსა და საბერძნეთში და მომზადდა დოკუმენტური ფილმები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის და კოლხი მედეას ტრაგიკული ისტორიის შესახებ.
2011 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ შეისწავლა და პირველად გამოაქვეყნა (თანავტორი ქ.ასათიანი) იშხნის ტაძრის სამხრეთ კედელზე არსებული უცნობი ასომთავრული წარწერები. [10]
2011–2012 წლებში ირლანდიაში გიორგი კალანდიამ ორი სამეცნიერო ექსპედიცია განახორციელა. პირველი ექსპედიცის დროს დუბლინიდან საქართველოში გიორგი ერისთავის ბიბლიოთეკის ნაწილი ჩამოიტანეს, მეორე ექსპედიციის დროს კი ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მაკო საფაროვას მემკვიდრეებისა და არქივის შესახებ დოკუმენტური ფილმი მომზადდა.[11]
2012 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ სომხეთში, ქობერის მონასტერში მიაკვლია და გამოაქვეყნა (ქ.ასათიანის თანავტორობით) ის ეპიტაფიები, რომლებიც უცნობი იყო და XIII-XIV საუკუნეების საქართველოს ხელისუფლებისა თუ მაღალი სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა [12].
უცხოეთში ქართული ისტორიული კვალის ძიებასთან ერთად გიორგი კალანდიას სამეცნიერო ინტერესს დასავლეთ საქართველოს ისტორია წარმოადგენს. მან პირველმა შეისწავლა და გამოაქვეყნა ცაიშის, ხობის, მოქვისა და დრანდის ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგები. დეტალურად აღწერა ცაიშის ფრესკული მხატვრობა, შეისწავლა წალენჯიხის მონასტრის ეკვდერთა მოხატულობა. ბედიის საეპისკოპოსოს ისტორია, საზღვრები, ყმა–მოლაშქრეები.[13][14]
2006 წელს მან სამეცნიერო მონოგრაფია მიუძღვნა დადიანების სასახლეების არქიტექტურულ ანსამბლებს ზუგდიდში, გორდსა და სალხინოში. შეისწავლა სასახლეების მშენებლობის ისტორია, სამეგრელოს მთავართა სასახლის კარის წყობა და ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის დაარსების პერიპეტიები. მან პირველმა შეისწავლა და გამოაქვეყნა თურქეთში მცხოვრები ქართველი საზოგადო მოღვაწის აჰმედ მელაშვილის ბიოგრაფია წიგნში "ჩვენებურთა ბელადი" [15].
ავტორი წიგნებისა:“დადიანების სასახლეების საგანძური”. თბ. 2003,“ოდიშის საეპისკოპოსოები”. თბ. 2004, “მარიამ ღვთისმშობლის სიწმინდეები და საქართველო”. თბ. 1999,“ზუგდიდის ისტორიული მუზეუმი”. თბ. 2002,“ზუგდიდის დადიანების სასახლე”. თბ. 2001,“გაძარცვული საგანძური”. თბ 2006, “ფერადი წარსული” (სერგეი პროკუდინ გორსკის ფოტოალბომი) თბ.2007, ”დადიანების სამხედრო განძი”. თბ.2008. ”ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის გზამკვლევი”. თბ.2009. ”ახმედ მელაშვილი- ჩვენებურთა ბელადი”. თბ.2010. "დადიანები" 2011.
დოკუმენტური ფილმები:„საქართველოს სული ვარ“, ”ფერიანი სიზმრები”, ”ქვათა ღაღადი”, ”ერთი ჭოროხის შვილები”, ”გელინო”, ”მონატრებული ლაზეთი”, ”საქართველოს მნათობი”, ”ჰერეთი”, ”მისრეთის მხედრები ”, ”ლაზეთის ბულბული”, ”შენი გულის ჭირიმე ”, ”ბალკანეთის გმირები”, ”აღმოსავლეთის მზე”, ”ახმედ მელაშვილი” "ქართული ნაციონალური კოსტუმის ისტორია", "ქართული ანიმაციის ისტორია", "ქართული ცეკვის რაინდი-დავით ჯავრიშვილი" "ქართული ირლანდია", "აცეკვებული სვანეთი", "ხელოვნების სასახლე", "ცოცხალი ლეგენდები-რეზო ჩხეიძე", "ცოცხალი ლეგენდები-ელდარ შენგელაია"[16]
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ღირსების მედალი 1996 წ.
მედალი სტუდენტური მოღვაწეობისათვის 1997 წ.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საპატიო სიგელი 1999 წ.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრემია და სიგელი. 2004 წ.
საქართველოს პრეზიდენტის პრემია სტუდენტური მოღვაწეობისათვის 1996 წ.
სახალხო კინოფესტივალი "მზე" I ადგილი. 2005 წ.
საერთაშორისო მართლმადიდებლური ფესტივალი. მედალი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის. 2006 წ.
ტელეკომპანია “იმედი” პრემია საუკეთესო ეროვნული გადაცემისათვის . 2006 წ.
საერთაშორისო მართლმადიდებლური ფესტივალი. I ადგილი. საუკეთესო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმისათვის. 2007 წ
პრემია “პარნასი” 2007 წ.
ოქროს ფრთა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი. 2009. რუსთაველის სახელობის სტიპენდია. 2010
რამ ააღებინა კალამი, არ ეზარებოდა წერა და ისტორიკოსობა

))