"საქართველოს არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს" – ქვეყანა სოციალური ამბოხის ზღვარზე 2016-12-19 15:30:16
„უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოების დიდ ნაწილში ხელისუფლების დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმის, მომატებული ფასებისა და ლარის ყოველდღიური, ლამის კატასტროფამდე მისული გაუფასურების გამო ერთგვარი პანიკაა შექმნილი და უკვე ბევრი საუბრობს უკან, 90-იანი წლების სიდუხჭირესა და განუკითხაობაში დაბრუნების დიდ საფრთხეებზე. ამ ისტერიულ ფონს კი ხელისუფლება იმით პასუხობს, რომ ლარის კურსის ვარდნა გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, ფასები სხვაგანაც იმატებს, ეს ბიუჯეტი ტაძრამდე მიგვიყვანს, მოსახლეობამ ლარის კურსს არ უნდა შეხედოს, ეკონომიკა ძალიან ჯანსაღადაა და ქვეყანა ძალიან კარგ პირობებში იმყოფება. ამ ყველაფრის ფონზე კი ხელისუფლებამ გადასახადების ზრდა აქციზის ნაწილში უკვე დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც გაზრდილი ფასები კიდევ უფრო მაღლა აიწევს და ეკონომისტების პროგნოზით, ეს ყველაფერი ჯამში საშუალო ფენის განადგურების დასაწყისია.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია, რადგან ამ ქვეყანას არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც რაიმეს შესაცვლელად ინტელექტი არ ჰყოფნის, ამიტომაც თუ ეს მთავრობა არ გადადგება, სულ მალე "სოციალური უკმაყოფილება გარდაუვალი იქნება - იმიტომ, რომ ვხედავთ გეგმა არაადეკვატურია და არაადეკვატურია ვითარება. ჩვენ ისე პრობლემურად არ ვცხოვრობთ, საერთაშირისო გამოწვევები არ არის ისეთი, რომ ახლა ამხელა ღრმა ორმოში ჩავვარდეთ. ხალხი არ შეეგუება და ძალიან კარგს იზამს, თუ არ შეეგუება", - ექსპერტის თქმით, საქართველოში "ასეთი ამპარტავნული მმართველობა არ გამოვა. „საქართველომ კომუნისტები, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი დაამხო და ამას დიდხანს არ მოითმენს. ეს სომხეთი და რუსეთი არ არის. კიდევ უფრო ძლიერი მანქანები დანგრეულა, ეს ხელისუფლება კი საერთოდ მანქანაც არ არის, რაღაც ველოსიპედია", - აცხადებს შეშელიძე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას თქმით, ხელისუფლებას მთელ რიგ პროცესებში თავი იზოლაციისკენ მიჰყავს. „ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკის ან სოციალური მახასიათებლის გაუარესების მიზეზით, არამედ უპირველესად უსამართლობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეფიციტისა და არაადეკვატურობის მიზეზით. ძალიან მოკლე პერიოდში უზომოდ ბევრი შეცდომაა დაშვებული, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდან მოყოლებული და სამწუხაროდ არ ვიცით ეს ჯამში სადამდე მივა", - აღნიშნავს გამზარდია, რომელიც დასძენს, რომ ეს ყველაფერი ან დიდ სოციალურ დეპრესიას გამოიწვევს, ან სოციალურ ამბოხს.
პოლიტოლოგები ხელისუფლებისგან პირველ რიგში პრობლემის აღიარებას, სამთავრობო ხარჯების შემცირებას, აქციზის გადასახადის გაზრდას ითხოვენ. მით უფრო, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" ტყუილშიც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში გადასახადების გაზრდაზე არსად საუბარი არ ყოფილა, ხელისუფლების განაღდების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ ამომრჩეველი მოატყუეს და საშუალო ფენას "მოუჭირეს ქამრები". ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს, რომელიც კვლავ ვერ ხედავს პრობლემას და რომელიც აბუჩად იგდებს ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემას ხედავენ. მისი თქმით, შესაძლოა დღევანდელი პოლიტიკა 90-იანი წლების პოლიტიკას დაემსგავსოს და ეს პრობლემაა.
„განუკითხაობა, უპასუხისმგებლობა, გაუთავებელი დაპირებები, არამიზანმიმართული რეფორმები და ა.შ. ეს იყო 90-იან წლებში და დაახლოებით იგივეა დღესაც. კრიმინალური დონე საკმაოდ მძიმეა, ხშირია ტექნიკური ხარვეზები და ალტერნატივები არ ჩანს. ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც ჰგონია, რომ ის უვადოდაა მოსული და აკვიატება აქვს, რომ გადაწყვეტილებებს არ შეცვლის. ეს არაკომპეტენტურობა ძალიან სერიოზულად ვნებს პროცესს. ამ თვალსაზისით უკვე არის 90-იანი წლები, როდესაც შევარდნაძე შეუცვლელი ეგონათ და ყველა გადაწყვეტილება მართალი იყო. ლარს კუპონს არ შევადარებ, მარტო იმიტომ, რომ ამის საშუალებას სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები, რომელთა ვალი გვაქვს, არ მისცემენ ამ ხელისუფლებას. ამდენად კიდევ ისინი გვიცავენ ამათი დიდი შეცდომებისგან", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას პაატა შეშელიძე.
არჩილ გამზარდიას თქმით, არავინ იცის, სადამდე შეიძლება წავიდეს ლარის გაუფასურებისა და ფასების მატების პროცესი. იმის გააზრებაც ჭირს, რა იქნება მარტში, აპრილში და ამ ფონზე ხელისუფლების მხრიდან იმედიც არ ჩანს. ის თვლის, რომ მთელ ამ პროცესში მმართველმა ძალამ შეცდომა პიარის კუთხითაც დაუშვა, თუნდაც იმით, რომ პრობლემა არ აღიარეს და რეალურად არ დაასაბუთეს, მათი ეკონომიკური გეგმა მოიტანს თუ არა გაუმჯობესებას - „ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ჩვენი დამშვიდება და ამიტომ დარწმუნებული არ ვართ, მათ ნაბიჯებს სათანადო შედეგი მოჰყვება თუ არა. შესაძლოა ყოველდღიურობა ბევრად გაუარესდეს და ეს ხელისუფლებამ ისევ სხვა რამეს დააბრალოს. ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სერიოზული მარცხია. სხვა დროს ფასების მატება არაერთხელ მომხდარა, მაგრამ მოსახლეობა მიჰყოლია ამ პროცესს, ამ შემთხვევაში კი ასე არ არის", - აღნიშნავს გამზარდია. მას ყველაზე მეტად არ მოსწონს ის, რომ ბიუჯეტის შევსება მხოლოდ რიგით მოქალაქეზე დარტყმით დაიგეგმა და ეს უსამართლობის განცდას აჩენს, რადგან ე.წ. ქამრების შემოჭერა არა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, არამედ დაბალ და საშუალო ფენაზე გადადის. მაგალითად, როდესაც ასე უჭირს საშუალო და დაბალ ფენას, ხელისუფლება გადასახადების გაზრდას არ უნდა გეგმავდეს.
„ჩანს, რომ ან სოციალურ დეპრესიას მივიღებთ, ან ნელ-ნელა პროცესს, რომელიც დიდ სოციალურ ამბოხში შეიძლება გავიდეს. ეს იმიტომ, რომ აქ თემა მხოლოდ სოციალურ საკითხებზე არ არის, არამედ უსამართლობის შეგრძნებაზე, როდესაც შენ, მოქალაქეს გაკლებენ ფულს და ჩინოვნიკი არ იკლებს, როდესაც შენ გეუბნებიან, რაც გაქვს იმაზე 10%-ით ნაკლებიც გეყოფა და მინისტრებს საკმარისად მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. სოციალური უსამართლობის განცდა რომ არ გვქონდეს, ხელისუფლების მიმართ სოლიდარულები ვიქნებოდით. ალბათ გავაკრიტიკებდით, მაგრამ აგრესიაში არ გადაგვივიდოდა. ახლა კი ჩანს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილს აგრესიაში გადაგვდის და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების აგრესია სასურველი პროცესი არ არის. თუ ამ აგრესიას გასაქანი მიეცემა, კარგად ვიცით რაც მოხდება. ხოლო თუ ხელისუფლება მოინდომებს აგრესიის ჩახშობას, ამის ერთადერთი ხერხია დიქტატურაა, რომ ამით საზოგადოების რისხვა შეაკავონ. ორივე შემთხვევა სამომავლოდ არასასურველი განვითარებაა", - დასძენს არჩილ გამზარდია.
http://commersant.ge/?m=5&news_id=45657&cat_id=7