03 სექ 2017 16:23 20603
სკანდალური ფაქტები! «ჯეჯელავამ თავის ცოლს ნახევარ მილიონზე მეტი გადაურიცხა»
«თავისუფალი დემოკრატების» ყოფილი თანამებრძოლი, ვატო გელაშვილი, რომელმაც პარტია საკმაოდ ხმაურიანად დატოვა, არანაკლებ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და მთავრობის წევრებისა და მათთან დაახლოებული პირების «საქმენ საგმირონს» ამხელს. რა ბრალდებები აქვს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან, რატომ და რაში სდებს მათ ბრალს? უფრო მეტ დეტალს ამაზე ვატო გელაშვილისგან მოვისმენთ:
- ვატო, თქვენ წამოიწყეთ საზოგადოებრივი მოძრაობა «შეაჩერე კორუფცია», უფრო მეტი რომ გვითხრათ ამაზე? რა არის თქვენი მიზანი, ვისთან ერთად შეეჭიდეთ ამ რთულ საქმეს და მხოლოდ ფაქტების გახმაურებით შემოიფარგლებით?
- მოსახლეობა შეეჩვია, რომ არსებობს კორუფცია, მაგრამ ამ ზოგადი სახელწოდების მიღმა რომ კონკრეტული ადამიანები და მათი ინტერესები დგას, ეს არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ. მე ყოველთვის აქტიური მოქმედებისა და მუშაობის მომხრე ვიყავი. ამის საშუალება ამ ორგანიზაციამ მომცა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ. ჩემი თანამებრძოლია გიორგი ბაჯელიძე, რომელიც ფბ-ში გავიცანი და პატივს ვცემდი, რადგან მახსოვდა მისი ვაჟკაცური გამოხმაურება კაბელების საქმეზე, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია 5 უდანაშაულო პატიმარს. გიორგი დამიკავშირდა და მაჩვენა მასალა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში აგროვებდა, ფიქრიც არ დამჭირვებია, მაშინვე დავეთანხმე და დავაფუძნეთ «შეაჩერე კორუფცია». ასევე, დასაწყისშივე შემოგვერთდა ქეთი ენუქიძე. ისიც ყოფილი «თავისუფალი დემოკრატია». ბევრი ძველი თანაპარტიელი შემოგვიერთდა. ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. 26 ივნისიდან დავიწყეთ მუშაობა და თითქმის ყოველდღე ახალი თემა გვაქვს. რეგიონული განვითარების, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის სამინისტროების შესყიდვები, თბილისის გენგეგმა, ტურიზმი... ეტაპობრივად მივმართავთ პროკურატურას. ხოლო ამ წლის 12-14 სექტემბერს მიწვეულები ვართ პარიზში, სადაც გაიმართება ანტიკორუფციულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციების შეხვედრა. იქ ვაპირებთ ანგარიშის წარდგენას.
- ვატო, კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდეთ და ვამხილოთ ადამიანები, ვინც ბიუჯეტის ფულს ჭამს, ჩვენს ხარჯზე მილიონებს აკეთებს...
- საიდან უნდა დავიწყო, არც ვიცი, ყველა სფეროში გადგმული აქვს ფეხი კორუფციასა და ნეპოტიზმს. ამას ერთი კი არა, ხუთი ინტერვიუ არ ეყოფა, გპირდებით, მასალებს არ მოგაკლებთ და დაუფარავად ვამხელთ ყველას. სანამ ინფრასტრუქტურის საკითხებზე გადავალ, ჯეჯელავასა და ვაშლების თემა პოპულარულია და ბარემ აღვნიშნავ. ვიდრე ვაშლზე ფულს გააკეთებენ, არც მანამდე დაუკლია ფულის კეთება. გამინისტრებამდე, მოგეხსენებათ, ის იყო «მართვის აკადემიის ხელმძღვანელი», ბოლო წლები სახელმწიფოსგან თანხებს იღებდა უკონკურსოდ. გამინისტრების შემდეგ თავის ცოლი დანიშნა დირექტორად და სულ რამდენიმე თვეში გადაურიცხა ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, ასევე, უკონკურსოდ. რაღაცა პროექტების განხორციელებისთვის, რომელიც კაციშვილმა არ იცის, რა პროექტებია (იხილეთ დოკუმენტები. - მ.დ). ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ ადრე მთავრობის წევრების სიახლოვის გამო იღებდა მისი კომპანია ბიუჯეტიდან თანხებს, ახლა იგივეს წარმატებით ახერხებს თავისი ცოლის კომპანიაზე.
http://alia.ge/news/6820