axalirevoluciaუი შენ გეძებდი.
ეს ლინკი კი დავაგდე სხვა თემაში, მაგრამ პირადად შენ მინდა წაგაკითხო.
დაგაფიქრებს.
ვინ მფარველობს ფაშისტურ მარშს და რატომ? - საქართველოს ხელისუფლების მამაკაცური ფობიები
დავით ჩანქსელიანი 14:19 14.07.2017
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისი თანამდებობრივი სტატუსისთვის უნიკალური განცხადება სამთავრობო ტრიბუნიდან გააკეთა, თბილისში არსებული ღამის კლუბების თემაზე, ამ ქვეყანაში თითქოს აღარაფერია გასაკვირი.
ხშირად სვამენ კითხვას - რითი განსხვავდება საქართველო სხვა ქვეყნებისგან? ცხადია, ბევრი რამით, მაგრამ ისტორიას ალბათ არ ახსოვს ფაქტი, როცა ცივილიზებული ქვეყნის უმაღლესი პირი საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანაში შემოსულ უცხოელებს სექსუალურ მოთხოვნილებებს უკონტროლებს.
დღეს ე.წ. ქართველთა მარშია დაგეგმილი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. პლეხანოვზე, სადაც მარშისტები ირწმუნებიან, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზარალებს. რეალურად, რა სიტუაციაა და რა აწუხებთ მარშისტებს?
არალეგალური მიგრაციის თემა, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საგანგაშო არ არის. ლეგალური მიგრანტები, ტურისტები, გამვლელები კი დღევანდელი მსოფლიოსათვის იმდენად ჩვეულებრივი და ბუნებრივია, რომ თუ საქმე ჩრდილოეთ კორეასთან არ გვაქვს, ამაზე საუბარიც კი უხერხულია.
ზოგადადაც, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების წინააღმდეგი ჯანმრთელი ფსიქიკის დედამიწელი, თუ ეს ადამიანი რამეს არ აშავებს?
მარშელთა აზრით, ეს ხალხი დიახაც, აშავებენ, თან ძალიან. ზემოთ პრემიერის განცხადება ვახსენეთ. კვირიკაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ თბილისის არალეგალურ ბორდელებში, ღამის კლუბებში, ხდება არასრულწლოვანთა პროსტიტუაციაში ჩაბმა.
შეხსენების შემდეგ, რომ თუ მართლაც ხდება მსგავსი ფაქტები, მაშინ რას აკეთებს სახელმწიფო და მისი უმაღლესი პირი - ქვეყნის პრემიერი, რატომ საუბრობს ამაზე მაღალი ტრიბუნიდან და რატომ არ არიან ფაქტების გამოვლენით დაკავებულები ქართველი სამართალდამცველები, პრემიერმა ფირფიტა გადააბრუნა და განაცხადა, რომ ის შეშფოთდა ხმებით, თუ რატომ არ უშვებენ კლუბებში ეთნიკურად ქართველ მამაკაცებს.
ძნელი გასახსენებელია, თუ რომელი ქვეყნის პრემიერი ზრუნავს ასე, საეჭვო დაწესებულებებში საკუთარი ეთნიკური თანამემამულე მამაკაცების შეშვებაზე, თან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურ კოლაფსშია და პრობლემებში იხრჩობა.
ამის შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს. ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრემიერმა, ვიცე-პრემიერმა კალაძემ და სხვა მაღალჩინოსნებმა.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ ქვეყანა, რომელსაც აურაცხელი საგარეო ვალები აქვს და მოსახლეობის სოლიდური რაოდენობა უცხოეთში ჰყავს გადახვეწილი, ისეთ ფუფუნებაშია, რომ უცხოელ ინვესტორებს პირობებს აქეთ უნდა უყენებდეს, ხოლო ისინი ოცნებობდნენ საქართველოში ჩამოსვლასა და აქ ინვესტიციების დაბანდებაზე.
ბოლო პერიოდში, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რამდენიმე უცხოელ ბიზნესმენს, რაც საქართველოს პრემიერმა და ხელისუფლებამ "უსაფრთხოების ნორმების დაცვით" გაამყარა. რა ნორმებზე იყო საუბარი, ცხადია, არავის დაუკონკრეტებია.
ალბათ ბევრს ახსოვს წინა ხელისფლების მცდელობა, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირადად დადიოდა მთელს მსოფლიოში საიმისოდ, რომ უცხოელი ბიზნესმენები საქართველოთი დაეინტერესებინა.
ზოგადად, საქართველოთი, ტურიზმით, ქვეყნით დაეინტერესებინა ადამიანები ჩვენი რეგიონიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან. ეს ქმედებები მაშინ ხშირად ხდებოდა ქილიკის ობიექტი, თუმცა, მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ პოლიტიკამ საქართველოს ბევრი დადებითი მოუტანა - დაწყებული ინვესტიციებიდან, დამთავრებული იმით, რომ მაგალითად, სვანეთში, სადაც ყაჩაღობის მაჩვენებელი რეკორდს ამყარებდა, დღეს შიშის გარეშე ადის ქართველი თუ უცხოელი, რომ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქალაქია და კიდევ უამრავი რომ შეიძლება ითქვას.
ამ დროს კი რა ხდება დღეს? შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქვეყანაში დაიწყო ისტერიკული რეაქცია საქართველოში ტურისტად თუ საცხოვრებლად მყოფი უცხოელების წინააღმდეგ - გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია, სიძულვილის შინაარსის შემცველი ვიდეო თუ წერილობითი მასალა, ერთი რიგითი კრიმინალური ფაქტი პროპაგანდამ გადააქცია როგორც მასობრივი შემთხვევები და ასე შემდეგ.
რეალურად, რას აშავებენ ეს უცხოელები საქართველოში - წლების მანძილზე, ალბათ თითზე ჩამოსათვლელიც არ იქნება ფაქტები, მათ მიერ ჩადენილი კრიმინალის შესახებ. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანია. არ არიან აგრესიულად განწყობილები და მით უმეტეს, არაფერს ერჩიან ადგილობრივ გაბატონებულ ეთნოსს - ქართველებს. აბა, რა სურთ მარშისტებს და მის მომწყობებს?
თუ კარგად დავაკვირდებით, საბოლოო "არგუმენტები" მიდის ბორდელებამდე და სექსტურიზმამდე. დღეს, მსგავსი განცხადება ხელისუფლების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პიარ-ტექნოლოგმაც გააკეთა - საქართველო სექსტურიზმის ქვეყანა არ უნდა იყოსო. რას ნიშნავს სექსტურიზმის ქვეყანა?
ცნობილია, რომ საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის და მსგავსი რამ არც იგეგმება. შესაბამისად, ის ვერ გახდება ამ სტატუსის ქვეყანა. აბა რა სექს ტურიზმზეა საუბარი. ქართველ ნაცისტ-ფაშისტებს განსაკუთრებული აგრესია მეზობელი და ახლომდებარე სამხრეთის ქვეყნების მიგრანტებსა და ტურისტებზე აქვთ.
ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს ისტორიულად დალექილი კომპლექსების ბრალი, თუ სხვა მიზეზი, მაგრამ როცა საქმე სექსს ეხება, თემა მათთვის უფრო სენსიტიური ხდება. როცა საქმე ეხება სახელმწიფოს და მის მმართველებს, როცა ეს ყველაფერი მმართველობის და სახელმწიფოებრიობის დონეზე ადის, საკითხი იქცევა სამარცხვინოდ, ინფანტილიზმად და ქვეყნის დეგრადაციისკენ მიმავალ გზად, რადგან საბოლოო ჯამში ქვეყანა მიდის სიბნელის, ქსენოფობიის, ფაშიზმის და უბედურებისაკენ.
სექსტურიზმში რას გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები? შემოდის მამრობითი სქესის ტურისტი, უჩნდება სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ეს შეიძლება განახორცილოს ადგილობრივ სექს მუშაკთან.
საუდის არაბეთის და ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონების მიხედვით, ამ შემთხვევაში მამაკაცს სიკვდილით სჯიან, ქალს კი როზგავენ. თანაც ეს ეხება მხოლოდ უცხოელ მამაკაცს და ადგილობრივ ქალს, პირიქით - პრობლემა არ აქვთ. როგორც ჩანს, ქართული სახელმწიფოც ამ სახელმწიფოების გაკვალულ გზას ადგას.
თუმცა, ამ პირადი მამაკაცური კომპლექს-ფობიების მთელი კასკადი, ცხადია, აისბერგის მხოლოდ ერთი წახნაგია. ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ვერც ერთ სფეროში ვერ მოახდინა საკუთარი ძალების და რესურსების რეალიზაცია, სწორედ ამ ყველაზე მარგინალიზებულ ძალას იყენებს გარკვეული მიზნების მისაღწევად - ეს იქნება თავდასხმა, შანტაჟი, ყველაზე ჭუჭყიანი საქმეების შესრულება - მათ მაინც ჭკუა არ მოეკითხებათ პრინციპით.
ამასობაში კი, ხელისუფლების მაღალჩინოსნები იწერენ კოლოსალურ პრემიებს და დანამატებს, სახელმწიფო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს, "კრიშავენ" საკუთარ ბიზნესებს, მილიონებს შოულობენ გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, არავის ანაღვლებს ავადმყოფი და მშიერი ბავშვები, მოხუცები, უწამლობისგან, უბინაობისგან, ელემენტარული პირობებისგან დატანჯული ადამიანები, ათი ათასობით გადახვეწილი ქართველი, რომელიც უცხოეთში მონურ პირობებშია.
გაყოყოჩებული ხელისუფლება საქართველოში შემოსულ ტურისტებს სექსუალურ ურთიერთობებს უკონტროლებს და ფაშისტების მარშებს ახალისებს.
წინა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა რომ დაუშვა, მათ შორის, ძალაუფლების გადამეტება, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ფაქტია, რომ მან იცოდა ქართული სახელმწიფოს რეალური სისუსტეები და ამ სისუსტეების გარდასაქმნელად უამრავ კრეატიულ იდეას და რეფორმას იყენებდა.
არც ფობიები აწუხებდა - ბათუმს "ალი და ნინოს" ქანდაკება ამშვენებს და მედეასი, ქალის, რომელსაც ინფანტილური კომპლექსებით შეპყრობილი ეთნიკური ქართველ-ნაციონალისტები ათასობით წლების შემდეგაც ვერ პატიობენ ბერძენ იაზონთან ერთად გაქცევას. მართლაც რომ, ფსიქოლოგიური სიჯანსაღე და სახელმწიფოს მართვა პირდაპირ კავშირში ყოფილა ერთმანეთთან.
დღეს "პლეხანოვზე" მაშხალებიანი ნაცისტები ჩაივლიან, ტურისტული სეზონის პიკზე, ქვეყნის დედაქალაქში... - ამაზე სამარცხვინო რაღა უნდა მოხდეს, თუმცა, ალბათ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს...
http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=57445