არაა ეგრე.. წაიკითხე ეს.. რათ გინდა ეგ ბლაგვი გაუმართავი ლოგიკით აწყობილი აზრები . . მაშინდელი არანაირი მდგომარეობა არ იძლევა მაგის თქმის საფუძველს მითუმეტეს დღევანდელი გადმოსახედიდან ..
სრული ნაშრომი ბმულზეა..
https://iberiana.wordpress.com/about/i-java...-da-saqartvelo/ივ. ჯავახიშვილი
დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა
რუსეთსა და საქართველოს შორის მე -XVIII-ე საუკუნეში
ქართული კლუბის გამოცემა
თბილისი
სახელმწიფო სტამბა
1919
წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა
შ ე ს ა ვ ა ლ ი. აღმოსავლეთ საქართველოს საზოგადო მდგომარეობა მე -XVIII-ე საუკუნის დამდეგს
I თ ა ვ ი. რუსეთის პოლიტიკური დახმარების მოიმედეობა ვახტანგ VI – ის დროს საქართველოში და მისი შედეგი
II თ ა ვ ი. აღმოსავლეთ საქართველოს განსაცდელი და თეიმურაზ II და ერეკლე II ღვაწლი საქართველოს წინაშე
III თ ა ვ ი. დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წ. ხელშეკრულებამდე.
§ 1. რუსეთ-ოსმალეთის პირველი ომი ეკატერინე II დროს, საქართველოს ჩათრევა ამ ომში ოსმალეთის წინააღმდეგ და ამის შედეგი.
§2. აღმ. საქართველოს მდგომარეობა 1773-1783 წ. ერეკლე II დამოუკიდებული პოლიტიკის წყალობით
IV თ ა ვ ი. 1783 წ. ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის.
§ 1. მისი წარმოშობის ისტორია
§ 2. 1782 წ. ხელშეკრულების შინაარსი და მის მიერ დამყარებული უფლებრივი დამოკიდებულება
V თ ა ვ ი. 1783 წ. ხელშეკრულების შედეგი
VI თ ა ვ ი. რუსეთის მიერ მიტოვებულ საქართველოს მდგომარეობა
VII თ ა ვ ი. აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევა საქართველოში
V I I I თ ა ვ ი. რუსეთის გალაშქრება არა-მაჰმედ ხანისა და სპარსეთის წინააღმდგ. 1798 წ. მისი მოჩვენებით და ნამდვილი მიზეზები და დასასრული
I X თ ა ვ ი. საქართველო – რუსეთის ურთიერთი დამოკიდებულების საფუძველი და მისწრაფებათა შეურიგებლობა
X თ ა ვ ი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა რუსეთის მთავრობის მიერ და რუსეთთან შეერთება
V თ ა ვ ი
1783 წ. ხელშეკრულების შედეგი
1783 წ. ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი-კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის საელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელსაც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა სამაგიერო შეექმნა „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომლებთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება ჰქონდათ. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ სამქ მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელი წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთიერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლიბისა თანხმობა“(*).~
არაფრად მოეწონათ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია(ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 247, ჩუბ. 498). ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ(*). „სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის ომარხანს, ხუნძახის ბატონს“, და ისიც 30.000 ჯარით კახეთს შემოესია(ომ. ხერხეულიძე იქვე).
თვით ერეკლე მეფის უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც-კი რუსების შიშით საქართველოს მეფეს გადუდგა და გადაემტერა. მის ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გააძევეს(იქვე). ყაზახის, შამშადილისა და შამქორის ელებიც, რომელთაგან საქართველოს 6000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკურ მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს(*).
დაღესტნელების შემოქცევა რომ უკუექცია ერეკლე მეფემ სექტ. 1783 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ-რეზიდენტს ბურნაშევს პოტიომკინისგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდე მაინც მოეცადა, არ დარჩა. საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისკენ, ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით(*).
1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებისგან გარშემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ.თვით ერეკლე მეფე და მმართველი წრეებიც ხედავდნენ, ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა(*).
ოსმალეთმა ახალციხის შაჰის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა, და არამც თუ წინანდელი კეთილ-მეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრომმეტ სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამაგრებას შეუდგნენ. 12.000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.
ერეკლე მეფე რწმუნდებოდა , რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარის კაცი) იყო, რომ ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ რომ ქვეყანა მოსალოდნელი შემოსევისაგან და ოსმალეთის გულისწყრომისაგან ეხსნა, იძულებული იყო ახალციხის ფაშისთვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გადა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა(*) .
რუსეთმა თავის ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, იძულებული იყო ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენკ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა(*).
ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისდათავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამხედრო გეგმა ისე შეადგინა, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქმნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისაგან უზრუნველ ეყო(*). ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წ-ის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.
რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე II-ეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისთვის ყური ეთხოვებინა(*).
I X თ ა ვ ი
საქართველო – რუსეთის ურთიერთი დამოკიდებულების
საფუძველი და მისწრაფებათა შეურიგებლობა
უნებლიეთ საკითხი იბადება, თუ რა მიზეზი იყო, რომ დიდი ღრუსეთის მთავრობა ასე ექცეოდა პატარა საქართველოს ან როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომ მაინც „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?
პირველი საკითხის გადაწყვეტა ყველა ზემოთხრობილის შემდგომ ძნელი არ არის.
რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებებითგან და მიწერ-მოწერითგან, აგრეთვე სხვა ყველა იმდროინდელი საბუთებითგან და თვით მოქმედებითგანაც, სრულის სიცხადით ირკვევა, რომ რუსეთის მთელი პოლიტიკა და მოქმედება საქართველოს მიმართ ნამდვილად რუსულ პოლიტიკურ ინტერესებით იყო ნაკარნახევი და მხოლოდ ნიღაბჩამოფარებული, მაგრამ ტლანქი ეროვნული ეგოიზმის განხორციელება იყო.
მაშინ რუსეთს ამიერ-კავკასიაში და სპარსეთში იმდენად პოლიტიკური ინტერესები არა ჰქონდა, რამდენადაც ეკონომიური. ის განსაკუთრებით, რუსული აღებმიცემობის სპარსეთში გავრცელებაზე ზრუნავდა. რითაც მას ინდოეთის მდიდარი ვაჭრობის ხელში ჩაგდების იმედი ჰქონდა. თუ ეს მოხდებოდა, მაშინ უკვე საკომერციო ინტერესები რეალურ გეგმას წარმოშვამდნენ, რომელიც ინდოეთის დაპყრობის გამამართლებელ საბუთად გამოდგებოდა. მაგრამ რუსებს ეს მხოლოდ შორეულ, მომხიბლავ მომავლად ეხატებოდათ. მათ მხატვრულ ზღაპრებშიაც თვალწარმტაცის მიმზიდველობითა და სიმდიდრით იყო მოსილი ინდოეთი და თვით რუსეთის მთავრობაც უფრო ოცნებისა და სიზმარეთის სამეფოში დანავარდობდა, ვიდრე ცხოვრების სინამდვილეში იმიტომ, რომ მისი გეგმების სივრცე და სიუხვე ოდნავადაც არ შეეფერებოდა იმდროინდელი რუსეთის ეკონომიურ ძალას და წარმოებას.
რუსეთის მთავრობას გულის სიღრმეში არ მოჰხვედრია ქართველი ერის მისწრაფება, მისი დაწინაურებული, განათლებული ყოფა-ცხოვრების დაუშრეტელი და მუდმივი ლტოლვა თავისუფლებისადმი. არა, რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგს იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს ცინიკური, გულახდილობით გამოთქმული გრაფი ნ. პანინის პირით ერთს საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფს რუსეთის წარმომადგენეს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: უნდა ვცადოთ საქმე საქართველოში ისე მოვაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმ ნაირად კი, რომ „სული აქაური(ე. ი. რუსული) იყოს“, სხეული კი ქართულიო(**). მაშასადამე რუსეთის მთავრობას უნდოდა ,რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავის პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად.
მაშინდელი ქართველობა კარგა ხანს ამ გარემოებას ვერ ამჩნევდა და გულწრფელად დარწმუნებული იყო, რუსთა ხელმწიფეს და მთავრობას საქართველოსთვის მართლაც გული შესტკივოდა დამის მწუხარება თავის მწუხარებად მიაჩნდა. ამგვარი განუსაზღვრელი და დაუშრეტელი რუსებისადმი ნდობა იმაზე იყო დამყარებული, რომ საქართველოს იმდროინდელი მტრები სპარსეთ-ოსმალეთი მაჰმადიანები იყვნენ, რუსეთი კი, ვითარცა ქართველთა ერთმორწმუნე სახელმწიფო, თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ.
ქართველებს შორითგან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულის კვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულ ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა.
რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო დამყარებული. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინეობა სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუს ხალხისადმი“-ო (**), ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი, – და ამდ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმედად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ.
როცა რუსეთისთვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ და მაჰმადიან ძლიერი სახელმწიფოების მძლავრობისაგან უკიდურესად შევიწროებულნი იყვნენ. ამ დროს, ის ვითომცდა კაცთმოყვარეობის გრძნობით აღსავსე არწმუნებდა საქართველოს, რომ მუდამ მის დახმარებაზე ოცნებობს და მისთვის ზრუნავს. ასე იყო ხოლმე სანამ საქართველოს არ შეაცდენდა და თავის სამხედრო გეგმისდა მიხედვით ოსმალეთთან ან სპარსეთთან ომში, რომელსაც იგი განიზრახავდა, არ ჩარევდა. მაგრამ რა წამს რუსეთს თავისი პირადი მიზანი მიუღწეველად მიაჩნდა, ან ომის გაგრძელებას თავისთვის ხელსაყრელად აღარა სთვლიდა, ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა ხოლმე და მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაც და გაჭირვებაც. ასეთს შემთხვევებში ის იმაზეც კი აღარ ფიქრობდა, რომ საქართველო სწორედ მის წყალობითა და მის მოქმედებით წინანდელზე უფრო უარესსა და უმწეო მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე.
გარეგნულად რუსეთის მთავრობა ვითომც სწუხდა რომ საქართველო პოლიტიკურად დასუსტებული სახელმწიფო იყო და თითქო ცდილობდა, რომ მისი სამხედრო ძლიერება გაზრდილიყო და საერთაშორისო მდგომარეობა გამტკიცებულიყო . რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგ., თავის წარმომადგენელს საქართველოში კოვალენსკის სწერდა, რომ მას საქართველოს მეფისთვის ერჩია მუდმივი ლაშქარი დაეარსებინა და ხეირიანი არტილერია შეექმნა, რომ ამგვარად მეფეს საშუალება ჰქონოდა საჭიროებისამებრ პატარა სამხედრო ძალითაც სპარსთა მრავალრიცხოვანი, თავზეხელაღებული ბრბოებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. ამ საქმის განსახორციელებლად რუსეთის ხელმწიფე საქართველოს მეფეს ნებას აძლევდა საქართველოში დანიშნული იეგერთა პოლკის უფროსი და ოფიცრები ხელმძღვანელად გამოეყენებინა(*). მაგრამ ეს 1799 წელს იწყებოდა, როდესაც უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი თვით რუსთავე წყალობით გადაწყვეტილი იყო, ისე რომ ამ რჩევას მაშინ აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
განსაკუთრებით საყურადღებო კი სწორედ ის გარემოებაა, რომ თვით საქართველოს მთავრობა მუსამ ცდილობდა დაწინაურებული სამხედრო ტექნიკა და მეტადრე ზარბაზნების ჩამოსხმა-მოხმარება შეესწავლა, ხოლო რუსეთის მთავრობა იდუმალად ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ საქართველოს თავის ეს წადილი ვერ განეხორციელებინა. ისე რომ თუ საქართველოს მე XVIII ს.-ის დასასრულს, როდესაც რუსეთის მთავრობის ზემომოყვანილი რჩევა იყო შედგენილი, შესაფერისი არტილერია არ ებადა, ამაში უმთავრესად თვით რუსეთის მთავრობის წარმომადგენლეს უძევთ ბრალი.
საქართველოში ძალიან კარგად ესმოდათ კარგ არტილერიის უაღრესი მნიშვნელობა ქვეყნის გარეშე მტრისგან უზრუნველყოფისათვის და სწორედ ამიტომაც არის რომ ერეკლე მეფე სულ იმის ცდაში იყო, რომ ვისგანმე ზარბაზნების გაკეთება და ხმარება შეესწავლა.
მან ისარგებლა კიდეც შემთხვევით რომ რუსთა ჯარში, რომელიც ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ საქართველოში იყო გამოგზავნილი, არტილერიის საქმის მცოდნე პირები ქართველები იყვნენ და მათ მიჰმართა, რომ თავისი დიდი ხნის ნატვრა აესრულებინა. არტილერიის პოდპოლკოვნიკს ჩოლოყაშვილს და თავად თარხან-მოურავს სიხარულით უკისრიათ ეს საქმე. ისინი თურმე ერეკლე მეფეს ზარბაზნების მორტირების და ჰაუბიცების გაკეთებასა და დადგომას ასწავლიდნენ.
მოულოდნელად ამის გამო მთელი აურზაური ატყდა. თუმცა მაშინ ეს ქართველებს ეუცნაურათ, მაგრამ რუსეთის ჯარის უფროსმა ტოტლებენმა რომ ეს გარემოება შეიტყო, მაშინვე ჩოლოყაშვილსაცა და თარხან-მოურავსაც სასტიკად აუკრძალა, რომ მეფე ერეკლესათვის საარტილერიო ხელოვნება ესწავლებინათ.
ამ ორს ქართველს არტილერისტს, როგორც სჩანს, ტოტლებენის ამგვარი ბრძანება უკანონოდ მიაჩნდათ და ეტყობა გულწრფელად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთისათვისაც ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, თუ კი საქართველოს მეფეს, ვითარცა რუსეთის ერთგულ მოკავშირეს და მის მფარველობის ქვეშე მყოფს, სამხედრო საქმე კარგად შესწავლილი ექმნებოდა. ამიტომ ორივენი ისევ ტფილისში დარჩნენ და წინანდებურად ერეკლე მეფეს ასწავლიდნენ. მაშინ ტოტლებენმა თებერვალს 1770 წელს რუსეთის მთავრობას ფრანგულად დაწერილი საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა, რომელშიაც ატყობინებდა, რომ ჩოლოყაშვილი და თარხან-მოურავი ერეკლე მეფეს ზარბაზნების ჩამოსხმასა და დადგომას ასწავლიანო. თუმცა საქართვლოს მეფე, სწერდა ტოტლებენი მთავრობას, რუსეთის ხელმწიფის მფარველობის ქვეშ არის, მაგრამ რუსეთის ინტერესებისათვის სასურველი არაა, საქართველოში რუსეთის ხელმწიფის ზარბაზნებს გარდა სხვისი ვისიმე ზარბაზნები იყოსო. ამიტომ ტოტლებენი მთავრობას სთხოვდა, რომ ყველა ქართველი ოფიცრები და თავადი თარხან-მოურავი საქართველოთგან ისევ რუსეთში წაეყვანათ(*).
ქართველი ოფიცრები თავის მამულიშვილური გრძნობისა და პოლიტიკური სიბეცისათვის სასტიკად დაისაჯნენ. იძულებით რუსეთში წაყვანილნი და დაპატიმრებულნი საქმის გამოძიებას უცდიდნენ, სანამ მათი უდანაშაულობა ყველასთვის ცხადი არ შეიქმნა.
ამ საიდუმლო მოხსენებითგან ცხადად სჩანს, რომ რუსეთის მთავრობისათვის საზოგადოდ საქართველოს გაძლიერება სრულებითაც საჭირო არ იყო. საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის დაუხმარებლივ მას თავისი თავის დაცვა არ შესძლებოდა და მუდამ მხოლოდ რუსეთის შემავედრებელი და ხელში შემყურე ყოფილიყო.(**)
მაშასადამე ყოველთვის ისე იყო ხოლმე, რომ რუსეთის „დახმარებას“ დასაწყისში გარეგნულად საქვეყნოდ დიდი სახელი და რიხი ჰქონდა, შემდეგ-კი მუდამ საშინელი და დამღუპველი იყო ჩვენი პატარა, მტრებით შემორტყმული ქვეყნისა და ერისათვის.
რუსეთის უპირობა და საქართველოს უმწეოდ მიტოვება მტრებთან ბრძოლის დროს ჩვენს ქვეყანას მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას-კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევასა და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა, მეფისა და მთავრობის პატივისცემისა და უფლების გაქარწყლებას ხალხის თვალში ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის მთელი პოლიტიკა საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთთან და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომელნიც რუსეთის მფარველობასა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შიანური უთანხმოება და ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისაგან დასუსტებულ სახელმწიფოს.
ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მი მამის თეიმურაზ მე II-ისა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მის სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა.
ერეკლე მეფეს დიდ ხანს აღარ უცოცხლია… 11 იანვარს 1798 წ. 1. თელავში გარდაიცვალა 78 წლის მოხუცი გმირი პატარა-კახი.
This post has been edited by moen37 on 4 Apr 2022, 15:03