"ტრანზიტის საფასურად 10%-ის ნატურით ანაზღაურება ბუნებაში არ არსებობს”
გაფორმდა ახალი ხელშეკრულება საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის. საინტერესოა, რას იღებს საქართველო აღნიშნული ხელშეკრულებით, რა დათმობებზე წასვლა გვიწევს და რაც მთავარია, რატომ დადგა ახალი ხელშეკრულების აუცილებლობა. ამ საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა ისაუბრა.
– თუ აქამდე ხერხდებოდა, რომ გასულ წლებში თავი აგვერიდებინა “გაზპრომთან” მონეტიზაციაზე გადასვლისთვის, რა გახდა დღეს ამის ხელისშემშლელი ფაქტორი?
– მოვისმინე ექსპერტების განმარტებები და ძალიან კარგია, რომ მათ ასეთი სიღრმისეული ცოდნა აქვთ და გათვიცნობიერებული არიან ამ საკითხებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია ექსპერტებთან და ის მოვლენები, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ხდება წლების განმავლობაში მათთვის უცნობი ნამდვილად არ არის. “გაზპრომ ექსპორტის” პოზიცია, რომ მონეტიზაციის ფორმა იყოს გამოყენებული ტრანზიტის მომსახურებისთვის, უკვე წლებია დაფიქსირებულია. ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები იოლი ნამდვილად არ იყო, რადგან ზამთრის პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, რუსულ ენერგო რესურსზე ვართ დამოკიდებული და ფიზიკურად მისი მონაწილეობა არის ენერგეტიკულ ბალანსში, როგორც ელექტროენერგიის ასევე გაზის, რა თქმა უნდა, ამ ფონზე მოლაპარაკებების წარმოება უფრო რთულდება. უნდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, ალტერნატივებში აღარ დგას 10%-ის შეთანხმების ალტერნატივა, ვინაიდან რუსეთმა თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა, რომ ეს თანხმობა არის 1 წლის ჭრილში და 2017 წლიდან ისინი არავითარ შემთხვევაში არ აპირებდნენ ისევ იმ 10%-ზე და ნატურით ანაზღაურებაზე საუბარს. მათი პოზიცია არის ისევ მონეტიზაციის ფორმით ანაზღაურების განხორციელება.
– აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი ქვეყანა უფრო მეტს კარგავს თუ უფრო მეტ ბენეფიტს იღებს?
– თუ შედარებას გავაკეთებთ, რომ ჩვენ გვქონდა ალტერნატივა რუსეთის დათანხმებისა 10%-იან ნატურით ანაზღაურებაზე, ბუნებრივია, ეს ის პირობა არ არის, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ. 10%-ის ოფცია როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ხელშეკრულება დასრულდა 31 დეკემბერს და ჩვენ ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება ცალკე აღებულ ხელშეკრულების პირობებს, ეს არის 2 წლიანი სატრანზიტო ხელშეკრულება და რუსული მხარე 1 წელი ისევ ნატურით ანაზღაურებაზე დავითანხმეთ. მეორე ნაწილის ანაზღაურება კი მოხდება ფულადი ანაზღაურებით, ხოლო 2018 წელს სრულად ფინანსური ანაზღაურებით მოხდება ტრანზიტის მომსახურების გაწევა. ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტები გაკეთებული გვქონდა 3 ძირითად კრიტერიუმზე. პირველი არის ის, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა და არ დაგვეკარგა ტრანზიტის მოცულობები, ვინაიდან როდესაც შეთანხმება ვერ ხდება, ბუნებრივია, ყველა მხარე ეძებს ალტერნატივას. ამ შემთხვევაში რუსეთსაც გააჩნდა თავისი ალტერნატივები და გაუჟღერებია კიდეც შეხვედრაზე და, მეორე მხრივ, ჩვენც ჩვენი ალტერნატივები გაგვაჩნდა მათ შორის, ხელშეკრულების არ გაფორმება და უკონტრაქტოდ როგორც გაზის მოცულობების მიღება, ასევე ტრანზიტის განხორციელება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა მოცულობების ნაწილში იმიტომ, რომ 10% მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის 2005, 2009 წლამდე. ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად შეგვენარჩუბენიბა ტრანზიტი და მიგვეღო ამ მომსახურებაზე მაქსიმალური შემოსავალი იმ რეალობიდან გამომდინარე რაც გვაქვს, იმიტომ რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენ არავინ გვთხოვს უფასოდ ამ სერვისის გაწევას და ამიტომ ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ თანხით იგივე მოცულობის გაზის შეძენა ვეღარ მოხერხდება, რასაც აქამდე ვიღებდით ტრანზიტის საფასურად. საიდან მოხდება ამ კონკრეტული თანხების დაბალანსება?
– მოგეხსენებათ, ბუნებრივ გაზს, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, სრულად მიემართებოდა დანაკარგების დაფარვასა და სოციალური კალათის დასაბალანსებლად. ბაზარზე სოციალური ფასი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე კომერციული ფასი. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ ფინანსურად აქ დიდი სხვაობა არის და ეს ცვლილება მოახდენს გავლენას გაზის ფასზე. სოციალური გაზის მიწოდების ფასი იგივე დარჩება მომავალ პერიოდში, რადგან ის ისედაც იყო სოციალურად მოტივირებული ფასი, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობს მოსახლეობა.
– საინტერესოა, მიღებული თანხებით გაზს ისევ “გაზპრომისგან” შევიძენთ თუ სოკარისგან?
– ჩვენ გვაქვს ალტერნატივა და საიდანაც უკეთესი ფასი გვექნება იქედან შევიძენთ. თუ გაჩნდება საჭიროება ბაზარზე რომ დამატებითი მოცულობების მოწოდება მოხდეს თუნდაც აზერბაიჯანიდან, სადაც უკვე გაფორმებული არის ხელშეკრულება.
– “გაზის ტრანზიტის საფასური ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება ევროპის მასშტაბით’’, ეს ციტატა ეკუთვნის ენერგეტიკის მინისტრს. თუ საიდუმლო არ არის, რამდენს გადაგვიხდიან გაზის ტრანზიტისთვის?
– ეს ნამდვილად არის კომერციული საიდუმლოება, რადგან როგორც წესი სატრანზიტო საფასურების საჯარაოდ გამოტანა არ ხდება. შემიძლია დავადასტურო რომ ეს არის ერთ-ერთი კარგი ფასი, რაც მსოფლიოში და, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში არის დაწესებული ტრანზიტის მომსახურებისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის მოკლევადიანი ხელშეკრულება, მაგრამ არ გამოვრიცხავ ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლას მომავალ წლებში იმიტომ, რომ ყველა მომსახურება ასოცირდება ხარჯებთან და მოგების ნორმასთან. შესაბამისად, ყოველთვის ვეცდებით იგივე 2019 წლისთვისაც, როდესაც “გაზპრომ ექსპორტთან” ისევ გაიხსნება მოლაპარაკებები სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ორიენტირებული ვიქნებით მივიღოთ მაქსიმალური ფინანსური შედეგები.
– ახალი პირობებით ხელშეკრულება არის 2 წლიანი და შეგვიძლია თუ არა უკვე ამ გადმოსახედიდან ვთქვათ, რა იქნება 2 წლის შემდეგ?
– რთულია საუბარი იმაზე, თუ რა იქნება 2 წლის შემდეგ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველომ სატრანზიტო მოცულობები კი არ დაკარგოს, არამედ პირიქით გაზარდოს. ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, როგორც სატრანზიტო დერეფანს და ევროკავშირი ამას განიხილავს როგორც მისი უსაფრთხოების ერთ-ერთ ინსტრუმენტს. აუცილებელია ჩვენი სატრანზიტო როლი მაქსიმალურად გაიზარდოს, რათა ქვეყანამ ფინანსური სარგებელი მიიღოს და ენერგეტიკული უსაფრთხოებაც გაძლიერდეს.
– საინტერესოა, როგორ აფასებს საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანება ამ ხელშეკრულებას?
– ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოთხოვნა, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა თავისუფლება სატრანზიტო ხელშეკრულებების მოლაპარაკებაში, რადგან ეს არ არის პრაქტიკა ევროკავშირში, სადაც მარეგულირებელი ორგანო არსებული მეთოდოლოგიით აწესებს ტარიფს.
მიხეილ ვადაჭკორია
http://bfm.ge/ekonomika/tranzitis-safasura...hi-ar-arsebobs/