კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმა
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 13:29
კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმაკახეთის ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ ერთ თვეში - 2016 წლის ნოემბერში, - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა. მასვე 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში იჯარის უფლებით გადაეცა 134 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი.
ირაკლი შიოლაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნმებულის - გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა და 2016 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა. მანამდე იგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუხდა. ირაკლი შიოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ წარდგენით, სიღნაღი-დედოფლისწყაროს №25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან გახდა.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ, კახეთის გუბერნატორის თანამდებობიდან ირაკლი შიოლაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მისმა მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ ერთ თვეში - 2016 წლის ნოემბერში, - საკუთრების უფლებით შეიძინა დედოფლისწყაროში, შირაქში მდებარე 14 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი საერთო ჯამში შეადგენს 20,4 ჰექტარს, ხოლო მასში გადახდილი თანხა - თითქმის 50 000 ლარს. ეს ნაკვეთებია:
- 90 000 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.11.37.088);
- 10 305 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.053);
- 4 987 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.051);
- 9 790 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.003);
- 10 202 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.056);
- 6 897 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.054);
- 7 502 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.052);
- 7 503 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.055);
- 11 193 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.040);
- 9 506 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.039);
- 5 995 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.046);
- 10 991 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.044);
- 8 292 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.041);
- 10 703 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.042).
ამასთანავე, გენადი შიოლაშვილმა 2015 წლის 5 ოქტომბერს იყიდა სოფელ ოზაანში („თეფა“) მდებარე 24 ჰექტარი სახნავი მიწაც (საკადასტრო კოდი - 52.52.31.012), რაშიც დაახლოებით 25 000 ლარი გადაიხადა.
ამრიგად, ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად პარლამენტის წევრის მამის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებამ საერთო ჯამში, 75 000 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში გენადი შიოლაშვილმა იჯარის 6 ხელშეკრულება გააფორმა შპს „მცენარეული ზეთების კორპორაცია“-სთან და შპს „მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“-სთან, რის საფუძველზეც მან სარგებლობის უფლებით მიიღო ასევე შირაქში მდებარე 134 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწა. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის მესაკუთრეა ყოფილი პარლამენტარის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილი - ნათია ბუკია.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი და გენადი შიოლაშვილების საცხოვრებელი ადგილის მისამართი ერთი და იგივეა - ქალაქი დედოფლისწყარო, თბილისის ქუჩა №14. მიუხედავად ამისა, ირაკლი შიოლაშვილის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრებს შორის მამა მოხსენიებული არ არის, ხოლო მისამართის გრაფაში არა საცხოვრებელი სახლის, არამედ მხოლოდ სამსახურის ადგილსამყოფელია მითითებული.
http://ick.ge/articles/33503-i.html#.WIcxca2Qx60.facebook სურათზე ეტყობათ, მაგარი მშრომელები არიან მამა შვილი და ფულიც აქვთ დამატებით.