რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან თუ არის ორატორი,
ქრისტეფორე - ტფილისის დირეკტორი,
თავადი გიორგი - რეღისტრატორი,
პეტრე, მისი მამა, - პაპისა სწორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
ეს ქვეყანა, ჰგავს, რომ გამოიცვალა,
ქცევა, ყოფა სრულიად შეიცვალა,
შემთხვევანი სხვარიგ, სხვაფერ იცვალა,
ჰგავს, ტრიალებს, არ არის ესე ჭორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
კნიაზ ჩიქოვანი მოდის ჩამცმელი,
ქოჩორზედა პომადისა წამსმელი,
მეჯლისში ზევით მჯდომი, თავის მსმელი,
უგია მასნათი, გვერთ უძეს დორი,
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
დასეირნობს სერთუკით და ჟაბოთი,
ბაკენბარდი ყბას მოუკრავს წებოთი,
დარჩია შესცქერის მელიქ აბოთი,
ანბობს: "ანიწაწე ქუ მერ ჰორი".
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
ყუყუ არზით მიჰსდევს, თავადთა თავი,
აცვია ხუფთანი, პერანგი შავი,
წითელი შალვარი და წვერი შავი,
კარს უბია ბედაური და ჯორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
აღარ არის მელიქი და ნაცვალი,
რადგან მათ არა ჰქმნეს კარგი საცვალი,
ვიღასა აქვს მათი ყულუღის ვალი,
აწ წავიდნენ, კაკაბს უტიონ ქორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
ნაცვლად მათსა ამ სამთ მოჰსდის ფეშქაში,
თათრიდამ ნაღები, ხელთუბნის ქაში,
შეითან-ბაზრიდამ - ჰარისა, ხაში,
ჯიმითიდამ - კახაჯისათვის ღორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
მათს კარზედ დგას ქართველი და სომეხი,
თავადები, დიდვაჭარნი და გლეხი,
ვინ შეგიშვებს, თუ გასვრილი გაქვს ფეხი,
მეტადრე - როდესაც გეჭამოს ნიორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
ეგნატი ქეშიში, აღა ხუტრისა,
მინისტრია და ვეზირი ნუტრისა,
ყამი არა აქვს ინისა და პუტრისა,
ჰაზრაილს რას უზამს ცავი და ჩორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
კმარა, ყველამ მოუჭიროთ აწ პირსა,
მეტადრე იმათ, ვინც ინანდა, ტირსა,
კალამი აღარ შევახოთ სატირსა,
დავივიწყოთ სურამი და გორი.
რა იქნება, ჩვენც ვიყვნეთ სენატორი,
სტუპკა ბეჟან...
დავით ბაგრატიონი (ბატონიშვილი)