ცრემლი მომადგა
თანამედროვე მონები
მუშაობთ არა ცხოვრებისთვის, არამედ ცხოვრობთ მუშაობისთვის
უკვე 21 წლის ხარ, უნივერსიტეტი დაამთავრე და ბევრი შენი თანატოლისგან განსხვავებით, მაგისტრატურაში გააგრძელე სწავლა. ზოგმა არ გააგრძელა-ისინი უკვე წარმატებული და სრულყოფილი ადამიანები არიან – მუშაობა დაიწყეს. მშობლების მსგავსად, მუშაობა ხელფასისთვის, მუშაობა გადასახადებისთვის, უკვე მშობლების დასახმარებლად, უკვე საკუთარი ოჯახებისთვის. შენ კი კვალიფიკაციას იმაღლებ, რომ ცოტა უფრო მაღალი ხელფასი გქონდეს, ვიდრე შენს მშობლებს ჰქონდათ საამაყო, ვიდრე შენს თანატოლებს აქვთ.
სანატრელი დღეც დადგა – შენც დაიწყე მუშაობა, გაგიმართლა. ხელფასი გაქვს – 400, 500, თუნდაც 800 ან 1200 ლარი (ან დოლარი). ხვდები, რომ შენი მშობლები გმირები, საოცრად სრულფასოვანი ადამიანები იყვნენ/არიან, რადგან ორივე მუშაობდა და ორივეს ჰქონდა ხელფასი. ახლა კი შენ… დიახ, შენ ხარ ის რეალიზებული, წარმატებული, დამოუკიდებელი ადამიანი. დილით 8-9 საათზე დგები და თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ სამსახურში. საღამომდე იქ ხარჯავ შენს ენერგიას, შენს იდეებს, შენს ჯანმრთელობას, შენს კრეატივს, შენს რესურსს, შენს ძალას! და საღამოს დაღლილი, გამოფიტული, თვალებჩაშავებული, კომპიუტერისგან, საბუთებში ქექვისგან, პრეზენტაციების ჩატარებისა და სხვა მრავალი საქმისგან არაქათგამოცლილი ბუნდები სახლში. ადრე იძინებ, რომ ენერგია აღიდგინო მეორე დღისთვის. რომ ისევ თავქუდმოგლეჯილი გაიქცე სამსახურში… ხელფასისთვის, რომელიც არ გყოფნის.
მუშაობ არა ცხოვრებისთვის, არამედ ცხოვრობ მუშაობისთვის.
25 წელს გადააბიჯე, დროა,საკუთარი ოჯახი გყავდეს. ოჯახს ქმნი… შენი მეუღლეც შენსავით და მისი მშობლების მსგავსად დილით უთენია დგება, გარბის სამსახურში, საღამოს კი დაღლილობისგან ერთმანეთს ორიოდე სიტყვას გაუცვლით და მოსაწყენი სექსის შემდეგ იძინებთ. იძინებთ ენერგიის აღსადგენად, იძინებთ ხვალინდელი დღისთვის. იძინებთ გადასახადების გადასახდელად, იძინებთ საჭმლის საყიდლად, ბავშვის მოვლისთვის. ბავშვი… ჰო, ახლა ცოტა მეტსაც მუშაობთ, საათები დაამატეთ სამსახურში, შენ ხელფასი მოგიმატეს, შენს მეუღლეს- არა. ბავშვი ბაღში შეგყავთ, მერე სკოლაში. ახლა მისთვის ცხოვრობთ და მისთვის მუშაობთ. ასწავლით, რომ ისიც თქვენნაირი წარმატებული, მშრომელი ხელი გამოვიდეს.
თქვენი მშობლები ბედნიერები არიან, რომ მათ შეძლეს შვილების სწორ გზაზე დაყენება და ახლა თქვენ აყენებთ თქვენს შვილებს სწორ გზაზე. თქვენ არ შეგვიძლიათ შეცვალოთ რამე. თქვენ არ შეგიძლიათ, შვილებს მისცეთ არჩევანი, ასწავლოთ – ისწავლონ არა სხვის სამსახურში დგომისთვის, არამედ ისწავლონ, რათა შექმნან საკუთარი საქმე! იცხოვრონ და იყვნენ ბედნიერები, ყველა დღით. ისწავლონ – თავისი უფლებების შეზღუდვის ხარჯზე არ გაზარდონ სხვების უფლებები, მათი დისკომფორტის ხარჯზე არ შეუქმნან სხვას კომფორტი. იცხოვრონ თავისთვის, თავისი სიამოვნებისთვის.
თქვენ მდიდარი (თქვენზე! მოხერხებული, რისკიანი, ლიდერი, გონებამახვილი, გონებაგახსნილი) ადამიანების დაქირავებული მონები ხართ, რომლებიც თვიდან თვემდე მათ მიერ დანიშნულ ხელფასს ითვლით, მერე ანაწილებთ. ანაწილებთ გადასახადებში, ჩასაცმელში, განათლებაში, ცხოვრებაში. თქვენ მუშაობთ მათი კეთილდღეობისთვის და თქვენი კეთილდღეობა არ გახსოვთ. თქვენ, ერთ ჩვეულებრ დილას რომ გინდოდეთ გასეირნება ქალაქგარეთ, ვერ გაისეირნებთ

) თქვენ ხართ თანამედროვე მონები, რომლებსაც არ აქვთ უფლება ამოისუნთქონ იმ დროს, როცა სურთ ამოსუნთქვა. თქვენ, თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც დაიბადეთ თავისუფალ სამყაროში, ხელფასებისთვის ცხოვრობთ, რადგან ხელფეხშეკრულებს გაქვთ უამრავი ვალი და გადასახადი, რომელსაც თვიდან თვემდე ებრძვით. ცხოვრობთ ვიღაცის დაწესებული ხელფასით და ამით ამაყობთ! ბევრი ვერ მუშაობს… და მათზე უკეთ/უკეთესები ხომ ხართ

)
ათობით, ასობით მონას ქირაობს ერთი, ამუშავებს თავისი შემოსავლების გასაზრდელად, რაც მეტს დაიქირავებს, მით მეტი შემოსავალი ექნება და ქმნის და ქმნის ისიც „სამუშაო ადგილებს“. მერე რა, თუ თქვენ არ გაქვთ თქვენი დრო, როცა გინდათ წახვიდეთ ზღვის სანახავად, გონება დაასვენოთ, უყუროთ ტალღებს ან არ უყუროთ და უსმინოთ ამ ხმაურს, ამას ხომ ზაფხულში, ორკვირიან შვებულებაშიც გააკეთებთ… მერე რა, რომ გინდათ ბედნიერი სახით ბრუნდებოდეთ სახლში, სასიამოვნოდ დაღლილები. მერე რა… მერე რა… ამას თქვენს ნაცვლად ისინი გააკეთებენ, ვინც თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოთი იზრდის შემოსავალს.
თქვენში ინვესტიცია ჩადო მშობელმა, სკოლამ, სახელმწიფომ, რომ გაზრდილიყავით მონები, რომ თქვენ დაბალ ხელფასზე გემუშავათ სხვისი შემოსავლის გაზრდისთვის.
თქვენი ენერგია, თქვენი გონება, შესაძლებლობები, რესურსი მიაქვთ, იწოვენ, გფიტავენ, გღლიან, გჭამენ. თქვენ კი ამაყობთ ამით. ამაყობთ, რომ დასაქმდით ამ ღატაკ ქვეყანაში, ამ ღატაკ სამყაროში, სადაც იმართლებთ თავს იმით, რომ ბევრი თქვენნაირადაც არ ცხოვრობს.
წყარო:
https://prognozirebadi.wordpress.com/2016/0...