მართვის მოწმობა ჩამორთმეული მძღოლები ჯარიმას გაასაჩივრებენმძღოლები აქციზის ზრდის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართვის მოწმობის ჩამორთმევას გაასაჩივრებენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დაჯარიმებულმა ვახტანგ ხარაზიშვილმა განაცხადა, რუსთაველის გამზირზე, 2016 წლის 10 დეკემბერს აქცია გაიმართა, აქციიდან 40 დღის შემდეგ საპატრულო პოლიციაში დაიბარეს და ახსნა-განმარტების დაწერა სთხოვეს. ვახტანგ ხარაზიშვილის თქმით, პოლიციას მისცა ჩვენება, რომლის თანახმადაც, მსვლელობის დროს, 15 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობდა. მისი თქმით, მსვლელობაში მონაწილეობის გამო მას მართვის უფლება ერთი წლით აეკრძალა, რასაც შესაბამის უწყებებში ასაჩივრებს.
„აქციიდან 40 დღის შემდეგ მომივიდა მოწვევა, რომ უნდა გამოვცხადებულიყავი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, რადაგანაც ჰქონდათ კითხვები. გამიკვირდა, რას მედავებოდნენ ვერ მივხვდი. მივედი და მითხრეს, რომ ეს იყო უბრალო ფორმალობა, რომელიც ეხებოდა აქციის თემას, უნდოდათ ფაქტების დაზუსტება. მოვითხოვე ადვოკატი, რისი საშუალებაც არ მომცეს, ადვოკატი არ მომიყვანეს, მითხრეს, რად გინდა ადვოკატი, დასტა ფურცლები მაჩვენეს აქციის მონაწილეების ფოტოების, ესენიც უნდა გამოვკითხო და ყველას ადვოკატს ვერ მოვაყვანინებო, ფორმალობაა დაწერ რასაც გიკარნახებთ და წახვალო.
დავწერე, რომ 300-მდე მანქანის მსვლელობა იყო, ვმოძრაობდით 15 კილომეტრი საათში სიჩქარით და აქციზის გადასახადის გაზრდას ვაპროტესტებდით. 2 თვე იყო გასული აქციიდან, მეორედ დამიბარეს, სადაც აქციის მონაწილე კიდევ ორი ადამიანი დამხვდა და როგორც ყველაზე აქტიურები „დაგვასაჩუქრეს“ მართვის უფლების ერთწლიანი აკრძალვით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უსამართლოა. აღნიშნული ფაქტი გუშინვე შინაგან საქმეთა სამინისტროში გავასაჩივრე, რადგან კანონი ითვალისწინებს, რომ ჯერ ვინც დადგენილება გამოიტანა, იქ საჩივრდება, შემდეგ კი სასამართლოში ვიბრძოლებ“, - აღნიშნა ვახტანგ ხარაზიშვილმა.
კიდევ ერთი მოწმობაჩამორთმეული მძღოლი საბა მაისურაძე კი აცხადებს, რომ დაკითხვაზე გამომძიებელს სურდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ის მოძრაობდა „კოლონაში ჯგუფურად“.
„მამიდაშვილის მანქანით ვმოძრაობდი აქციაზე, დამიბარეს პოლიციაში და კითხვები დამისვეს. რასაც ვპასუხობდი, შემდეგ იმას გამომძიებელი თავისი ინტერპრეტაციით მკარნახობდა და მაწერინებდა. ერთი მომენტი იყო, რომ მკარნახობდა, დამეწერა, თითქოს ვმოძრაობდი კოლონაში ჯგუფურად. ვეუბნებოდი, რომ არ ვმოძრაობდი ჯგუფურად, მე ვმოძრაობდი მხოლოდ კოლონაში, რადგანაც აქცია იყო და სხვაგვარად არ მოხერხდებოდა. გამომძიებელმა ეს დეტალი რამდენჯერმე გამიმეორა, მაგრამ არ დავწერე, შემდეგ სხვა ადამიანმა დაიწყო გამოკითხვები და ეს გაგრძელდა დიდხანს. წამოვედი, თითქოს არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ერთი წლით მართვის მოწმობა ჩამომართვეს, რასაც ვასაჩივრებ“, - აღნიშნა საბა მაისურაძემ.
ბრიფინგზე ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე იმყოფებოდა. მან აღნიშნულ ჯარიმებს აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ქართული ტრადიციული ქორწილი, დაკრძალვა ან საარჩევნოდ მაჟორიტარების ტრანსპორტით გადაადგილება მხარდამჭერებთან ერთად შეიძლება, ჩაითვალოს ორგანიზებულ მსვლელობად, რასაც არავინ აჯარიმებს.
ურუშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმის ეს ფორმა მოქალაქეების დასაშინებლად გამოიყენეს, რათა აზრის გამოხატვის უფლება შეზღუდონ.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...achivreben.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo