სუბარი: ევროინტერგრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც შეეხებაოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ პოლიტიკური კურსის გზაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, სუბარის თქმით, საქართველოს მთავრობა მათ მიმართ სრულიად გახნილები არიან და ყველა იმ სიკეთეს სთავაზობს, რაც ევროპასთან ინტეგრაციას მოაქვს.
„დღეს ერთ-ერთი საკითხი, რასაც განვიხილავდით იყო ის, როგორ უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები.როცა საუბარია სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვაზე, ვფიქრობთ, უფრო მარტივი პროცედურები უნდა შევიმუშაოთ,”- განაცხადა სუბარმა.
მინისტრის თქმით, თებერვლის ბოლოს ის უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმართულებით აფხაზურ მხარეს შეხვდება. სუბარი ამბობს, რომ სწორედ ქართული მხარის გახსნილი პოლიტიკის შედეგია, რომ ასეულობით ნეშტი იდენტიფიცირებულია. “აფხაზური მხარე მოდის ამ ნაბიჯზე და უყურებენ ამას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა შერიგების და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან, თუ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან, ხელმისაწვდომი უნდა გახადონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავენ.