mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#49943088 · 16 Feb 2017, 02:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ, გვსურს, შევჩერდეთ ,,მორჩილების“ ცნების რაობაზე. ღვთის მორჩილება არის ის მთავარი სათნოება, რომელიც კაცობრიობის პირველმამამ _ ადამმა დაარღვია, რისთვისაც მან უფალთან სიახლოვე დაჰკარგა. ამის დასაბრუნებლად ადამიანს მართებს ღვთის მორჩილებაში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ღვთისმორჩილება კაცთმორჩილებაში. უღვთო საბჭოთა სახელმწიფომ მშვენივრად გამოიყენა ,,მორჩილების“ ცნება თავისთვის, როცა ჯერ თვითონ მღვდელმსახურნი დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, მათი პირით სრულ ,,მორჩილებას“ ქადაგებდა, რითაც მორწმუნე მრევლიც მონურად დაიმორჩილა და მორჩილად დაიმონა. მათ მცნება ,,არა განიკითხო!“ ცალმხრივად, სათავისოდ განმარტეს და ამით მთლიანად ჩაჰკლეს მორწმუნეში ბოროტების მხილების სურვილი, ძალა და უნარი. რა თქმა უნდა, განკითხვა და მხილება იგივე არაა, მათაც ,,შუა უზის დიდი ზღვარი“: პირველი _ ცოდვაა, ხოლო მეორე _ სათნოება (როგორც ეს ,,გატოლებისა“ და ,,შედარების“ ცნებათა განხილვისას შევნიშნეთ). ,,ბნელის უნაყოფო საქმეებს ნუ თანაეზიარებით, არამედ უმეტესად ამხილეთ“ _ მოგვიწოდებს სულიწმიდა პავლე მოციქულის პირით. თუ როგორ უნდა ვამხილოთ, ამას საღვთო სჯული განგვიმარტავს, რის მაგალითებსაც უამრავჯერ ვხვდებით საღვთო წერილსა თუ წმიდანთა ცხოვრებაში. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაცხოვარი ურწმუნო მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? _ მხილება. ,,ცხრა ნეტარებიდან“ ორი სწორედ მხილებით სიმართლეს შეეხება (მ.: 5,10-12): ,,ნეტარ არიან სიმართლისათვის (იგულისხმება: სიმართლის თქმისთვის) დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“; ,,ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც“ (თითქმის ყველანი ამიტომ არ ,,დაისაჯნენ“ და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელსაც თავი განა სიძვის მხილებისთვის არ მოჰკვეთეს?!). რისთვის დევნიდნენ მათაც, მოციქულთაც, მოწამეებსაც და წმიდანებსაც მაცხოვარივით? _ შეძენილი ნაკლის: სიცრუისა და საერთოდ, ცოდვა-ბოროტების მხილებისათვის. ეს რომ მხოლოდ საღვთო საკითხებს არ შეეხება და ადამიანურ ცოდვათა მხილებასაც მოიცავს, ამისი მაგალითები წწ. იოანე ოქროპირისა და თეოდორე სტუდიელის (VIII-IXსს.) დევნილი ცხოვრება და აღსასრულიცაა, როგორც სიმართლის მათსავით სხვა მრავალ მსახურთა. წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მართლმკვეთელობას მისი თანამედროვე ასე აღწერს: ,,მისი ქადაგება სარწმუნოებაზე, ზნეობაზე, ბატონ-ყმობის გაუქმებასთან მისი ბრძოლა გასაოცარი ენერგიით იყო წარმოებული; ხშირად, მის წინააღმდეგ ხმლით მიიწევდნენ, მაგრამ ის სიმართლის კვერთხით და ჯვრით ხელში უშიშრად ებრძოდა ადამიანის დამონების მომხრეებს, არცხვენდა, გაბედულად კიცხავდა“. ,,ნუ იქნებით ადამიანთა მონა; ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი“, ამბობდა წმ. პავლე მოციქული, რომელსაც ამისათვის მრავალი დევნა აწიეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. წმ. ეპისკ. ეგნატე განმანათლებელი (XIXს.) კი ასე განმარტავს თავმდაბლობას: ,,ჭეშმარიტი მორჩილება ჭეშმარიტ სიმდაბლეს ჰბადებს. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ღვთის წყალობაა. არასწორი და კაცთმაამებლური მორჩილება ცრუსიმდაბლეს შობს, რომელიც ადამიანს ღმრთის წყალობათაგან განაგდებს და სატანის ჭურჭლად აქცევს; ჭეშმარიტი მორჩილება არის მორჩილება ღვთისა“. დღეს ,,მორჩილებას“ ,,მონობაში“ ვურევთ და არ გვახსოვს წმ. მოციქულ პავლეს მოწოდება: ,,იყავით ვაჟკაცურნი!“. ქრისტეანმა მორჩილებაც ვაჟკაცურად უნდა აღასრულოს და ვაჟკაცურადვე უნდა ამხილოს ბოროტება. მარცხენა უკიდურესობაა თვითმორჩილება, რაზეც წმ. დოროთე ამბობს: ,,მე არ ვიცი სხვა რაიმე დაცემა, გარდა ერთისა _ ოდეს ადამიანი თავის თავს ემორჩილება“; ხოლო მარჯვენა უკიდურესობაა ყოვლადმორჩილება, რაზეც წმ. ისააკ ასური (VIს.) ამბობს: ,,ყველას მორჩილი იყავი კეთილ საქმეში. მხოლოდ სიამისმოყვარეთ, ფულისმოყვარეთ და ცრუმშვიდობისმოყვარეთ ნუ გაჰყვები, რამეთუ ეშმაკისაა ასეთი მორჩილება“. ჩვენ კი არც ერთი უკიდურესობისკენ უნდა გადავუხვიოთ, არამედ უნდა ვიაზროვნოთ და ვიაროთ მთავარი, სწორი მიმართულებით, რასაც ეკლესია ,,ოქროს შუალედს“ და ,,სამეუფეო გზას“ უწოდებს (რაც არ უნდა აგვერიოს ნელ-თბილობასა და ტყუილ-მართლის ნარევში). თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს მორწმუნე საკუთარ სულიერ მოძღვარს, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1022წ.) გვაფრთხილებს: ,,შეისწავლე საღმრთო წერილი და წმ. მამათა სწავლანი, რათა შეუდარო იგი შენი მოძღვრის სწავლებასა და მოქმედებას. მაშინ, ვითარცა სარკეში, დაინახავ ყოველივეს და რაც ეთანხმება ,,საღმრთო წერილს“, შეითვისებ, ხოლო ყოველივე ცრუსა და უვარგისს _ განაგდებ, რათა არ იქნე მოტყუებული. გახსოვდეს, დღეს ბევრი გამოჩნდა ცრუმოძღვარი და მატყუარა“ (რაღა ითქმის დღევანდელ, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების _ ,,აპოსტასიის“ _ ჟამს?!). ჩვენი მხრივ, იგივე ,,საღმრთო წერილის“ სიტყვებითვე დავასკვნიდით: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე: 5,29). რაც შეეხება ,,მხილების“ ცნებას, უფალი გვასწავლის: თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი, ამხილე პირისპირ, ცალკე; თუ გამოსწორდა, შეგიძენია ძმა შენი; თუ არ მიიღო, ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა _ საჯაროდ ამხილე და თუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ განეშორე მას, როგორც ურჯულოს. ხოლო ვის შეუძლია სხვისი მხილება, ამაზე ქრისტე შეგვაგონებს: ჯერ შენს თვალში ამოიღე დირე, რომ მერე უფრო ადვილად შეძლო სხვისი თვალიდან ბეწვის ამოღება; ანუ: მკურნალო, განიკურნე თავი შენი!.. საეკლესიო სამართლის კრებული _ ,,დიდი სჯულისკანონი“ _ არათუ უფლებას აძლევს ვინმეს სხვისი მხილებისა, არამედ გვავალდებულებს, კიდეც, ამას: თუ ერთმა იცის მეორეს ცოდვის შესახებ და არ ამხილებს მას, ხოლო სხვამ, მესამემ, ამხილა მეორე და ასევე, გამომჟღავნდა ისიც, რომ პირველმა იცოდა და არ ამხილა მეორე, _ რა სასჯელიც კანონით ეკუთვნის მეორეს, იგივე სასჯელი ედება პირველს იმისათვის, რომ იცოდა და არ ამხილა მცოდველი (ნაწილი IX: თავი 33-ე: წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი). ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ვინმეს ცოდვა თუ კერძო ხასიათისაა, მაშინ, მხილება ხდება ჯერ პირადად და ა. შ., ხოლო ცოდვა თუ საჯარო, საზოგადებრივი ხასიათისაა, შესაძლებელია მისი საჯაროდვე მხილება.
ჩვენივე ნარკვევიდან: ,,საქ. ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი საქმიანობა ,,გარდაქმნიდან" ,,გარდაქმნამდე", 1985-2003წწ.", გვ. 6, პარიზი, 2004წ.
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 16 Feb 2017, 03:00
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|