გახსოვთ პაატა ჩლაიძე? "სად შეგვიძლია გადაღლილებს ნიღბების მოხსნა და დასვენება?!"
არსებობენ ადამიანები, რომელთა ბიოგრაფია რაინდული ეპოქის ფავორიტის ცხოვრებას მოგვაგონებს. სწორედ, ასეთი კაცი იყო პაატა ჩლაიძე. ისე მოხდა, რომ ამ ოჯახთან ბავშვობიდანვე ვიყავი დაკავშირებული და პაატას შინაგანი სამყაროსა და ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი კარგად ვიცოდი. ჩემთვის და ჩვენი სამეგობროსთვის პაატა რიდსა და დიდ პატივისცემას იწვევდა ყოველთვის.
მტკივნეულია იარა, რომელიც პაატამ დაუტოვა თავის სანათესაოს, ოჯახს, სამეგობროს, ამიტომ მის დასთან, ქალბატონ გურანდა ჩლაიძესთან, საუბარი პაატას შესახებ არცთუ იოლი აღმოჩნდა.
სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში გაილია პაატა ჩლაიძის ხანმოკლე სიცოცხლე. არ მინდა მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ეს წერილი მხოლოდ სენტიმენტალური ნეკროლოგის მისიის მატარებელია.
პაატა ჩლაიძის ცხოვრება და შემოქმედება ღრმა წვდომას და დაფიქრებას მოითხოვს. თავმდაბლობის გამო მისი ლექსების მხოლოდ მცირე ნაწილი დაიბეჭდა და მკითხველს მიეცა საშუალება, გასცნობოდა ამ ნიჭიერი კაცის ნაფიქრსა და ცხოვრების ფილოსოფიას.
ჩვენი ისტორია და ლიტერატურა მდიდარია ლეგენდარული ბიოგრაფიებით, მაგრამ ხშირად გვავიწყდება იმ ადამიანის მოფრთხილება, რომელიც ჩვენს გვერდით არის და თესავს სიკეთეს და სამართლიანობას. ეს ყველაფერი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება საკრალური და წმინდა. პაატას ცხოვრება იყო ქრესტომათიული მეგობრობის, სიყვარულისა და სამართლიანობის უტყუარი ფოლიანტი.
"... არ მეგონა, თუ შევძლებდი/გრძნობის ფიქრით წარმოსახვას,/ჩემი ნატვრის და ოცნების/სტრიქონებში გამოხატვას./მაგრამ რახან ვბედავ აწი/დროსთან ჭიდილს ლექსის შეთხზვით,/ამ სისუსტეს ნუ დამძრახავთ,/და ნურც უცხო ვინმეს ეტყვით..."
დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ პაატა ჩლაიძის ბიოგრაფიულ წახნაგებზე - ე.წ. შავი სამყაროს აღიარებასა და უზარმაზარ ავტორიტეტზე. პაატამ შეძლო, თავის თავში გადაერჩინა ის დეფიციტური თვისებები, რაც კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა - ვაჟკაცობა, კაცთმოყვარეობა, სიყვარული, სამართლიანობა. მთავარი ის არ არის, რა ფერის იყო პაატა ჩლაიძის სამყარო, მთავარია ის, რომ მისმა სისპეტაკემ და დიდბუნებოვნებამ განსაზღვრა ზოგადადამიანური, მისაღები ეთიკური კრიტერიუმები არა მხოლოდ მის წრეში, არამედ ზოგადად, რადგან მისმა ბიოგრაფიულმა ფრაგმენტებმა აალაპარაკა ყოფილი საბჭოეთი და შორეული, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყარო. მას პატივს სცემდნენ, როგორც დიდ ავტორიტეტსა და სამართლიანობის ქურუმს.
პაატა ჩლაიძის თვისობრივი გამა სცილდება კერძო ეთნიკურ მახასიათებელს. მისი რაინდული სული, შინაგანი ექსცენტრიკა გენიალური მწერლის მიერ გამოგონილ უნივერსალურ პერსონაჟს გვაგონებს. არსებობს ფაქტები, სადაც ჩანს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, მაგრამ ამის მიღმა იმალებოდა თავმდაბალი, არაამბიციური ბუნება ერთი კაცისა.
რომან გვენცაძე: "თავის დროზე პაატა ჩლაიძის თავგადასავლებმა, მისმა ვაჟკაცობამ მთელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა. მოგვიანებით მისი ცხოვრებისეული თუ მილიციასთან ურთიერთობის ეპიზოდები შესანიშნავ საწიგნე მასალად იქცა (რომან გვენცაძე: "საბედისწერო გასროლა", გიორგი სანადირაძე: "აკრძალული თამაშები"). ერთნი ამბობენ, დასანანია, ასეთი ნიჭისა და ვაჟკაცობის მქონე ყმაწვილი რომ გზას ასცდაო, თუმცა არასოდეს დაფიქრებულან, იქნებ იმ შავი სამყაროს პრინციპები უფრო მისაღები ეჩვენა, ვიდრე წითელ სსრკ-ში გამეფებული ტყუილი და მლიქვნელობა? იქნებ ფუმფულა სავარძლებში მოკალათებულ მაშინდელ ჩინოსნებს უფრო შეეფერებოდათ კანონიერი ქურდის სახელი? ისინი ხომ, მართლაც, კანონს ამოფარებულნი აპარტახებდნენ ქვეყანას.
ასეა თუ ისე, როგორც ამბობენ, პაატამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა საბჭოთა სისტემას. იმასაც ამბობენ, დისიდენტობის გზა რომ აერჩია, სოლჟენიცინები და სახაროვები მოგონილნი იქნებოდნენ მასთანო. სადაც მიდიოდა, თავის ჭკუაზე ჭრიდა და კერავდა ყველაფერს. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ამგვარი ავტორიტეტის მოპოვება, თანაც სასტიკსა და დაუნდობელ სამყაროში, ძალიან ძნელია. წარმოიდგინეთ, თავს ყოფ მგლის ხახაში და ეუბნები, მე შენზე მაგარი მგელი ვარო. დიახ, იგი მგლური წყობილების წინააღმდეგ მებრძოლი მგელი იყო".
პაატა ჩლაიძე:
"როდის დადგება ჟამი, არ ვიცი/ამ სიავეთა პასუხისგების,/როდის მოვისმენ ტირანთა კვნესას,/შვების სიმღერას დღევანდელ ყმების./როდის შედგება უზენაესი/ ღმერთის სამსჯავრო სამართლიანი,/როდის მიიღებს თავის საზღაურს,/ყველა ბოროტი ადამიანი;/როდის დადგება ქვეყნად ყველასთვის/თანაბრად ერთი დღესასწაული,/ როდის - არ ვიცი, მაგრამ მოხდება/აუცილებლად ეს სასწაული."
უზენაესი სამსჯავროს სასწაულის მომლოდინე თავისუფალი სული საპყრობილის რკინის გისოსებზე უფრო გამძლე და მტკიცე აღმოჩნდა. გაუტეხელი და ქედმოუხრელი, ყოველ წუთს მზად იყო, საკუთარი თავისთვის სასტიკი განაჩენი გამოეტანა, ვიდრე მონურად ჩაბარებოდა ვინმეს.
როგორც იხსენებს თავად რომან გვენცაძე, პაატასთან პირველი შეხვედრის შემდეგ იგი გაოგნებულა მისი ვაჟკაცობით: "რომ არ დამნებებოდა, პაატამ სასიკვდილოდ დაიჭრა თავი".
პოლკოვნიკ ჩიბურდანიძის გახმაურებული ისტორია ცხადყოფდა, რომ პაატა ჩლაიძე თავისი ბუნებით ტრივიალური კრიმინალური ისტორიის მონაწილე არ ყოფილა. როდესაც მან შეიტყო უშუალოდ პოლკოვნიკისგან, რომ უკანასკნელს ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, საწოლი ოთახიდან გამოიტანა ლანგრით წამლები და შეუტანა მოხუცს საპირფარეშოში, სადაც იგი მანამდე იძულებით მოათავსეს.
ექსპერტის დასკვნით, ძალადობის ნიშნები არ არსებობდა, პირიქით, წამლების მიწოდება მეტყველებდა პაატას ჰუმანურობაზე; მაგრამ ჭეშმარიტი ვერსია უგულებელყვეს და მას ორმაგად მძიმე ინტერპრეტაცია მიანიჭეს.
ფაქტები მეტყველებენ უკომენტაროდ. პაატა ჩლაიძის ზნეობრივი კრედო იაფფასიანი ნართაულების გარეშეც ხდის ფარდას მის პიროვნულ ფასეულობებს.
ჯერ კიდევ როდის მიხვდა პაატა ჩლაიძე ანარქიის ლეგიტიმურობას ჩვენს ქვეყანაში! ის წერდა ლექსის ფორმით საკუთარ აზრებს. რა ფასეულობა აქვს ამ ლექსებს პოეტური თვალსაზრისით, ეს სხვა საუბრის თემაა. უბრალოდ, იმის თქმა გვინდა, რომ მის აზრებში იკვეთება არა რიტორიკული გოდება და ვაი-ვიში, არამედ მკაცრად კონსტატირებული რეალობის უმაქმანო სინამდვილე:
"თუ ეს ასეა, რომ ეს ცხოვრება არის თეატრი,/რომლის სცენაზეც ყველა ჩვენგანი ჩვენ როლს ვთამაშობთ,/მაშინ ვინ არის ის უხილავი მაყურებელი,/ვინ გვითვალთვალებს, თუ როგორ ვწვალობთ,/როგორ გვიყვარს,/როგორ ვიბრძვით/და როგორ ვკამათობთ?/ვინ არის ის, ვინც ხედავს შეცდომებს ჩვენს მოქცევებში,/ვინც ზუსტად ამჩნევს ჩვენი თამაშის უტალანტობას,/განიცდის ნეტავ? შესტკივა გული, როდესაც ხედავს,/თუ როგორ ვცდილობთ, მაგრამ ვერ ვერევით დაკანონებულ უსამართლობას./თუ ეს ასეა, ვინ არის მაშინ ის, ვინც ქმნის დრამებს,/რომლებიც ასე განუწყვეტლად თამაშდება ამ დიდ სცენაზე,/ვინც ყველა სულდგმულს განუპირობა თავისი როლი,/ვინც არსებობა დამოკიდა ჟამთა დენაზე?/ან კულისები სადღა აქვს ნეტავ ამ ჩვენს დიდ თეატრს?/სად შეგვიძლია გადაღლილებს ნიღბების მოხსნა და დასვენება,/ძალის მოკრება, დაბრუნება ისევ სცენაზე,/აღქმა თავიდან ამ ცხოვრების ამაოების და აუხდენელ ოცნებების ისევ თავიდან თავდავიწყებით გამოდევნება?"
პაატა ჩლაიძეს შეეძლო დღესასწაულის მოწყობა ღატაკი და მიუსაფარი ადამიანებისთვის. კაცთმოყვარეობა და სიკეთის ქმედების მოთხოვნილება პაატას სულის ნორმალური მდგომარეობა იყო. მის სარჩულად სისუფთავე და უანგარობა იმალებოდა და არა იაფფასიანი პოპულიზმი; სწორედ, ამიტომ დარჩა პაატა ჩლაიძე ლეგენდად, სწორედ, ამიტომ უყვარდა ის ხალხს და მისი ხალხურობა ინვესტირებული იყო არა ხალხის ხარჯზე მოპოვებული სისხლიანი, ბინძური ფულით, არამედ სიკეთით, სიყვარულითა და სამართლიანობით.
აი, რას იგონებს ქალბატონი გურანდა ჩლაიძე: "პაატა 1990 წელს გაათავისუფლეს. რამდენიმე თვეში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. რაჭა ძალიან დაზიანდა. ჩვენ წარმოშობით რაჭველები ვართ. ერთხელ წამომცდა: "პაატა, ონში წყალი არ არის". უცებ პაატა დაიკარგა და სამ საათში სახლთან ორი ტრაილერი მოაყენა, წყლით, საწვავითა და პროდუქტებით სავსე. მთელი რაჭა გიჟდებოდა მისთვის. ვუთხარი: პაატა, ამხელა ტვირთი მიგაქვს, რომ ჩახვალ, პრეფექტს დაელაპარაკე, ჩააყენე საქმის კურსში. - "რად მინდა, ბუბა, ახლა მე რომ ტელევიზორში გამომჭიმონ. ამისთვის ხომ არ ვაკეთებ ამას", - იყო პასუხი.
ბოლო ათწლეულისთვის არადამახასიათებელი პატრიოტიზმია - ჭეშმარიტი, უანგარო, ნამდვილი - ქვენა აზრებისგან შეუმუსრავი.
გურანდა ჩლაიძე: "პაატას დიდი გეგმები ჰქონდა. რაჭის აყვავება უნდოდა, იქ ხომ თითქმის ყველა სოფელში სამკურნალო წყალია. მაგრამ პაატასთვის შემზარავი იყო თბილისში შექმნილი სიტუაცია."
ის ზნეობრივი და პოლიტიკური მეტამორფოზები, რომელიც მრავალჭირნახულ კაცს თბილისში დახვდა, გულგრილს ვერ ტოვებდა. ანარქიითა და უნდობლობით გაჯერებული თბილისური ჰაერი სულს უხუთავდა პაატას. მას არ შეეძლო, გულგრილად აღექვა მსგავსი ვითარება, სწორედ, ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ პაატამ რეალური საშიშროება შეუქმნა გარკვეულ კლანებს - ძალაუფლებისა თუ ხელისუფლების მხრიდან. A პრიორი-ა, პაატას პრინციპები ხელისშემშლელი იყო უზნეო, ანარქიული სააზროვნო მენტალობისთვის.
თვით მისი სუნთქვა, არსებობა, უშლიდა ხელს უსამართლობის პროგრესირებას საქართველოში.
როდესაც პაატას გარდაცვალების შემდეგ მისი ლექსთა კრებულის გამოცემა მოხერხდა, მისმა მეგობრებმა: ლაშა თაბუკაშვილმა და გოგა ხაინდრავამ წინათქმა დაურთეს აღნიშნულ წიგნს.
ჩვენ საინტერესოდ მივიჩნიეთ, გავსაუბრებოდით მათ და გაგვეგო მათი პროფესიონალური თვალსაზრისი.
ლაშა თაბუკაშვილი: "თქვენ ბრძანეთ, წიგნის დაწერა შეიძლება პაატაზეო. მართლაც, საოცარი სიუჟეტებია მის ცხოვრებაში, მის ხანმოკლე ყოფნაში. უცნაურად, თითქოს მოულოდნელად ჩაერთო პაატას ბედისწერაში გამართლება - ყველაზე დიდი გამართლება იყო ნინო, მისი მეუღლე, რომელმაც 17 წლის განმავლობაში უერთგულა პაატას. არ მინდა, მისი ბიოგრაფიის დეტალებზე გავჩერდე. მინდა, უბრალოდ, გითხრათ, რომ პაატა ბავშვობაში ძალიან კარგად ხატავდა. დადიოდა ვაკეში სამხატვრო ტექნიკუმში და მეცხრე კლასამდე არანაირ ხიფათთან არ ყოფილა წილნაყარი. მის ცხოვრებაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ მთლიანად შეცვალა მისი ბედი და სხვაგვარად წარმართა. ახლა მე ფსიქოლოგიურად მიჭირს ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ, საბჭოთა პერიოდი, როგორც ტოტალიტარული რეჟიმი, ახალგაზრდების ერთ ნაწილში ბადებდა ერთგვარ პროტესტს. ყველაფერი, რაც კი არ ემორჩილებოდა კანონს და ამ წნეხს, ხშირად აპოკალიფსური ქმედებისკენ უბიძგებდა ზოგიერთს. ზოგიერთი პროტესტს გამოხატავდა ხელოვნებაში, ზოგნიც ქუჩაში, შავ სამყაროში, დისიდენტურ მოძრაობასა თუ რელიგიაში, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს გაჰქონდათ ლელო, რადგან ტოტალიტარული რეჟიმი საკმაოდ ფხიზლად ადევნებდა თვალ-ყურს ამგვარ ხალხს და მაქსიმალურად ცდილობდა, შეერცხვინა ისინი, ლაქა მოეცხო და დაენახებინა ყველა დანარჩენისთვის, რომ, თუ არ იქნებოდნენ კომფორმისტები - საერთო მანქანის მექანიკური ჭანჭიკები, დაიღუპებოდნენ.
პაატამ გაუძლო ამ წნეხს. მას ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. 17 წელიწადი - რუსულ "ლაგერებში" გრგვინავდა პაატას სახელი. თავებს კი არ აჭრიდა ვინმეს, უბრალოდ, საკუთარი პრინციპულობის გამო, გარეგნულად არცთუ ისე ძლიერი კაცი იმდენად მტკიცე ნებისყოფას ამჟღავნებდა, რომ მაშინდელი ე.წ. საკავშირო მასშტაბით ერთ-ერთ ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენდა.
ჩვენი ძმაკაცობა პაატას დაბრუნების შემდეგ დაიწყო. სწორედ, ამ პერიოდში აღმოცენდა მისი პოეზია ნინოს მიმართ, რომელიც ამდენი წელი ელოდა მას და რამაც გააძლებინა პაატას. ამ ლექსებს შეიძლება ხარვეზები მოუნახოს ნებისმიერმა საშუალო ნიჭის პოეტმა, ან ადამიანმა, რომელმაც ლექსის გარითმვა იცის, მაგრამ, ვისაც ნაღდი პოეზია უყვარს, ხვდება, რომ შალაშინი მეორადია, მისთვის თვალშისაცემი ხდება ის, მართლაც, პოეტი, საოცრად მიამიტი კაცის ენერგია და გულწრფელობა (რაც პაატაში ძალუმად იყო). სწორედ, ეს არის უცნაური, რომ ამ კატორღელმა კაცმა შეინარჩუნა ეს უბიწოება, ზნეობრივი პრინციპები. მას ხომ, ფაქტობრივად, 17 წელიწადი გამუდმებით ექსტრემალურ სიტუაციებში უხდებოდა ყოფნა.
იშვიათად მინახავს, ვინმეს სალანძღავად, განსაქიქებლად დრო დაეკარგოს. ხასიათი უფუჭდებოდა, როდესაც ადამიანის უარყოფით ქმედებას ხედავდა. პაატა მტკივნეულად განიცდიდა თავისი თაობის მეტამორფოზასაც.
ერთადერთი სტაბილური მის ცხოვრებაში აღმოჩნდა მისი სამეგობრო და ნინო, რომელიც დახვდა ზუსტად ისევე, როგორც დატოვა - იმავე გამომეტყველებით, იმავე მზერით.
ეს ლექსები მთელი ამ ხნის განმავლობაში გროვდებოდა. პაატა ერთბაშად არ გამომტყდომია, რომ ლექსებს წერდა.
თუკი რამე სჭირდებოდა პაატას ყველაზე მეტად, ეს იყო მისი სათაყვანებელი მეუღლე და შვილი - ის სულიერი ნავსაყუდელი, რომლის ძიებაშიც გაილია მთელი მისი ცხოვრება.
პაატა იყო საოცრად ბავშვური - ამას ხშირად ერთმანეთს ვაბრალებდით. პაატაში ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო და ვინც არ იცნობდა მას, სერიოზულად აბნევდა. აბსოლუტურად ღია კაცი იყო. ასეთი ადამიანებიდან, პაატას წარსულს კი არ ვგულისხმობ, არამედ მაქსიმალიზმი მაქვს მხედველობაში, ძალიან ცოტამ მიაღწია მიზანს.
მისი წიგნის გამოცემაც გარკვეულ მისიას ატარებდა. პაატა არ ჩქარობდა თავისი ლექსების პუბლიკაციას. მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვურჩევდი, რომ ცოტა ფორმაზეც ემუშავა. ძალიან ცხარე კამათი იცოდა. ერთხელ რაღაცაზე ვერანაირად დავითანხმე, ჰოდა, დილას სახლში უთენია დამადგა, თავისი რომ დაემტკიცებინა, ლოგინში შემომიწვა და იქიდან მექაქანებოდა. ჩემი მეუღლე სიცილით კვდებოდა.
მე თვითონ მინდოდა გამერკვია, ვინ იდგა პაატას მკვლელობის უკან. ასეთი ავტორიტეტული კაცი, რომელიც ყოველგვარ ზენობრივ კომპრომისს გამორიცხავდა, არავის აწყობდა, თანაც მაშინ, როცა ყველა ერთმანეთზე იყო გადაბმული - ხელისუფლება, კრიმინალური სამყარო, პოლიცია, სპეცსამსახურები. ამგვარ სიტუაციაში ეს ნათელი წერტილი არავის აწყობდა. ამაზე დავამთავროთ საუბარი..."
გოგა ხაინდრავა: "ერთმანეთი მერვე კლასში გავიცანით. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, გურამ ქვაჯაია, სამხატვრო ტექნიკუმში გადავიდა და ის და პაატა ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ. ეხლაც მახსოვს, 8 სექტემბერი იყო. სწავლა ახალი დაწყებული იყო და გურამმა მომაკითხა. თან ახლდა საშუალო ტანის, ქოჩორა, სიმპათიური, მკვირცხლი ბიჭი და მითხრა, გაიცანიო. ასე შედგა ჩვენი გაცნობა. მერე მე ჩავაკითხე ტექნიკუმში, ვნახე მათი ნამუშევრები და ხელოვნების ნიადაგზე აღმოცენდა ჩვენი ურთიერთობა.
შემდეგ ბევრმა ხანმა განვლო. პაატას, სამწუხაროდ, მძიმე ხვედრი ხვდა წილად - დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს უბედურება, იგი გამორჩეული ხელოვანი იქნებოდა. იყო კიდეც. მისი პოეზია - დაულაგებელი და გაუმართავი, პროფესიონალური თვალსაზრისით, საოცარი ღრმა ლირიზმით გამოირჩევა და ეს ერთ-ერთი გამოვლინება იყო მისი ნიჭისა. ამ უბედურებამ მისცა მას საშუალება, გამოემჟღავნებინა მთელი განცდა, რომელიც ათწლეულების მანძილზე დაუგროვდა. ქაღალდისა და ფანქრის დახმარებით მან თავისი სულის აღსარება გამოიტანა გარეთ.
დარწმუნებული ვარ, მის პოეზიაზე კიდევ არაერთხელ ითქმება რამე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროფესიონალი მრავალ ხარვეზს იპოვნის მის სტილისტურად გაუმართავ ლექსებში. შესაძლოა ისინი პოეზიის კანონებს არ ექვემდებარება, მაგრამ მათში გამოსჭვივის საოცარი ენერგია და ლირიზმი, საოცარი აღმაფრენა, რომელიც თავის გზას გაიკვლევს აუცილებლად. ვფიქრობ, პაატა ჩლაიძის პიროვნება უფრო მეტი ყურადღების ღირსია, თუმცა, დღეს არავისთვის სცალიათ.
მაშინ სხვა დრო იყო - აქტიური პროტესტი, ადრე თუ გვიან, ციხის კარზე მიგიყვანდა. ან უნდა დაჰყოლოდი მათ მოთხოვნებს და გადაქცეულიყავი სულიერ იმპოტენტად, კომფორმისტად ჩამოყალიბებულიყავი, ან კოლაბორაციონისტად, ან, ვთქვათ, პროტესტის ფორმას გაჰყოლოდი.
პაატა იყო ლიდერი. ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეყოლებინა ხალხი, სამართალი დაემკვიდრებინა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო, დაეცვა სუსტი. იგი ლიდერად იყო გაჩენილი. მისი ბიოგრაფია ამ გზით წარიმართა. სამარცხვინოს ამაში ვერაფერს ვხედავ. იმათთან შედარებით, ვინც გმობდა ამ ანარქიით სავსე ქვეყანას, ეს არის განცალკევებულად მდგომი ფიგურა - უპირველესად, სიყვარულის უნარით, რის დამტკიცებასაც ცდილობდა იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ბარბაროსულ პირობებში, სადაც პაატას 17 წელიწადი უხდებოდა ყოფნა, მან უკეთილშობილესი სახელი დატოვა. ეს წრე დღემდე განსაკუთრებული პატივისცემით, მოწიწებითა და, რაც მთავარია, სიყვარულით იხსენებს. იქ მყოფთაგან ზოგიერთს შიშით იხსენებდნენ, ხოლო პაატას დღემდე სიყვარულით იგონებენ. თავის გარშემო იგი მხოლოდ სიკეთეს თესდა. მთავარი კი ის იყო, რომ იგი სამართლიანობის დამცველი იყო.
არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა. როდესაც აქ ეროვნული მოძრაობა უკვე მომწიფებული იყო, მერაბ კოსტავა, მე და ერთი კაცი (სამწუხაროდ, იგი აღარ არის ცოცხალი, კოტიკო სულაბერიძე), რომელსაც მერაბივით დიდხანს მოუწია პატიმრობაში ყოფნა ერთად შევედით "რეზბალნიცაში". კომუნისტების დრო იყო, მაშინ მოხდა მერაბისა და პაატას პირველი შეხვედრა. პაატა ისეთი ლიდერი იყო, რომ მასთან ახლოს ვერავინ მივიდოდა. მერაბი თავიდან ვერ მიხვდა, რომელი იყო პაატა, რომ არა ერთი ინციდენტი. როდესაც იქ ვიყავით, ვიღაც ბიჭები დარბოდნენ და უეცრად პაატას ისე დაეჯახნენ, კინაღამ მხარი მოსტეხეს - პაატას ხმა არ გაუცია, ხალხი სახტად დარჩა.
არ დამავიწყდება, როგორი გულუხვი იყო პაატა. 24-ე სკოლაში ლამაზი გოგონები სწავლობდნენ. მე ერთ-ერთ გოგოს ვეპრანჭებოდი. წელგამართული ოჯახიდან არ ვიყავი, ამიტომ მოდურად ჩაცმის პრობლემა გვქონდა. სკოლის შემდეგ პაემანი მქონდა დანიშნული, ვხედავ, პაატა მომადგა პარკით ხელში - ჩემთვის ფეხსაცმელი მოეტანა. გაცემა უყვარდა ძალიან. ჩემი აზრით, ეს უდიდესი ნიჭია. დღესაც იმდენი მეგობარი ცოცხლებს არ ჰყავთ, რამდენიც პაატას - იმდენი სიკეთე და ვაჟკაცობა აქვს გაკეთებული. ამგვარი ადამიანები, გია ჭანტურია, პაატა ჩლაიძე, კოკა კლდიაშვილი (სამივე გარდაცვლილები არიან) ჩემთვის თაობის მაგალითებს წარმოადგენენ პრინციპებისადმი ერთგულებით, თუმცა შეიძლება ეს პრინციპები ყოველთვის მისაღები არ არის საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კაცს აქვს უნარი, თავისი პრინციპები დაიცვას - თავისი ჯანმრთელობისა და ხანდახან სიცოცხლის ფასადაც კი.
პაატას ისეთი ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი, ძალიან ბევრ ვაჟკაცს გაუჭირდებოდა მისი გაძლება, მაგრამ იგი არ გატეხილა სულიერად და არც გაბოროტებულა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იგი ჩამოვიდა ამ ჯოჯოხეთიდან კიდევ უფრო გაკეთილშობილებული - ბევრად უფრო შემწყნარებელი, ვიდრე წავიდა. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდა ნინოს - მათ სიყვარულს, ზოგადად, რომელიც, როგორც ჩირაღდანი, ათბობდა ორივეს: გაუსაძლის, გამყინვარებულ ჯურღმულებში პაატას, და ნინოს - აქ. ეს გრძნობა განსაკუთრებული სიფაქიზით ატარა ორივემ. ამიტომაც ორივე გამარჯვებულია. პაატა გამარჯვებული წავიდა ამქვეყნიდან თავისი ცხოვრებით - ერთგულებით, სიყვარულით, სიმტკიცით.
ჩამოსვლისთანავე უამრავი ცდუნება დახვდა აქ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიბინძურეში არ გარეულა. არ გამოუყენებია თავისი მდგომარეობა - საკმაოდ მნიშვნელოვანი. ძალიან ცოტას ჰქონდა ამხელა გავლენა. მე საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მქონდა მასთან იმ წლებში. სულ ვთხოვდი, მოდი, სცენარი გავაკეთოთ ერთად-მეთქი. პაატა კი მპასუხობდა, ჩათვალე, რომ ერთად ვაკეთებთო.
ყველაზე ტკბილად კი ფეხსაცმლის ისტორია მახსენდება.
არ დამავიწყდება, ახალი გახსნილი იყო ფილარმონიის ბაღში სათამაშო აპარატები, რაღაც ამერიკული თამაშები იყო - მაშინ სად იყო ასეთი რაღაცები, ახლა კი ბევრია. ვიღაც ორ ბიჭს "კნოპკიანი დანები" მოვუგეთ. მათ მამები და ბიძა მოიყვანეს, დაჩაგვრა დაგვიპირეს, მაგრამ პაატა ადვილად არავის დაეჩაგვრინებოდა. სულ თვითონ იღებდა თავის თავზე. ცდილობდა, უკან გავეწიე და თვითონ მიეღო პირველი დარტყმა. შემდეგ მერაბ ზაქარეიშვილი შემოგვეშველა, დაინახა, უსამართლოდ ვიჩაგრებოდით და მილიციის თანამშრომლებიც კი მოგვიყვანეს.
პაატა კარგად ხედავდა ცხოვრების უკუღმართობას. წყობამ, რომელშიც მას მოუხდა ცხოვრება, უამრავი ტალანტი დაღუპა. იგი ისე ვერ დაიხარჯა, როგორც შეეძლო, თუმცა მივიჩნევ, რომ მაინც სამაგალითოდ გაისარჯა. თავისი ცხოვრებით, სიმტკიცის, შეუპოვრობის და ერთგულების მაგალითით.
პაატა ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო. შეიძლება არანაკლები სახელი ჰქონდათ ვიღაცეებს, მაგრამ, მაგალითად, იაპონჩიკი და პაატა პირისპირ რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, პაატას მასზე წინ აყენებდნენ. იგი სუსტს ირჩევდა. ძლიერი ტიპები რომ უყვართ, ისეთი არ იყო. ეს იშვიათი უნარია.
ძალიან რთული პერიოდი უდგას ნინოს. ძალიან მინდა, ეკრანზე გავაცოცხლო პაატას სახე. არავის აწყობდა ხალხის გამთლიანება და ამიტომაც მოიცილეს პაატა ჩლაიძე. ეს იყო კაცი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა უწესო ხალხისთვის, მთავრობისა და საზოგადოებისთვის. უბრალოდ, თავისი არსებობითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არ მონაწილეობდა."
პაატა ჩლაიძემ თავისი ცხოვრებით დაანგრია კომუნისტური მენტალობის სააზროვნო სტერეოტიპი, მისი პროტესტი გამოიხატა არა დონ-კიხოტური რიტორიკური ქმედებით, არამედ ლეგენდარული ბიოგრაფიული პასაჟებით, რომლებიც ნებისმიერი რომანის ფაბულას დაამშვენებდა.
მისი ქრესტომათიული სიყვარული ნინოს მიმართ და პირუკუ - ლეგენდად დარჩა. ვერანაირი, უმდიდრესი ნართაულიც კი, ვერ გამოხატავს იმ ემოციურ დატვირთვას, რაც პაატასა და ნინოს ერთმანეთთან აკავშირებდა, რადგანაც დღევანდელ რეალობაში ანალოგიური სიუჟეტი ისტორიული წარსულის ფსკერზეა დალექილი. ნინომ და პაატამ კი შეძლეს ამ უწმინდესი გრძნობის შეუბღალავად გამოტარება 17 წლის მანძილზე.
მახსენდება ერთ-ერთი ფრაზა გახმაურებული ფილმიდან: "სამყარო მშვენიერია, სანამ თქვენ მასში არსებობთ". ეს სიტყვები სავსებით მიესადაგება პაატა ჩლაიძის პიროვნებას. პაატა აღარ არის, მაგრამ მისი ოჯახი ის მოსაფრთხილებელი ოაზისია, რომელიც საქართველოს ზნეობის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ის თვისებები, რითაც იყო გაჟღენთილი პაატას პიროვნება, არც სკოლაში და არც ოჯახში არ ისწავლება - ასეთებად იბადებიან.
ერთი საგაზეთო წერილი ერთობ მცირეა საიმისოდ, რომ დაატიო პაატა ჩლაიძის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი ცხოვრების ანალიზი. ერთი რამ ეჭვგარეშეა, ასეთ ადამიანზე მუდამ აწმყოში გინდა საუბარი.
ავტორი: მაია რუხაძე
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი