goglimogliკი, პრორუსულ პოლიტიკას ლობირებს უკვე რამდენი წელია - წაიკითხე მის შესახებ
* * *
goglimogliაი, ერთი, ბოლოდროინდელი სტატია მის შესახებ - ორიგინალიც აქვეა
კისინჯერის ვაშინგტონი ბრუნდება
2017-01-06 1090 ნახვა ● ელი ლეიკი | მსოფლიო პრესაBloomberg.com
მოდი, ერთი წუთით შევხედოთ ჰენრი კისინჯერის ბოლო მოქმედებას. კაცი 93 წლისაა. ამ ასაკში ბევრს არა აქვს საიმისო ენერგია, რომ „ბედის ბორბალი“ დაატრიალოს და ფეისბუქზე პოსტები დადოს. მაგრამ კისინჯერთან საქმე სხვაგვარადაა. ამ დღეებში ის გავლენის თამაშს ეთამაშება იმ ინსაიდერებს, რომლებიც ჯერ დაბადებულიც არ იყვნენ, როცა ის რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი იყო.
დონალდ ტრამპის გარდამავალი პერიოდის გუნდის ოფიციალური პირები მეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ კისინჯერმა არაერთი საათი დაუთმო ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩევლის მაიკლ ფლინისთვის და მისი გუნდისთვის კონსულტაციების გაწევას. გარდა ამისა, ის თავის ქსელს აყალიბებს. მან ფლინის მოადგილედ რეკომენდაცია გაუწია თავის ყოფილ ასისტენტს ქეი თი მაკფარლენდს და ასევე ტრამპს დაჟინებით ურჩია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე „ექსონ-მობილის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი წარედგინა. როგორც გარდამავალი პერიოდის გუნდის ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა, ტრამპის ორბიტაში კისინჯერი ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებისგან, რომელთა სატელეფონო ზარსაც ტრამპი ყოველთვის პასუხობს.
ეს, რაც კულისებს მიღმაა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კისინჯერი პრესაში ტრამპის პოლიტიკის მნიშვნელოვანი დამცველია. როცა ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კითხვები დასვა იმის გამო, რომ ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი იყო, კისინჯერმა ტრამპის ეს არჩევანი პოლიტიკურ თოქ-შოუ „ფეის ზე ნეიშენზე“ დაიცვა. 100-კაციანი კომიტეტის წინაშე, რომელიც აშშ-სა და ჩინეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების მომხრეა, კისინჯერმა შეარბილა კრიტიკა, რომლის ქარცეცხლშიც ტრამპი იმის გამო გაეხვა, რომ დეკემბერში ის ტაივანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მანამდე, კისინჯერი ოსლოში გაფრინდა, რომ მისი ნობელის თანალაურიატები იმაში დაერწმუნებინა, რომ მომავალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისთვის შანსი მიეცათ. ისეთი შეგრძნაბაა, რომ თითქოს 1975 წელი ბრუნდება. თითქმოს იმის მოლოდინიც მაქვს, რომ მალე ყვითელ პრესაში ჰოლივუდის ვარსკვლავთან კისინჯერის სასიყვარულო ამბავსაც წავიკითხავ.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ბოლოდროინდელი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი კონსულტაციისთვის ამა თუ იმ დროს კისინჯერს მიმართავდა. მაგრამ ობამას წლებში კისინჯერი ასე გავლენიანი არ იყო. როცა კისინჯერის თანაავტორობით პუბლიცისტური სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ირანთან გაფორმებული ბირთვული გარიგება იყო გაკრიტიკებული, სახელმწიფო მდივნის სპიკერის მოადგილე მარი ჰარფმა ამ სტატიას „გაზვიადებული სიტყვები და გაზვიადებული აზრები“ უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ.
მიუხედავად ამისა, უცნაურია, რომ ტრამპი კისინჯერს უსმენს. დავიწყოთ იმით, რომ კისინჯერი იმ არაერთი პოლიტიკის ავტორია, რომელთა გაუქმებასაც ტრამპი აპირებს. ეს მხოლოდ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა არ არის, რომლითაც იკრძალება ტაივანის ოფიციალურად აღიარება, თუმცა ამ პოლიტიკით ამერიკას ამ კუნძულის იარაღით მომარაგების უფლება აქვს. გარდა ამისა, კისინჯერი იარაღზე კონტროლის იმ გარიგებების ავტორია, რომლებსაც, როგორც ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ჩანს, საფრთხე შეექმნება.
„როგორც ჩანს, კისინჯერი მზად არის რჩევა მისცეს ისეთ კაცს, რომელმაც საჯაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საერთაშორისო სისტემის ის ფუნდამენტური კომპონენტები, რომლებიც სწორედ კისინჯერის დახამრებით შეიქმნა,“ მითხრა რიჩარდ ნიქსონის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ ნაფტალიმ.
აქვე აღსანიშნავია, როგორ გაიმარჯვა ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში. გავიხსენოთ მისი ბოლო არგუმენტი: „რაც შეეხება მათ, ვინც ვაშინგტონში ძალაუფლების ბერკეტებს და მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებს აკონტროლებენ, ისინი მათთან თანამშრომლობენ, ვინც თქვენს კეთილდღეობაზე არ ფიქრობს.“ ეს არ არის კისინჯერის საკუთარი საკონსულტაციო ფირმის დაუსაბუთებელი დახასიათება, ფირმისა, რომელიც უცხო ქვეყნის მთავრობებს და მსხვილ კორპორაციებს სტრატეგიულ საკითხებზე კონსულტაციას 1982 წლიდან უწევს.
რა თქმა უნდა, კისინჯერი ყოველთვის იყო წინააღმდეგობრივი. მისი მომხრეების თვალში ის არის ამერიკელი მეტერნიხი - 19 საუკუნის ავსტრიელი დიპლომატი და სწავლული, რომელმაც განსაზღვრა და განმარტა მისი დროის გეოპოლიტიკა. სულაც არ არის დამთხვევა, რომ მეტერნიხი კისინჯერის 1957 წელს გამოქვეყნებული პირველი წიგნის საგანი იყო.
ისტორიკოსმა და კისინჯერის ბიოგრაფმა ნაიალ ფერგუსონმა ეს ასე გამოთქვა: „ტრამპი კისინჯერს იმიტომ დაუკავშირდა, რომ ის მას სამართლიანად მიიჩნევს დღევანდელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე შორსმჭვრეტელ და გამოცდილ გეოპოლიტიკის თეორეტიკოსად და მოქმედ პოლიტიკოსად, და ის ხვდება, რომ მას შეუძლია კისინჯერის რჩევა თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების დასადგენად გამოიყენოს.“
ვაშინგტონისა და ახალი წლის საგარეო პოლიტიკის ესტაბლიშმენტის ყურისთვის ეს, რა თქმა უნდა, მუსიკასავით ჟღერს. მემარცხენე და მემარჯვენე იდეალისტებისთვის ტრამპზე კისინჯერის გავლენა განგაშის სიგნალია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკაში მის წარმატებას, კისინჯერი ცივი ომის ისტორიაში უფრო საეჭვო მომენტების ავტორიც არის. სწორედ მისი ორგანიზებით მოხდა 1973 წლის სახელმწიფო გადატრიალება, რა დროსაც ჩილეს არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალენდე ჩამოაგდეს. სწორედ კისინჯერმა შექმნა კამბოჯაში ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის პოზიციების დაბომბვის სტრატეგია და ეს ამბავი კონგრესს დაუმალა. ამ ისტორიის გამო ჰილარი კლინტონს ბერნი სანდერსმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს უსაყვედურა, როცა მან ეჭვი შეიტანა იმ ადამიანის აზროვნებაში, ვინც კისინჯერს პირად მეგობრად მიიჩნევდა.
მაგრამ კისინჯერი მხოლოდ მემარცხენეებისთვის მიუღებელი ადამიანი როდია. კისინჯერი ნეოკონსერვატორებსაც დაეჯახა, როცა ის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში რიჩარდ ნიქსონის მრჩეველი იყო. დემოკრატმა სენატორმა ჰენრი ჯეკსონმა ნიქსონის ადამინისტრაციას საბჭოთა კავშირისთვის სანქციები ამ უკანასკნელის მიერ ებრაელი დისიდენტების სასტიკად მოპყრობის გამო დააწესებინა. კისინჯერმა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ იმიტომ გაილაშქრა, რომ ის ძირს გამოუთხრიდა მის საკუთარ პოლიტიკას, რომელიც მოსკოვთან დაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად.
ახლა, როცა ტრამპი ხელისუფლების ჩასაბარებლად ემზადება, რუსეთი ვაშინგტონში ისევ განხეთქილებებს იწვევს. გასულ კვირას ობამას ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურები დემოკრატიული პარტიის წამყვანი ფიგურების საიტებს ტეხავდნენ და ინფორმაციას პრესაში ავრცელებდნენ. ტრამპმა და მისმა გარდამავალი პერიოდის გუნდმა ამ ოპერატიულ ინფორმაციას ეჭვის თვალით შეხედა.
კისინჯერს ამაზე ჯერ არაფერი უთქვამს. მაგრამ ის უკვე ბოლო რამდენიმე წელია ამბობს, რომ გინივრული იქნებოდა, თუ პუტინთან უფრო ახლო მუშაობის გზები გამოინახებოდა. მოსკოვში გორჩაკოვის ფონდის თებერვლის სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა: „დღევანდელ მრავალპოლუსიან წესრიგში რუსეთი უნდა განიხილებოდეს არა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების საფრთხედ, არამედ ნებისმიერი ახალი გლობალური ბალანსის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად.“
ეს პერსპექტივა სინთეზშია ტრამპის შეხედულებასთანაც, რომ პუტინთან გარიგების დადება შესაძლებელია. ფერგიუსონმა მითხრა, რომ ტრამპს კისინჯერი იმიტომაც მოსწონდა, რომ ამომრჩევლებს ყელში ამოუვიდათ საგარეო პოლიტიკისადმი ჯორჯ დაბლიუ ბუშისა და ობამას მიდგომები. „კისინჯერი არცერთ მიდგომასთან არ ასოცირდებოდა, თუმცა ის გაცილებით ნაკლებად აკრიტიკებდა ჯორჯ დაბლიუ ბუშის მიდგომას,“ აღნიშნა მან. „ჩემი აზრით, ტრამპს იზიდავს კისინჯერის რეპუტაცია, რომ ის რეალისტია, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს მისი ძალზე არაზუსტი დახასიათებაა. ტრამპს ასევე ხიბლავს იმ ურთიერთობების უნიკალური ქსელი, რომელიც კისინჯერს შემოაქვს: მარტო პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან მისი რეგულარული შეხვედრები რად ღირს.“
მშვენიერია. მომავალი პრეზიდენტი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გლობალურ ელიტას ებრძოდა, საქმეს იჭერს კაცთან, რომელსაც ამ ელიტის წარმომადგენელთა უმრავლესობასთან ახლო ნაცნობობა აქვს. ეს კი ის ირონიაა, რომელსაც ალბათ ჰენრი კისინჯერის ყოფილი კლიენტები უფრო მიხვდებიან.
ელი ლეიკი, 2017 წლის 4 იანვარი
https://www.bloomberg.com/view/articles/201...ing-back-around This post has been edited by anthropod on 25 Feb 2017, 12:58