18 მაისი / 2017
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და 2.48-იანი ნიშნულიდან კურსი 2.40-მდე ჩამოვიდა. 
მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდეს და ზაფხულის პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულში გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყება. ამჟამინდელი გამყარება-გაუფასურება მათ ხელოვნურ პროცესად მიაჩნიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ბირჟებზე დოლარის პოზიცია თანდათან სუსტდება. 6 ნოემბრის შემდეგ ამერიკული ვალუტა ევროსთან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ იანვარში 1 ევრო 1.04 დოლარი ღირდა, დღეს უკვე 1.11-ის მაჩვენებელს გადააბიჯა.
გარდა ამისა, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები საკმაო სტაბილურობას ინარჩუნებენ. ამ ფონზე, ლარის გამყარების ტენდენცია, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება.
ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირებს ფინანსისტი აკაკი ცომაია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში ეროვნული ვალუტის გამყარება მოსალოდნელი იყო და ასეც ხდება.
"თუ კარგად დავაკვირდებით, ლარი წლის ამ პერიოდში ყოველთვის მყარდება. პირველ რიგში, ეს ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. ამას გარდა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტმა შედარებით მოიმატა. ეს ძირითადი მიზეზია ლარის გამყარებისა.
სადამდე შეინარჩუნებს ეროვნული ვალუტა იმ ნიშნულს, რომელზეც დღეს არის ან წამოვა თუ არა კიდევ უფრო ქვემოთ, ამაზე საუბარი ცოტა რთულია. ზაფხულის თვეები ამ მხრივ იმედის მომცემია, შესაბამისად, რამდენიმე თვე სავალუტო ბაზარზე ნამდვილად იქნება სტაბილურობა", - აღნიშნა ცომაიამ.
ლარის გამყარება და გაუფასურება ხელოვნურ პროცესად მიაჩნია ფინანსისტ დავით წიქარიძეს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, იმისათვის, რომ სტაბილური ვალუტა მივიღოთ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რაც ქვეყანას არ გააჩნია.
"ამ თემაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ზოგადად როგორ დგინდება კურსი, ვერ გავიგე. ასე მგონია, ვიღაცების ერთობლივი გადაწყვეტის შედეგად ხდება კურსის გამოანგარიშება. სავალუტო პროცესებზე არაფერი მოქმედებს, არც საერთაშორისო ფაქტორები და არც შიდა ვითარება. სულ სხვა სამზარეულოა. ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. ხელოვნურად მართული პროცესი მგონია, ის რაც ლარს სჭირს.
ამ ეტაპზე გამყარების პროცესს, გარკვეულწილად, ტურისტების ნაკადმაც შეუწყო ხელი, რამაც ქვეყანაში დოლარის შემოდინება განაპირობა. მიმაჩნია, რომ თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ გვექნება, ვერ მივიღებთ სტაბილურ ვალუტას. მთავარი ამოცანაც 
ეს არის, სწორი პოლიტიკა, რაც სავალუტო ბაზარზე სიმშვიდის გარანტია", - აღნიშნა წიქარიძემ. 
* * * 
https://bpn.ge/index.php?option=com_content...nsebi&Itemid=68