მეგობარმა დასდო ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/notes/elene-okromc...440783025964097პირამიდები და ქსელური მარკეტინგი, ანუ როგორ ამოვიცნოთ აფერისტები!

)
ბევრს სმენია ე.წ. „ ფინანსური პირამიდების“ შესახებ. ფინანსური პირამიდა არის კომპანია, რომელიც იღებს შემოსავალს სტრუქტურაში სახსრების მუდმივი შემოდინების გზით. პირამიდის მონაწილეების შემოსავალი დამოკიდებულია ახალი წევრების მიერ პირამიდაში სახსრების განთავსებაზე. კლასიკური ბიზნესისგან განსხვავებით პირამიდაში რესურსი კი არ ბრუნავს, არამედ მიედინება მხოლოდ ერთი მიმართულებით. უმეტეს შემთხვევაში კომპანიის „პირამიდობა“ შენიღბულია ბუტაფორიული პროდუქტით, რომლის რეალიზაცია ხდება ქსელური მარკეტინგის გზით. როგორც წესი, პირამიდაში შემოსულ ახალ წევრებს პირდებიან მაღალ შემოსავალს, რომლის სტაბილური შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.
პირამიდის 5 მთავარი ნიშანი:
1) აუცილებელია საკმაოდ დიდი თანხის ჩადება;
2) კომპანია პირდება დიდი სარგებელს;
3) იმისთვის, რომ სარგებელი გქონდეთ უნდა მოიზიდოთ ახალი წევრები;
4) პროექტი აღწერილია, როგორც რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე. ის შეიცავს მუშაობის არასტანდარტულ სქემებს;
5) პროექტის ოფისი არ გავს ზე-წარმატებული ბიზნესის ოფისს.
ქსელური მარკეტინგის უკან მდგარი პირამიდის 5 ნიშანი:
1) სისტემაში მოსახვედრად შესატანი თანხა არის დიდი;
2) სისტემის გარეთ გასაყიდი პროდუქტის საბაზრო ღირებულება არის ძალიან დაბალი; (ანუ თუ არ იმუშავე შემოთავაზებული სქემით ვერ გაყიდი, მაგალითად ბაობაბისგან დამზადებულ სასწაულმოქმედ პროდუქციას იმ ფასად, რა ფასადაც იყიდება სისტემაში)
3) არ არსებობს თანხის მიღების ოფიციალური დოკუმენტაცია (ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება, ჩეკი და ა.შ.)
4) ძირითადი სარგებელი მიბმულია მოყვანილი წევრების რაოდენობაზე და არა რეალიზებული პროდუქციის მოცულობაზე.
5) მთავარი აქცენტი კეთდება სწრაფ გამდიდრებაზე.
პირამიდების მაგალითები:
1) კომპანია ქიუ ნეტი (რომლის ანალოგი ვერ მოვიფიქრე, რომ განმეზოგადებინა

), ალბათ ამიტომაც არის ასეთი წარმატებული მსოფლიო მასტაბით;
2) ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სასწაულმოქმედი კოსმეტიკა და ბიო აქტიური დანამატები, რომელიც კურნავს ყველაფერს და აჩერებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ამავდროულად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მსგავსი პროდუქციის საბაზრო ღირებულებას (სწორედ მისი უნიკალურობის გამო). სხვაგან ის არ იყიდება იმის გამო, რომ ფარმაცევტული ბიზნესს არ აწყობს კონკურენტების გაპარპაშება. მით უმეტეს, როდესაც ასეთ ინოვაციურ პროდუქტზე არის ლაპარაკი, რომელიც ჩაძირავს ფარმაცევტებს და დააკარგინებს მილიონებს.
3) ფორექსით მოვაჭრე კომპანიები. მსგავსი კომპანიები იზიდავენ ხალხს დასაქმებით. პირდებიან ფორექსით ვაჭრობის ადგილზე შესწავლას და შემდეგ დიდი ფულის გაკეთებას. საბოლოოდ ფულს ართმევენ ხალხს და შემდეგ აღარ უბრუნებენ სხვადასხვა მიზეზების მოყვანით. სთავაზობენ ვირტუალურ ბონუსებს, რომლითაც დაკარგულ ფულს „ამოიღებენ“ იმისთვის, რომ დრო გაწელონ.
4) სხვადასხვა სახის საინვესტიციო კომპანიები, „ოქროში ჩადებული“ ანაბრები, ფონდები საბაზროზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, საპენსიო ფონდები და ა.შ.
5) პირამიდასთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ მაინც აფერისტების ბუდეა კომპანია „დეშელი“, აწ უკვე „ლაქშერი კოსმეტიკს“. გიბარებენ სახის უფასო წმენდაზე და ცდილობენ განვადება გაგიკეთონ 3000 ლარის „სასწაულმოქმედ“ კრემებზე. იყენებენ ყველანაირ ფსიქოლოგიურ ხრიკებს იმისთვის, რომ ხელი მოგაწერინონ განვადების ხელშეკრულებაზე. „დღეში 2 ლარი, როგორ ვერ უნდა გაიმეტო თავმოყვარე ქალმა საკუთარი თავისთვის?“, „როდემდე უნდა ვიყოთ ქალები ოჯახის მონები“ და მსგავსი ფრაზებით ხდება ზეწოლა შეტყუებულ კლიენტზე. ბოლოს გაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში და თითქოს იძულებული ხარ იყიდო მათი პროდუქცია. ბოლო დროს მამაკაცებზეც გადავიდნენ

ყველა ამ კომპანიას აერთიანებს ის, რომ აქტიურად იყენებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოტენციურ „კლიენტებზე“. კომპანიის წევრებს კი ტრენინგებს უტარებენ. ისინი ზემოქმედებენ როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად. ისინი დგამენ სპექტაკლს და გიქმნიან მიკროსამყაროს, რომელშიც შენ გიადვილდება გადაწყვეტილების მიღება და სანამ ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ხარ, ცდილობენ სწრაფად მიიღონ შენგან ფული. ამის შემდეგ კი შენ უკვე სისტემის წევრი ხარ და საკუთარი ფულის დასაბრუნებლად იძულებული ხარ შენც ითამაშო როლი ამ სპექტაკლში. ასეთ კომპანიებში ყველა კითხვაზე მზად აქვთ პასუხი. ქვემოთ ჩამოვთვლი ხშირად დასმულ კითხვებს და ხშირად გაგებულ პასუხებს. შემდეგ კი ამ პასუხების კონტრარგუმენტებს.
კომპანიაში მოსული ადამიანის ხშირად დასმული კითხვები:
· კითხვა: ეს კომპანია პირამიდაა?
· პასუხი 1: არა, ეს არის ქსელური მარკეტინგი. ამ ორს შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ ვახდენთ უნიკალური პროდუქციის რეალიზაციას ქსელური მარკეტინგის საშუალებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ..... (ბლა ბლა ბლა) და ამაზე დაყრდნობით შეიქმნა ეს პროდუქტი, რომელიც სხვაგან არ იშოვება იმის გამო, რომ ფარმაცევტულ ბიზნესში ტრიალებს ძალიან დიდი ფული, რომელსაც მფლობელები დაკარგავენ ასეთი კონკურენტის გამოჩენისას. ამიტომაც გვიწევს ასეთი გზით ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება და დახმარება.
· რეალობა: თუ პროდუქტი ღირს ბევრად ძვირი, ვიდრე მსგავსი პროდუქცია ბაზარზე, და ამ „ზედმეტ“ ფულს შენ იხდი იმ უნიკალურ თვისებებში, რომელიც ან არსებობს ან არა, კაცმა არ იცის, 99% ეს არის აფერისტების კომპანია. ისინი გაჩვენებენ ვიდეო რგოლებს, გამოიყვანენ მსახიობებს, რომლებსაც ათქმევინებენ თუ როგორ სასწაულებრივად მოქმედებს ეს პროდუქტი და რომ შედეგი სახეზეა. შესაძლებელია ასევე „პლაცებოს ეფექტი“. როდესაც ადამიანი იყენებს უსარგებლო პროდუქტს, მაგრამ მას ბოლომდე სჯერა ამ პროდუქტის მოქმედების, მისი ტვინი აჯერებს ორგანიზმს ამას და საბოლოო ჯამში პროდუქტი მოქმედებს. ეს არის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა და საკმაოდ რთულია, ამიტომ ამის იმედზე ნუ იქნებით

· პასუხი 2: პირამიდა არის უნივერსალური სქემა, რომელიც გვხვდება სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში. უბრალოდ ის პირამიდები, რომლის არსებობაც სახელმწიფოს აწყობს კანონიერია, სხვა კი უკანონო. ეგეთი პირამიდები არ ექვემდებარება სახელმწიფოს კონტროლს, ამიტომაც საზოგადოებას აჯერებენ, რომ ეს არის თაღლითობა. დავუფიქრდეთ რას წარმოადგენს ბანკი, საპენსიო ფონდები, სადაზღვეო კომპანიები. ვერცერთი ბანკი ვერ შეძლებს ყველა მეანაბრის ერთდროულად გასტუმრებას, მას ფიზიკურად არ გააჩნია ეს ფული. კერძო კომპანიების სტრუქტურა პირამიდებს წარმოადგენს, ყველაზე მეტ ფულს იღებს ზევით მდგომი ხალხი. განსხვავება ისაა, რომ ქვევით მდგომ ხალხს არ აქვს საშუალება საკუთარი ძალისხმევით გაზარდოს საკუთარი შემოსავალი. ისინი იძულებულები არიან იმუშაონ დაბალ ხელფასზე, მთელ მოგებას კი ზევით მდგომი ადამიანები ინაწილებენ.
· რეალობა: ბანკის საქმიანობა წარმოადგენს შემდეგს: სესხულობს ფულს დაბალ პროცენტში და ასესხებს მაღალში. პროცენტების სხვაობით მას რჩება მოგება. იმისთვის, რომ ბანკს არ დაუდგეს ის დღე, რომ მან ვეღარ გაისტუმროს ანაბრები, ბანკი ყოველდღიურად აფასებს რისკებს, ახორციელებს ლიკვიდურობის მონიტორინგს, ამ ყველაფერს ასევე აკონტროლებს ეროვნული ბანკი. მარტივად, რომ ვთქვათ, ბანკი ვერ გაისტუმრებს მეანაბრეებს იმ შემთხვევაში თუ ანაბრები იქნება მოკლევადიანი და სესხები კი გრძელვადიანი. ეს ყველაფერი კი დეტალურად კონტროლდება და იგეგმება. ბანკი ისედაც მშვენიერ მოგებას ნახულობს პროცენტების სხვაობით, შესაბამისად მის ინტერესებში შედის მსგავსი სიტუაციის თავიდან არიდება და საკუთარი საქმიანობის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა. რაც შეეხება ჩვეულებრივი კომპანიების პირამიდის ფორმის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მსგავსება მხოლოდ ფორმაშია და არა მექანიზმში. მსგავსი ფორმა აადვილებს ორგანიზაციის კონტროლს, როდესაც საქმე დიდ მასშტაბებს ეხება. კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა შეიძლება იყოს სხვა ფორმის და იგივენაირად შემოსავლიანი იყოს. თანაც ამ კომპანიებში არ ითხოვენ ფულის ჩადებას

ფულს გიხდიან შრომაში და არაფერს კარგავ.
· პასუხი 3: ეს ბიზნესი ცუდი რომ იყოს, ამდენ ქვეყანაში იქნებოდა? დონალდ ტრამპი უწევს რეკომენდაციას, შეგიძლიათ თავად მოუსმინოთ იუთუბზე. მანჩესტერ სიტის ასპონსორებენ. აფიორა რომ იყოს, ამხელა საფეხბურთო გუნდი დებილები არიან?
· რეალობა: ეს ბიზნესი ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, დანარჩენებში უბრალოდ ჯერ არ არის აკრძალული. დონალდ ტრამპი კი არა ნებისმიერი გაუწევს რეკომენდაციას, ვინც წილში ზის. მანჩესტერ სითის ფულს უხდიან, პირამიდაში კი არ ყავთ ჩაბმულები

სპეციალურად აპელირებენ ცნობილი სახეებით, რომ მეტი სანდოობა მოიპოვონ ხალხის თვალში.
· კითხვა: ცუდი რომ არ იყოს რატომ აკრძალავდნენ?
· პასუხი: ეგრე ფეისბუქიც აკრძალულია ჩინეთში. სახელმწიფოს არ აწყობს უკონტროლოდ ფულის ტრიალი ამიტომაც კრძალავენ.
· რეალობა: ფეისბუქი კომუნისტურ ქვეყნებშია აკრძალული, პირამიდები კი დემოკრატიულში. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ლეგალურია, 1000%-ით სახელმწიფოს მხრიდანაც წილშია ხალხი. უკონტროლოდ ფულის ტრიალი, რომ არ აწყობთ და ეკონომიკაზე ცუდ ზეგავლენას, რომ ახდენს ასეთი კომპანიები, არ ნიშნავს იმას, რომ თაღლითური არ არის.
· კითხვა: ამდენი ფული რომ გადის საზღვარგარეთ?
· პასუხი: მანქანას როდესაც ყიდულობ, რამდენი ფული გადის საზღვარგარეთ, სანაცვლოდ კი რკინის გროვა ჩამოდის. ეს იგივე არაა?
· რეალობა: მანქანას როდესაც ყოდულობ, შენ რკინის გროვას კი არ ყიდულობ, არამედ ყიდულობ გადაადგილების საშუალებას, რომელიც უფრო პროდუქტიულს გხდის საზოგადოებაში. ნაკლები დრო გეხარჯება გზაში, ანუ მეტი გრჩება იმისთვის, რომ ეკონომიკას რაიმე შემატო. გარდა მაგისა მანქანით სარგებლობისას იყენებ სხვა ბიზნესებს, როგორიცაა: ბენზინი, ნაწილები, შეკეთება და ა.შ. ამ ყველაფრით კი ასევე შეგაქვს წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ბენზინიც საზღვარგარეთიდან ჩამოდისო და ისევ გარეთ გადის ფულიო იტყვიან ალბათ. მაგრამ რეალურად იმისთვის, რომ ბენზინი ჩაასხა უნდა არსებობდეს კომპანია, რომელიც ასაქმებს 100-ეულობით ხალხს, ჩამსხმელიდან დაწყებული ბუღალტერით დამთავრებული. ასევე ქირაობს ბენზინგასამართი სადგურის ადგილს და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ფული ბრუნავს. და აი 2000 ევროს რომ გაისვრი ფილიპინებზე არაფერში, მანდ არაფერი აღარ ბრუნავს

ამიტომ ძალიან ცუდი ანალოგიაა რიგითი იმპორტი ქვეყნიდან ფულის გადინებასთან პირამიდაში.
· კითხვა: სტატია წავიკითხე, რომელშიც გლანძღავენ. ბევრი რეალურად დაზარალებულია, რა გარანტია მაქვს რომ მე არ ვიქნები?
· პასუხი: პირველ რიგში ამ სტატიებს წერენ კონკურენტების დაკვეთით. რაც შეეხება დაზარალებულებს, ეს იყო ხალხი, რომელმაც არ მოისურვა ხელის განძრევა. ისევე, როგორც სხვა ბიზნესში აქაც საჭიროა მუშაობა, თავისით არაფერი მოდის. თუ მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას, რაც მთავარია ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით, რადგანაც პირველ რიგში ჩვენი ფინანსური ინტერესია, რომ თქვენ ნახოთ მოგება.
· რეალობა: ხელის განძრევა არაფერ შუაშია. დგება მომენტი, როდესაც პირამიდის დონე აღწევს პიკს და ფიზიკურად აღარ რჩება ხალხი იმისთვის, რომ სისტემაში შეიყვანო და მოგება ნახო. რადგანაც პირამიდა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ასეთი მომენტის დასადგომად საკმარისია რამდენიმე დონის არსებობა. რამდენიც არ უნდა ირბინოთ და ნაცნობები შეაწუხოთ, ახალ ხალს ვეღარ იშოვით, მინიმუმ იმიტომ, რომ ამ კომპანიაზე ინფორმაცია უკვე გავრცელებული იქნება და ხალხის დაყოლიება რთული იქნება.
· კითხვა: ხალხი რომ დამთავრდება, პირამიდა ხომ ჩამოიშლება?
· პასუხი: გადახედეთ ქვეყნის სტატისტიკას, დღეში რამდენი ადამიანი ხდება სრულწლოვანი, ანუ ყოველდღე სტრუქტურის ახალი პოტენციური ადამიანები ჩნდებიან, შესაბამისად ხალხი ვერ დამთავრდება.
· რეალობა: პირამიდა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. შესაბამისად ახალი ადამიანების რიცხვიც უნდა იზრდებოდეს მინიმუმ იგივე ტემპებით, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს თუ სრულწლოვანი გახდა 2 ადამიანი, ხვალ უნდა გახდეს - 4, ზეგ - 8 და ა.შ. გადახედეთ სტატისტიკას და შეაფასეთ, რამდენად რეალურია ეს

.
თუ კიდევ გამახსენდა მსგავსი კითხვა-პასუხები, ჩავამატებ

)
რაც მთავარია, არავის დაუკვეთია ჩემთვის ამის დაწერა და არც დაზარალებული ოჯახის წევრები არ მყავს.
P.S. ბოდიშს ვიხდი გრამატიკული შეცდომებისთვის (პუნქტუაცია განსაკუთრებით).