პატრიოტიზმის აღქმა რამდენიმენაირად ხდებაო...--- ასრე წერენ მავანნი და ჩვენებურად
როგორაა?
ენა, მამული.და.სარწმუნოებაა კომპლექსში?
ასეა.ახსნილი.ზოგადად:
პატრიოტიზმი ქართულად
პატრიოტიზმი ერთი შეხედვით მარტივად განსაზღვრებადი ცნებაა . ქართველებისთვის განსაკუთრებულად ახლობელი ტერმინი ხშირად ნაციონალურ გრძნობებთან იგივდება, ყველაზე პოპულარულ-მექანიკური გაგებით პატრიოტიზმი “სამშობლოს”,მშობლიური მიწა-წყლის სიყვარულად აღიქმება. თუმცა, საკითხთან ეტიმოლოგიური,ოდნავ სიღრმისეული მიდგომა ალბათ ბევრ, ეროვნული სულისკვეთებით აღტკინებულ , ქართველ „პატრიოტს“ დააფიქრებს საკუთარ პატრიოტობასა და ამ ტერმინის ისტერიული სიხშირით ხმარების მართებულობაზე.
ბერძნული πάτρις და ლათინური პატრია სიტყვა-სიტყვით მამულს ნიშნავს.შესაბამისად „პატრიოტი ც“ სხვა არაფერია,თუ არა მამულიშვილი.თუმცა როგორც ყველა ტერმინს მიღმა,პატრიოტიზმის შემთხვევაშიც არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც მის სწორად გააზრებაში გვიწყობს ხელს და რომლებიც ხშირად მთარგმნელების მხრიდან გაუთვალისწინებელი რჩება,რაც შესაბამისად რეალური არსის დამახინჯებას განაპირობებს. Πάτρις ძველ საბერძნეთში სულაც არ აღნიშნავდა მთელ საბერძნეთს,არც მის რომელიმე მხარეს,როდესაც ბერძენი ამბობდა „ჩემი პატრისი“ ის გულისხმობდა მის „სანათესაოს“,“ საძმოს“. “მე ვარ მამაჩემის შვილი და პაპაჩემის შვილიშვილი და ისინი ორივე აქაურები(ვთქვათ, ათენელები) არიან”. სწორედ და მხოლოდ ეს შინაარსი ჰქონდა“პატრიოტიზმს” ძველ საბერძნეთში.ამრიგად, ყველა ის ეტიმოლოგიური ვარაუდი,რომელიც ამ სიტყვას მამულიშვილის ანალოგად მიიჩნევს,მცდარია.
რაც შეეხება „სამშობლოს“, ის ისეთივე აბსტრაქტული და სუბიექტურია,როგორც ქართული პატრიოტიზმი. დიახ, სამშობლო არამატერიალური აბსტრაქციაა და სუბიექტური ,იმდენად რამდენადაც, თუ თქვენ ჰკითხავთ მილიონ ადამიანს რა არის მისთვის სამშობლო,მიიღებთ მილიონ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხს, ისევე, როგორც ბედნიერების ან სიყვარულის ცნებების შემთხვევაში. ზოგისთვის სამშობლო წმინდა ქართულ ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ სივრცესთან ასოცირდება,ზოგისთვის სამშობლო უბრალოდ ის გარემოა სადაც დაიბადა და გაიზარდა, მაგალითად ეთნიკური სომხებით,ქართველებით, ქურთებით და ებრაელებით დასახლებული იტალიური ეზო. ზოგი სამშობლოში იმ ტერიტორიულ სივრცეს გულისხმობს „სადაც შობილა,გაზრდილა და უსროლია ისარი“, ამგვარი გაგებით სამშობლოს ფენომენი განსაკუთრებით აქტუალური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წიაღში , საფრთხის ქვეშ მყოფი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პერიოდში ხდებოდა ,ზოგისთვისაც სამშობლო ეროვნული თემატიკისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში იწყება და მთავრდება.
ქართველური გაგების პატრიოტიზმი ყველაზე დიდ სიახლოვეს ფრანგული პატრიოტიზმის ემოციურ პირველსახესთან ამჟღავნებს, რუჟე დე ლილის ცნობილ მარსელიეზაში სიტყვები „სამშობლო“ და „სამშობლოს შვილები“ უდიდესი მუხტის მიმცემი აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა ფრანგი მეამბოხეების წარმატებაში, რისთვისაც მარსელიეზამ და „პატრიოტიზმმა“ სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ფრანგულ სიმბოლიკაში.თუმცა აღსანიშნავია,რომ ტერმინი დაიცალა თავდაპირველი ემოციური დატვირთვისგან და რაციონალური არსი შეიძინა, ფრანგული პატრიოტიზმი დღეს რევულუციის იდეებისა და ღირებულებებისადმი სიყვარულს და ერთგულებას გულისხმობს.შეიცვალა დამოკიდებულება ბისმარკისეული და თანამედროვე პატრიოტიზმისადმი გერმანელებისთვისაც, გერმანული პატრიოტიზმი დღეს კონსტიტუციისადმი ერთგულებაში გამოიხატება. ამერიკელი ხალხისთვის პატრიოტიზმი აშშ-ს მამების დანატოვარი ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას ნიშნავს.
გამომდინარე ქართული „სამშობლოს“ ნაირგვარი გაგებისა თანამედროვე ქართული პატრიოტიზმიც შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ტერმინი,რომელიც აბსტრაქციის,ან სუბიექტურად ნაგულისხმევის სიყვარულს ნიშნავს. ქართულ პატრიოტიზმს არ განუცდია მოდერნიზაცია. დღეს სკოლებში ისევ მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი “ქართველო ხელი ხმალს იკარ“ სულისკვეთებით მსჭვალავენ ბავშვებს და „ სამშობლოსთვის“ თავგანწირვისკენ მოუწოდებენ, რომლის განმარტებასაც თანამედროვეობასთან მიმართებაში მათ სამწუხაროდ არავინ აძლევს. ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობების პერიოდისთვის დამახასიათებელ, ეთნიკურ უპირატესობათა წინა პლანზე წამოწევას და „ სხვა ერებზე მაღლა დგომის“ რწმენის დანერგვას შეიძლება გარკვეული გამართლება ჰქონოდა სახელმწიფოებრიობისთვის მძიმე პერიოდებში, თუმცა ეს მიდგომა დღეს მხოლოდ ხელისშემშლელია სახელმწიფოსთვის,რომელსაც ცივილურ სამყაროთან ინტეგრაციის პრეტენზია აქვს. შოვინიზმი არათუ ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, არამედ შობს ყველა იმ მანკიერებას,რომელიც გვაკარგვინებს ობიექტურად განსჯის უნარს.
გამოსავალი მოვლენებისა და ღირებულებების სწორ შეფასებასა და გადაფასებაში უნდა ვეძებოთ. მოგვიწევს შელამაზებული წარსულის მხოლოდ დადებით კონტექსტში დანახვის გადაყვარება, იმის გააზრება, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი გზა ღირსებებთან ერთად ნაკლოვანებების მიუკერძოებელი აღქმაა, მოგვიწევს მისტიციზმით გაჟღენთილ „სამშობლოს“ ცნების ქვეშ ქართული სახელმწიფოებრიობა ვიგულისხმოთ, რაც ჯერჯერობით სიამაყის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. პატრიოტიზმიც სწორედ მის მშენებლობაში წვლილის შეტანაში უნდა გამოიხატოს, რაც შეიძლება სუფრული პატრიოტიზმისგან განსხვავებით რადიკალური, თუმცა მილიტარისტულ პატრიოტიზმთან შედარებით რბილი ფორმით, სამოქალაქო აქტივობით იქნას გამოვლენილი.
https://politikuriideologiebi.wordpress.com...83%90%E1%83%93/