#50406153 · 20 Apr 2017, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდმა“ 1 სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე საკუთარი შემოსავლებიდან 2017 წლის განმავლობაში 230 000-მდე ლარი გამოყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკა“-სთან“ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 14 თებერვალს გაფორმდა.
სს „საპარტნიორო ფონდმა“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებისა და ტექმომსახურების შესყიდვის მიზნით 2017 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის პრეისკურანტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 229 330 ლარით განისაზღვრა.
ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „აკა“ (ს/კ – 204875082), რომელიც მასში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტი იყო. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის 2017 წლის 14 თებერვალს 15 000 ლარზე გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა განკუთვნილია საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული მხოლოდ 1 უცხოური წარმოების ავტომანქანისთვის, – ეს არის 2010 წელს გამოშვებული „MERCEDES BENZ S 500“.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია, – მხოლოდ 2016 წელს მისმა ანაზღაურებამ (ხელფასი, პრემია, დანამატი) ჯამში 404 250 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება არა მხოლოდ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების, არამედ ასევე იტალიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, თურქმენეთის, სომხეთის პრეზიდენტებისა და სხვა არაერთი სახელმწიფოს მეთაურის ხელფასს.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე შეიქმნა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს. საპარტნიორო ფონდი მართავს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორის“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს და წილებს.
რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – შპს „აკა“ „მერსედეს ბენცის“ გენერალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი 1996 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის მეწილეები არიან: ლუიზა თავართქილაძე (46 %), მაკა ასათიანი (27 %) და სალომე ასათიანი (27 %).
|