ხუმრობთ?
იმედია.................
pekineli100%
აგერ დაუწერია უკვე კაცს და წაიკითხეთ, წამლად თუ არა, იქნებ მუხრუჭად მაინც გამოგადგეთ ზოგიერთებს...
https://www.radiotavisupleba.ge/a/blog-gior...s=og.recommendsსააკაშვილის თანმდევი სახელმწიფო სიმბოლიკიანი ტრიბუნები, ჰიმნის შესრულებისას მარჯვენა ხელის მკერდზე მიბჯენა, დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნის ტარება – ამერიკის პრეზიდენტის, უშუალოდ ჯორჯ ბუშის იმიტაციაა, რაც საქართველოს პროამერიკულობასა და სააკაშვილის ბუშის პოლიტიკის ერთგულებაზე მიანიშნებს. ბუშის მიმბაძველობა სააკაშვილის მილიტარისტულ რიტორიკასა და ბოროტების ძალებთან ესქატოლოგიური ბრძოლის ფანტაზიებშიც აშკარაა. თუმცა ამავე დროს თავად ბუშისადმი პატივისცემის ნიშნად ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის სახელის თბილისის ქუჩისათვის დარქმევა თავისი არსით სრულიად ანტიამერიკული და უფრო საბჭოთა წარმოშობის პიროვნების კულტის სფეროდანაა გადმოღებული, რომელიც „უძრაობის“ ეპოქის სულს აცოცხლებს. ამგვარად, ამერიკული ფორმა ქართულ იმიტაციაში კარგავს პირვანდელ შინაარსს და პაროდიად გადაიქცევა. იმიტაციით შექმნილი სააკაშვილისეული ფორმა კი ახალ მნიშვნელობას იძენს, სადაც საქართველო საკუთარ თავს ამერიკის უმცროს ძმად ან შვილობილად გამოსახავს, რომელიც თავისი მფარველის მიბაძვასაც კი საბჭოური არტიკულაციის ფორმებით ცდილობს.
სააკაშვილის ესთეტიკაში იმიტაციის კიდევ უფრო მეტად სასურველი ობიექტი ევროპაა. ზურაბ ჟვანიას მიერ გახმოვანებულმა რიტორიკულმა ფორმულამ – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, რაც მომავლისკენ მიმართული პოლიტიკური ორიენტაციის აღმნიშვნელი საპროგრამო განცხადება იყო, სააკაშვილთან რეალურად არსებული ფაქტის სტატუსი მიიღო და პრეზიდენტის ესთეტიკური აქტივობის და საქართველოს ევროპულობის ინსცენირების მთავარ მამოძრავებელ ძრავად იქცა.
საქართველოს ევროპულობის დასამტკიცებლად, სააკაშვილი ქვეყნის არა სამართლებრივად და პოლიტიკურად გაევროპულებას, – რაც ევროპულის მსგავს კანონმდებლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ამოქმედებას, მედიის თავისუფლებას, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას და ა.შ. – გულისხმობს, არამედ საქართველოს „ევროპულ“ სტილში მორთვა-მოპირკეთებას შეუდგა.
საქართველოს გაევროპულების მიზნით შეიქმნა ქართული ნაციონალური კიჩი „უძველესი ევროპელი“ ჰომო-ერექტუსების – მზიასა და ზეზვას ნარატივებით დაწყებული, პრომეთეს, მედეას, რომაულ სტილში გამოსახული ოქროს წმინდა გიორგის და სხვა მითოლოგიურ ფიგურათა ქანდაკებებით. „უძველესი ევროპელობის“ ნიშნით გაჩნდა ბათუმსა თუ ქუთაისში ფსევდოანტიკური და ფსევდოკლასიცისტური ნაგებობები, თავიანთი ნეპტუნიანი შადრევნებითა და ქუთაისის ოპერის თეატრზე შემომდგარი ბერძნულ-რომაულ ქანდაკებათა იმიტაციებით, გვიანი შუა საუკუნეების ევროპულ არქიტექტურას მიმსგავსებული საათიანი შენობებით. ის, რასაც ირონიულად „სიღნაღიზაცია“ დაერქვა, სააკაშვილის მიერ საქართველოს გაევროპულების ესთეტიკური სტრატეგია იყო, რომლის შედეგადაც საქართველოში შემორჩენილი ავთენტური ძველი ნაგებობები, რომელთა გამოც საქართველო ევროპელი თუ არაევროპელი ტურისტებისათვის საინტერესო და განსაკუთრებული შეიძლება ყოფილიყო, მასობრივად განადგურდა და მათი ადგილი ისტორიული და კულტურული კონტექსტებიდან ამოგლეჯილმა ბუტაფორიებმა დაიკავა.
სააკაშვილის ესთეტიკის ერთ-ერთი მიზანი არა მხოლოდ საქართველოს გაევროპულება ან მისი ახალი, შემინული არქიტექტურით გაფუტურისტულება, არამედ ისტორიული საქართველოს გამოგონებაც, მისი კულტურული მემკვიდრეობის შეცვლაც იყო. რუსულ-საბჭოთა ნაკვალევის წაშლის მცდელობასთან ერთად, რომელსაც მთელი რიგი ისტორიული ძეგლების დამახინჯება მოჰყვა, საქართველოში აშენდა ძველ ქართულ არქიტექტურას მიმსგავსებული სრულიად
უფუნქციო და კიჩური შენობები, რომელთა დანიშნულება, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ისინი არა საქართველოს სიძველეს ან კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ სააკაშვილის ისტორიულ ფანტაზიებს განასახიერებს. ყველაზე თვალსაჩინო და გროტესკული მაგალითი „განახლებული“ მცხეთაა, სვეტიცხოვლის შესასვლელთან აღმართული გიგანტური კოლოსებიანი ნაგებობით, რომლის ფასადის ცენტრში თეთრი მარმარილოს „დედაბოძი“ დგას. ეს შენობა, ჩემი აზრით, სააკაშვილის ესთეტიკის სიმპტომატური ნიმუშია: მდარე გემოვნება, შერწყმული უშინაარსობასთან და მოჩვენებითობასთან, რომელსაც ისტორიულობისა და „ეროვნულობის“ პრეტენზია აქვს, სინამდვილეში კი ისტორიის სტილიზაციისა და პრეზიდენტის სურვილებისამებრ გადაკეთებისაკენაა მიმართული. პრეზიდენტის ეს ობსესია დაგვირგვინდა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის „რეკონსტრუქციით“, რასაც ნანგრევების სახით შემორჩენილი ამ ძეგლის სრული განადგურება მოჰყვა. მის ადგილას კი აღიმართა ძველს მიმსგავსებული თანამედროვე შენობა, რომელიც არაფრით განსხვავდება იმ ყოველგვარ არქიტექტურულ ღირებულებას მოკლებული ანაქრონისტული ნაგებობებისგან, რომლებიც ბუტაფორიული ესთეტიკის სფეროში სააკაშვილის მთავარი კონკურენტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცადინეობით იქმნება.
მაგრამ არქიტექტურაც, სკულპტურაც და ევროპის, ამერიკისა თუ სინგაპურის იმიტაციები მხოლოდ ცალკეული კომპონენტებია იმ ინსცენირებებისა და იდეოლოგიური სპექტაკლებისა, რომლებიც სააკაშვილის ესთეტიკის ბირთვს წარმოადგენს. სააკაშვილის ესთეტიკა, უპირველეს ყოვლისა, პერფორმატიულია და ამ კუთხით მას საქართველოში ბადალი არ ჰყოლია. მინისტრთა კაბინეტის სხდომებს სათაფლიის გამოქვაბულში, მშენებლობებსა თუ ზღვის ნაპირას, ბოლოდროინდელ ქართულ კრიტიკულ პუბლიცისტიკაში არაერთხელ გამოუწვევია „კარნავალურობის“ ასოციაციები.
სააკაშვილის ესთეტიკა, მიუხედავად ავტორიტარულობისკენ მისი აშკარად გამოხატული ლტოლვის ნიშნებისა, არც ტოტალიტარულია და არც ტირანული აბსოლუტიზმის ნიმუში. ესაა ძალაუფლების აღვირახსნილობის სიმბოლური ენა, რომელიც იმის გამო, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება სხვა ესთეტიკების მხრიდან, ბოლოს თვითპაროდიულ სახეს იღებს.
სააკაშვილის პერფორმატიული ესთეტიკის დაგვირგვინება იყო ე.წ. „მოდელირებული ქრონიკა“, რომლის მთავარი მომენტი, ჩემი აზრით, არა რუსეთის ინტერვენცია ან ქართველ ოპოზიციონერთა ღალატი, არამედ პრეზიდენტის დაღუპვა იყო! ამ ჰეროიკული ეპოსის პრეფიგურაცია სააკაშვილმა თავადვე შექმნა 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის გრანდიოზული დაკრძალვა-პერფორმანსით, რომლის დროსაც ახალ, ნაციონალურ და ერთობ პროვინციალურ ფერებში გაცოცხლდა საბჭოთა სოციალისტური რეალიზმი, თავისი ბელადების ტრიუმფალური დაკრძალვებითა და მგლოვიარე ხალხის ფარსით.
გმირის სიკვდილი არის აპოთეოზი, მისი უკვდავთა რანგში ამაღლება. რადგან რეალურ სამყაროში ეს არ მომხდარა და არც ამის საჭიროება ყოფილა, პრეზიდენტმა, როგორც ვირტუალური ეპოქის წარმომადგენელმა, გაითამაშა საკუთარი აპოთეოზი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღსასრულად წარმოსახა ტელეკომპანია „იმედმა“. იმიტაციის, ვირტუალურობის ჩანაცვლებით სააკაშვილის ესთეტიკაში რეალობა იმ სახეს იღებს, რომელსაც პოლიტიკა ან ეკონომიკა ვერ ქმნის, სამაგიეროდ მეხსიერებაში რჩება გამოსახულებები, სურათები, სპექტაკლები, საიდანაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სისტემის მოდერნისტულ-რეფორმისტული სახე იქმნება.
[b]სააკაშვილის ესთეტიკურ ფორმაციაში შეჯამდა უძრაობის ხანის საბჭოთა გადმონაშთები და, რეალურ ტოტალურ ძალაუფლებას მოკლებული, საკუთარი თავის გროტესკად იქცა. ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ამ ესთეტიკამ გამოამზეურა, განსაკუთრებით ევროპისა და დასავლურობის ხატი, მთელი თავისი საბაზრო ფეტიშიზმითა და უხამსობით, ასევე საბჭოთა კავშირში აღზრდილი ბიურგერის სამომხმარებლო ფანტაზიებია, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში მხოლოდ სამარკო პროდუქტებსა და მათი ფლობისა თუ მოხმარების პრესტიჟულობას ხედავს. ეს „მესიჯი“ საკმაოდ თვალში საცემი იყო სააკაშვილის ესთეტიკის ასევე სანიმუშო მაგალითში, მიუზიკლ „ქეთო და კოტეში“. ეს ძვირად ღირებული ვიზუალურ-აკუსტიკური სიმდარე, რომელშიც მთელი ქართული სასცენო ისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით მონაწილეობდა, ზუსტად იმ გემოვნებასა და ღირებულებებს განასახიერებდა, „საზღვარგარეთში“ შოპინგ-ტური და ძვირად ღირებულ სასტუმროებში დასვენება რომ უნდა გაახსენოს ახალგამდიდრებულ ქართველს.[/b]
ძალაუფლება ასეთ ესთეტიკაში მფლობელობისა და მოპარული თუ მოჩვენებითი წარმატებების ინსტრუმენტია, ურომლისოდაც ყველა სახის სპექტაკლი თავის ბრწყინვალებას კარგავს. ამის ნიშანი 19 აპრილის მიტინგი იყო: უღიმღამო და უშინაარსო სპექტაკლი, რომლის ძალაუფლებადაკარგული მონაწილეებიც მხოლოდ საკუთარ გროტესკულობასა და ოდიოზურობასღა განასახიერებენ. ის, რაც ამ ესთეტური ფორმაციისგან დარჩა, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გიორგი ავალიანის ერთ მოკლე ვიდეოშია ნაჩვენები.