http://presa.ge/new/?m=politics&AID=56179გუშინ, ლალი მოროშკინას გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მფრინავი, პოლკოვნიკი სოსო ოსურაული ცოცხალია. ამის შესახებ "პრესა.ჯი" უკვე წერდა. გადაცემაში განცხადება გააკეთა თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოსურაულის სავარაუდო დაღუპვის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. "პრესა.ჯი" დავით ნემსაძეს ესაუბრა:
- თქვენ აცხადებთ, რომ სოსო ოსურაული ცოცხალია და ამის შესახებ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია...
- დიახ, მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ბატონი პოლკოვნიკი ცოცხალია. მის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათ გააჩნიათ ვიდეოკადრები, რომელიც გადმოეცათ კონგოდან. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკრეტულმა პირმა მიიტანა. არის ორი აუდიოფილი, სოსო ოსურაულის ნაწერები და ფოტოები. ეს წერილები და მასალა კონგოდან ეტაპობრივად მოდიოდა, კონკრეტული პირის მიერ. მათი ინტერესი იყო, რომ სოსო ოსურაულში გადახდილიყო გარკვეული თანხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ძალიან დიდი მასალა, რომელიც რატომღაც უგულვებელყოფილ იქნა.
- თქვენი აზრით, რატომ გამოიჩინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი გულგრილობა?
- ფაქტია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იჩენს ძალიან დიდ დილეტანტიზმს, თუ აქ არ არის საბოტაჟის ნიშნები ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ დაღუპულია სოსო ოსურაული, ეს არის მტკნარი სიცრუე. მე დავუკავშირდი კონგოში გარკვეულ პირებს, სადაც მოვიკითხე ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით და გავარკვიე, რომ კონგოს ხელისუფლებასთან წარმოებს მოლაპარაკებები. და აი, ამ დროს გამოდის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ იყო შეტაკებები და მფრინავი დაღუპულია... სავარაუდოდ. ეს დიდი უპასუხისმგებლობაა.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები...
- დიახ, აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც გაეროს მისია, არც კონგოს ხელისუფლება და ამ დროს, ამას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ალვანში დაგეგმილი აქციის დროს. ეს არის ანტაგონისტური მიდგომა საკუთარი ჯარისკაცის მიმართ. სოსო ოსურაული არ ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, როგორც ეს ახლა იზორიას ჰგონია, ან ეგონათ ხიდაშელს თუ ახალაიას, ის საქართველოს ჯარისკაცია. კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებები არ უნდა მოქმედებდნენ სახელმწიფო ანგაჟირებით. ოსურაულის ძმაც სამხედრო მფრინავია, მთელი ოჯახი საქართველოს ემსახურა და სოსო ოსურაული მარტო ოჯახის კუთვნილება არაა, ის საქართველოს კუთვნილებაა, საქართველოს მოქალაქეა, მან 2008 წლის ომის დროს ბატალიონი ალყიდან იხსნა მაშინ როცა სრულიად იყო მტრის მიერ საჰაერო სივრცე დახურული. ოსურაულმა გმირობა ჩაიდინა, როცა განახორციელა საბრძოლო გაფრენა და იხსნა ბატალიონი განადგურებისგან.
ვინმე დაფიქრდა იმაზე, რომ როცა ოსურაულმა დატოვა შეიარაღებული ძალები, გადაეხედა მისი პირადი საქმისთვის? ტრაგედია არის არა მხოლოდ ის რომ ეს ადამიანი ახლა კონგოში ტყვეა, ტრაგედიაა ის რომ სოსო ოსურაული დღეს აღარ არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთი ადამიანის მიმართ "იქნებ მკვდარიათი" არ უნდა საუბრობდეს.
- რა პოლიტიკური ვითარებაა ამჟამად კონგოში და ვის ტყვეობაში იმყოფება ქართველი მფრინავი?
- კონგოში ვისაც ტყვედ ჰყავს ჩვენი მფრინავი, ეს არის ე.წ. 23 მარტის დაჯგუფება. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და ამბოხებულების წინააღმდეგ ოპერაციას კონგოს ხელისუფლება ატარებს. ჩემთვის ძნელია იქ მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური შეფასება მივცე, მე სამხედრო ვარ და არა პოლიტიკოსი, ერთი რამ ვიცი, რომ აფრიკის ტერიტორიაზე ხშირად ხდება სამხედრო დანაშაულები და ჩვენი თადარიგის ოფიცრები კი, მათ შორის, სოსო ოსურაული, ეხმარებოდნენ კონგოს ხელისუფლებას სამხედრო ავიაციის შენარჩუნებაში.
სოსო ოსურაულის ჩამოდგებაც შემთხვევით არ მომხდარა. ჩამოვარდა საქართველოს მოქალაქის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის სამხედრო ბორტი. მას უმტყუნა საწვავი ავზების გამწოვებმა. ბორტი ჩამოვარდა კარიერების თავზე. სოსომ არ მიატოვა ის და ინფორმაცია რადიოკავშირით გადასცა. გადაცემული სიხშირიდან მოვიდა გაეროს ბორტი და აიყვანა ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, ხოლო ოსურაული ჩავარდა ტყვედ.
სოსო ოსურაული არის პიროვნება, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ის არის უმაღლესი კლასის მფრინავი. მისი ბედის ანაბარად გაწირვა საქართველოს მიერ სამარცხვინოა. ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართველი მფრინავის სიცოცხლის გადარჩენად და მის სამშობლოში დასაბრუნებლად.
საწყალი ბიჭი, ცოდოა ბლინ

გული ჩამეწვა...
საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთელი ხელისუფლება სლეები...