http://www.myvideo.ge/tv/imedihq/2017-07-09/20:56:40გამოხმაურება მღებრიშვილის 9 ივლისის ინტერვიუზეთეთრი ხმაურის მოძრაობაMonday, July 10, 2017
გვსურს გამოვეხმაუროთ 9 ივლისს გადაცემა “იმედის კვირაში” გასულ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს.
უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ სამწუხაროა, როდესაც მინისტრი კვლავ სამინისტროს დისკრედიტაციასა და პოლიციის მუნდირის შელახვაზე საუბრობს, ხოლო “ბირჟა მაფიის” წევრთა დამკავებელი პოლიციელებზე ხელის დაფარებით კი თავად ეწევა საკუთარი უწყების დისკრედიტაციას. გარდა ამისა, ბატონ მღებრიშვილს ავიწყდება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყნის მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მისი გუშინდელი სიტყვები, “ბირჟა მაფიამ სისტემის დაკნინება სცადა და ამის უფლება არავის აქვს”, მინისტრის მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების პირდაპირი ხელყოფა და პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედების (“ჩადება”) ირიბი გამართლებაა.
საზოგადოებას არათუ ეჭვი ეპარება, არამედ დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებები რეპერებს კლიპისთვის ანგარიშსწორების მიზნით “ჩაუდეს”. დიახ, დღეს “ჩადების” მავნე პრაქტიკა საპოლიციო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა და სწორედ ეს იყო 10 ივნისს 10 000-მდე მოქალაქის ქუჩაში გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. ჩვენ არ დავუშვებთ საზოგადოებრივი პროტესტის ხელყოფას და თუკი “ჩადების” მსგავსი პრაქტიკები მინისტრის კონტროლის მიღმაა, მოვუწოდებთ მას მინიმუმ თავი შეიკავოს უწყების დანაშაულებრივი პრაქტიკების გამართლებისგან, რადგან სამინისტროში არსებული დამნაშავეთა ჯგუფის დაცვით, მინისტრი თავად უთხრის ძირს საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთნდობის საკითხს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გიორგი მღებრიშვილთან ინტერვიუ გასული კვირის ოთხშაბათს ჩაიწერა, მეორე დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ თათრიშვილის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც დადასტურდა, რომ თათრიშვილს ნარკოტიკი “ჩაუდეს”. თათრიშვილის საქმეში მყოფი პოლიციელები, სწორედ ის პოლიციელები არიან, რომლებიც “ბირჟა მაფიას” საქმეშიც ფიგურირებენ. დღეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთა გირაოთი შეეცვალა ბაჩო სირაძეს, მის საქმეშიც სწორედ იგივე თანამშრომლები ფიგურირებენ და გვაქვს მოლოდინი რომ სირაძეც გამართლდება. საუბარია მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელობაზე. ამ საქმეების გარდა, არსებობს უამრავი მსგავსი ხელწერის საქმე, სადაც აღნიშნული უწყების კონკრეტულ თანამშრომლებს მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებების “ჩადებაში” ადანაშაულებენ. ვინაიდან სახელმწიფო უწყებები უუნარონი აღმოჩნდნენ ამ პირთა დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირებისა და მათი უწყების საქმიანობით, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
გარდა ამისა მინისტრის სიტყვები, თითქოსდა შოთა პაკელიანი პოლიციის თანამშრომლებმა სიკვდილს გადაარჩინეს, გახლავთ სრული სიცრუე. პაკელიანი არათუ გადაარჩინეს არამედ სასიკვდილოდ გაიმეტეს პოლიციელებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დაკავებულმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება გადაყლაპა. პაკელიანი საათების განმავლობაში ითხოვდა კიდეც ამორეცხვის პროცედურას, მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა კი შოთა მხოლოდ გონების წასვლის შემდეგ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სადაც ის 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებზე პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს გამოძიება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პროკურატურას დააჩქაროს ძიების პროცესი და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების ობიექტურად მიმდინარეობის თაობაზე.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პოლიციის თანამშრომელს ვინც კეთილსინდისიერად იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამართალდამრღვევთა ადგილი სამართალდამცავ სტრუქტურაში არ არის.
დდშვც