ereklebarvაი აქაა პასუხები, უფრო სწოდედ კი ფაქტები სექტანტების ყველა გავრცელებულ სისულელეზე.
8 ყველაზე გავრცელებული სიცრუე და სიბრიყვე, რომელსაც ქიუნეტელები იყენებენ მსხვერპლის შესაცდენად და ჩასათრევად
1. ქიუნეტის წლიური ბრუნვა (ზოგირეთი ხმარობს ტერმინს - მოგება) 200 მილიარდი დოლარია.
ცალკე საკითხია, რომ გასაგები მიზეზების გამო ქიუნეტელები საერთოდ ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს ბრუნვა, შემოსავალი, მოგება, თუმცა ახლა ამ საკითზე არ შევჩერდებით.
QI Group Ltd. რეგისტრირებულია ჰონგ-კონგში, ანუ ოფშორულ ზონაში, სადაც კომპანიებს არ მოეთხოვებათ არც საბუღალტრო აღრიცხვიანობა და მითუმეტეს არც წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება. ვერსად ნახავთ, რომ როდესმე QI Group-ს გამოექვეყნებინოს ფინანსური ანგარიში, ცხადია ვერც უმსხვილეს ფინანსურ სერვის ბლუმბერგზე იპოვით ინფორმაციას მათი ფინანსური აქტივების შესახებ. ერთადერთი რასაც წააწყდებით ვებსივრცეში, ესაა თავად ქიუნეტის მმართველი დირექტორის JR Mayer-ის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს რომ 2014 წელს კომპანიის გაყიდვებმა 430 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამრიგად, ვინ და როგორ დათვალა 200 მილიარდი დოლარი?
2. ქიუნეტი არის გაეროს, მაიკროსოფტის, ვერისაინის პარტნიორი.
გაერო არის საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, შესაბამისად მას არ აქვს და ვერც ექნება რაიმე ტიპის ურთიერთობა კომერციულ კომპანიებთან. ის, რაზეც აპელირებენ ქიუნეტელები, გახლავთ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება (United Nations Global Compact), რომელიც გულისხმობს ბიზნეს-კომპანიების მიერ ზოგადსაკაცობრიო პრინციპების აღიარებას. აღნიშნული შეთანხმება ღიაა, არ გულისხმობს რაიმე სახის პასუხისმგბლობას და მას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე მცირე შპს-ც კი. ცნობისთვის, ამ შეთანხმებაზე 33 ქართულ კომპანიას აქვს ხელი მოწერილი.
ქიუნეტს შეძენილი აქვს (ისევე როგორც ათიათასობით სხვა კომპანიას) Microsoft Dynamics CRM - პროგრამული პაკეტი კლიენტებთან ელექტრონული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. ცხადია, რომ მაიკროსოფტის საიტზე პარტნიორთა სიაში ქიუნეტს ვერ აღმოაჩენთ. ანალოგიური მდგომარეობაა ვერისაინის შემთხვევაშიც.
3. მანჩესტერ სითის, ფორმულა1-ის გენერალური სპონსორი.
ქიუნეტი ფულს უხდის საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ სითის მატჩების დროს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, 3 წლიან კონტრაქტში კი წერია, რომ ქიუნეტელებს უფლება აქვთ დაესწრონ კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრებს საკუთარი მოტივაციის ასამაღლებლად და მომავალი ქიუნეტელების წასახალისებლად! (შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის გენერალური სპონსორია Etihad Airways)
ასევე, ქიუნეტი უხდიდა სრეკლამო თანხებს ნიკოლაი ფომენკოს მიერ შექმნილ Marussia F1-ის გუნდს, რომელმაც 2 წლის არსებობის მანძილზე მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და 2014 წელს 81 მილიონი ფუნტ სტერლინგიანი დავალიანებით დაასრულა არსებობა.
საერთოდ კი, სპოსნოსრობა რაიმეს მანიშნებელი არაა, ყველა ცნობილი ფინანსური პირამიდა უწევდა სპონსორობას სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებას.
4. კომპანიის დამფუძნებელი ვიჯეი ესვერანი იყო IBM-ის ერთ-ერთი დირექტორი და მას იწვევენ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ვიჯეი ესვერანის კრიმინალური წარსული და 625 ათასი დოლარის მითვისების გამო მისი პატიმრობა ინდონეზიაში ცალკე თემაა.
ვიჯეი ესვერანის IBM-თან კავშირზე საუბრობს მხოლოდ მისივე საკუთარი ვებგვერდი და იქაც კი ნახსენებია მხოლოდ „საპასუხისმგებლო თანამდებობა“ და არა „დირექტორი“. თავად IBM-ის ოფიციალურ წყაროებში მის შესახებ რაიმე სახის ონფორმაციას ვერ მოიძიებთ.
ვიჯეი ესვერანს იწვევენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აზიურ შეხვედრებზე (ტარდება ჩინეთის ქალაქ დალიანში და არა შვეიცარიულ დავოსში) და ისიც მხოლოდ სტუმრის და არა მომხსენებლის სტატუსით, რასაც ადვილად გადაამოწმებთ ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე.
5. კომპანიის პროდუქცია ექსკლუზიურია და მხოლოდ ქიუნეტში იყიდება.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ ქიუნეტი თავად არაფერს აწარმოებს, არ გააჩნია არამც თუ ფაბრიკა-ქარხნები, არამედ მცირე ცეხიც კი. ყველა პროდუქტი, რომელსაც ეს კომპანია ყიდის, წარმოებულია OEM მწარმოებლის, ანუ უცხო კომპანიის მიერ.
ტურისტული საგზურები 3000 სასტუმროში (რეალურად კი მხოლოდ ლოგინის სფასური არასეზონურ პერიოდში!) წარმოადგენს ჩვეულებრივ ხელშეკრულებას ამ სასტუმროების მფლობელებთან. ასეთსავე ხელშეკრულებას აფორმებს ნებისმიერი ტურისტული სააგენტო. თავად ქიუნეტს კი საკუთრებაში აქვს მხოლოდ 5 მცირე ზომის სასტუმრო.
Bernhard H. Mayer-ი მხოლოდ სახდელწოდებაა ქაღალდზე, ყოველგვარი წარმოების გარეშე. ამ ბრენდის ქვეშ, ქიუნეტის დაკვეთით, საათებს აწარმოებს კომპანია Cimier-ი. ქიუნეტის საათების ანალოგიური მოდელები თავად Cimier-ის ბრენდით შეგიძლიათ შეიძინოთ 4-5-ჯერ იაფად, ვიდრე ამას ქიუნეტი გთავაზობთ! როგორც აუქციონ eBay-ის პრაქტიკა გვიჩვენებს, Bernhard H. Mayer-ის საათების რეალური საბაზრო ღირებულება 100-200 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ცხადია, ექსკლუზიობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ალბათ ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, სასწაულმოქმედ ბიოდისკებზე, აურის გამწმენდ ყელსაბამებსა და ელექტრო-მაგნიტური სმოგისგან (წარმოდგენა არ მაქვს, ეს რას ნიშნავს) დამცავ სტიკერებზე მსჯელობა არც ღირს.
6. ქიუნეტის აქციებით ნასდაქის ბირჟაზე ვაჭრობენ.
ის, ვინც მცირედად მაინც ჩახედულია ფინანსურ სისტემაში, ყველამ კარგად იცის, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივატ-კომპანიას არ აქვს აქციები და შესაბამისად ვერც მოხვდება რომელიმე ბირჟაზე.
რაც შეეხება ნასდაქთან დაკავშირებულ მითს, განვმარტავ: 2007 წელს ნასდაქმა შეიმუშავა და მოხმარებაში გაუშვა საკუთარი ფინანსური ინსტრუმენტი (ინდექსი), რომელსაც იყენებს მსხვილი ინტერნეტ-კომპანიების აქტივობის შესაფასებლად. როგორც მოგეხსენებათ, ბირჟებზე ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს აქვს საკუთარი აბრევიატურა, იგივე სიმბოლო. ზემოთხსენებულ ინსტრუმენტსაც ნასდაქმა მიანიჭა სიმბოლო ^QNET (NASDAQ Internet Index QNET), რომელსაც ცხადია არაფერი აქვს საერთო რომელიმე კომპანიის აქციებთან და მითუმეტეს ქიუნეტთან!
7. ქიუნეტი რომ ფინანსური პირამიდა იყოს 19 წელი ხომ ვერ იარსებებდა?!
ფინანსური პირამიდების რამოდენიმე ტიპი არსებობს. კლასიკური პირამიდის შემთხვევაში, მის ინვესტორებს ერიცხებათ თვიური, კვარტალური ან წლიური სარგებელი ინვესტიციის ოდენობის შესაბამისად. მაღალია ასეთი კომპანიის ფინანსური პასუხისმგებლობა ინვესტორების მიმართ და ახალი ინვესტიციების მოდინების შეწყვეტისთანავე იშლება. ქიუნეტის შემთხვევაში, საქმე გვაქვს ქსელური მარკეტინგით შენიღბულ ფინანსურ პირამიდასთან, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე ტიპის ფინანსური ვალდებულება მასში მონაწილე სუბიექტების მიმართ. გარდა ამისა, ქიუნეტი ერთ ქვეყანაში ჩამოშლის შემდგომ ინაცვლებს შემდეგ ქვეყანაში და პირამიდული ციკლი იწყება თავიდან. ამ ტიპის კომპანია და მისი მფლობელები ცხადია ვერ გაკოტრდებიან! კოტრდებიან მხოლოდ ამ პირამიდის საშუალო და ქვედა რგოლები.
შეგახსენებთ, ამერიკელი თაღლითის, ბერნარდ მედოფის (მისჯილი აქვს 150 წლიანი პატიმრობა!) ფინანსურმა პირამიდამ 48 წელი იარსება, აზარალა 3 მილიონი ინვესტორი (მათ შორის ამერიკის უმსხვილესი ბანკები, ფონდები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები) საერთო თანხით 65 მილიარდი დოლარი და რომ არა 2008 წლის კრიზისი, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა კრიმინალურ საქმიანობას.
8. ქიუნეტის შესახებ გადმოსცემს FoxNews-ი და Bloomberg-ი.
ქიუნეტელები ხშირად აზიარებენ და არგუმენტად მოჰყავთ ერთი სატელევიზიო სიუჟეტი, რომელზეც ნაწილი ამტკიცებს, რომ FoxNews-მა გადასცა, ნაწილი კი Bloomberg-ის ტელევიზიას მიაწერს.
რეალობა კი ისაა, რომ ამ სატელევიზიო სიუჟეტს არ ადევს არც ფოქსის და არც ბლუმბერგის ტელევიზიების ლოგო (ცხადია, რომ ქიუნეტელები ამას ვერ ამჩნევენ). სინამდვილეში, ეს სიუჟეტი გადაიცა თითქმის უცნობი ონლაინ ტელევიზია 21st Century Television-ის ეთერით (მათი ლოგო ნათლად ჩანს სიუჟეტის ფონზე!). ეს ტელევიზია ეთერს უთმობს ბიზნეს-კომპანიებს მათი საქმიანობის წარმოსაჩენად და არ ამოწმებს მათ მიერ წარმოდგენილი მასალების სიზუსტეს.
* * *
მე საერთოდ ძაან სკეპტიკურად ვუყურებ მლმ-ინდუსტრიას მთლიანად. ყველაზე კეთილსინდისიერ მლმ-კომპანიებშიც კი მათი წევრების უმრავლესობას არაფრის შანსი აქვს.
რობერტ ფიცპატრიკის შესანიშნავი სტატია რუსულ ენაზე, მექნება დრო და აუცილებლად ვთარგმნი.
http://www.k-istine.ru/mlm/mlm_fitzpatrick.htm