მოქალაქენო!!!!
ჯერ გაეცანით ქ.თბილისის მერის მოვალეობებს,
აქედან გამომდინარე დავუსვათ შეკითხვები, მოვთხოვოთ და მოვითხოვოთ.
თავი II
თბილისის მერი
+
მუხლი 7. თბილისის მერი
1. თბილისის მერი არის თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი. თბილისის მერი ხელმძღვანელობს თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას.
2. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
3. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“.
+
მუხლი 8. თბილისის მერის უფლებამოსილებანი
1. თბილისის მერი, თბილისის მერიის ორგანიზაციული საქმიანობის მიზნით:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის და თბილისის მთავრობის საქმიანობას;
ბ) იწვევს და თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს;
გ) თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მთავრობის წევრებს; იღებს გადაწყვეტილებას თბილისის მთავრობის წევრების თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს თბილისის მერის მოადგილეებს შორის;
ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის დებულებას და თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს;
ვ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს;
ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს;
თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს;
ი) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
მ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; განსაზღვრავს მათ შემადგენლობას და ამტკიცებს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებს (დებულებები, სამუშაო გეგმები, ინსტრუქციები და ა.შ.);
ნ) გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს - ბრძანებას;
ო) ხელს აწერს თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
პ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებზე უფლებამოსილებების დელეგირებას.
2. თბილისის მერი, თბილისის განვითარების დაგეგმვის მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების და მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებას. წარუდგენს მათ თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად;
ბ) ხელმძღვანელობს თბილისის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მომზადებას და წარუდგენს მათ თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად;
გ) ხელმძღვანელობს პრიორიტეტების დოკუმენტის, თბილისის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებას; თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრიორიტეტების დოკუმენტს, თბილისის ბიუჯეტის და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს შესყიდვებს.
3. თბილისის მერი, თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ა) უფლებამოსილია დაესწროს თბილისის საკრებულოს და თბილისის საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით; თბილისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი;
დ) თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილია მიმართოს საკრებულოს აუცილებლობის მოთხოვნით საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ;
ე) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს.
4. თბილისის მერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მიზნით:
ა) უფლებამოსილია წარმოადგინოს თბილისი და თბილისის მთავრობა, იმოქმედოს მათი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, განახორციელოს სხვა წარმომადგენლობითი ფუნქციები, მუნიციპალიტეტის სახელით მიანიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, მათ შორის, რწმუნებები (მინდობილობები), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
გ) მიმართავს თბილისის მოსახლეობას, აწყობს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს და მოქალაქეთა მიღებას;
დ) ანიჭებს თბილისის საპატიო წოდებებს და ჯილდოებს.
5. თბილისის მერი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
6. თბილისის მერი უფლებამოსილია მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს თბილისის მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების დელეგირება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ , „დ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლეაბამოსილებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს.
7. თბილისის მერის მიერ თბილისის მერიის თანამდებობის პირზე უფლებამოსილებათა დელეგირება შეიძლება იყოს ერთჯერადი ხასიათის, განსაზღვრული ვადით ან უვადოდ (არა უმეტეს მერის უფლებამოსილების ვადისა) გაცემული. თბილისის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს თანამდებობის პირზე უფლებამოსილების დელეგირება.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2643628 This post has been edited by gige on 2 Aug 2017, 12:39
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: