mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#52433201 · 28 Mar 2018, 16:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამაო ენუქი
QUOTE | ბიბლია ვისი დაწერილია ? |
ამას ვწერ არა თავმომწონეობისა გამო, არამედ იმისათვის, რათა ზედმიწევნით გადმოვცე სათქმელი და მკითხველსაც აღქმა გავუადვილო:
მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე სკოლაში, სადაც ვირიცხებოდი, საშუალოსა თუ უმაღლესში, ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი, მოხდა ისე, რომ გადავიკითხე მსოფლიო ლიტერატურის ძირითადი ძეგლები _ თითქმის, ყველა ჟანრის ასეულობით ერთეული, გერმანული ფილოსოფიისა და ფრანგული რომანტიზმის ჩათვლით. მათგან, პოეზიის ნიმუშებს _ იქნება ეს შექსპირის სონეტები თუ სხვ. _, განსაკუთრებით, გალაკტიონს _ ,,ყრმა მეოცნებესა და გენიოსს“, ყველა ნერვის ძაფით პოეტს მოუგვრია ახაქლგაზრდული ჟრუანტელი და შთაგონება. საზოგადოდ, ხელოვნებას ხელეწიფება ეს და მისი დანიშნულებაც ესაა. მაგალითად, ბეთჰოვენის მეხუთე, დო-მინორული სიმფონიის დასაწყისმა, ოთხიოდე ბგერამ (სოლ-სოლ-სოლ/მი-ბემოლ, ფა-ფა-ფა/რე), თანმხლები რიტმით, ფორტეთი და ტუტით (ყველა ინსტრუმენტისა თუ ვოკალის მიერ ერთი და იგივე პარტიის შესრულება) შემძრა, თხუთმეტი წლის ასაკში, სამყაროს აღქმა სხვა განზომილებიდან დამაწყებინა. პარალელურად, პასკალის ,,აზრების“ გაცნობამ თეისტური იმპულსი გამიძლიერა და თეოლოგიური ინტერესი გამიღვივა. მახსოვს, როცა ბავშვობაში ვკითხულობდი, ასე ვთქვათ, დამწყებ ლიტერატურას, ,,ბიძია თომას ქოხს“, ,,ტომ სოიერის თავგადასავალს“, ,,ჰეკლბერი ფინის თავგადადავალსა“ და მსგავსს, იქ ნახსენები სიტყვა ,,ბიბლია“ რაღაცნაირად, განსხვავებულად შემოვიდა ჩემში. მხოლოდ თეორიულად ვიცოდი, რომ ამ წიგნს (ბერძნ. ,,წიგნებს“) ,,წიგნთა წიგნი“, ,,სუპერწიგნი“ ერქვა. ათეიზმის მეფობისას, ჩემს ოჯახში ესვენა ხატები ქრისტესი, მარიამისა, ნიკოლოზისა, ნინოსი და გიორგისა; იყო ბიბლიოთეკა, მაგრამ არ იყო ეს წიგნი. მისი ციტატები ამოკითხული მქონდა მხოლოდ მონოგრაფიულ ტრაქტატებსა და მეზობლისგან ნათხოვარ ბროშურაში. ეს ყველაფერი ხდებოდა ოცი წლის ასაკამდე, როცა, ჯერ კიდევ, ფორმალურადაც კი, მოუნათლავი ვიყავი. ერთ დღეს (1987წ. 27. 09., ჯვართამაღლების დღეს), ჩემმა სულიერმა ძმამ მაჩუქა ,,ახალი აღთქმა“. მისი დასაწყისის გაცნობა, ადრე, ჩვიდმეტი წლისამ კი დავიწყე, მაგრამ აღარ გავაგრძელე იმის მომიზეზებით, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვიყავი. ახლა კი გვიან ღამით შევუდექი მის კითხვას და მიუხედავად იმდღეინდელი დაღლილობისა და ძილმორეულობისა, დილამდე ვერ მოვწყდი ,,სახარებებს“. თუმცა, მათი მორალური იმპერატივები ჩემთვის, შინაგანად, უცხო არ ყოფილა, ,,ბიბლიის“ ამ მეორე ნაწილმა დამანახა ყველაფერი ის, ერთად, რასაც მანამდე მოწყურებული ვეძიებდი ყველგან _ ადამიანებსა თუ წიგნებში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში. ადამიანებსა და ადამიანურ ქმნილებებში ვპოულობდი ნაპერწკლებს, მაგრამ ,,წმ. წერილში“ შევეფეთე აგიზგიზებულ ცეცხლს, რომელიც სანთელივით წვავს ,,ძველ კაცს“ და ბადებს ახალს, ქრისტე რომ ,,მეორედ შობას“ უწოდებს. წიგნებში, პარტიტურებში, ტილოებში, არქიტექტურაში ვამჩნევდი ძვირფას თვლებს, ღარიბი გლეხის ყანასავით დათესილს, მაგრამ ,,ბიბლიაში“ გამოჩნდა ამ თვლების საცავი, საუნჯე, რამაც მომიხდინა გამაოგნებელი ზემოქმედება; ისეთი, მანამდენაცნობ არცერთ ოპუსს რომ მოუგვრია. მასში ამოვიცანი პრეისტორიის მწყობრი სისტემა, ისტორიის სული, აპოსტასიის ჭვრეტა და აპოკალიპსის ლოგიკურობა. მოგვიანებით, როცა ,,ახალი აღთქმა“ თავისთავად გამიზეპირდა, მაცხოვრის ნებისმიერმა წინადადებამ და ფრაზამ ცრემლი მომადინა...
დიახ, კაცობრივი ნახელავი _ იქნება ეს, თუნდაც, ,,ვეფხისტყაოსანი“ თუ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია _ ჰგვრის ჟრჟოლას, მაგრამ არა ცრემლს, რადგან შემოქმედების შედევრთა ავტორები ცოდვითდაცემული ადამიანები არიან, ხოლო ,,ბიბლიისა“ _ სამყაროს ავტორი.
ამას ვწერ არა ტრაფარეტულად და არა, როგორც მღვდელმსახური, არამედ უფრო, როგორც მკითხველი, ,,წიგნის ჭია“. ამას ვწერ არა იმიტომ, რომ ღვთისმსახური ვარ და სხვაგვარად ფიქრის უფლება არ მაქვს, არამედ იმიტომ დავთანხმდი ღვთისმსახურობას, რომ ასე ვგრძნობდი და ვფიქრობდი, ასე ვფიქრობ და ვგრძნობ: ,,მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (II ტიმ. 3,16).
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|