საპატრიარქოს საგანძურის გატანა და პატრიარქის არჩევნების გაყალბება.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საქმეში წარმოდგენილი ერთ-ერთი საინტერესო საკითხი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობა გახლავთ, რომლის შესახებაც არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ იბეჭდებოდა. „საქართველოს მოამბის“ პირველივე ნომერში გამოქვეყნდა სტატიები და მოწმეთა ჩვენებები პატრიარქ ეფრემ II-ის ანდერძის გაყალბებისა და საპატრიარქოდან განძის გატანის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა, გვერდს ვერ ავუვლიდით და ამიტომაც „საარქივო მოამბის“ მეთორმეტე ნომერში გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები მცირედი შემოკლებით იბეჭდება (დოკუმენტების სტილი დაცულია).
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა
როგორც ცნობილია, საბჭოური კონსტიტუცია აცხადებს ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, და თავის მხრივ არც ეკლესიას აქვს უფლება სახელმწიფოს საქმეებში ჩარევისა. ეკლესიის მხრივ ეს წესი სავსებით დაცულია, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი არათუ ერევა ეკლესიის საქმეებში, არამედ გადააქცია იგი თავისადმი ყველაზე უფრო დაქვემდებარებულ დაწესებულებად. კულტურული თუ სამეურნეო ცხოვრების არცერთი სფერო არ იმყოფება ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების ასეთი მკაცრი კონტროლის ქვეშ, როგორც ეკლესია. ეს კონტროლი არაოფიციალურია, ფარულია და მით უფრო ეფექტური.
ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითია ზემოთქმულის დასადასტურებლად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან დაიწყო უსასტიკესი რეპრესიები სამღვდელო პირთა მიმართ. 1922 წელს დააპატიმრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი /ხელაია/, რადგანაც მან მისწერა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ამხილა წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა და საბჭოთა რუსეთისთვის ძალით შეერთება 1921 წელს. პატრიარქი მალე გარდაიცვალა ციხიდან გამოსვლის შემდეგ /1925 წელს/. 1924 წელს ქუთაისში დახვრიტეს ეპისკოპოსი ნაზარი /ლეჟავა/, აჯანყებულთა თანადგომისთვის. 1924-37 წლებში განადგურებულ იქნა ქართული სამღვდელოების საუკეთესო ნაწილი, დაიკეტა და დანგრეულ იქნა მრავალი ეკლესია. იმხანად სახელმწიფოს მიზანი იყო საეკლესიო ქონების მიტაცება და ოპოზიციურად განწყობილი სამღვდელოების განადგურება, თუმცა დიდხანს ვერ მოხერხდა ეს. 50-იან, თვით 60-იან წლებში შეიძლებოდა ნახვა სამღვდელოების რიგებში ჭეშმარიტად რწმენისათვის თავდადებული, უანგარო ადამიანებისა, რომელნიც ერთგულად ემსახურებოდნენ ქრისტიანულ იდეალს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, პატრიარქი კალისტრატე /ცინცაძე/, მღვდლები: ალექსანდრე /გაბუნია/, პართენი და სხვანი. ისინი მტკიცედ იდგნენ რწმენაზე, მიუხედავად ყოველგვარი დევნისა და შევიწროებისა ხელისუფლების მხრივ /წამება, დაპატიმრება, შანტაჟი, თვალყურის დევნება, პროვოკაციები, ჭორის გავრცელება, ქადაგების აკრძალვა, მძიმე გადასახადები და სხვა/. მაგრამ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ეკლესიის შიგნიდან გახრწნა, მის რიგებში შენიღბული აგენტების შეგზავნა /ამ პროცესს ზოგიერთნი „წითელი სამღვდელოების“ შექმნასაც უწოდებენ/.
„წითელი სამღვდელოების“ განსაკუთრებული აქტივობა საქართველოში იწყება პატრიარქ ეფრემ II-ის განმგებლობის წლებიდან /1960-1972 წლები/, რომელმაც თავისი კომპრომისული, ოპორტუნისტული ქმედებებით ხელი შეუწყო სახელმწიფოს, სულ უფრო და უფრო ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. „წითელი სამღვდელოების“ გააქტივებამ გამოიწვია არნახული მორალური გახრწნა სასულიერო პირთა რიგებში. თვით პატრიარქი ეფრემ II ეწეოდა სიმონიას, ე.ი. საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობას. ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი მისი „კადრების პოლიტიკისა“. მეორეს მხრივ ამ პოლიტიკას განაპირობებდა უშიშროების კომიტეტი და მინისტრთა საბჭოს რწმუნებული რელიგიის საქმეებში დ. შალუტაშვილი, რომელიც 1974 წელს მოხსნილ იქნა თანამდებობიდან მექრთამეობისათვის /„პენსიაზე გასვლის“ საბაბით/. საერთოდ, რწმუნებული ერთგვარი ქრთამის შუამავალია მთავრობის წევრებსა და ეკლესიის მსახურთა შორის.
შალუტაშვილი მოხსნილ იქნა იმის გამო, რომ მისი მექრთამეობა გახმაურდა, ხოლო მთავრობას ეშინოდა თავის თავის კომპრომეტირებისა. ამის გამო, შალუტაშვილს დაბრალდა ყოველივე. იგი აღმოჩნდა „ვაცი განტევებისა“, ხოლო მთავრობამ ისე წარმოსახა საქმე, თითქოს შალუტაშვილი თვითნებურად იღებდა ქრთამს, მთავრობის მითითების გარეშე. სინამდვილეში იგი მხოლოდ შუამავალი იყო და აკავშირებდა ჯავახიშვილს, სირაძესა და ტირისკევიჩს /მჟავანაძის ცოლი/ ეფრემ II-სთან, დავით დევდარიანთან და გაიოზ კერატიშვილთან. შალუტაშვილის მეშვეობით სუკ-ი /სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი/ ამტკიცებდა „ეფრემ II-ის კადრებს“...
ხელისუფლების ამგვარმა პოლიტიკამ გამოიღო სერიოზული შედეგები. ეკლესიას თანდათან შეუმცირდა მრევლი, ეკლესიები იკეტებოდა ზედიზედ, 35 მოქმედი ეპარქიიდან დღეს დარჩა მხოლოდ 5. ამჟამად საქართველოში სულ 44 მოქმედი ეკლესიაა, /მაშინ, როდესაც იყო ათასზე მეტი/, აქედან თბილისში 6 ქართული ეკლესიაა, 5 რუსული და 1 სომხური. დღეს მთელ საქართველოში 100-მდე საეკლესიო პირია /ყველა თანამდებობის/, კურსებზე სწავლობს ყოველწლიურად 13 კაცი. საქართველოს ეკლესიის უკიდურეს ჩაგვრაზე და დისკრიმინაციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობს საეკლესიო ჟურნალი, მაშინ, როდესაც ასეთი ჟურნალები არსებობს რუსეთში, სომხეთში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში. საქართველოს ეკლესიას არა აქვს არავითარი პუბლიკაციების უფლება /გარდა კალენდრისა/, არ არსებობს სასულიერო სემინარია, ხოლო ის კურსები, რომელნიც მის მაგივრობას წევენ, ახალგაზრდებს არაფერს ასწავლიან, გარდა საეკლესიო რიტუალისა და ხუცური ანბანისა /ფიქტიურად არსებობს დანარჩენი საგნები: ეკლესიის ისტორია, საღვთო წერილი და სხვა, თუმცა ლექციები ამ საგნებში არ იკითხება/. კურსებზე სწავლობს ყოველწლიურად 13- მდე კაცი, ხოლო თითოეული გამოშვება უდრის სამ სამღვდელო პირს, რომელთაც ზემოხსენებული „შერჩევისა“ და „გამოცდილების“ შემდეგ აკურთხებენ ხოლმე მღვდლებად.
დღეს საქართველოს ეკლესიას ორმაგი საფრთხე ემუქრება. ერთი სახელმწიფოს მხრივ, რომელსაც სურს მისი მოსპობა და ყველა არსებული ტაძრების გადაქცევა მუზეუმებად ან რაიმე „სასარგებლო“ შენობებად /ბიბლიოთეკებად, სასპორტო დარბაზებად, საწყობებად და ა.შ./ რისი მაგალითებიც მრავლად არის თბილისსა და მთელ საქართველოში. მეორეს მხრივ, საქართველოს ეკლესიას ემუქრება ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის დაკარგვა. ეს საფრთხე მას ემუქრება დღეს რუსული ეკლესიის მხრივ.
როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს წაართვა არა მარტო პოლიტიკური, არამედ საეკლესიო დამოუკიდებლობაც. იმჟამად საქართველოში, ქართველი პატრიარქების ნაცვლად, რუსი ეგზარქოსები განმგებლობდნენ. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა ავტოკეფალია, რომელიც განმტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში /1918-21 წწ./. ამჟამად კი, რუსული სამღვდელოების რეაქციონერი წარმომადგენლები, ხედავენ რა საქართველოს ეკლესიის დაძაბუნებას და დაკნინებას, კვლავ იმედოვნებენ მის ხელში ჩაგდებას.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მრავალი ნაკლისა, ეფრემ II-ს მაინც გააჩნდა საეკლესიო საქმის ცოდნა და სასულიერო განათლება, მან გამოსცა „ახალი აღთქმა“ და „ლოცვანი“.
რაც შეეხება დღევანდელ პატრიარქს, დავით V-ს, მას არ გააჩნია საშუალო განათლებაც კი, იგი არის ქვაბავაზაკი, სამღვდელო სამოსით შენიღბული. თუ რარიგ გაიკაფა მან გზა კათალიკოსის ტახტისკენ, ამაზე მოგვითხრობს პროკურორის თანაშემწის, დ. ქორიძის ცნობა და ერთ-ერთი მოწმის, თ. ჯვარშეიშვილის ჩვენება. Uნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ „მიტროპოლიტი გაიოზი“ /კერატიშვილი/, ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების“ ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში.
1. უშიშროების კომიტეტის ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი მოქმედება: აღვირახსნილი ლოთობა, გამომძალვობა, ანგარება, სიხარბე, მრევლის წევრთა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, რათა ამით ანტიპათია გამოიწვიონ ეკლესიაში მომსვლელი ხალხისა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თვალში და ამით სახელი გაუტეხონ რელიგიას.
2. თვალყურის დევნება და აღრიცხვაზე აყვანა ყველა მორწმუნისა და ეკლესიაში მოსული მოქალაქისა, გამოვლენა მათი ვინაობისა, სამუშაო ან სასწავლო ადგილისა, მით უმეტეს, თუ ისინი ახალგაზრდებია. დაბეზღების წერა როგორც პატრიარქისადმი, ასევე ყველა ინსტანციებში.
3. მოქალაქეთა დეზინფორმირება ეკლესიის ნამდვილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყოველი მოვლენის ნათელ ფერებში წარმოსახვა. მთავრობისადმი მადლიერების ხმამაღლა გამოთქმა... ყოველი მაამებლობა და მლიქვნელობა.
4. ეკლესიის ნამდვილ გულშემატკივარ მორწმუნეთა დევნა, შეურაცხყოფა, გაძევება, მათზე დანარჩენი მრევლის ამხედრება, მათთვის ცილის დაწამება, ინტრიგების მოწყობა, გაჭორვა, სახელის გატეხვა, ყოველგვარი პროვოკაციების მოწყობა, ხოლო საჭირო შემთხვევაში მათ რეპრესიაში მონაწილეობა. /ასე მაგალითად: სამების ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელი ვალენტინა ფაილოძე, რომელიც დაურიდებლად ამხელდა ქვაბავაზაკთა დანაშაულებებს, პატრიარქ დავით V-ისა და გაიოზ კერატიშვილის ოფიციალური დაბეზღების საფუძველზე, დააპატიმრა უშიშროების კიმიტეტმა 1974 წელს/.
5. მართლმადიდებლური რიტუალების შემოკლება, დამახინჯება და გამასხარავება, განსაკუთრებით კი ნათლობის რიტუალისა /ასე მაგალითად: დიდუბის ეკლესიაში ეპისკოპოსი გიორგი ნათლობის დროს ყოველგვარ ტაკიმასხარაობას სჩადის, რათა არასერიოზული განწყობილება შეუქმნას ეკლესიაში მომსვლელებს, ხოლო დიდუბის ეკლესიის მღვდელი რომანოზი /ბიბილაშვილი/ უკიდურესად მთვრალი ატარებს რიტუალებს, თავშეუკავებლად ღრიალებს ხალხის თანდასწრებით, ეკლესიაში გახსნილი აქვს პრიტონი და ლოთების თავშესაყრელი ადგილი, რაზედაც მას არავინ სჯის/.
6. ქადაგებაზე უარის თქმა, რელიგიის შესახებ საუბრისათვის თავის არიდება, როდესაც ვინმე შეკითხვებს იძლევა. საერთოდ, არასერიოზული დამოკიდებულება რელიგიისადმი, საქმოსნური და ანგარებიანი განწყობილებების განზრახ ჩვენება ხალხისათვის.
აი, „წითელი სამღვდელოების“ ძირითადი ნიშან-თვისებანი.
როგორც ცნობილია, საბჭოურმა კონსტიტუციამ გამოაცხადა სინდისის თავისუფლება და აგრეთვე თავისუფლება როგორც რელიგიური, ისე ანტირელიგიური პროპაგანდისა. მიუხედავად ამისა, თბილისში აღდგომის დღესასწაულზე 1973, 74, 75, 76 წლებში მილიციისა და კომკავშირის მუშაკთა გაერთიანებული რეიდები აკავებდნენ სალოცავად მოსულ ახალგაზრდებს და მიჰყავდათ იქვე მახლობლად გახსნილ „შტაბებში“ დასაკითხად. მიუხედავად საქართველოს სამღვდელოების არნახული მორალური გახრწნისა, მაინც დარჩა რამდენიმე სამღვდელო პირი, რომელნიც დაუპირისპირდნენ „წითელი სამღვდელოების“ მოქმედებას, როგორც ჭეშმარიტი და ერთგული ქრისტიანები. მრევლშიც შეგვხვდება ასეთი ადამიანები. თუმცა უშიშროების კომიტეტისა და „წითელი სამღვდელოების“ მესვეურნი ყოველნაირად ცდილობენ მათ დაშინებასა და საზოგადოებისგან იზოლირებას. მთავრობა ცდილობს აგრეთვე, რომ ისინი გააძევოს პერიფერიებში.
ერთ-ერთი ასეთი მღვდელი, ვიქტორ შალამბერიძე 1974 წელს გახდა მსხვერპლი ავტოკატასტროფისა, რომელიც მას მოუწყეს.
ამ არნახულმა დანაშაულებმა და გარყვნილებამ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ეკლესიაში, მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება და მრავალი პიროვნების თხოვნითა და განცხადებებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დამნაშავეთა წინააღმდეგ. თუმცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურისა და სხვების აქტიური ჩარევით ეს საქმე შეჩერებულ იქნა.
დამნაშავენი ჯერაც არ არიან დაპატიმრებულნი. ჩეკისტები ემუქრებიან მოწმეებს და ურჩევენ გაჩუმებას. 1974 წელს დააპატიმრეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვ. ფაილოძე და მიუსაჯეს წელიწად-ნახევარი „საბჭოთა წყობაზე ცილისწამებისათვის“, ხოლო 1975 წელს დააპატიმრეს ისტორიკოსი თ. ჯვარშეიშვილი.
დანარჩენ ფაქტებს უშიშროების კომიტეტის „მოღვაწეობის“ შესახებ ქართულ ეკლესიაში გვამცნობენ ქვემოთ გამოქვეყნებული დოკუმენტები:
სრულად
http://www.oldorthodox.ge/werilebi_sapatri...ris_gatana.html...........................
edna mamidaუდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.