ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია.
ალეუტის კუნძულებზე პირველი მუდმივი რუსული დასახლება კურსკის გუბერნიის მკვიდრმა, ვაჭარმა გრიგოლ შელეხოვმა დააარსა. შელეხოვს ადგილობრივ მოსახლეობასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა, თან იმასაც ცდილობდა, მათთვის მართლმადიდებლობის ძირითადი დებულებები შთაენერგა, ასწავლიდა ლოცვას და რაკი მრეწველებს შორის მღვდელი არ იყო, თვითონვე ნათლავდა.
1793 წელს გრიგოლ შელეხოვისა და მისი ახლობლის, ირკუტსკელი ვაჭრის ივან გოლიკოვის წარდგენით რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ალასკაზე პირველი მართლმადიდებლური მისია მიავლინა. მისია, რომელსაც არქიმანდრიტი იოასაფი მეთაურობდა, 1794 წლის სექტემბერში კუნძულ კადიაკზე ჩავიდა.
1799 წლის 10 აპრილს არქიმანდრიტ იოასაფს ირკუტსკში კადიაკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უკან დაბრუნებისას ეპისკოპოსის ხომალდი ჩაიძირა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კარგა ხნით შეაფერხა მისიის მოღვაწეობა.
1823 წელს კუნძულ უნალაშკოზე ჩავიდა მღვდელი იოანე ვენიამინოვი (შემდგომში - მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტი ინოკენტი). მამა იოანემ თავისი მრევლის ენა და წეს-ჩვეულებანი შეისწავლა, შექმნა დამწერლობა და ალეუტის ენაზე თარგმნა ბიბლია და ზოგიერთი საღვთისმსახურო წიგნი.
1840 წელს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ჩრდილოეთ ამერიკის ცალკე საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა. იმავე წელს დაქვრივებული მამა იოანე ბერად აღიკვეცა ინოკენტის სახელით და კამჩატკის, კურილისა და ალეუტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.
1867 წელს ალასკა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდეს, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი კუთვნილი ტაძრები და მიწის ნაკვეთები შეინარჩუნა.
1872 წელს საეპისკოპოსო კათედრა ნოვოარხანგელსკიდან სან-ფრანცისკოში გადაიტანეს, ხოლო საეკლესიო ღვთისმსახურებაში ინგლისური ენა დამკვიდრდა.
XIX საუკუნის მიწურულს დასავლეთ უკრაინიდან და იმიერკარპატეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მასობრივი ემიგრაცია დაიწყო. მიგრანტები უმთავრესად უნიატები იყვნენ - გალიციელები, ბუკოვინელები, კარპატოროსები... იქ ისინი მართლმადიდებლობას იღებდნენ, ტაძრებს აშენებდნენ და რუს მართლმადიდებელ მღვდლებს ღვთისმსახურების აღსასრულებლად იწვევდნენ.
http://karibche.ambebi.ge/eklesia/eklesiis...li-eklesia.htmlეს იცოდით?
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.