butkujავღანეთის მიწაზე...
მისიაში მყოფი კაპრალის, ლაშა გოჩელაშვილის ჩანაწერები
ქვეყანა, ხალხი - ყველაფერი რაც კი აქაურობას უკავშირდება, გგონია, რომ ნახევრად მისტიკურია. 2009 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც, ქართული ქვედანაყოფები საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან ერთად სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა ოპერაციებში იმყოფებიან, სათავეს იღებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი ჯარისკაცების საინტერესო თავგადასავლები - ეს ყველაფერი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ემოციებთან არის დაკავშირებული.
იყო ტკივილი გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლების, ჩვენი ძმების გამო; იყო სიხარულიც, გამარჯვების, წარმატების, შესანიშნავად შესრულებული ამოცანის შემდეგ, ქართველის მიერ თანამებრძოლისა თუ უცხოტომელის გადარჩენილი სიცოცხლის გამო; იყო კურიოზებიც...
3-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამოცანის შესრულებას 2017 წლის 3 აპრილიდან შეუდგა და მეც პირველივე დღიდან ჩემზე დაკისრებული ამოცანის შესრულებას შევუდექი. მართალია, ჯარისკაცის თითოეული დღე, საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ როცა გათავისებული გაქვს, შენს უკან შენი სამშობლოა და შენმა ქმედებამ შესაძლოა უდიდესი ზიანი ან უდიდესი სიხარული მიანიჭოს შენს ქვეყანას, შენს თანამებრძოლებს, დაღლა და პირადი პრობლემები გავიწყდება.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე მასშტაბებითა და მნიშვნელობით უმთავრესია, ქართველი ჯარისკაცის ამოცანა უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტებისგან შედგება, შესაბამისად, დღე ავღანეთში დილის 5 საათიდან იწყება. პირადი ჰიგიენისათვის განკუთვნილი დროის შემდეგ, დღე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადგილიდან გრძელდება, ადგილი სადაც ჩვენივე ხელით აგებული ულამაზესი სალოცავი დგას, სალოცავი, რომელსაც ქვით აგებული გალავანი და სამრეკლო ამშვენებს. ის ერთადერთი ადგილია ბაზაზე, სადაც რამდენიმე ძირმა ქართულმა ვაზმა და კოლხურმა ბზამ გაიხარა. ეს უდიდესი სიხარულია და ბუნებრივია, ყოველ დილით, თითოეული ჯარისკაცის ზრუნვის ობიექტია. სალოცავის გალავნის კედლები, რომელსაც გელათი, სვეტიცხოველი, ალავერდი, დავითი და თამარი ამშვენებს, წარმოსახვაში პატარა საქართველოს აცოცხლებს და თავისთავად, სამშობლოდან 3000 კილომეტრში, ქართველი ჯარისკაცისთვის უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს. სალოცავი, სადაც კაპელანი მამა ზაზა წირვა ლოცვას აღავლენს, არა მარტო ქართველთა, არამედ ბაზაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელთა შეკრების ადგილიცაა, მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე აქ ნახავთ, რუმინელ, ბერძენ, ბულგარელ, მაკედონიელ მართლმადიდებლებს.
ქართველი ჯარისკაცის შესრულებული ამოცანიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პატრულირების ამოცანაა, რომელსაც ყოველდღიურად ვასრულებთ - ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა სხვადასხვა დროს, ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილება, ერთმანეთის ნდობა და გამხნევება, სამშობლოს სიყვარული და რწმენა გვაძლევს იმედს, რომ ამოცანა წარმატებით ჩაივლის. პატრულირების ოპერაცია მნიშვნელოვანთან ერთად საინტერესოც არის, იმდენად, რამდენადაც ადგილზე ხდება ქვეყნის კულტურის, ტრადიციის და ყოველდღიურობის შესწავლა, გასაუბრება სოფლის საერო თუ სასულირო ავტორიტეტებთან. ემოციურია მათი პრობლემების მოსმენა, ემოციურია პატარების ნახვა, რომლებიც ჩვენგან საკვებს და წყალს ელიან. ბედნიერებაა მათი გახარებული თვალების ნახვა, იმის გათვალისწინებით, როდესაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პატარები, დის შვილები, ძმის შვილები გველოდებიან საქართველოში.
მიუხედევად ყველაფრისა პატრულის ამოცანა რისკებთანაც არის დაკავშირებული. სწორედ პატრულირების ამოცანის შესრულების დროს, ბატალიონის ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი დავკარგეთ. ის სამარადჟამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში, როგორც გმირი, რომელმაც საკუთარი თავი და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე სამშობლოს შესწირა.
არანაკლებ საპასუხისმგებლოა შიდა უსაფრთხოების ამოცანის შესრულება, რამდენადაც ბაზის ტერიტორიზე მყოფი ქართველის თუ უცხოელის, ჯარისკაცის თუ სამოქალაქო პირის უსაფრთხოება მთლიანად ქართველი ჯარისკაცის ვალდებულებაა, რაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ქართველებისადმი უდიდესი ნდობის გამოხატულებას წარმოადგენს. ეს, ერთი ორად ზრდის ჩვენ შემართებას, რადგან ისინი მენდობიან არა მხოლოდ მე, ან რომელიმე ჯარისკაცს, არამედ ჩემს ქვეყანას!
სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენ მიერ გატარებულ ჰუმანიტარულ ღონისძიებებს ახლომდებარე სოფლებსა და ადგილობრივ სკოლებში, რომელთაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა სახის საჭირო ინვენტარი მიეწოდებათ, რაც კიდევ უფრო ზრდის ადგილობრივი მოსახლების კეთილგანწყობას ქართველების მიმართ. მიუხედავად შრომატევადი დღისა პირადი საჭიროებისათვის თავისუფალი დრო ყოველთვის გვრჩება, რომელსაც განტვირთვისა და ძირითადად ოჯახთან დასაკავშირებლად ვიყენებთ. თავისუფალ დროს ხშირად ვიკრიბებით ჩვენი თანამებრძოლების, ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან, რომელიც ტკივილისა და სიხარულის, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ნათელი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. მიუხედავად ჩვენზე დაკისრებული რამდენიმე საბრძოლო ამოცანისა, ვფიქრობ, რომ სამშვიდობო მისია არის არაჩვეულებრივი საშუალება და არენა ჩვენი ქვეყნის კულტურის ექსპორტისა, უცხო ქვეყნის ჯარისკაცებთან.
თითოეული ჩვენგანის პირადი ურთიერთობა, ასევე ჩვენს მიერ ჩატარებული რამდენიმე ღონისძიება იმის საშუალებასაც იძლევა, რომ უცხოელებს ჩვენი ქვეყანა, მისი ტრადიცია, კულტურა, ხელოვნება, ისტორია გავაცნოთ. მაგალითად, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ, გაჟღერებულმა ქართულმა ფოლკლორმა და მრავალხმიანი ქართული სიმღერისა და ქართული კერძების ნიმუშებმა, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენს უცხოეულ მეგობრებში. ამის ფონზე უდიდესია მონატრება საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხისა და ოჯახის მიმართ.
ძალიან მალე ჩვენი ამოცანა დასრულდება და სამშობლოში დავბრუნდებით. ამაყად აღმართულ ქართულ დროშას კი სხვა ბატალიონი გადაიბარებს. ჩემს ძმებს, თანამებრძოლებს, რომელთაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ ღირსეულად გააგრძელონ წლების წინ დაწყებული საქმე, მინდა ვუთხრა, მართალია აქ თქვენ რთული კლიმატური პირობები დაგხვდებათ, მოგენატრებათ საკუთარი ოჯახები, ქვეყანა, მაგრამ თქვენ ნამდვილად იამაყებთ, რომ საქართველოდან ხართ, თქვენ დაიცავთ მსოფლიო მშვიდობას და დაიცავთ საქართველოს.
კაპრალი ლაშა გოჩელაშვილი
https://www.facebook.com/notes/%E1%83%A1%E1...44589012241090/
შენი მსგავსი ფუტუროები და ცარიელი ადგილები კი ვერაფერს შეიგრძნობთ და გაგიებთ, რადგან თქვენთვის სამშობლო მაძღარი კუჭია და მოქონილი ყბები