„ბაზარზე ნატურალური წვენების 90 პროცენტი ნატურალური არ არის“ -ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. აქედან გამომდინარე, ჭყონია განმარტავს, რომ ბაზარზე ნატურალური წვენების რეგლამენტირება აუცილებელია.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტის შემცველი სასმელების რეგლამენტირებაზე მუშაობს.
ჭყონიას განცხადებით, ის უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე 40 წლის განმავლობაშია და იცის, რომ ყველაფერი, რასაც დღეს რეკლამირებას უწევენ, არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და სფეროში ცვლილებები და კონტროლი უნდა განახორციელოს.
მისი თქმით, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია წარმოებულია 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტისგან,ეს არის ტყუილი. „ჩვენ ეტიკეტზე ყოველთვის გვაქვს განმარტებული, ის რაც რეალობაა. ანუ, ვუჩვენებთ, ნატურალური წვენის შემადგენლობა რამდენი პროცენტია. სხვა ამას არ უჩვენებს. ჩვენი წარმატების ფორმულა ეს არის. ეს ფალსიფიკაცია არ არის, ეს არის ტყუილი. ეს არის მოხმარებლის შეცდომაში შეყვანა. იყენებენ ადამიანის ფსიქოლოგიას, თითქოს აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქტს. მაგალითად, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ტარხუნის და მსხლის ლიმონათი ნატურალური წვენებისგან არის დამზადებული, ეს არის აბსურდი. ეს არის კატასტროფა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მწვანე ფერის შემადგენლობა, სადაც შედის მაგალითად, ტარტრაზინი, საშინელებაა. ბევრ ქვეყანაში ეს ინგრედიენტები აკრძალულია“-აცხადებს ჭყონია. მისი მტკიცებით. ნატურალური წვენების 90 პროცენტი სტანდარტებს არ შეესაბამება და ის ნატურალური არ არის.
ცნობისათვის, ტარტრაზინი (უ102, ყვითელი საღებავია) განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას.
კითხვაზე, რატომ შემოაქვს სახელმწიფოს აღნიშნული რეგულაცია, ჭყონია განმარტავს, რომ როგორც ჩანს მთავრობა მიხვდა, ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს. მისი მტკიცებით,ახალი რეგულაციები არ უნდა იყოს ერთდღიანი, არამედ უნდა შეიქმნას სისტემა, რათა კონკრეტული შედეგი დადგეს.
როგორც ჭყონია აცხადებს, რასაც ადამიანი, სახელმწიფო აკეთებს, ის შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.
ბიზნესმენის მტკიცებით, ზოგჯერ რეგულაცია ვალის მოხდას უფრო ნიშნავს, ვიდრე დანერგვას. სახელწიფომ შესაძლოა, ვალი მოიხადოს და ნატურალური წვენების ტექნიკური რეგლამენტი აამოქმდოს, თუმცა, ამის რეალურად დანერგვას დრო და პოპულარიზაცია სჭირდება.
კითხვაზე, ნატურალური წვენების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამ შესაძლოა თუ არა ბაზრიდან რამდენიმე მწარმოებლის გასვლა გამოწვიოს, ჭყონია განმარტავს, რომ ამის რისკი არ დგას, რადგან დღეს მწარმოებლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს იქნება ღონისძიება ღონისძიებისათვის და არა შედეგისათვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნატურალური წვენების რეგლამენტირების მოთხოვნა ბიზნესიდან წამოვიდა და საკითხზე სამინისტრო მუშაობს. რაც შეეხება სპირტიანი სასამელების რეგლამენტს, მინისტრის განმარტებით, საქართველოში აქამდე არ ხდებოდა ისეთი პროდუქციის წარმობა როგორიცაა ჯინი და ვისკი, შესაბამისად არც რეგლამენტის საჭიროება იყო.
როგორც ცნობილია, რეგულაციის შემოღებით განისაზღვრება როგორც ეტიკეტირების სტანდარტები, ისე ბაზრის მოთამაშეებს შორის დარეგულირდება თამაშის წესები.
http://commersant.ge/?view=post&id=129434&lang_id=geხანდახან ესეც იტყვის ხოლმე ჭეშმარიტებას