გიორგი ვაშაძე - ახლა ვარ მშვიდი, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება არ ვიყო ასეთი მშვიდი, ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად
თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, „ახალი საქართველო“ საარჩევნო ბარიერს გადალახავს და საკრებულოში შევა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, შედეგები, რომელიც საარჩევნო კომისიებში დაიდება, ეგზიტპოლებისგან რადიკალურად განსხვავებულია და სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“-მ გაცილებით მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ეს ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული.
„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ საარჩევნო მაიმუნობის პროცესში. მე მეტი არაფერი შემიძლია ვუწოდო იმ პროცესს, რაც ხდება ამ წუთებში. პირველი ეგზიტპოლი, რომლის შედეგებიც მოვისმინეთ, მეორე ეგზიტპოლი, რომელიც სრულიად განსხვავდება და შედეგები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო უბნებიდან სრულიად განსხვავებულია ამ ყველაფრისგან. სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ საკრებულოში, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლები, გახდა მთავარი მანიპულაციის საგანი ამ არჩევნებზე. უბნის მონაცემები რაც მოდის, არათუ გადალახული გვაქვს ბარიერი, არამედ რამდენიმე ადამიანით შევალთ საკრებულოში და მე ძალიან გული მწყდება, რომ დღემდე საქართველოში არჩევნები გახდა ფულის გადახდის, ფულით მოსყიდვის და ფულით მუშაობის საგანი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს მიმართავს, არ მიითვისოს მათი ხმები. „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ თბილისელს, ჩვენ შევთავაზეთ სრულიად სხვა პერსპექტივა, მაგრამ ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ გაყალბება, დაუბალანსებელი უბნები, ხმებს ვერ აბალანსებენ ელემენტარულად საარჩევნო უბნებზე. ზოგიერთ უბანზე დათვლა არ არის დაწყებული. როგორ ვთქვა რომ ამომრჩეველმა საერთოდ მხარი არ დაგვიჭირა, იმ პირობებში, როცა არც ერთი ხმა არ არის დათვლილი. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - არ გაბედოთ, ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენი ხმები გადაიფორმოთ თქვენს თავზე! აბსოლუტურად მშვიდად გეუბნებით, ახლა ვარ მშვიდი, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება არ ვიყო ასეთი მშვიდი, ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...han-erthad.html სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები
არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არ დარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები.
სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 21 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებისა და მერების არჩევის მიზნით გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა დიდ წილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ცხელი ხაზისა თუ მედიის საშუალებით მიღებული ინფორმაცია. დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არ დარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები. გამოკვეთილი ხარვეზების ნაწილი დაკავშირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო მომზადებასთან.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლობა კენჭის ყრის პროცესს მონიტორინგი გაუწიეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუხის, შამგონას, ხურჩის, ორსანტიის, და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კენჭისყრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოვლინდა პროცედურული სახის დარღვევები, რომლებიც კენჭისყრის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ხმის მიცემის პროცესს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი გაუწიეს ასევე, ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში და ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა არჩევნებმა თბილისში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.
ცალკე უნდა აღინიშნოს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების შესახებ მონაცემების შეგროვების საკითხი, როდესაც საარჩევნო სუბიექტების ე.წ. კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნების გარეთ მასობრივად არიან მობილიზებულები და საარჩევნო უბნებში გამოცხადებული ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ.
სახალხო დამცველის არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალური მონაცემები არ არის. აღნიშნული მონაცემები პერსონალურია იმისდა მიუხედავად, თუ რა რეჟიმია დადგენილი მათი ხელმისაწვდომობისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შეგროვება ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად: სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას. მისასალმებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინსტიტუტის ფარგლებში შემოწმდეს მსგავსი ქმედებების კანონიერება.
საყურადღებოა ასევე გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ამომრჩევლების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
რაც შეეხება ძალადობის ცალკეული ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის და თვალყურს მიადევნებს მათთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებულ რეაგირებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ანა მიქელაძე - არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია
ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ზარებისა და შეტყობინებების დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა. ანა მიქელაძემ ასევე, საარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს; ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი. შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებული შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეჰყავთ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, facebook-გვერდზე და Youtube-ზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
თუმცა, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი.
”სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს #მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე საარჩევნო უბნებზე. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე, რუსთავშიც სადაც დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია 10 საარჩევნო უბნიდან მოგვაწოდეს.
კენჭისყრის დღეს ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები. ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ფაქტები საარჩევნო უბნების 16.8%-ზე დაფიქსირდა. იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ ყველა უბანს დააკვირდა, ასეთ შემთხვევებს მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ჰქონდა ადგილი. თუმცა, ამ სახის ტენდენცია ყველაზე მეტად თბილისში გამოიკვეთა და საარჩევნო უბნების 74.8%-ზე დაფიქსირდა.
უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები 7 საარჩევნო უბანზე; მარკირების პროცედურის დარღვევის შემთხვევები 15 საარჩევნო უბანზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არაუფლებამოსილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწიელობის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტი 1 საარჩევნო უბანზე; უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცედურების დარღვევის სხვა სახის ფაქტები 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე;
ამ დროისთვის წარდგენილია საუბნო კომისიებში 76 საჩივარი, საოლქო კომისიებში 88 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 57 შენიშვნა.
კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის (97.7%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებთან (98%). ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ამ მონაცემთან შედარებით სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.
საარჩევნო უბნების 97.3%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც თითქმის არ განსხვავდება წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში - 2016 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 97%-ზე და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემის (97.3%-ზე) იდენტურია 97.3%-ზე. მარკირების შემოწმების დარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ამ შემთხვევაშიც მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.
საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი სტატისტიკურად განსხვავებული არ არის 2016 წლის საპარლამენტო (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (99.7 %) მონაცემებისგან.
საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება გაკეთდა საარჩევნო უბნების 98.7%-ზე და გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 96%-ზე; შედარებით მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.
საარჩევნო უბნების 98%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი მცირედ გაუმჯობესებულია 2016 წლისა (95%) და 2014 (96.3%) წლის ანალოგიურ მონაცემებს შორის; თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის ფარულობა ყველაზე ნაკლებად დაცული იყო მარნეულისა და ბათუმის ოლქებში.
მუქარისა და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მხოლოდ 1%-ზე, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2014 წლის თვითმმართველობისა (1.3%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებისგან (1%).
კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული სხვა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 5.4%-ზე”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...he-chaiara.html This post has been edited by Choncxis mzera on 22 Oct 2017, 01:47