ადრე, ერთ საჯარო სამსახურში ვმუშაობდი. ხალხი სახელმწიფო პროგრამით იღებდა რაღაცას. მოკლედ, ჩავედით კახეთის რამდენიმე ქალაქში და სოფელში გადასამოწმებლად როგორ მუშაობდა პროგრამა, რამდენად სრულდებოდა პროცედურა და ასე შემდეგ. მოვიდა ხალხი. პირადობის მოწმობით უნდა მოსულიყვნენ კუთვნილის ასაღებად და თუ თავად ვერ ახერხებდა მოსვლას ბენეფიციარი, ვინც მოვიდოდა ასაღებად, ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა მოსულიყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოც. დაუცველი იყო. მინდობილობის გაკეთებას ფული უნდოდა.
შემოვიდა ასაკოვანი კაცი. ჩვენმა იქაურმა წარმომადგენელმა, რაკი იქ ვიყავით ჩვენც, თქვენი პირადობაო - უთხრა. თან ეტყობა გაფრთხილებულები იყვნენ ხალხი - თბილისიდან ჩამოდიან შემოწმებაზე და აბა თქვენ იცით, რამე არ დაგრჩეთო რაც საჭიროაო. იმ კაცს გაეღიმა და შეხედა ხოდა თვალებში ეწერა - აბა ბალღო ერთი ხელი მაისვი, ჩემ ხელში ხარ გაზრდილი, ჩემ კისერზე რამდენჯერ დაგიფსია და რა პირადობასა მთხოვ, ვეღარა მცნობ ვერან?-ო.

იმას ფერი დაეკარგა. ჩვენსკენ გამოაპარა თვალი. გამეცინა. ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთის ახლობელი იყო. პირადობაც იყვნენ ერთმანეთისთვის და მინდობილობაც.
ერთ ქალაქში ერთი ქალი არ მოვიდა. მოვიკითხეთ და - სახლი დაეწვა ყველაფრიანად, ფეხსაცმელები არა აქვს და ვერ მოვიდაო. ჩვენს იქაურ წარმომადგენელს ვთხოვე ტექნიკურად გაარკვიე რა ზომა ფეხი აქვსო. გავიდა და დაიკარგა. 2 საათში ყუთით დაბრუნდა. ზომა გაუგია, თელავში წასულა ბაზრობაზე და უყიდია. საღამოს დავადექით ერთად. რაც ეკუთვნოდა ის მივუტანეთ და ფეხსაცმელი მეზობელს მივეცით, რომელთანაც თავს აფარებდა. ჩვენგან უხერხულად იგრძნობს თავს თქო და შენ მიეცი მერე თქო.
კარგად მესმის რაც არის სახელმწიფო ვერტმფრენი. მით უმეტეს საზღვრის დაცვის სამსახურის. ისიც კარგად მესმის რას ნიშნავს მსგავსი საქციელი და რა სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს საქმე საქმეზე რომ მიდგება.
მარა რა გინდა რო ქნა?

ეგეთები ვართ რა.
აი ჯერ კიდევ როდის "დაგვხატა" დანელიამ თავის ფილმში.