"ჩემი ბიჭები გმირები არიან, არშემდგარი გმირები!" - პირველი მასწავლებლის წერილი "ლეოგრანდში" გარდაცვლილ თანაკლასელებს
27.11.2017
"ჩემი ბიჭები გმირები არიან, არშემდგარი გმირები!" - პირველი მასწავლებლის წერილი "ლეოგრანდში" გარდაცვლილ თანაკლასელებს
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალებულ ტრაგედიას, როგორც იცით, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის ორი ბიჭი თანაკლასელი იყო - ნუკრი ჩანჩიბაძე და მიშიკო ქავჟარაძე. მათმა პირველმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა მჟავიამ, ღია წერილი მიუძღვნა მათ ხსოვნას:
"დაუსრულებლად მინდა ვწერო ამ ორი ბიჭის სიკარგეზე მათმა პირველმა მასწავლებელმა. ჩემთვის ხომ ისინი ისევ ის პატარები იყვნენ, გულის ფანცქალით რომ ჩამაბარეს და მანდეს მათმა მშობლებმა. იმ წელს პირველად ავიყვანე პირველ საშუალო სკოლაში საკუთარი კლასი, უნიჭიერესი ბავშვებით დაკომპლექტებული კლასი. მათ გვერდით გატარებული ყოველი დღე უბედნიერესი იყო ჩემთვის. მე მათ ვასწავლიდი და ისინი მე მასწავლიდნენ, დამწყებს, მასწავლებლობას. ხვალ მათგან ორ საუკეთესოს გავაცილებთ იმ ქვეყნად: მიშიკოს და ნუკაკოს. მახსოვს, ხანდახან, დასვენებაზე მოთამაშეთ, ღიმილით ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი: აუ, რა კარგ ბიჭებს ვუზრდი ჩემს სამშობლოს-მეთქი! მათ ნიჭიერებას, ღვთისნიერებას, სილამაზეს, სიკარგეს ხომ საზღვარი არ ჰქონდა...
და ამისთვის გავზარდე, რომ ჩემს ქვეყანას გადამთიელის მიერ წესების დარღვევით წამოჭიმულ სასტუმროში გამოეხრჩო ამხელა პოტენციის მქონე ვაჟკაცები? ვაი, უბედურო მშობლებო და უბედურო საქართველოვ!
იხილეთ ნუკრი ჩანჩიბაძის ცეკვა ქორწილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა
დღეს ერთ არხზე ჟურნალისტმა მოკლედ დაახასიათა ათი გარდაცვლილი და მიშიკოზე თქვა, თურმე მღეროდაო, ნუკრიზე, უბრალოდ, გარდაიცვალაო. მარტო მღეროდნენ? უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ყველა საგანს ერთნაირი სიძლიერით ფლობდნენ ლამაზი ბიჭები, სიცოცხლე უხაროდათ, ყველა და ყველაფერი უყვარდათ...
ჩემი ბიჭები გმირები არიან, არშემდგარი გმირები!
თუმცა, რას ვწერ? არა, შემდგარი გმირები!
ბიჭებო, თქვენი სიკვდილით ხომ გამოგვაფხიზლეთ დაყრუებულნი და დამუნჯებულნი, კარგად შეგვანჯღრიეთ სულის ტკივილამდე, რომელიც ყველაზე გაუსაძლისია. არავის დავანებოთ და უკეთ მივხედოთო ჩვენს ქვეყანას, ეს გვითხარით.
მიყვარხართ მიშკა, ნუკაკო, ღმერთმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი, ჩემო არაჩვეულებრივო ბავშვებო, ჩემო ჩიტუნიებო და ანგელოზებო!"
https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/10622...aklaselebs.html
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com