პაპი ფრანცისკე ახალგაზრდებს: წადით პოლიტიკაში და იბრძოლეთ სამართლიანობის, ადამიანის ღირსებისა და ღარიბებისათვის!
ძვირფასო ახალგაზრდებო!
ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სახარების ძალით მსოფლიო გარდავქმნათ.
მაცხოვარი გვეუბნება: „რაც გაუკეთეთ ერთ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათ 25,40). მრავალ წმინდანზე სწორედ ამ სიტყვებმა იქონია არსობრივი გავლენა. ასე მაგალითად წმინდა ფრანცისკ ასიზელმა საკუთარი ცხოვრება ამ სიტყვების გაგებისთანავე რადიკალურად გარდაქმნა. დედა ტერეზა სწორედ ამ სიტყვებმა მოაქცია. გავიხსენოთ მამა შარლ დე ფუკოს ცნობილი გამონათქვამი: „არცერთ მონაკვეთს ჩემზე არ ქონია ასეთი დიდი გავლენა, როგორც ამ სიტყვათა კავშირს: რაც გაუკეთეთ ერთ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. ამან ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. როცა მე იესო ნაზარეველის ამ სიტყვებზე ვფიქრობ, რომელიც ჩვენ ასევე მოგვმართავს: ეს არის ჩემი ხორცი… ეს არის ჩემი სისხლი… აქედან მე მხოლოდ ერთს ვასკვნი, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ მაცხოვარისგან უპირველეს ყოვლისა ის უმცირესი ძმა (და) მოვიძიოთ და შევიყვაროთ“.
ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო! ტერორითა და ძალადობით სავსე ჩვენი დედამიწა შესაძლებელია მხოლოდ ადამიანთა გულების მოქცევით გავხადოთ ჰუმანური. ეს კი ნიშნავს: მოთმინებას, სამართლიანობას, წინდახედულებას, დიალოგს, უსაზღვრო მოწყალებას, სიყვარულს, ღარიბებისადმი სოლიდარობას, მსხვერპლის გაღებას და ზოგ შემთხვევაში სხვა ადამიანის გამო სიკვდილსაც კი. თუ ეს თქვენ გულს შეეხება, მაშინ პლანეტის აქტიური ქრისტიანები მსოფლიოს შეცვლას შეძლებთ. ის რაც დღეს ხდება მსოფლიოში ასე არ უნდა დარჩეს. როდესაც თანამედროვე ქრისტიანი უღარიბესი ადამიანის გასაჭირს თვალს არიდებს, ის არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი!
ჩვენ უფრო მეტის გაკეთების უნარი შეგვწევს, კერძოდ სიყვარულისა და სამართლიანობის რევოლუცია პლანეტის მრავალ ტანჯულ ადგილას რეალობად ვაქციოთ.
იმას რასაც ჩვენ დღეს რომის კათოლიკე ეკლესიის სოციალურ სწავლებას ვუწოდებთ მეცხრამეტე საუკუნეში წარმოიშვა. ამ დროს ინდუსტრიალიზაციასთან ერთად უსასტიკესი ფორმის კაპიტალიზმი წარმოიქმნა: ადამიანების გამანადგურებელი ეკონომიკა – სინდისდაკარგულ დიდ ინდუსტრიებს გაღატაკებული მოსახლეობა იქამდე მიჰყავდათ, რომ ისინი „შიმშილის ჯამაგირს“ თანხმდებოდნენ. ბავშვები დღის სინათლეს ვეღარ ხედავდნენ, ვინაიდან ისინი მონებივით მიწისქვეშ გაგზავნეს რათა მაღლა ქვანახშირის ვაგონები ამოეგორებინათ. ამ გასაჭირის შემყურე ქრისტიანები აქტიურად იწყებენ სოციალური უფლებებისათვის ბრძოლას, თუმცა მხოლოდ პირადი სურვილი საკმარისი არ იყო. აქედან წარმოიშვა ეკლესიაში სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მშვიდობიანი ფორმით ბრძოლის იდეა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ველზე. პირველ ფუნდამენტს რომის ეკლესიის სოციალური სწავლებისა პაპ ლეო XIII-მდე მივყავართ. მისი 1891 წელს გამოცემული ცნობილი ენციკლიკა „Rerum novarum“ – იმ დროის სოციალურ პრობლემებს შეეხება. პაპი ლეო XIII თავის პირველ სოციალურ ენციკლიკაში ნათლად და გარკვევით წერს: „მშრომელების გამომუშავებული კუთვნილი ჯამაგირის დაკავება, არ მიცემა ან დამალვა არის ცოდვა, რომელიც ზეცაშიც კი ისმის“. მაშინ ეკლესია მთელი თავისი ავტორიტეტით მშრომელების უფლებების დასაცავად გამოვიდა.
ეკლესიის სოციალური სწავლება დროთა განმავლობაში გამდიდრდა და დაიხვეწა. დღეს ბევრს კამათობენ სამართლიანობის, მშვიდობის და კეთილდღეობის შესახებ. ქრისტიანულმა სოციალურმა სწავლებამ ჩამოაყალიბა საკუთარი ფუნდამენტური ელემენტები: ადამიანის პიროვნების, სოლიდარობის და სუბსიდირების პრინციპები. თუმცა სოციალური სწავლება არ მომდინარეობს რომელიმე კონკრეტული პაპისგან ან სწავლულისგან, ის პირდაპირ სახარების გულიდან აღმოცენდა. მის სათავეში იესო ნაზარეველი დგას, თავად იესოა ღმერთის სოციალური სწავლება.
„ეს ეკონიმიკა კლავს!“ – ვთქვი მე ჩემს სამოციქულო წერილში „Evangelii Gaudium“. დღეს კვლავაც არსებობს „გამორიცხვის და გამოთიშვის ეკონომიკა“, მთელი რიგი ქვეყნების ახალგაზრდების ორმოცი-ორმოცდაათი პროცენტი უმუშევარია. სხვადასხვა საზოგადოებაში ხდება ასაკში შესული ადამიანების „გადარჩევა“, ვინაიდან მათი შეხედულებით ასაკში შესულ ადამიანებს არანაირი „ღირებულება“ არ გააჩნიათ ანუ ისინი აღარ არიან ბაზრისათვის პროდუქტიულები.
პლანეტის რიგი მიდამოები მოსახლეობისაგან დაიცალა, ღარიბები დიდი მეტროპოლიების „ფაველებში“ (ქალაქგარეთ ღარიბთა უკანონო დასახლებები, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გარეშე) გარბიან. იმ იმედით, რომ იქ გადარჩენისათვის სარჩოს მოიპოვებენ. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის პროდუქციის ლოგიკამ მათი მშობლიური რეგიონების ზომიერი ეკონომიკა და სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურები გაანადგურა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ერთი პროცენტი მფლობელია მსოფლიო საერთო ქონების ორმოცი პროცენტის, მსოფლიო მოსახლეობის ათი პროცენტი ფლობს ოთხმოცდახუთ პროცენტს. სასწორის მეორე მხარეს კი პლანეტის მოსახლეობის ნახევარს „ეკუთვნის“ სულ რაღაც ერთი პროცენტი დღევანდელ მსოფლიოში. ყოველდღიურად დედამიწის 1, 4 მილიარდ ადამიანს ერთ ევროზე ნაკლებით თანხით უწევს ცხოვრება.
როდესაც მე თქვენ ეკლესიის სოციალური სწავლების გასაცნობად გიწვევთ, აქ მე არ მოვიაზრებ ჯგუფებს, რომლებიც ხეების ქვეშ სხედან და ამ ყველაფერზე კამათობენ. რა თქმა უნდა ეს კარგია, მნიშვნელოვანია! თუმცა ჩემი ოცნება უფრო დიდია: მე ვისურვებდი ერთ მილიონ ახალგაზრდა ქრისტიანს, უკეთესი იქნება მთელ ახალ თაობას, რომლებიც დაეყრდნობიან ორივე ფეხით ქრისტიანული ეკლესიის სოციალურ სწავლებას. სხვა ვერაფერი ვერ შეცვლის მსოფლიოს გარდა ადამიანებისა, რომლებიც იესოსთან ერთად პერიფერიებში წავლენ და შუაგულ სიბინძურეში შესვლას არ შეუშინდებიან. წადით პოლიტიკაში და იბრძოლეთ სამართლიანობის, ადამიანის ღირსებისა და ღარიბებისათვის! ეს თქვენ ხართ ეკლესია. იზრუნეთ იმისათვის რათა ეს ეკლესია გარდაიქმნას, იყოს უფრო ცოცხალი და ესმოდეს: უფლებააყრილების ძახილი, გაჭირვებულების მუდარა და იყოს უპატრონოების მფარველი.
გამოცოცხლდით და ამოძრავდით. ერთად მოქმედება ჩვენ სამყაროში უკეთესობის მომტანია. ამ ყოველივეს კი ადამიანები იგრძნობენ და თქვენში მოქმედ საღვთო სულს ამოიცნობენ. დაე თქვენ შეიძლება იყოთ ის მანათობლები, ვინც ამ ადამიანებს ღვთისკენ სავალ გზებს გაუნათებენ.
გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა 23.12.17
https://shotakintsurashvili.wordpress.com/2...83%a0%e1%83%93/
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.