http://marshalpress.ge/archives/5836ამ ინტერვიუში იგივეს ამბობს რაც წიგნშია.
როდესაც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და სოხუმში პირველი ტყვია გავარდა, “მხედრიონი” იქ არ ვყოფილა. ჩვენ ვიყავით ომის წინააღმდეგი პირველივე დღიდან, მაგრამ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. და უფრო მეტად რომ არ გამწვავებულიყო ვითარება ჩავედი სოხუმში და ვცადე მოლაპარაკება აფხაზებთან მშვიდობის შენარჩუნების მიზნით. ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი ასე ფიქრობდა და გამომეხმაურა, შევხვდით კიდევაც, მაგრამ საბოლოო შეხვედრაზე არ გამოცხადდა ვლადისლავ არძინბა და ჩაიშალა ყველაფერი.
მე ჯერ კიდევ მქონდა დაზავების იმედი და როდესაც გაგრიდან დამირეკა ბადრი ფირცხელიანმა და რჩევა მკითხა შემდგომი მოქმედების შესახებ, მივუგე, რომ გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა ამ პროვოკაციას არ ავყოლოდით. მაინც სოხუმის ინციდენტის მოკლე დროში დასრულების იმედი მქონდა. საუბედუროდ, სოხუმის საომარი მოქმედებები, იმხანად მხოლოდ ინციდნტი მეგონა. გაგრაში ძალიან დაიძაბა ვითარება. ბადრიმ ტელეფონით დამაკავშირა გაგრის აღმასკომის თავმჯდომარესთან ეროვნებით აფხაზთან, არძინბას ნათესავთან რუსლან იაზიჩბასთან და მე ვუთხარი – მოდით ნუ ავყვებით სროლებს სოხუმში. წყნარად იყავით და ერთმანეთს არ დაერიოთ მეთქი. იმ წუთას ის ვითომ დათანხმდა, მაგრამ ორ-სამ დღეში გავიგე გუდაუთაში გაიქცა.
აფხაზებმა გაგრაში შექმნეს რაღაც სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფება, ე. წ. “აფხაზური გვარდია” მდინარე ფსოუს საზღვარზე და ბიჭვინთაში. დაბა განთიადთან ინციდენტიც მოხდა დაიწყო სამხედრო დაპირისპირება. ბადრი ფირცხელიანი დამეკითხა, რა ეღონა. მე ვუთხარი რომ გაეტარებინა ეს ჯგუფი გუდაუთაში, რადგან მსხვრპლი არ გვინდოდა და გაატარეს კიდეც, რა თქმა უნდა უიარაღოდ.
შემდეგ მაინც უფრო მეტად გამწვავდა სიტუაცია. ჩვენ სამხედრო ხელმძღვანელობას ვუმტკიცებდით გაგრის სტრატეგიულ მნიშვნელობას. რომ საჭირო იყო ქალაქის გამაგრება, რადგან იქ ჩრდილოეთ კავკასიიდან, ბზიფის ხეობის გამოვლით უკვე შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯურის დაქირავებული მკვლელები.
ჩემი არგუმენტი ამის შესახებ შემდეგი იყო: სჯობს გაგრიდან დავიძრათ ქვევით გუდაუთისკენ და ზურგი (ე. ი. საქართველოს საზღვარი) გავამაგროთ, ვიდრე სოხუმიდან დაგვეწყო ზევით მოძრაობა. გაგრის დაკარგვით ჩვენ ვკარგავდით ყველაფერს, რადგან საზღვარი იხსნებოდა და შემდეგ ეს კიდეც ასე მოხდა. ჩვენ ყოველდღე ამაზე მივუთითებდით – დავიცვათ გაგრა, მაგრამ არავინ არაფერი არ გააკეთა და ჩემი მოსაზრებებიც, სამწუხაროდ, არავინ არ იღო ყურად.
შემდეგ გაგრაში 1992 წლის 14 აგვისტოს უკვე გადაისხა გვარდიის პირველი დესანტი და ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ. სახეზე იყო სამხედრო დაპირისპირება. და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად “მხედრიონსაც” დაგვიანებით 20 აგვისტოსთვის მოუწია ჩასვლა.
თბილისიდან 200 მოხალისე წამომყვა და გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. გაგრა სიხარულით შეგვხვდა. ერთ თვეზე მეტი დავრჩით. ავიღეთ ძირითადი სიმაღლეები ბიჭვინთის გადასახვევამდე და პერიმეტრის დამცავი რკალი შევკარით. 29-30 აგვისტოს კოლხიდის შტურმზე ძალიან ვაჟკაცი ბიჭები დაგვეღუპნენ: ამირან პაპუნაშვილი, მამუკა ბარათაშვილი, მიშიკო ბურძგლა, ვალერი კაპანაძე, გია ბაინდურაშვილი, პავლიკა იოსელიანი და სხვადასხვა ფორმირების ალალი ბიჭები ღმერთმა აცხონოთ. და სწორედ მათმა თავდადებამ მოიტანა ის, რომ 3 სექტემბერს აფხაზებმა მოსკოვში ედუარდ შევარდანძესთან გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.
გადაწყდა, რომ “მხედრიონს” უნდა დაეტოვებინა ქალაქი და გამოვედით კიდეც პოზიციებიდან. 30 კაციანი პატარა რაზმი მაინც დარჩა ქალაქში. ასევე იდგა რაღაც ჯარის მაგვარი ქართული ნაწილი, რომელსაც აკლდა ორგანიზებულობა, ქაოსური იყო სულ გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებული. და სანამ ჩვენი ბიჭები იყვნენ, კიდევ რაღაცას ამთლიანებდნენ და ხელმღვანელობდნენ. შემდეგ აფხაზებმა მუხანათურად დააღვიეს ხელშეკრულება და 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქში შემოიჭრნენ. ჩვენი გაგრის მხედრიონის პატარა რაზმი ბოლომდე იცავდა ქალაქს და მისი ნახევარი დაიბრუნა კიდეც. ბადრი ფირცხელიანის ბიჭები პირდაპირ შეაწყდნენ მტერს. ძალიან დიდი მსხვერპლი იყო, უთანასწორო ბროლა და გადამთიელმა ბოევიკებმა აიღეს კიდეც გაგრა. უმოწყალოდ დახვრიტეს და სადისტურად აწამეს მშვიდობიანი მოსახლეობა.
ბატონო ჯაბა, იყო შემთხვევები, როდესაც გაგრა-კოლხიდის პოზიციებიდან დაბრუნებული მებრძოლები გულნატკენი ყვებოდნენ, იმის შესახებ, რომ რომელიმე სიმაღლის აღების, შემდეგ იყო უკან დაბრუნების ბრძანება. და რატომ ვერ მოხერხდა თუ არ მოხერხდა აფხაზების სამხედრო ცენტრის გუდაუთას აღება?
მე მინდა გითხრათ, ერთი რამ, რომ ხანდახან ამას ცოტა ამატებენ ხოლმე. თუმცა რამდენჯერმე ასეთ შემთხვევას მართლაც ქონდა ადგილი. წინ წაწეულ რაზმს ზურგში აუცილებლად ჭირდება ძალა, რომელიც მის პოზიციებს გაამაგრებს და შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, ასეთი ძალა ზურგში არ მოგვდევდა. დიდი სამხედრო ცოდნა არ არის საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი მაღლობი, ბრძოლის დროს, სტრატეგიული ადგილია. ასეთი მაღლობი, სახელწოდებით “კირილენკოს დაჩა”, გაგრაშიც იყო.
აი, ამ მაღლობზე დავაყენეთ რაზმიც და არტირელიაც განვალაგეთ. ის აკონტროლებდა ბზიფის ხეობას და აფხაზების მიერ დაკავებულ ყველა პოზიციას. მაგრამ, გამოვედით თუ არა გაგრიდან, იმის მიზეზით, რომ თავს დაგვესხმებიანო, მიატოვეს იქაურობა და დაკარგეს სტრატეგიული პლაცდარმი. შემდეგ ეს ადგილი დაიკავეს აფხაზებმა და სწორედ აქედან შემოვიდა მტერი. რა დაბლობში ვერ დაესხმებოდნენ თავს?! ათასი სისულელე მოიგონეს.
სამხედრო უწყება იმ პერიოდში იყო თუ არა ვერაფერს გაიგებდი. გვარდია, მოხალისეებით, თბილისში შეკრებილი პირტიტველა ბიჭებით იყო დაკოპლექტებული. სროლაც კი არ იცოდნენ წესიერად და იარაღიც კი არ სჭეროდათ არასოდეს. ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო და სამხედრო ხელმძღვანელობიდან იქ არავინ არ ჩასულა. სახმელეთო ჯარების სარდალმაც ერთხელ გადაუფრინა და ეგ იყო. ბოლო დღეს ჩავიდა გაგრაში გია ყარყარაშვილი თავისი რაზმით, მაგრამ უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა.
რაც შეეხება გუდაუთის აღებას, მე მაშინ ამის წინააღმდეგი ვიყავი. გაგრაში ჩვენ, რომ კარგად გავმაგრებულიყავით არ იყო ამის საჭიროება, რადგან მოლაპარაკებაზე უნდა წამოსულიყვნენ აფხაზები. გუდაუთაში ჩვენი შესვლა ორივე მხრიდან დიდ სისხლისღვრასთან იქნებოდა დაკავშირებული.
სხვათა შორის, მე მაშინ გუდაუთიდან დამირეკეს ოზგანმა და სხვებაც და მითხრეს – “რას აკეთებთ? ერთიანად გინდათ ამოგვხოცოთო?” მე ვუპასუხე – “რომ რა ვქნათ? აღარ ვიომოთ? როცა თქვენ შემოგყავთ გადამთიელი ბოევიკები ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ?”
სამი სექტემბერი ახლოვდებოდა. ვიცოდი, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო და მაინც იმედი მქონდა, რომ რუსები ასე “ღორულად” არ გაგვწირავდნენ. ამიტომ გუდაუთაში წასვლის წინააღმდეგი ვიყავი. იქ იდგა რუსების სამხედრო ნაწილი სადესანტო რაზმი და ვინ გაგვიშვებდა წინ? თანაც სამხედრო გამოცდილების მქონე რეზერვი არ იყო, არც – რესურსები. ვიმედოვნებდით, რომ ომი არ განახლდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა!
ჩვენ რომ ჩამოვედით თბილისში. გაგრაში თავიდან გამწვავდა მდგომარეობა, მოწინააღმდეგემ დააღვია ხელშეკრულება და ვატყობდით ცუდად იყო საქმე. ისევ შევიკრიბეთ 200 კაცი და კვლავ წასვლას ვაპირებდით საბრძოლველად, მაგრამ იარაღი არ გვქონდა. როგორც იქნა 100 ავტომატი მილიციამ მოგვცა და ძალიან დიდი დამუნათებით – “გვარდიის ხელმძღვანელობამ არ გაიგოსო!” რატომ არ უნდა გაეგოთ არ ვიცი. არ უნდოდათ ჩვენ რომ შევიარაღებულიყავით და ისე გაიჭიმა იმ ასიოდე ავტომატის მოცემა, არ მოცემა, რომ როდესაც ჩვენ სოხუმში ჩავფრინდით, იქვე გავიგეთ გაგრის დაცემის შესახებ და განთიადი და ლესელიძე უკვე ჩაბარებული იყო.
ბატონო ჯაბა, თვლით თუ არა თქვენ, რომ გაგრიდან და ბზიფიდან “მხედრიონის” გამოსვლას, რაც სამშვიდობო ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, გაგრის ამაზრზენი საშინელი ტრაგედია მოჰყვა? რა მოვლენები განვითარდა შემდეგ?
ჩემი აზრით, მთლად ასე იოლად ვერ დავთმობდით პოზიციებს – თუ გაგრას დავკარგავდით, ლესელიძეში გავმაგრედებოდით და ნელ-ნელა რაღაც იქნებოდა. ალბათ, ასეთი პანიკური ჩაბარება არ მოხდებოდა. მე მგონი მოსახლეობაც აგვყვებოდა და ცოტა ხანი მაინც გავძლებდით, რადგან რუსები მაშინ ასე იოლად და ღიად ვერ მოქმედებდნენ.
გაგრის დაცემის შემდეგ მოწინააღმდეგემ გადაკეტა სოხუმი ოჩამჩირის გზა ტამიშათან. სოხუმში უკვე მარტო თვითმფრინავებით ხვდებოდნენ ან გემით. ამიტომ დაიგეგმა გზის გაწმენდა აფხაზებისაგან და 16 ოქტომბერს ოჩამჩირიდან დაიძრა “მხედრიონის” შემადგენლობა და სოხუმიდან წამოვიდნენ “ავღანელები” გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით და მურადი ცხოვრებაძე თავისი რაზმით. ტამიში-კინდღის მონაკვეთზე დაგეღუპა ძალიან კარგი მეომარი საჩხერის ბატალიონიდან გვარდიელი ზურაბ აბაშიძე. ბრწყინვალედ მართავდა ბეემპეს და შესანიშნავად იბრძოლა, მაგრამ ბოლოს ნაღმზე აფეთქდა. ტამიშის ეს მონაკვეთი როდესაც არ იყო შევსებული ჩვენი მეომრებით მოწინააღმდეგის მიერ მაშინვე იკეტებოდა და პარტიზანულად შემოტევებით გვეომებოდნენ. ღამის ორ საათზე გავხსენით ეს დანაღმული გზა და კინდღში შევხვდით “ავღანელებს” და ჩამოვართვით ხელი.
ამ ტრასაზე ძალიან საშიში იყო სიარული და ხელმძღვანელობიდან მარტო მე დავდიოდი. დაარქვეს “ჯაბას გზა”. გზა სოხუმზე ისევ გაიხსნა ტამიშზე დავაყენეთ ჩვენი პოსტები.
ბატონო ჯაბა, გაგრის დაცემის შემდეგ ბრძოლები დაიწყო ოჩამჩირის ფროტნზე. რა ვითარება იყო ამ პერიმეტრზე და რომელ შეტაკებებს გამოყოფდით განსაკუთრებით?
ყველა ბრძოლა, რომელშიც “მხედრიონი” მონაწილეობდა თავისებურად მძიმე იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქეთევანას ბრძოლას და ტამიშის ბრძოლებს გამოვყოფდი.
კოჩარასთან მდებარე სოფელ ქეთევანაში იყო მძიმე ბრძოლა. აქ დაიღუპნენ ჩვენი ნარჩევი ბიჭები: თემურ გაბუნია, მალხაზ ვაჩეიშვილი, თქვენი საქმროც ემზარ ონიანი, დათო რამიშვილი და სხვები ღმერთმა აცხონოთ. სამწუხაროდ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ქეთევანა-კოჩარაში ძალები არ გვეყო. ეს ძალიან დიდი სოფელია და ბევრი შემოსასვლელ-გასასველელები აქვს.
აქ ექვსიათასამდე მაცხოვრებელი ცხოვრობდა და მგონი ათი კილომეტრი აქვს სიგრძე. ადგილობრივი მოსახლეობის იმედზე ვიყავით, რომელსაც დიდი რაოდენობით იარაღი დაურიგეთ და მოსახლეობამ, საუბედუროდ, გვიმტყუნა და გვიღალატა… ამის გამო საკუთარი ძალები არ გვეყო, რომ გავმაგრებულიყავით.
და ეს იყო ჩვენთვის დიდი დანაკარგი. მაშინ თავად იქ არ ვიყავი, მხოლოდ განვალაგეთ ხალხი და მე მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ თვითონ მოსახლეობამ დაიწყო პანიკური გაქცევა და იქნებ სპეციალურად გააკეთეს ეს, ვინ რა იცის?! მერე ჩვენ მეორედ და მესამედაც შევუტიეთ, მაგრამ უკვე ვეღარ ავიღეთ კოჩარა. საბოლოოდ მხოლოდ შევძელით სოფელი ლაბრის აღება და რადგან იქ უკეთესი პოზიციები გვქონდა გავმაგრდით.
მოვილაპარაკეთ კიდეც მთავარ შტაბში სოხუმში პაატა დათუაშვილთან 1992 წლის დეკემბრის დასაწყისში და შემდეგ დეკემბრის ბოლოს, რომ პირველი ბრიგადის ნაწილები უნდა წამოსულიყვნენ ჩვენს დასახმარებლად სოხუმიდან ოჩამჩირისკენ და ერთდროულად უნდა დაგვეწყო შეტევა-ოპერაცია კუტოლის ხაზის მოსაშლელად და ჯგერდის ასაღებად.
ამის შემდეგ თავისუფლად ვიღებდით კოჩარს და ტყვარჩელი იქნებოდა ალყაში, მაგრამ პირველად მათ ერთი დღე დაიგვიანეს, ჩვენ როცა ომი დავიწყეთ, ლაბრა ავიღეთ, კოჩარასაც ავიღებდით ისინი რომ წამოსულიყვნენ და დაეწყოთ შეტევა, აფხაზები დაიბნეოდნენ.
მაშინ მოწინააღმდეგეს დიდი ძალა ჰქონდა, ჩვენ კი საიერიშოდ 200 კაცამდე ვიყავით. დანარჩენი პოზიციებზე გვყავდა განთავსებული. გვარდიას კი მეომრების ძალასთან ერთად ჰქონდა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებაც, მაგრამ, საუბედუროდ, პირველად 7 დეკემბერს საერთოდ არ დაგვეხმარნენ. ამ დროს კი ბორჯომის მხედრიონის მეთაურმა გიგა გელაშვილმა თავისი ბიჭებით უკვე აიღო მთელი ლაბრა, ჩემი დაცვის უფროსი თამაზ ფანჩულიძე (წესრიგა) ბატალიონი “თბილისელის” ახლადჩამოსულ წევრების პატარა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში და ნახევარი ცხენისწყალი ააღებინათ. გადაიწიეს სოფელ ბესლახუბაშიც. და საბოლოოდ, ძალების უქონლობის გამო, კოჩარა-ქეთევანას თავიდან აღების მცდელობა მარცხით დამთავრდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ისიც, რომ დაპირებული საარტირელიო ცეცხლი კუტოლზე სოხუმიდან საერთოდ არ განხორციელდა.
მეორედაც, 27 დეკემბერს საჭირო მიმართულებით არ წამოვიდნენ, როგორც იყო მოლაპარაკებული, გია ყარყარაშვილმა სულ სხვა მხარეს განახორციელა სოხუმიდან სამხედრო მარში – კუტოლი-ჯგერდას ნაცვლად აძიუბჟა – არაკიჩი – ატარა-არმიანსკაიასკენ. და, საუბედუროდ, სოფელ ვლადიმეროვკასთან, მათ დასახმარებლად გაფრენილი შესანიშნავი მფრინავი ჯიმი მაისურაძეც დაიღუპა, სულ რომ არ იყო საჭირო ისე. ასე რომ, გეგმის შეცვლას და არაკოორდინირებულობას მოყვა გაუმართლებელი მსხვერპლი. სხვა დროს, სხვა სახელმწიფოში ამაზე ვინმეს მოეთხოვებოდა პასუხი, მაგრამ მაშინ გამკითხავი არავინ არ იყო.
მძიმე ბრძოლები იყო ბესალხუბაშიც, არადუშიც, მერკულაშიც, ლაბრაშიც… დაგვეღუპა და დაგვეჭრა არაერთი მხედრიონელი. თავდადებით ივაჟკაცეს ბიჭებმა. საუბედრუროდ ამ შეტაკებებში დაიღუპნენ “გლდანის საძმოს”, “ასურეთის”, მხედრიონელები კახეთიდან და ბორჯომიდან, სვანების რაზმიდან.
ტყვარჩელის აღების კარგი ოპერაცია მოამზადა გია ვაშაკიძემ 1993 წლის აპრილში ლაშკანდერის მთიდან. ყველა საბუთი შედგა და ხელმოწერილ იქნა მთავარ შტაბში (ალბათ არის შენახული თავდაცვის სამინისტროში). მათ უნდა განეხორციელებინათ შეტევა ლაბრისაკენ და კუტოლისაკენ და ამ დროს ჩვენებიც დაიწყებდნენ ბრძოლას მთიდან ტყვარჩელის ასაღებად. მაგრამ გვიმტყუნეს და გვარდია არ წამოვიდა სოხუმიდან შეტევაზე.
გია ყარყარაშვილს ბრიგადაში ათასი კაცი ჰყავდა და ისინი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ თბილისში ჩამოვიდანენ. მერე მინისტრიც გახდა და იქ კი, მთაზე, ჩვენი ბიჭები ოცი დღე ელოდებოდნენ.
შემდეგ გია ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო კონტუზია, შეიძლება ასეც მოხდა, მაგრამ თავის ნაცვლად ხომ ვიღაც უნდა დაეტოვებინა. მთელი ბრიგადა მოიხსნა სოხუმიდან და თბილისში ჩავიდა. მიატოვეს საბრძოლო პოზიციები და ჩვენი ბიჭები კი იქ დატოვეს ლაშკანდარის მთის მწვერვალზე. იქ დაგვეღუპა ლანჩხუთელი ვაჟკაცი ჯამბული ხოფერია, დაგვეჭრა ხალხი, გაიყინენ იმ თოვლში, საკვების გარეშე რამდენ ხანს გაძლებდნენ? ორასი კაცით კი აბა რას გახდებოდი თვრამეტიათასიან ქალაქში და მხედრიონელები იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ეს იყო სამხედრო უნიათობის და უპასუხისმგებლობის გამოვლინება სრული სახით.
შემდეგ 1993 წლის ივლისში ვიბრძოდით ტამიშში, როდესაც გადმოისხა მოწინააღმდეგის კარგად შეიარაღებული დესანტი. ყველაფერი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. “მხედრიონმა” მიუხედავად დიდი წინაღმდეგობისა, შესანიშნავად შეძლო შეტევის განხორციელება, მტერი მართლაც, რომ გაანადგურა და ტყვეებიც კი ავიყვანეთ… “მხედრიონი” იყო პირველ ეშელონში, ჩვენი ბიჭები სულ პირველები გადახტნენ მოწინააღმდეგის სანგრებში და აჩვენეს უმაგალითო გმირობა. რვაასკაციან სამხედრო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა მოწინააღმდეგემ სრული კრახი განიცადა.
აქაც შესანიშნავი ახალგაზრდები დაგვეღუპნენ: გიორგი რაზმაძე, ზალიკო მდინარაძე, მერაბ კუპრეიშვილი, ვლადიმერ სემინიხინი, ენვერ უმბატოვი, გიორგი უტიაშვილი, კახა კინწურაშვილი და სხვები. მართალია ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა შენაერთებიც, მათ შორის გამსახურდიას მომხრე ქობალიას ხალხი, მაგრამ, ფაქტიურად, მათ არაფერი გადამწყვეტი არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებმა იბრძოლეს კიდეც. ჩვენ ვცდილობდით რევანშიტები შემოგვერიგებინა და საომრად გაგვექეზებინა. მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდა. გზა ზუგდიდზე ისევ ჩაკეტეს.
ბატონო ჯაბა, ოჩამჩირის ფრონტის შემდეგ “მხედრიონისთვის” მძიმე იყო სოხუმის თავდაცვითი ბრძოლები, განსაკუთრებით რომელ საბრძოლო ეპიზოდებს გაიხსენებდით?
ოჩამჩირის შემდეგ ყველაზე მძიმე ბრძოლა იყო მართლაც რომ სოხუმში 1993 წლის სექტემბერში, მაგრამ ბევრმა შესაძლოა ეს არ იცის, რომ სოხუმი ორჯერ იყო ჩაბარებული საბოლოო დაცემამდე.
პირველად ეს 1992 წლის ნოემბრის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, როდესაც სოხუმის მაღლა სოფელ შრომას შემოუტიეს აფხაზებმა და ფრონტის ხაზიდან თითქმის ყველა გამოიქცა. მეორე დღეს იწყებოდა პარლამენტის პირველი საზეიმო სხდომა და უნდა გადმოვფრენილიყავი სოხუმიდან თბილისში. რამდენიმე ღამის უძილოები და ნაომრები ვიყავით და ვიგებთ, რომ შრომა იკარგება. თუმცა რამდენიმე ათეულ “ავღანელეს” მოუგერიებია მტერი და მაინც ძალაგამოცლილები ჩამოსულან დაბლობში. ჩვენ დავიძარით ოცი კაცით. შევბრუნდით ისევ ბრძოლის ველისკენ და მტერს შევუტიეთ. პოზიციებიც შევინარჩუნეთ, გავამაგრეთ და წინ წავიწიეთ კიდეც. შევედით სულ წინა პერიმეტრზე სოფელ კამანშიც.
ამ შეტაკების წინაპირობა იყო ის, რომ რამდენიმე ხნით ადრე, როცა სოხუმში ვიმყოფებოდა, ჩემთან კამანელი სვანები მოვიდნენ და მითხრეს, რომ კამანი არ გამაგრდა, თავდაცვა გაგვიჭირდება და სოხუმი დაიკარგებაო. წამოდით და თავად ნახეთ რა მდგომარეობააო. იქ წინ მდებარეობს ერთი მთა და თუ იმ სიმაღლეზე მტრები შემოვიდნენ, შრომა დაკარგულია და თუ შრომა დავკარგეთ, სოხუმი დაკარგულად ჩათვალეთო.
კამანში არ ვიყავი ნამყოფი და მე და ცხონებული გენო ადამია წავედით. აქ არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია. იმ ღამეს იქ ვილოცეთ, დავათვალიერეთ ადგილმდებარეობა და დავასკვენით, რომ პოზიცია მართლაც გასამაგრებელი იყო.
ადგილობრივებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ მე დავარწმუნებდი სამხედრო ხელმძღვანელობას და ტექნიკას და მეომრებს გამოუგზავნიდნენ. დავაწყნარე, დავაშვიდე ერთი მოხუცი მონადირე სახელად კაკო ერქვა და დავპირდი, რომ თუ შემოტევა დაიწყებოდა მაშინვე მასთან გავჩნდებოდი. დაუჯერებლად მიპასუხა “ეხ, მერე შენ ვინღა გიპოვნისო?” მივედი სამხედრო შტაბში და მაშინდელ ხელმძღვანელს პაატა დათუაშვილს ვუთხარი: დაუჯერეთ ამ კაცს, მართალია სამხედრო არ არის, მაგრამ გამოცდილი მონადირეა და იცის მეთქი ყველაფერი. მოვითხოვე კამანში დამატებითი ძალების გაგზავნა და დამპირდნენ ხვალვე გავაგზავნითო ხალხს.
წამოვედით იმათ იმედზე. ეს წინაპირობა იყო და ამის შემდეგ, როცა ჩვენ შევვარდით ოციოდე კაცით შრომაში 3 ნოემბერს, ხალხი უკვე პანიკურად გამორბოდა. და რას ვხედავ, ეს ჩემი ნაცნობი მონადირეც არ მორბის? მე შევძახე – “აი, კაკო, რომ დაგპირდი, ხომ მოვედი მეთქი…” და მთელი შეძახილებით, გამხნევებით შევაბრუნეთ ხალხი უკან პოზიციებზე. დიდი ძალისხმევის შემდეგ სიტუაცია შედარებით დავასტაბილურეთ.
ჩამოვედით თბილისში. მაშინ გოგა ხაინდრავაც ჩემთან იყო და მირჩია, რომ პირდაპირ შევსულიყავით ნაომარ ტანსაცელში პარლამენტის დარბაზში. მაგრამ მე პარლამენტის პირველ სხდომას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მივანიჭე. სათანადოდ ჩავიცვი და პერანგზე ყველასათვის ცნობილი “ბაბოჩკა” გავიკეთე. რას იზავ, ეს ჟესტი ექსტრავაგანტულობაში ჩამითვალეს. პარლამენტარები გაცხარებული საუბრობდნენ აფხაზეთზე და იქ მიმდინარე მოვლენებზე.
მე კი ვიჯექი და საომარი ვითარებიდან ჩამოსულს არავინ არაფერს არ მეკითხებოდა. და ამ დროს ჩვენ, რომ არ მივსულიყავით შრომაში, ჯერ კიდევ მაშინ დავკარგავდით სოხუმს. ეს ყველაფერი ისტორიის მიღმაა წასული.
მეორედაც ასე მოხდა – ოჩამჩირიდან მოვდიოდით თბილისში სოხუმის გავლით. წვიმიანი დღე იყო. შტაბში ერთი ალიაქოთი ტრიალებდა, რომ მტერი ცუგუროვკის ქვემოთ სასაფლაოსთან შუა სოხუმში შემოდიოდა. ეს ნაწილი უკვე გარღვეული იყო. ორმოცდაათი კაცი მოვითხოვე სასწრაფოდ. მაგრამ უარი მივიღე პაატა დათუაშვილისაგან – “რეზერვი არა გვაქვსო” და ამაზე მე გაბრაზებულმა ვიკითხე – “რა ესე იგი სოხუმს ვაბარებთ მეთქი?!” მაინც წავედი ჩემი დაცვის ბიჭებით, მათ შორის ჩემი დაცვის უფროსიც თამაზ ფანჩულიძეც მახლდა, გავიქეცით წინ და ვხედავთ მტერი უკვე შემოდის.
ჩვენი მხარის მეთაური, ვინც პოზიციებს იცავდა, ის ხელში დაჭრილი მორბოდა, ვიღაცა დაჭრილს მოათრევდა, ზოგი რას ყვიროდა ზოგი რას. ხომ იცით პანიკური სიტუაცია რაც არის და უკვე აშკარა იყო, რომ სადაცაა შემოვიდოდნენ. არ გინდა ახლა ამ დაშინებული ხალხის შებრუნება? დაჭრილი მეთაური, რომელიც ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფს მეთაურობდა, საბედნიეროდ, 1989 წელს აფხაზეთში ჩემი მასპინძელი ჯემალი აღმოჩნდა. შემდეგ დაიღუპა ღმერთმა აცხონოს და ისე იყო არეული, რომ ვერც მცნობდა და ვერაფერს ხედავდა. როდესაც გამოვემცნაურე, გონს მოვიდა და შეძახილებით, გამხნევებით შევაბრუნეთ ეს ხალხი. საბედნიეროდ, დაღამდა და აფხაზებიც ვეღარ შემოვიდნენ.
და ასე, კიდევ ერთხელ გადავარჩინეთ სიტუაცია…
ბოლოს, 1993 წლის სექტემბერში, როდესაც ქალაქი მასიურად იბომბებოდა, იმ დროს ჩავედით. მთელი ქალაქი პანიკას მოეცვა. დეზერტირობის ბევრი ფაქტიც იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატი. ერთადერთი ძალა, რომელსაც სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა დაემყარებინა და მტერი მოეგერიებინა “მხედრიონი” იყო. ამას არ ვაჭარბებ. თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ ბრძოლაში შევედით და მტერი მეორე დღეს უკვე გუმისთის იქითაც გავყარეთ… ოჩამჩირიდან ჩვენი სამხედრო ფორმირებების შემოსვლას ველოდით. იქ მაშინ შვიდი ათასამდე კაცი იყო დაბანაკებული, მთელი მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით. ჩვენ კი ორასორმოცდაათი-სამასი კაცი ვიყავით. ველოდეთ ერთი დღე, ველოდეთ ორი დღე, ველოდეთ სამი დღე, ველოდეთ ხუთი დღე, ველოდეთ ათი დღე, ველოდეთ თოთხმეტი დღე დამხმარე არ მოვიდა. დაწყდნენ ბავშვები, ბიჭები გადაიღალნენ და დაიღუპნენ, დაიჭრნენ, ხომ უნდა შეცვალო და ოდნავ მაინც შეასვენო რაღაცნაირად? როგორც კი ამას ვაკეთებდით, სხვები გამორბოდნენ – “მხედრიონი” წავიდა, ჩვენც გავყვებითო”…
სოხუმის ფუნიკოლიორი ჩვენ გვქონდა დაკავებული და მძიმე ბრძოლაც მოვიგერიეთ. შემდეგ დადგა პოლიცია დათო ზეიკიძის ხალხი და ეს სიმაღლე ჩააბარეს მტერს და ამით დაჩქარდა სოხუმის დაცემა. ასევე მოიქცა სოხუმის მესამე ბატალიონის ხალხი. რამოდენიმეჯერ მიგვატოვეს და ჩვენც რამდენიმეჯერ შევაბრუნეთ ხალხი. “მხედრიონი” იცავდა სოხუმის თითოეულ კვარტალს, ქუჩას და დიდი დანაკარგებიც გვქონდა.
საუბედუროდ, ჩვენი ბიჭებით სავსე თვითმფრინავი ჩამოაგდეს სოხუმში და ერთიანად აფეთქდა და დაიწვა ყველაფერი. იცით რა ბიჭები დაიღუპნენ? ჩვენს საშველად მოდიოდნენ და ამასთან იცოდნენ, რომ დაშვების შანსი ნულის ტოლი იყო: ერეკლე დანელიას ჯგუფი, ბესო მურუსიძის ჯგუფი ასურეთიდან, ჩვენი უშიშროების ბიჭები ზალიკო ამაშუკელის მეთაურობით და კიდევ ბევრი სხვები.
თავისუფლებაში დაბომბვის დროს დაიღუპნენ ჩვენი მხედრიონის ბიჭები ნუკრი ცისკაძე, გურამ აღნიაშვილი, კოტე ლატარია. სულ წინა პოზიციაზე დაიღუპა გუმისთაზე მსახიობი და ჟურნალისტი საშა იოსელიანი… რომელი ერთი გავიხსენო. ყველანი აცხონოს უფალმა.
რადგან ოჩამჩირე გადაკეტილი იყო სამეგრელოდან, გია ვაშაკიძე ბიჭებით სოხუმში სვანეთიდან წამოვიდა, მაგრამ ვერ მოასწრო ჩამოსვლა და რომ ჩამოესწრო შეიძლება კიდევ რაღაც გვეღონა. ოჩამჩირეში იყვნენ მთელი “მარშლები”, გენერლები, მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა. რამდენემე დღე ზვიად გამსახურდიაც ჩავიდა. მაგრამ ჩვენს დასახმარებლად გადმოსვლა რატომღაც ვერავინ “ვერ” შეძლო. აქედან “ვუწყობდით ხელს”, რამდენჯერმე წავიყვანე რამდენიმე კაცი და დავუწყე სროლა იქნებ დაძრულიყვნენ ოჩამჩირიდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მიგვატოვეს და გაიქცნენ.
ბოლოს მაჭარკის ხიდზე ვცადეთ ხალხის შემობრუნება. კიდეც გავაკეთებდით ამას, მაგრამ სავალალოდ, უკვე მძიმე ტექნიკამაც მიგვტოვა და ყველა გაიქცა. ჩვენთან ბოლომდე იყო ვალერი ქვარაია თავისი ოცდაათი-ორმოცი კაცით, მაგრამ ამას არ შეეძლო სიტუაციის შეცვლა. სოხუმი სულ ბოლოს დატოვა “მხედრიონმა”…
გამოვიარეთ სვანეთის “გოლგოთის” გზა, უკან აფხაზები მოგვდევდნენ. დალის ხეობა ადგილობრივმა მხედრიონმა და “მონადირის” რაზმმა გაამაგრა ემზარ კვიციანის მეთაურობით და ხელი შეუშალეს მტრის წინსვლას. აფხაზებს უფრო მაღლა უნდოდათ ამოსვლა ნადავლისთვის, მაგრამ თოვლიც წამოვიდა და მტერმა გზა ვერ განაგრძო.
This post has been edited by არმეძებო on 22 Feb 2018, 12:08