რატომ მკითხაობთ.?
წაიკითხეთ ჯავახიშვილი..
https://iberiana.wordpress.com/about/i-java...-da-saqartvelo/ * * *
V თ ა ვ ი
1783 წ. ხელშეკრულების შედეგი
1783 წ. ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი-კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის საელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელსაც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა სამაგიერო შეექმნა „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომლებთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება ჰქონდათ. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ სამქ მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელი წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთიერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლიბისა თანხმობა“(*).~
* * *
არაფრად მოეწონათ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია(ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 247, ჩუბ. 498). ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ(*). „სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის ომარხანს, ხუნძახის ბატონს“, და ისიც 30.000 ჯარით კახეთს შემოესია(ომ. ხერხეულიძე იქვე).
თვით ერეკლე მეფის უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც-კი რუსების შიშით საქართველოს მეფეს გადუდგა და გადაემტერა. მის ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გააძევეს(იქვე). ყაზახის, შამშადილისა და შამქორის ელებიც, რომელთაგან საქართველოს 6000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკურ მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს(*).
* * *
დაღესტნელების შემოქცევა რომ უკუექცია ერეკლე მეფემ სექტ. 1783 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ-რეზიდენტს ბურნაშევს პოტიომკინისგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდე მაინც მოეცადა, არ დარჩა. საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისკენ, ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით(*).
1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებისგან გარშემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ.თვით ერეკლე მეფე და მმართველი წრეებიც ხედავდნენ, ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა(*).
* * *
ოსმალეთმა ახალციხის შაჰის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა, და არამც თუ წინანდელი კეთილ-მეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრომმეტ სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამაგრებას შეუდგნენ. 12.000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.
ერეკლე მეფე რწმუნდებოდა , რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარის კაცი) იყო, რომ ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ რომ ქვეყანა მოსალოდნელი შემოსევისაგან და ოსმალეთის გულისწყრომისაგან ეხსნა, იძულებული იყო ახალციხის ფაშისთვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გადა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა(*) .
* * *
რუსეთმა თავის ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, იძულებული იყო ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენკ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა(*).
ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისდათავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამხედრო გეგმა ისე შეადგინა, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქმნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისაგან უზრუნველ ეყო(*). ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წ-ის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.
* * *
რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე II-ეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისთვის ყური ეთხოვებინა(*).