რა გოგო იყო...
ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა,
ყელამართული და სხივმოსილი...
მე გაზაფხულის სუნთქვა მეგონა,
რა გოგო იყო ის დალოცვილი.
მხრებზე ნაწნავი ისე ეყარა,
მელანდებოდა შორი ქორწილი...
მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა,
რა გოგო იყო ის დალოცვილი!
ბაგეს ღიმილი ისე ასხლიტა,
ალბათ ვეგონე ვიღაც მოცლილი,
განთიადს ჰგავდა სილამაზითა,
რა გოგო იყო... ის დალოცვილი!
ელვა - ღიმილი მიძღვნა წამითა,
ერთი მოხედვა მაინც ინება...
და მერე...
ისე უცებ წავიდა,
როგორც მდინარე მიედინება.
ინისლებოდნენ ლიანდაგები,
ქალაქი ჩემთვის გახდა ტრამალი...
მივაცილებდი წყლიან თვალებით
და მაფრთხილებდა ზარი ტრამვაის.
იმ წუთში არვინ აღარ მახსოვდა.
მასზე ფიქრებს კი ვერ ვიშორებდი...
გამომაფხიზლა ვიღაც ნაცნობმა
და დამახვია ქვეყნის ჭორები.
გავეპასუხე,
უცებ მოვცილდი,
არავის ნახვა აღარ მეწადა,
რა გოგო იყო ის დალოცვილი,
რა უცნაურად გამომეცხადა.
...წყვილი ნაწნავი მხრებზე ეყარა,
და ჩახჩახებდა, როგორც ქორწილი...
მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა,
რა გოგო იყო... ის დალოცვილი!