ირაკლი შოთაძე „ქართული მარშის“ წევრებზე - პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა შეგროვილი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე მოხდება"ქართული მარშის" წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პრორკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, ასახული იქნება ბრალის დადგენილებაში.
"ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 6 პირი. ბრალის წარდგენა ოფიციალურად მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებებისგან მე თავს შევიკავებ. როგორც იცით, კონკრეტული პირები არიან დაკავებულები ბრალდებულების სახით. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეზე შეგროვილი ყველა მტკიცებულების შეფასება და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება პირველადი ბრალი, გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში", - განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება „ქართული მარშის“ მიერ დაანონსებულ ახალ აქციას, რომლის დროსაც ისინი გეგმავენ, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცენ, შოთაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თითოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული.
"საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, რა თქმა უნდა, მიიღებენ ადეკვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია. შესაბამისად, შსს და სხვა სამართალდამცავი ორგანოები გაატერებენ ყველა ზომას, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული", - განაცხადა შოთაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...e-mokhdeba.html