სეგრეგაცია ეთნიკური ნიშნით აფხაზეთში
ქართულ წარწერებს სამურზაყანოში სასაფლაოზეღა თუ შეხვდებით
ქართული (მეგრული) ტოპონიმიკის წაშლის კამპანია გალის რაიონშიც გააქტიურდა
თბილისში პოლიტიკური კინკლაობა-სკანდალების ფონზე, ოკუპირებულ გალის რაიონში, სრული სვლით მიმდინარეობს ქართული ტოპონიმიკის გაქრობის პროცესი. ბოლო კვირეების მანძილზე, ისტორიულ სამურზაყანოში კიდევ 20-მდე ქართულ სოფელს შეუცვალეს სახელი.
„გააფხაზების“ კამპანიამ შეიწირა ნაბაკევი, რომელსაც ბათაიგუარა დაარქვეს. საბერიო - პაპინრხუა გახდა, ჭუბურხინჯი - ხიაცხრა, დიხაზურგა - აბააკიტი, თაგილონი - თაღლანი, მზიური - მახუდჯრა, ეწერი - ლბაარხა, ოკვინორე - ციგტვარა, პირველი ოტობაია - ხაშთა, მეორე ოტობაია - ბგოურა, ფიჩორი - ბჩარა, განახლება - მარჩხაპონი, ლეკუხონე - ალაკუმხარა და ა.შ
სოფლებისთვის ქართული(მეგრული) სახელების შეცვლის ინიციატივით „აფხაზთა დეპუტატი“, სოხუმის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი კვარჩია გამოვიდა. უცნაურია, მაგრამ ვალერი კვარჩიამ ქართული ტოპონიმიკის შეცვლის საბაბად, ქართველი მეცნიერის პაატა ცხადაიას შრომებიც მოიყვანა.
„გალის რაიონში სწორედ ეს სახელებია ისტორიული, არის ჩემი შრომებიც და ცხადაიას შრომებიც. ცხადაია არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში ცნობილი მეცნიერია. იგი 60 წლის წინ იწერდა სოფლების ისტორიულ სახელებს. მე, ომამდე, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან.“
ქართველი ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე პაატა ცხადაია, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სწავლობს სამურზაყანოს ტოპონიმიკას.
მეუღლესთან, ვილენა ჯოჯუასთან ერთად, მან გამოსცა ორი ნაშრომიც: „სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია“ და „სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი“. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ენათმეცნიერი პაატა ცხადაია ამბობს, რომ გაოცებულია მისი ნაშრომების ხსენებით, რადგან გალის სოფლებისთვის დარქმეული ახალი სახელების უმრავლესობა აქამდე არ გაუგია
„სამურზაყანოში არის აფხაზური ტოპონიმია, მაგრამ ის აფხაზური არის ზე-დანალექი, შემდგომი ფენა. ძირითადი სუბსტრატი ანუ ქვედა ფენა - არის მეგრული. ოდიშის მთავრის ლევან მეორე დადიანის (1611-1657) დროს აფხაზები არ ცხოვრობდნენ სამურზაყანოში.
აფაზები შემოვიდნენ და დასახლდნენ სამურზაყანოში მე-17 საუკუნის ბოლოს, ამიტომ მათ მიერ შექმნილი ტოპონიმია მეორადია.
მაგალითად, პირველ ოტობაიას დაარქვეს ხაშთა და ეს სახელი საიდან მოიტანეს?
აზრზე არ ვარ. ხაშთა არც ვიცი რას ნიშნავს. ასეთი სახელები მე იქ საერთოდ არ გამიგონია. რაც სამურზაყანოს სოფლებში აფხაზური იყო არაფერი გამომიტოვებია, ლექსიკონში ყველაფერია.
დიხაზურგა, საბერიო, ჭუბურხინჯი და სხვები ისტორიული სახელებია ილორამდე ანუ მდინარე ღალიძგის მარცხენა ნაპირამდე. იმის აქეთ, მდინარე ენგურამდე კი მთლიანად მეგრელები ცხოვრობდნენ.“
https://www.amerikiskhma.com/a/ethnic-segre...ia/1814323.htmlP. S. სასურველია საქმის ისე კეთება, რომ მტერ-მოყვარეს გამოქლიავებული არ ეგონო...