ტყუილი, დამამცირებელი ტერმინები, გამოგონილი ისტორიები მუშაობს - დეზინფორმაციის გავრცელების ფორმა ძალიან ჰგავს ქართველი ფულისთვის ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკოსების და არაობიექტური მედიის პროპაგანდას.
“ნარკომაიდანი”- რუსულენოვანი საინფორმაციო პორტალები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს აფასებენ.
მასალაში რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდები „ოპოზიციურ მომიტინგე ბიომასადაა“ მოიხსენიებული, ხოლო საპროტესტო აქციის მიზეზების და მიზნების აღწერისას აღნიშნულია, რომ ჰიპსტერული გარეგნობის ახალგაზრდები თავდაპირველად ცენტრალურ ქუჩაზე რეივ-საღამოს მოწყობას ცდილობდნენ, მოგვიანებით კი გადაწყვიტეს თავად შეექმნათ „ევროპული საქართველოს მომავალი“.
პროტესტის გამომწვევი მიზეზების განმარტებისას, მასალის ავტორი ფსევდონიმით Восточный ветер, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გონივრულ გადაწყვეტილებებს ასახელებს, რასაც წინ უძღოდა თბილისის საავადმყოფოებში ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად რამოდენიმე ადამიანის გარდაცვალება. მასალის მიხედვით, „კაიფისა და ჭერზე მოსეირნე ვარდისფერი სპილოების მაძიებელმა ახალგაზრდობამ“ კლუბებს მიაშურა, რის გამოც ხელისუფლებამ აღნიშნულ დაწესებულებებში სპეცოპერაცია ჩაატარა.
ავტორის შეფასებით, აქციის ორგანიზატორი, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ რეგულარულად უჭერს მხარს „თანამედროვე ევროპულ ფასეულობებს“- შიშველი უკანალებით გამართულ ლგბტ მარშს და მოსაწევის მასობრივ ლეგალიზაციას.” მოძრაობის ლიდერის, ბექა წიქარიშვილის შესახებ მასალაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე წიქარიშვილი „თავისი ადეპტების“ თანხლებით რეგულარულად მიემგზავრება ევროპაში „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, საქართველოში დაბრუნებული კი ევროპული დემოკრატიის იდეებზე საუთარ „ბნელ“ თანამემამულეებს ანათლებს.
მასალაში ქართულ მედია საშუალებები მოვლენების არაობიექტურ გაშუქებაშია დადანაშაულებული, მაგალითად კი დასახელებულია ტელეკომპანია რუსთავი 2. ავტორის თანახმად, რუსთავი 2 საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთანაა დაკავშირებული და თავად საქართველოში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რუსების მიმართ სიძულვილის გაღვივებისთვის.
დასასრულს, გაკრიტიკებულია მოსაზრება საქართველოს ხელისუფლების „პრორუსულობის შესახებ“, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ისედაც შეწყვეტილია, ხოლო კომუნიკაცია მხოლოდ არაფორმალურ დონეზე მიმდინარეობს. მასალის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებით რუსეთზე მეტად ქართული მხარე უფროა დაინტერესებული, რადგან ქართული ღვინისა და ციტრუსების ფართო ექსპანსია ევროპულ ბაზარზე ვერ შედგა, ამიტომ „დასალევისა და ხილის“ გატანა საქართველოს ძირითადად რუსულ ბაზარზე მოუწევს. ამასთან, ავტორის აზრით რუსულ „დერჟავას“ მაინც არაფერი დააკლდება აღნიშნული „მნიშვნელოვანი“ საქონლის გარეშე.
Военное Обозрение-ს მსგავსად, ტერმინით „ნარკომაიდანი“ თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ გამართული აქციაზე მანიპულაციური მასალები პორტალებმა Мировое Обозрение და news.ru -მაც გაავრცელეს.
Мировое Обозрение -ს მიერ 13 მაისს გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში, პარლამენტის წინ „3 ათასამდე ნარკომანი შეიკრიბა“, რომლებიც „პრორუსული“ ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი News.ru, მასალით „ვინ დააფინანსა ნარკომაიდანი საქართველოში“, ცდილობდა მკითხველის გარკვევას იმაში, თუ როგორ გადაიქცა ლეგალიზაციის თემა ძალაუფლებისთვის მორიგ ბრძოლად საქართველოში. მასალაში მოყვანილი იყო აქციის ორგანიზატორების და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, ასევე ცალკეული პირების სტატუსები სოციალური ქსელში. მასალის ბოლოს გამოტანილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის და ყოფილი დეპუტატის, პეტრე მამრაძის კომენტარი, რომელიც მომხდარს „ახალგაზრდობის არც თუ ისე დიდ ბუნტად“ აფასებს და არ გამორიცხავს, აქციების მონაწილეები, როგორც ლეგალიზაციის მომხრეები, ასევე ნეონაცისტები შესაძლოა გარკვეულმა ძალებმა დააფინანსეს.
http://mythdetector.ge/node/1130