mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#53051796 · 8 Jul 2018, 00:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუსიკალურ აზროვნებაში ჰიმნი არის ჟანრი, რაც, როგორც წესი, დაწერილია ვოკალური გუნდისა და საკრავიერი ორკესტრისათვის: გუნდისთვის იმიტომ, რომ ხალხმა _ მოქალაქეებმა, დიდებმა თუ პატარებმა, სმენიანებმა თუ უსმენოებმა _ შეძლოს მისი მღერა; ინსტრუმენტული ორკესტრისთვის იმიტომ, რომ ეროვნულ განწყობას ამაღლებული, გმირული ხასიათი შეეძინოს. არის ჰიმნები, რომლებშიც ორკესტრი პასიურ თანხლებას ჯერდება. არის ჰიმნები, რომლებშიც საკრავები კონტრაპუნქტის შინაარსს იძენენ. სწორედ, ასეთთა რიგს განეკუთვნება საქართველოს თანამედროვე, დავწერდი, უკანონო ჰიმნი ,,თავისუფლება“, რაც გახლავთ ზ. ფალიაშვილის ,,დაისის“ მეორე მოქმედების ფინალიდან კიაზოს პარტიის ი. კეჭაყმაძისეული არანჟირება. ,,დაისი“, ,,აბესალომ და ეთერისთან“ ერთად, წარმოადგენს მსოფლ. საოპერო ხელოვნების ერთ-ერთ შედევრს, რომლის მუსიკაც, შესაბამისად, ღრმა, რთული შესასრულებელი და აღსაქმელია (,,აბესალომ და ეთერისთან“ შედარებითაც კი) და საჭიროებს მუსიკალურ აღზრდასა და განათლებას. აქედან გამომდინარე, მისი ნაწყვეტების, მოტივების სწორი შესრულება მხოლოდ ერთეულებისთვისაა შესაძლებელი და არა საჯარო, სახალხო ერთობისათვის. 2004წ., მ. სააკაშვილის მთავარი მიზეზი ჰიმნის გამოცვლისა, სწორედ, ის იყო, _ წინანდელი ჰიმნი ,,დიდება“ (კ. ფოცხვერაშვილი) რთული სამღერიაო... არადა, პირიქითაა. აქ მთავარი სხვა რამე იყო: ,,ვარდების რევოლუციით“ კოლონიურ ხელისუფლებაში ,,დე-ფაქტოდ“ მოსულ სააკაშვილს, იმის მაგივრად, რომ თავი, დიდი-დიდი, მეოთხე რესპუბლიკის შემქმნელად მაინც მიეჩნია, განაცხადი აქვს საქართველოს სახელმწიფოს ფუძემდებლობაზე (ეს მან, რამდენიმე დღის წინ, სატელევიზიო ჩართვისას, შეერთებული შტატებიდან თუ ჰოლანდიიდან განაცხადა). საქ. პირველი და მეორე რესპუბლიკების ჰიმნისა და დროშის გამოცვლა გამიზნული იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებისა და ისტორიის მიჩქმალვისა და ახალი, ე. წ. ლიბერალური და იმდროინდელი, ბუშ-პუტინისეული განწყობების გადმოქართულებისაკენ. სამფეროვანი დროშა, რომელსაც ზოგი ნ. ჟორდანიას დროშას უძახის, დამუშავებული იყო არა მარქსისტი მენშევიკების, არამედ ი. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიასა და მ. ჯანაშვილის ესკიზით, რომელშიც ასახეს: 1. შინდისფერი ფონი, როგორც იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა (იკონოგრაფიულად, ამ ფერისაა მისი კაბა-შესამოსელი); 2. შავი ფერი, როგორც ქართველთა გარდასული ძნელ-ბედობა და თეთრი, ვითარცა ნათელი მომავლის წადილი. იგივე მთავრობისგან ჰიმნად მიღებული და დამტკიცებული ,,დიდება“, თავისთავად, კარგი კომპოზიციაა, რომელშიც შერწყმულია ქართულ კადანსებზე აგებული ჰარმონია და სისადავე, მასაზე გათვლილი. თუმცა, უნდა დავსძინო, რომ, პირადად, მერჩივნა, ჰიმნად მიეღოთ ნ. სულხანიშვილის ქორალური ნაწარმოები ,,ღმერთო, ღმერთო“ (,,ავთანდიის ლოცვის“ ლიბრეტო ,,ვეფხისტყაოსნიდან“), რომელიც, იმ დროს, საჰიმნო კონკურსში მონაწილეობდა, მაგრამ 1918-21წწ-ის ათეისტურმა მთავრობამ ის არ შეიწყნარა, ტექსტის რელიგიური შინაარსისა გამო... ამ ოპუსს, სხვებთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ ჩაფიქრებული და შეთხზულია, როგორც ,,ა-კაპელა“ ანუ მხოლოდ ხმებისთვის, ინსტრუმენტული თანხლების გარეშე, რაც მას უხსნის არასრულფასოვნებით განცდილ იმ უხერხულობას, მაგალითად, ,,თავისუფლების“ უორკესტრო შესრულება რომ იწვევს. გარდა ამისა, მასში გადმოცემულია სულიერი სიბრძნე, მართლმადიდებლური სიდარბაისლე, მელანქოლიანარევი განცდა ამა ქვეყნის ამაოებისაც და პიროვნული და ეროვნული მხნეობის აუცილებლობისაც. ის არა ჰგავს ისტორიით განებივრებული ერების ჰანგებს, მარსელელი მუშების სოციალურ მოთხოვნილებას (ვგულისხმობ საფრანგეთის ჰიმნ ,,მარსელიოზას“), ,,თავისუფლების ქანდაკების“ კადნიერებას; არამედ ხმობს ცხოვრების საზრისზე ჩასაფიქრებლად; ღმერთის, მოყვასისა და სამშობლოსადმი თავგანწირვით მიღებული ნეტარების უპირატესობის შესაგრძნობად, ხორციელ სიამოვნებებთან შედარებით.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|