https://www.ambebi.ge/article/226610-mkvlel...ar-mkvlelobaze/"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
8 აგვისტოს, საღამო საათებში, ვარკეთილში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლში ადიოდა, როცა მოულოდნელად მათ სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ყველაფერი წამებში მოხდა. შეიარაღებულ მამაკაცს არ დაუმალავს მათთვის, რომ იქ შურის საძიებლად იყო მისული. ახალგაზრდა ქალს უთხრა, რომ ქმარს მოუკლავდა და უცებ გიორგი ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლა. ქალს მეუღლე თვალწინ
მოუკლა, დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. შოკირებული ქალი მასთან მისვლას და დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მოძალადემ ის დაიჭირა და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ შეიარაღებული დამნაშავე შეეცადა ქალი სადარბაზოდან გაეყვანა. როგორც ჩანს, ქალი მას წინააღმდეგობას უწევდა.
სწორედ ამ დროს სადარბაზოსთან ამავე კორპუსში მცხოვრები სხვა წყვილი მოვიდა, 48 წლის ლაშა ქართველიშვილი წინ მიდიოდა, მას უკან მიყვებოდა ცოლი. სადარბაზოსთან როგორც კი ფეხი შედგა ლაშამ, მას ტყვია დაახალეს. მათი მისამართითაც მამაკაცმა ორჯერ გაისროლა. ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა ლაშა ქართველიშვილს და ტყვიის ძალამ ის სადარბაზოს გარეთ ეზოში გადაისროლა. მომხდარით შეძრული მისი მეუღლე ვერც კი მიხვდა უცებ რა მოხდა. ის დაჭრილ ქმართან მივარდა და მისი გადარჩენა სცადა. სანამ სადარბაზოში ხალხი მოგროვდებოდა, დამნაშავემ კორპუსიდან ძალით შეძლო ქალის გამოყვანა და ის იქვე მდგარ მანქანაში ჩატენა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ქალს თმებით მიათრევდა. სროლის ხმაზე გარეთ მეზობლები გამოცვივდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ. სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. სხეულზე ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი თავში, მეორე კი გულმკერდის არეში.
მეორე დაჭრილი ლაშა ქართველიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოგვიანებით ქუჩაში დაგდებული იპოვეს გატაცებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა და სახლში მალევე გაწერეს. მომხდარით შოკირებული ახალგაზრდა ქალი ძალოვნებმა მალევე დაკითხეს და სამართალდამცავებს დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებიათ. გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში და ლაშა ქართველიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ვინაობა სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაციაც გაავრცელა და დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მართალია სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იეჭვიანა მამაკაცმა და ცოლს ქმარი რატომ მოუკლა, თუმცა მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მოკლულის ოჯახის წევრები ტრაგედიაზე არ საუბრობენ, თუმცა უბანში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით დამნაშავემ ახალგაზრდა ქალზე შური იძია და საყვარელი მამაკაცი მოუკლა.
"ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან და არ საუბრობენ. თუმცა უბანში ამბობენ ამას, რომ მკვლელს თურმე ეს გოგო უყვარდა. მერე ისე მომხდარა, რომ ბიჭი დაუჭერიათ და ციხეში დიდი ხნით გამოუკეტავთ. ამის მერე გოგომ გია გაიცნო და მას გამოყვა ცოლად. ისინი დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. ორი შვილი ჰყავთ, ბიჭი მგონი 7 წლის არის, პატარა 3-ის. წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. ძალიან პატიოსანი ოჯახი აქვთ ფეიქრიშვილებს. აქ ჩვენს თვალწინ გაიზარდა გიორგი. კარგი, ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო. ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილი შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა. ასევე დაჭრა შემთხვევითი გამვლელი და გაიქცა. იმასაც ამბობენ, ქალსაც ეტყობა დაზიანებებიო, ეტყობა სცემა, მერე სადღაც კუკიისკენ გადაუგდია მანქანიდან და იქ დაუგდია. როგორც ჩანს გამწარებულმა გოგომ მოახერხა ეცნობებინა ახლობლებისთვის და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა სახლშია", - მითხრა მეზობელმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
შემთხვევის ადგილზე მივედი. ფეიქრიშვილების ოჯახი მესამე სადარბაზოში ცხოვრობს და სწორედ იმ სადარბაზოს ლიფტთან მოკლეს გია ფეიქრიშვილი უმოწყალოდ. მომხდარზე საუბარი არ სურთ ახლობლებსა და მეზობლებს: "უკვე ღამე იყო, საათი არ მახსოვს, უცებ ხმაური ატყდა, სასწრაფო მოვიდა, ამის მერე გავედი გარეთ იმის გასარკვევად რა ხდებოდა, რადგან ჩოჩქოლი იყო. მაშინ გავიგე რაც მოხდა. ძალიან კარგი ბიჭი მოკლეს. ადრე მგონი გილაურის მძღოლად მუშაობდა სამინისტროში, ახლა არ ვიცი სად იყო დასაქმებული. ძირს ეგდო გარდაცვლილი. დიდი რაოდენობით სისხლის გუბე იდგა, რომელიც მერე გადარეცხეს. საშინელებაა რაც მოხდა. დამნაშავე უნდა დასაჯონ. მოტივზე მე არაფერი ვიცი. ამბობენ ქალის გატაცება უნდოდაო და ამ დროს გია მოკლაო, პოლიციას ეცოდინება მიზეზი",- თქვა მან.
ძალოვნებმა უკვე დაკითხეს სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ლაშას მეუღლე. აი, რა გვიამბო ფაქტის თვითმხილველმა: "მე და ლაშა სადარბაზოსთან მოვედით, ლაშა წინ მიდიოდა, მე ჩანთას ვკეტავდი და ოდნავ ჩამოვრჩი მას. უცებ დავინახე ტყვიის ძალამ 3-4 მეტრით ლაშა გარეთ როგორ გადმოაგდო. ახლა რომ ვფიქრობ, ორჯერ გაისროლა ჩვენი მისამართით, ლაშას გვერდით რომ ვყოფილიყავი ტყვია მეც მომხვდებოდა. ლაშა ძირს დავარდა და მას მივვარდი, მივხვდი დაჭრილი რომ იყო. სადარბაზოში შიგნით არ შევსულვარ. სიბნელეში უბრალოდ ორი სილუეტი ვნახე. ქალი და კაცი, სახეებს ვერ ვხედავდი, ორი ფეხზე იდგა. ჭიდაობდნენ შიგნით, ეჯაჯგურებოდა კაცი, ქალისთვის სახეზე არც კი შემიხედავს. არც კაცის სახე მინახავს. მერე გავიგე, რომ გიას ცოლი წაუთრევია მოძალადეს და მანქანაში ჩაუსვამს. მომხდარით იმდენად შოკირებული ვიყავი, ისიც კი არ მახსოვდა გასროლის ხმა გავიგე თუ არა. მოკლული გია ფეიქრიშვილი არც დაგვინახავს, მერე პოლიციელებმა გამოკითხვის დროს მკითხეს, ფეიქრიშვილი ნახეთო, თავიდან ვერ მივხვდი გია რა შუაში იყო, მერე გავიგე რომ მოკლეს. პოლიცია მეკითხებოდა რამდენი გასროლა გაიგეო, არ გამიგია-მეთქი ვამბობდი. იმდენად შოკში ვიყავი ისიც კი არ მახსოვს გასროლის ხმა გავიგე თუ არა. ლაშა სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, ექიმები შოკში არიან, ამ ჭრილობით კაცი როგორ გადარჩა უკვირთ. ფილტვი და შიგნით ყველაფერი განგრეული აქვს. მას გონება არ დაუკარგავს. იქვე აფთიაქში გავიქეცი. ეტყობა დამნაშავემ მაშინ გამოიყვანა ის ქალი სადარბაზოდან. არ ვიცი. სასწაულია რომ გადარჩა ჩემი მეუღლე. სადარბაზოსთან კამერებია დამონტაჟებული და ალბათ იქ ყველაფერი გამოჩნდება. ლაშამ მაშინვე იყვირა, გაიქეციო. გადავირბინე და აფთიაქში შევედი. მერე სასწრაფოც მოვიდა და გადავიყვანეთ დაჭრილი საავადმყოფოში. მადლობა ღმერთს გადავრჩით. გიორგის ვიცნობდი მისალმებით, ჩვენი მეზობელია, არაჩვეულებრივი ოჯახია, შოკშია ყველა, არავინ არაფერი იცის მომხდარზე", - მითხრა ფაქტის თვითმხილველმა ქალბატონმა, რომელიც საავადმყოფოში მეუღლის სანახავად გარბოდა.
გამოძიებას უკვე დაკითხული ჰყავს მოკლულის მეუღლე, ის დეტალურ ჩვენებას მისცემდა და ძალოვნებისთვის სავარაუდოდ ცნობილია ტრაგედიის მიზეზები. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა