https://imedinews.ge/ge/kultura/85196/saqar...AyRu1Efqd9Aes2cსაქართველოს „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ 7 ფილმი დაუბრუნდა
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოში „გოსფილმოფონდში“ დაცული, კიდევ, 7 ფილმი დაუბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მეოთხე ეტაპზე, ქართულ მხარეს ივანე პერესტიანის “არსენა ჯორჯიაშვილი” (1921 წ.) და “სურამის ციხე” (1923 წ.), ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი” (1923 წ.), მიხეილ ჭიაურელის “ხაბარდა” (1931 წ.), დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე” (1937 წ.), გელა კანდელაკის “უბედურება” (1980 წ.) და ნუცა ღოღობერიძის “უჟმური” (1934 წ.) გადაეცა.
ქართული დელეგაცია გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების საცავებში შენახვის პირობებს, მათი რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო. შემოწმდა ფილმების როგორც ორიგინალების, ასევე, პირველადი ასლებისა და სამუშაო პოზიტივების მდგომარეობა. ფილმოფონდის რესტავრატორების ჯგუფთან ერთად შეფასდა ჩატარებული სამუშაოები.
რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოში უკვე 34 ქართული ფილმია დაბრუნებული. ფილმსაცავის აშენებამდე ისინი საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
„გოსფილმოფონდი“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი) მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის.