თქვენი არ ვიცი და მე მომეწონა

ვიწყებთ! დღეს ყაზახეთში გვაქვს თამაში, კვირას შინ, ლატვიასთან - უეფამ „ერთა ლიგაში" ჩვენს ტოლ ბიჭებთან დაგვაამხანაგა. ასე გვითხრა თქვენთვის დიდებთან თამაში ჯერ ადრეაო.
კიდევ ანდორაა ჩვენხელა.
პირადად ჩემთვის, ძველი დროის კაცისთვის, რომელსაც ტელეფონზე აპლიკაციებს შვილი უყენებს, ასეთ დახარისხებასთან შეგუება ძნელია. ამდენი ხანი თითქოს კი უნდა შევგუებოდი, მაგრამ არ გამოდის. გული მტკივა. ხან უიმედოდ ვიქნევ ხელს, ხანაც ვბუზღუნებ. ეტყობა, მაინც ასაკის ამბავია.
რა ვქნა, სხვას ვარ ნაჩვევი. მაგალითად, მახსოვს, რომ ინტერს და ლივერპულს შეგვიძლია მოვუგოთ; ზენიტში მყოფ ჰამბურგთან რომ წავაგებთ, წლობით ბოღმა გვახრჩობს - არადა ამ ჰამბურგში „ოქროს ბურთის" ორგზის ლაურეატი კევინ კიგანი გამოდიოდა. ნუ, თასების თასზე აღარაფერს ვიტყვი, გატკეპნილი თემაა.
ახლა, ძალიან ძველ ამბებს დავანებოთ თავი. აქეთ ვთქვათ. ვიცი, მაგალითად, რომ უელსს შეგვიძლია 5:0 გადავუაროთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასულ ბულგარეთთან რომ წავაგებთ, ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს როგორ მოგვივიდაო. მერე, შეგვიძლია, იმავე ბულგარეთს თბილისში თავის სტოიჩკოვიანად ვაჯობოთ.
ინგლისთან და იტალიასთან წაგებაზე ვბრაზდებით!
ფაქტია, იმ 90-იანებში ხორვატიასავით დიდ ტურნირზე ვერ მოვხვდით, მაგრამ ჩვენი ტოლა ბიჭები ანდორა და ყაზახეთი მაინც არ გვეგონა.
კაცო, ბოლოს და ბოლოს გიო გვყავდა მანჩესტერ სიტიში - ბიჭმა კლუბის ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი.
შოთა იყო და ხან აიაქსში ყოჩაღობდა, ხან რეინჯერსში.
კახა კალაძემ „მილანში" ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ყაველა იყო, შელო, კობი, იაშკა, ჯამარა, ცხადაძე, ნემსო, ქეცბა, ასათიანი...
ვიმეორებ: ვიცი, რომ ამ ბიჭებს საქართველოს სახელით ტურნირი არ მოუგიათ, მაგრამ ამბიციით სადღაც უფრო მაღლა ვტრიალებდით. ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო და ვითხოვდით.
თუ მეშლება?
ამბიციაზე გამახსენდა. 1997 წელს ინგლისის ნაკრები ჩამოვიდა თბილისში. ეს რომელი ინგლისია იცით, აი, ბექჰემი ახალგაზრდა ბიჭი რომ არის და სასტუმრო მეტეხის ნომრიდან გასტროლებზე წასულ ვიქტორიას ტელეფონით ათასრაღაცა ფუნტისას რომ ელაპარაკება; დღე და ღამ ურეკავს. ჯერაც შეყვარებული იყო. ამაზე მაშინ ინგლისელებმა ბევრი დაწერეს.
მწვრთნელად გლენ ჰოდლი იდგა. იყვნენ, შერინგემი, შირერი, ფერდინანდი, ინსი, ახლანდელი თავკაცი საუთგეიტი, გაზა... მოკლედ, მართლა მაგარი გუნდი იყო. მე თუ მკითხავთ, მაშინ უფრო მაგარი იყო, ვიდრე შემდეგ წელიწადს, 98-ში, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჰოდა, ამ ინგლისის ნაკრებს ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩამოჰყვა, რომელსაც ქართულმა მხარემ მცხეთაში კარგი დახვედრა მუწყო: სვეტიცხოველი, ჯვარი, გაცნობა-გამოცნობა და რესტორანი. იმ სუფრაზე მეც მოვხვდი. რა გითხრათ, სმაზე ინგლისელებს უკან ნამდვილად არ დაუხევიათ. კარგად რომ დათვრენ, ერთი კაცი მოვიდა, ოდნავ გვერდზე გამიხმო და მკითხა: ეხლა თქვენ მართლა გჯერათ, რომ ხვალ საქართველომ შეიძლება ინგლისს მოუგოსო.
იმას კი არ გეუბნებით, რომ საქართველო ინგლისს ჯობია. ვინ ვინ არის ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, საქართველოს ნაკრებს თამაში თუ წაუვიდა, ნებისმიერ გუნდს მოუგებს, მეთქი — ასე ვუპასუხე.
და მგონი მართლაც ასე იყო.
ლივერპულის და ვესტ ჰემის გახსენება აღარ დამიწყია, ქანაობდა კაცი. სხვა კაცებიც ქანაობდნენ - ქართველებიც და ინგლისელებიც.
მეორე დღეს 2:0 მოგვიგეს...
ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს რაღაც ახალს ვიწყებთ. უეფამ ერთა ლიგაში ჩვენს ტოლ ბიჭებთან ჩაგვსვა. ასე გვითხრა თქვენთვის დიდებთან თამაში ჯერ ადრეაო და მეწყინა. რა ვქნა, ძველი დროის კაცი ვარ. სხვანაირად ვფიქრობ.
და ძალიან მინდა, რომ ჩვენებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენონ - ოღონდ, მე რასაც ვეძახი თავის ადგილს, იქ.
ვიცი, ეს ერთბაშად არ გამოვა, მაგრამ ყაზახეთს, ლატვიას და ანდორას თუ მოვუგებთ, ის უეფა დაინახავს, რომ ცოტა სხვანაირად არის საქმე.
რა, ისევ მეშლება?
ეჰ, ნეტავ, იმ პოზოციაზე დავბრუნდებოდეთ, მთვრალ ინგლისელს რომ ვუთხარი.
http://leadersport.ge/read.php?readId=9784